სტატიები

ემოციური ასპექტების როლი ბავშვის აღზრდაში

ბავშვის აღზრდა

 ყველა ქცევას წინ უძღვის განწყობა, თუმცა ეს არ არის ბუნება-განწყობილება, ეს არის მზაობა ქცევისათვის. იმისათვის, რომ ადამიანმა ისწავლოს, აუცილებელია, მას ჰქონდეს ამის განწყობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწავლის აქტი ვერ განხორციელდება. იმისათვის, რომ სწავლის განწყობა შეექმნას ადამიანს, უნდა ჰქონდეს სწავლის მოთხოვნილება. როცა მოთხოვნილება არის აქტუალური, ის იწვევს ქცევას.

 მასწავლებელი ან აღმზრდელი, არ უნდა იყოს გულუბრყვილო, მას არ უნდა ეგონოს, რომ ბავშვს სწავლა თუ უნდა, ისწავლის. ბავშვი მკვლევარი იბადება. ადამიანს იმთავითვე აქვს შემეცნებისა და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები. უზნაძე ამბობს, რომ ბავშვს სწავლის უბრალო მოთხოვნილება ცოდნის წყურვილში უნდა გადავუზარდოთ. მარტივად თუ ვიტყვით, იმისთვის, რომ ადამიანმა ისწავლოს, მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია. ადამიანს ამ აქტუალური მოთხოვნილების შესაფერისი სიტუაცია უნდა ჰქონდეს საკლასო ოთახში. უნდა იყოს ფიზიკური გარემოც მოწყობილი იმისათვის, რომ ადამიანს სწავლა შეეძლოს, მაგრამ მასწავლებელი ასევე უნდა ქმნიდეს ისეთ გარემოს, სადაც აქტუალური მოთხოვნილება იქნება დაკმაყოფილებული. უზნაძე გვიხსნის მექანიზმს, რომ, როდესაც სწავლა სახალისო პროცესია, ადამიანი უფრო დიდხანს რჩება მასში. თამაშით სწავლა სწავლის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სახეობაა.

უზნაძის აზრით, მოწაფეს ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის შესაბამისი მასალა უნდა მივაწოდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის შესაძლებლობები მწიფდება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს, თუმცა ასევე მასალა ზომიერად რთული და საკმარისად დაშორებული უნდა იყოს ადამიანის შესაძლებლობებს. ეს ოპტიმალური დაშორება იწვევს სწავლის სტიმულაციას, ასევე ბავშვში აყალიბებს სწავლის განწყობას და ხელს უწყობს მის განვითარებას. მასწავლებელი მოსწავლეს მასალას ისე უნდა აწვდიდეს, რომ ის მისთვის მისაწვდომი გახდეს. მასწავლებლის როლი სასწავლო მასალისა და მოსწავლის ძალთა შორის შუამავლობასა და მისი ნამდვილი განვითარების შესაძლებლობის აუცილებელი პირობის შექმნაში მდგომარეობს.

შეფასება ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ის ბევრ რამეს განაპირობებს, ამიტომ ბავშვის შეფასება რომ მასწავლებლის პიროვნებაზე არ იყოს დამოკიდებული, უნდა არსებობდეს მკაფიო კრიტერიუმები და როდესაც ისინი არსებობს, მაშინ თქვენი შეფასებები ერთმანეთის მსგავსი იქნება. ჩვენ კარგად ვიცით ფავორიტიზმის ფაქტები, როდესაც მასწავლებელს გარკვეული თვისებების გამო, კონკრეტული ბავშვი მოსწონს. ასეთი სუბიექტურობის დაძლევის მეთოდად უზნაძემ შემოგვთავაზა, რომ ნიშნები არ გამოვიყენოთ. დღეს დაწყებით კლასებში შეფასება არ გამოიყენება, თუმცა ეს პრობლემას ვერ ჭრის. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ შეფასება გავხადოთ რაც შეიძლება ობიექტური.

 ბევრი კვლევითა და თეორიით დადგენილია, რომ 3-იდან 6 წლამდე პერიოდი არის ინიციატივის ჩამოყალიბების ასაკი და თუ ამ ასაკში ადამიანის ინიციატივა იქნება დაბლოკილი და თუ ამ უნარის განვითარებას თავის დროზე არ მიექცა საკმარისი ყურადღება, შემდგომში, როცა გვინდა ადამიანი თვითონ იჩენდეს ინიციატივას და იყოს აქტიური, ამ უნარის ჩამოყალიბება გაგვიჭირდება. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს განსაკუთრებით 6-წლამდე უნდა მისცეს სწავლისადმი შესაფერისი სიტუაცია, როგორც განწყობის თეორია გვეუბნება, შედეგად, მას ინიციატივა ყოველთვის ექნება. თუ ასე არ მოხდა და არაორდინალურობის პროცესში ბავშვს შენიშვნა მივეცით, ამ შემთხვევაში მას ინიციატივიანობა არ ჩამოუყალიბდება, არამედ დანაშაულის განცდა გაუჩნდება.

 სიყვარული დედის მხრიდან უპირობო უნდა იყოს და არც მშობელმა და არც მასწავლებელმა ბავშვი სხვას არ უნდა შეადაროს. გამოდის, რომ არასრულფასოვნების განცდის საფუძველი 6-იდან 11-წლამდე ასაკი არის. თუ სკოლაში სწავლის გამო ამ ყველაფერს კიდევ უფრო გავამძაფრებთ, რა თქმა უნდა, არასრულფასოვნების განცდის ჩამოყალიბებას ხელს შევუწყობთ. ამას გარდა, ბავშვს უინიციატივობა და დანაშაულის განცდაც დაემატება.  მოზარდობის ასაკში ადამიანმა უნდა გაიგოს, ვინ არის; უნდა ჩამოყალიბდეს მისი იდენტობა; უნდა იცოდეს, რა შეუძლია და რა – არა. პირადი განცდა და თქვენ მიერ მიწოდებული შეფასება, სასურველია, ერთმანეთს დაემთხვეს.

 ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ბავშვი ყოველთვის უნდა შევაქოთ და კომპლიმენტი ვუთხრათ, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გააკეთოს. ადამიანი ყოველთვის გრძნობს სიყალბეს. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მთავარი პოსტულატი არის ის, რომ ერთ-ერთი პირველი საფუძველი ადამიანთან ურთიერთობის, იმისათვის, რომ მის პიროვნულ განვითარებას ხელი შევუწყოთ, გახლავთ გულწრფელობა და არავითარ შემთხვევაში სიყალბე, რადგან რაც არ უნდა სასიამოვნო მოსასმენი იყოს ის, მას არ მოაქვს დადებითი შედეგი.

 მასწავლებელმა უნდა იმუშაოს ემოციებზე და არა მხოლოდ ტვინზე. ჩვენი ობიექტი, რომელშიც მასწავლებელმა უნდა იმუშაოს, არის გული. როგორც უზნაძე ამბობს, აქცენტი არ უნდა გვქონდეს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე, აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა და პიროვნების მთელი ძალების გახსნა.

 ჰუმანისტური განათლების ყველაზე თანამედროვე მიდგომა გამოყოფს ე.წ ოქროს ტრიადას.  როგორც მცენარეს სჭირდება მიწა, წყალი და მზე გასაზრდელად, ასევე ადამიანს პიროვნული ზრდისათვის სჭირდება გულწრფელობა, როგორც მიწა, უპირობო, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია. ეს არის 3 ფაქტორი, რომლებითაც ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანის განვითარებას.  

მოტივირება ორი გზით არი შესაძლებელი. ერთი არის გარეგანი, ხოლო მეორე – შინაგანი. ორივეს თავისი დანიშნულება აქვს. ბავშვი ხანდახან არის თვითმოტივირებული, მას მოსწონს თავისი კომპეტენტურობა და სწავლის პროცესი. როცა ამ დროს მშობელი გარედან იწყებს ამ ყველაფრის განმტკიცებასა და წახალისებას, ბავშვი იმის ნაცვალად, რომ სასწავლო პროცესზე გადაერთოს, გადაერთვება წამახალისებელ გარემოებებზე. თუ ბავშვს თავისი კომპეტენტურობა ანიჭებს სიამოვნებას, შეგიძლიათ, ამას ჩაეჭიდოთ და ის, რომ თქვენ მოგწონთ მისი სწავლისადმი სიყვარული, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვის მოტივირება მხოლოდ საჩუქრებითა და გარკვეული დაჯილდოებით ხდება, მაგრამ ეს ძალიან ხანმოკლეა და მერე მოგიწევთ უფრო ხშირად და ბევრი რამით დააჯილდოვოთ ის, რაც აღარ დამთავრდება. ბოლოს გამოვა, რომ ბავშვი დამოკიდებულია ამ წახალისებაზე. აღმოჩნდა, რომ ასეთი გარეგანი მოტივაციით ნასწავლ ადამიანებს უფრო ადვილად ავიწყდებათ მასალა, რაც არ უნდა სასიამოვნო საჩუქრებით იყვნენ წახალისებული. რაც შეეხება შინაგან მოტივაციას, ანუ ნამდვილ, ჰომოგენურ მოტივაციას, ეს მოიაზრებს იმას, რომ ბავშვს მივცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. მას შეუძლია სწავლა, ის არ არის უსულო საგანი, რომელსაც ცოდნა თავში უნდა ჩავუდოთ. თუ თქვენ მას დაავალებთ, მასზე, რაც გარკვეულ თემასთან დაკავშირებით აინტერესებს, თვითონ მოიძიოს რაღაც ტიპის ინფორმაცია, თუნდაც დახატოს, სახალისო აქტივობებით დაკავდეს, ეს კარგია, ანუ ბავშვს უნდა მივცეთ არჩევანი და არა კონკურენცია.

 არსებობს ისეთი ტემპერამენტის ბავშვი, რომელსაც ძლიერი ნერვული სისტემა აქვს და კარგი აკადემიური უნარებითაა დაჯილდოებული, ასეთი ბავშვისთვის შეიძლება კონკურენტული გარემო მამოტივირებელი იყოს, მაგრამ თუ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს, აღმოჩნდება, რომ 30-იდან წახალისდება მხოლოდ ერთი ადამიანი და დანარჩენი დაითრგუნება. ამიტომ, საჭიროა არჩევანის თავისუფლების მინიჭება. მნიშვნელოვანია, რა უნდა ბავშვს, რომ გააკეთოს.

ამონარიდი ფსიქოლოგ ლელა ტყეშელაშვილის სალონური საუბრიდან.