სტატიები

აუტისტური სპექტრი: გამოწვევები, აღმოჩენები და მხარდაჭერის გზები

აუტისტური სპექტრი: გამოწვევები, აღმოჩენები და მხარდაჭერის გზები

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ბოლო წლებში აუტისტური სპექტრის აშლილობა(ASD) საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და დროთა განმავლობაში მისი პრევალენტობა იმატებს. ამ მიზეზით, იზრდება მომართვიანობა აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის (ADOS-2) ის ადმინისტრირებაზე და შემთხვევების გამოვლენასთან ერთად უფრო ხშირად ხდება დროული, ადრეულ ეტაპზე ჩარევა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სოციალური ცნობიერება, რომ აუტიზმი არ არის დაავადება, რომლის „მკურნალობა“ საჭიროა, არამედ ესაა განსხვავებული მდგომარეობა,  რომელიც მოითხოვს სწორ გარემოს, გაგებას და მხარდაჭერას როგორც ინდივიდების, ასევე ჯანდაცვის სისტემის მხრიდან. ადრეული დიაგნოსტირება და შესაბამისი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის კომუნიკაციურ და სოციალიზაციის უნარებს.
გამოწვევები სოციალურ ურთიერთობებში
აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანისათვის, შესაძლოა რთული იყოს სხვა ადამიანის ემოციების, მათი განზრახვების ამოცნობა და შესაბამისად რეაგირება. ხშირად სირთულეს წარმოადგენს იუმორის, მეტაფორების, ირონიის გაგება. აუტიზმის მქონე ადამიანებს შესაძლოა გაუჭირდეთ სოციალური ნორმების დაცვა, მაგალითად სხვა ადამიანების პირადი სივრცის პატივისცემა, საუბრის დაწყების შესაბამისი დროის შერჩევა და სხვა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში და სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებში ხშირად ვლინდება. კომუნიკაციის სტილი ყოველთვის ინდივიდუალურია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მახასიათებლების ცოდნა და მათი გათვალისწინება ურთიერთობისას.
კომუნიკაციის გამოწვევები
საზოგადოებასთან ურთიერთობებში, აუტისტური სპექტრის ერთ-ერთი მახასიათებელია ენის, მეტყველების და კომუნიკაციის განვითარების სპეციფიკურობა. კერძოდ, არსებობს ვერბალური კომუნიკაციის სირთულეები, შესაძლოა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანს უჭირდეს მიმართული მეტყველების გაგება და ასევე საკუთარი აზრის, საჭიროებების, სურვილების სიტყვებით გამოხატვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საუბრისას გამოვიყენოთ მოკლე და გასაგები წინადადებები, მივცეთ დრო პასუხის გასაცემად, საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენოთ ალტერნატიული კომუნიკაციის ფორმები (PECS (Picture exchange communication system -კომუნიკაცია სურათების მეშვეობით, ელექტრონული კომუნიკატორები – პლანშეტი, აპლიკაცია და სხვა).
სენსორული და ქცევითი გამოწვევები

სენსორული გამოწვევები აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ასპექტია. სენსორული არხებით ჩვენ განსხვავებული სიმძაფრით აღვიქვამთ სამყაროს და გარემოდან მიღებულ სტიმულებს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამდენად გადამტვირთველი შეიძლება იყოს გადაჭარბებული ან პირიქით, დაქვეითებული მგრძნობელობით ხმების აღქმა, შეხება, ხედვა, სუნის და გემოს და ტემპერატურის და სხვადასხვა ტექსტურების შეგრძნება. ბუნებრივია, ეს შეიძლება იწვევდეს სენსორულ გადატვირთვას და ქცევით სირთულეებს. მნიშვნელოვანია სენსორული გარემოს ადაპტაცია კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; კერძოდ, ხმაურიან ადგილებში ყურის დამცავის გამოყენება, ტანსაცმლის შერჩევისას მისი შემადგენელი ქსოვილის ან სიმჭიდროვის განსაზღვრა, რბილი განათების შექმნა სივრცეში და სხვა.
სენსორული და ქცევითი გამოწვევები მნიშვნელოვნად მოქმედებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებზე, თუმცა მათი საჭიროებების გათვალისწინება, შესაბამისი გარემოს შექმნა და სენსორული რეგულაციისთვის დამხმარე მეთოდების შენარჩუნება, ეხმარება მათ უკეთ იგრძნონ თავი და არ გადაიტვირთონ.

სწავლის და დასაქმების გამოწვევები
აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ გარკვეული გამოწვევები საგანმანათლებლო და სამუშაო გარემოში. ისინი საჭიროებენ სწავლების ინდივიდუალური მიდგომის შემუშავებას, მაგ. შესაძლოა კონკრეტული ტექსტი მეტად ადვილად ათვისებადი იყოს სურათების, სქემების და ვიდეოების გამოყენებით. მნიშვნელოვანია სენსორული საჭიროებების და კომუნიკაციური უნარების მახასიათებლების გათვალისწინება, ინდივიდუალური მუშაობა და შემდეგ ეტაპობრივად ჩართვა ჯგუფურ სასწავლო პროცესებში.

აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის ძალიან დამხმარეა სტრუქტურირებული და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა, რაც ხელს უწყობს მათ სიმშვიდეს და ზრდის ჩართულობის ხარისხს.

მნიშვნელოვანია გათვალისწინებული და შეფასებული იყოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანის ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოკვეთილი იყოს ინტერესები და ამის შესაბამისად დაგეგმილი ინდივიდუალური და ჯგუფური ჩარევები.

სწორი მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შესაბამისი განათლების მიღება, დასაქმება და კარიერული წარმატება. აუცილებელია სამუშაო გარემოში ინკლუზიური კულტურის დანერგვა და თანამშრომლების ინფორმირება აუტიზმის  და კონკრეტული ადამიანის საჭიროებების შესახებ.
თერაპია და ცნობიერების ამაღლება
აუტისტური სპექტრის დიაგნოსტირება სიფრთხილეს და სიფაქიზეს.

ადრეული დიაგნოსტირება, ჩარევა და მხარდაჭერა ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენს მდგომარეობის მიმდინარეობისას, მის გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობს და დამოუკიდებლობის საყრდენს ქმნის ზრდასრულობაში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანისთვის.

ყველაზე მეტად გავრცელებულია ქცევითი (ABA) თერაპია. მნიშვნელოვანია ასევე მეტყველების, ოკუპაციური და ჯგუფური თერაპია, რაც სოციალური უნარების განვითარებას უწყობს ხელს. თერაპიის პროცესში ხშირად ჩართულია ოჯახი და სხვა ადამიანები, ვისთანაც აქვს ურთიერთობა აუტიზმის მქონე ადამიანს, რათა მოხდეს დასწავლილი უნარების სხვადასხვა სივრცეში გადატანა/გენერალიზება და ადამიანმა შეძლოს ცოდნის ადაპტირება განსხვავებულ გარემოში.

აუცილებელია ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ოჯახების მხარდაჭერა, როგორც ინფორმაციული ასევე ემოციური მიმართულებით.

აუტიზმის შესახებ მიმდინარე კვლევები მუდმივად ავლენენ ახალ აღმოჩენებს, როგორც სამედიცინო, ასევე თერაპიული მეთოდების შემუშავების კუთხით, ხელს უწყობენ ამ მდგომარეობის უკეთ გაგება/შესწავლას, რაც დაეხმარება ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, აუტიზმის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებს, რომ ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ მათ გარემოსთან სრულფასოვან ადაპტაციაში. მომავალი კვლევები მიზნად ისახავს გენეტიკური პროფილების მეტად დეტალიზებულ შესწავლას და პერსონალიზებული თერაპიული მიდგომების განვითარებას. ადამიანი რეალური კომუნიკაციისას ვითარდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია ემოციური, კოგნიტური ჩართულობა, მხარდაჭერა და ზრუნვა ერთმანეთზე.

საყურადღებო ნიშნები და ადრეული დიაგნოსტირება:
ადრეული ნიშნები (0-3 წელი)

სოციალური კომუნიკაცია:

  • ბავშვი იშვიათად ან არასდროს ამყარებს თვალით კონტაქტს;
  • არ რეაგირებს სახელზე;
  • არ პასუხობს ღიმილზე ან სხვა ემოციის ექსპრესიაზე;
  • ნაკლები ინტერესი ბავშვების და ადამიანების მიმართ;

ენობრივი და კომუნიკაციური უნარები:

  • მეტყველება არ ვითარდება ასაკობრივი ნორმის მიხედვით(არ ამბობს სიტყვებს, წინადადებებს და ა.შ);
  • არ ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს;
  • ახასიათებს კონკრეტული სიტყვების/ხმების განმეორება (ექოლალია)
  • სხვა ადამიანის სხეულს იყენებს როგორც დამხმარე ინსტრუმენტს;

ქცევითი და სენსორული ნიშნები:

  • ახასიათებს თამაშის უჩვეულო ფორმა – საგნების ჩამწკრივება, ბორბლის ტრიალი და სხვა;
  • ახასიათებს ცვლილებების შემთხვევაში მძაფრი გაღიზიანება;
  • ჰიპერმგრძნობელობა ან პირიქით – დაბალი მგრძნობელობა შეხების, ხმაურის მიმართ;
  • განმეორებადი მოძრაობები – ხელების ქნევა, რწევა და სხვა;
  • ჭამს შერჩევით საკვებს;

 

სტატიის ავტორი: კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ელენე ბაჩიაშვილი