რა გვასწავლა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტმა: ძალაუფლების ბნელი მხარე
ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების უდიდესი ნაწილი მხოლოდ მეცნიერული ინტერესის საგნად რჩება და ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ხდება ცნობილი. თუმცა არსებობს ექსპერიმენტები, რომლის შესახებ ინფორმაციაც პანდემიასავით ვრცელდება დედამიწაზე და საზოგადო მსჯელობისა და განხილვის საგნად იქცევა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ექსპერიმენტს განვიხილავთ სტატიაში, რომელსაც სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის სახელით ვიცნობთ.
საინტერესოა, რამ გამოიწვია მის შესახებ საზოგადო ინტერესის გაჩენა ექსპერიმენტის შინაარსმა, მისმა არც თუ ისე ეთიკურმა ბუნებამ, თუ იქნებ 2010 წელს პოლ შერინგის მიერ გადაღებულმა ფილმმა, სახელად „ექსპერიმენტი“. თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ფილმში ასახული კადრები ხშირად შორსაა სინამდვილისგან, ამიტომ განვიხილოთ სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის რეალური პროცესები, წინაპირობები და შედეგები.
1971 წლის 14 აგვისტოს სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში მოწყობილ ხელოვნურ ციხეში შეჰყავთ 24 ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი სტუდენტი, 21 აგვისტოს კი ექსპერიმენტი ნაადრევად სრულდება იქ მომხდარი მოვლენების გამო.


ფილიპ ზიმბარდოსა და მისი გუნდის მიერ დაგეგმილი ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა გამოეკვლია ავტორიტეტის, ძალაუფლებისა და სოციალური როლების დინამიკა სიმულირებული ციხის გარემოში. ამ პერიოდში სოციალური ფსიქოლოგია განსაკუთრებით დაინტერესებული იყო სიტუაციური ფაქტორების გავლენებით ადამიანის ქცევაზე. წინარე კვლევებმა, როგორიცაა მილგრემის მორჩილების ექსპერიმენტი, აჩვენა, თუ როგორ შეუძლიათ ინდივიდებს იმოქმედონ თავიანთი პიროვნული ფასეულობების საწინააღმდეგოდ, როგორ ცვლის ადამიანის ბუნებას მისი სოციალური როლი და რა გავლენას ახდენს ავტორიტეტი მასზე.
ექსპერიმენტის მნიშვნელოვნებას ზრდიდა იმ პერიოდში არსებული პოლიტიკური პირობები, ადამიანებში გაჩნდა უნდობლობა ლიდერების მიმართ. ამაზე გავლენას ახდენდა ვიეტნამის ომი (1955-1975) და სამოქალაქო უფლებების მოძრაობა (1954-1968), რამაც გააჩინა საზოგადო ინტერესი მორჩილების, კონფორმულობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისადმი. სწორედ ამ სოციალურმა პროცესებმა გადააწყვეტინა ზიმბარდოს იერარქიულ სისტემაში ადამიანის როლისა და ამ ნიშნით მისი ქცევის თავისებურების შესწავლა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპერიმენტის დასაწყისში შეარჩიეს ფსიქიკურად ჯანმრთელი კოლეჯის სტუდენტები. მათ ნაწილს უწევდა პატიმრის, ხოლო დანარჩენს ციხის მცველის როლის მორგება. მცველებს მიეცათ უნიფორმა და მზის სათვალეები თვალის კონტაქტის თავიდან ასაცილებლად. დაევალათ, შეენარჩუნებინათ კონტროლი პატიმრებზე. იმავდროულად, პატიმრებს ჩამოართვეს პირადი ნივთები, დაურიგდათ პატიმრების ფორმები და გაატარეს დეჰუმანიზაციის პროცედურები, როგორიცაა მათი რეალური სახელის ნაცვლად ნომრის მინიჭება.
ექსპერიმენტი ორ კვირას უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა იგი ნაადრევად შეწყდა როგორც მცველების, ისე პატიმრების მიერ გამოვლენილი არაეთიკური ქცევების გამო. მცველებმა მინიჭებული როლის გავლენით, დაიწყეს ავტორიტარული და შეურაცხმყოფელი ქცევის გამოვლენა, როგორებიცაა თვითნებური წესების აღსრულება, პატიმრების დამცირება და ფიზიკური დასჯაც კი. ამის საპირისპიროდ, პატიმრებმა განიცადეს უკიდურესი სტრესი, შფოთვა და დამცირება, პროცესების შემდეგ ზოგიერთს ფსიქიკური აშლილობაც განუვითარდა.
ზიმბარდოს მიზანი იყო გამოეკვლია აღქმული ძალაუფლებისა და ავტორიტეტობის განცდის გავლენა ადამიანის ქცევაზე კონტროლირებად გარემოში. კვლევის ჰიპოთეზის მიხედვით, სავარაუდო იყო, რომ ინდივიდები შეესაბამებოდნენ მათ დაკისრებულ როლებს, მცველები გამოავლენდნენ ავტორიტარულ ქცევას და პატიმრები კი სტრესისა და მორჩილების ნიშნებს. ექსპერიმენტის შედეგებმა დაადასტურა ჰიპოთეზა და აჩვენა, თუ როგორ შეიძლება სიტუაციურმა ფაქტორებმა გავლენა მოახდინოს ქცევაზე და როგორ შეუძლიათ ინდივიდებს დაემორჩილონ იმ როლებს, რომლებიც მათ ენიჭებათ, თუნდაც იმიტირებულ გარემოში.
ძალადობის ამსახველი ფაქტები
სტენფორდის ციხის ექსპერიმენტში მცველები სწრაფად იქცნენ ავტორიტარულ ფიგურებად, გამოიყენეს ფიზიკური ძალა პატიმრებზე კონტროლის დასამყარებლად. ეს აგრესია გამოიხატებოდა ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ხელის კვრა და პირდაპირი ფიზიკური შეურაცხყოფა. აღსანიშნავია, რომ მცველები მიმართავდნენ იძულების სხვადასხვა ფორმებს, როგორიცაა იძულებითი ვარჯიშები, ხშირად გადამეტებული ძალის გამოყენებით.
ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პატიმრებმა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ რეპრესიული რეჟიმის მიმართ, დაიწყეს ამბოხი. დაუმორჩილებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი იყო, როდესაც პატიმრები თავიანთ საკნებში, სკანდირებდნენ ანტიავტორიტარულ ლოზუნგებს და უარს ამბობდნენ მცველების დირექტივების შესრულებაზე.
ფიზიკური ძალადობის გარდა, მცველებმა ასევე ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა განახორციელეს, გამოიყენეს ისეთი ტაქტიკა, როგორიცაა დამცირება და მანიპულირება. პატიმრებს დააკისრეს დამამცირებელი ამოცანები და რიტუალები, მაგალითად ტუალეტის დასუფთავება ან საჯარო დამცირება, რამაც გამოიწვია ღრმა ფსიქოლოგიური დისტრესი მონაწილეებს შორის. ეს ფსიქოლოგიური აგრესია ისეთივე საზიანო იყო, როგორც ფიზიკური ძალადობა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექსპერიმენტის დინამიკის რღვევაში.
ერთი სიტყვით, სრულიად ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ექსპერიმენტულ პირობებშიც კი დაკარგეს ემპათია ერთმანეთის მიმართ და გადაიქცნენ სადამსჯელო რაზმად, რომელთა ერთადერთი მიზანი, საკუთარი როლის სწორად შესრულება იყო.
კვლევის ხასიათი და მნიშვნელოვნება
მიუხედავად მისი საკამათო ხასიათის და არაეთიკურობისა, სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი რჩება საორიენტაციო კვლევად ფსიქოლოგიაში. მან ნათელი მოჰფინა ძალაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პოტენციალს, კვლევაში ეთიკური ფაქტორების გათვალისწინების მნიშვნელობას და ადამიანის ქცევის სირთულეების გაგების აუცილებლობას სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში.
ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის მაგალითი ხშირად გამოიყენება ავტორიტეტის, მორჩილების და მორალური თემების საილუსტრაციოდ. მწერლები და კინორეჟისორები ცდილობენ ადამიანის ბუნება რაც შეიძლება რადიკალური გზებით ასახონ, რათა შექმნან მომხიბვლელი ნარატივები, რომლებიც ადამიანებს შეუქმნიან შთაბეჭდილებას ძალაუფლების დინამიკისა და სოციალური კონფორმულობის შესახებ. ფილმების უმრავლესობაში მოვლენები გამძაფრებულია და ხშირად რეალურ მოვლენებს ცდება. რეალური მოვლენების უკეთ გასაგებად გირჩევთ უყუროთ BBC-ის დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც თან ახლავს როგორც ზიმბარდოს, ასევე ექსპერიმენტის მონაწილეების კომენტარებიც: https://www.youtube.com/watch?v=L_LKzEqlPto
ექსპერიმენტის დასკვნები ისეთ პროცესებთანაც მოდის თანხვედრაში, როგორიცაა სამუშაო ადგილის დინამიკა, სამართალდამცავების პოზიციაზე სწორი ადამიანების შერჩევის მნიშვნელოვნება და ხელისუფლების სტრუქტურების ეთიკის საკითხები. იგი მუდმივად გვახსენებს, რომ ძალაუფლება შესაძლოა ბოროტად იქნას გამოყენებული და მოუწოდებს საზოგადოებას სიფხიზლისაკენ, რათა არ მოხდეს ეთიკური სტანდარტების გაუფასურება და დეჰუმანიზაცია.
მიუხედავად იმისა, რომ სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი ჩატარდა ათწლეულების წინ, მისი მემკვიდრეობა ნარჩუნდება, როგორც ადამიანის ქცევის სირთულეების ასახსნელად, ასევე სიკეთისა და ემპათიის უდიდესი ძალის გააზრებისათვის. ის ადასტურებს ფსიქოლოგიური კვლევების რეალურ ძალას, გაანათოს ადამიანის ფსიქიკის ყველაზე ბნელი კუთხეები და გვიბიძგოს შევქმნათ ბევრად სამართლიანი და თანამგრძნობი საზოგადოება, რომელიც პრობლემებს მოგვარების ძალადობრივ გზას აღარ აირჩევს.
სტატიის ავტორი: თამაზ ლაღიძე
გამოყენებული წყაროები:
Zimbardo, P. G., Haney, C., Banks, W. C., & Jaffe, D. (1971). The Stanford prison experiment. Zimbardo, Incorporated.
https://www.youtube.com/watch?v=L_LKzEqlPto -BBC-ის დოკუმენტური ფილმი