თვალით აღქმად საომარ ფრონტს მიღმა, რომელშიც ვაწყდებით დაჭრილი და გარდაცვლილი ადამიანების, დანგრეული შენობების, დაობლებული ბავშვებისა და მრავალ სხვა შოკისმომგვრელ სურათებს, ომის შემსწრე და მასში მონაწილე ადამიანებს ბრძოლა მეორე, შედარებით დაფარულ, მაგრამ ადამიანისათვის არანაკლები ტკივილისა და ტანჯვის მომტან მენტალურ ფრონტზეც უწევთ. ომის დროს გონების ზედაპირზე და მის სიღრმეებშიც გაჩაღებულია ემოციების, აზროვნების, აღქმისა და ადამიანის მთელი კოგნიტური სპექტრის მსხვრევისა და ახლიდან შენების მუდმივი პროცესი. ომი, თავისი მთელი საშინელებით ღრმა ჭრილობებს აყენებს გონებას, ტოვებს ფსიქოლოგიურ კვალს, რომელიც ხშირად რჩება უხილავი, მაგრამ საკუთარ არსებობას არაცნობიერ დონეზე მუდმივად გვახსენებს.
ომი დიდ ზიანს აყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, გვიტოვებს ტრავმებს, საფუძველს უყრის შფოთვის, დეპრესიისა და სასოწარკვეთის გაჩენას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს აწუხებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მატულობს PTSD(პოსტტრავმული სტრესული აშლილობა) და დეპრესიის სიხშირე.
ომის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, მაგალითად ძალადობის კადრები, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, იძულებითი გადასახლებები და სოციალური მხარდაჭერის სისტემების ჩამოშლა. საყვარელი ადამიანების დაკარგვა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ტვირთს. უსაფრთხოებას მოწყვეტილი ლტოლვილები მუდმივ სტრესსა და შფოთვას განიცდიან, მათი ნოსტალგიისა და გლოვის განცდა ხშირად იმდენად ძლიერია, რომ რთულია მათი ახალ ცხოვრებასთან ადაპტაცია. ნანახი შემზარავი კადრების გონებიდან ამოშლა კი საკმაოდ რთული პროცესია, ის დიდხანს გასდევს ადამიანის აზროვნებას და ხშირად კოშმარებადაც ევლინება.
ბრძოლის ცენტრში მოხვედრილი ჯარისკაცებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ზარალი განსაკუთრებით მწვავეა. აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის მონაცემებით, ვეტერანთა დაახლოებით 11-20%, რომლებიც მსახურობდნენ ერაყის გათავისუფლების ოპერაციებში, განიცდიან PTSD-ის. საბრძოლო სტრესმა, რომელსაც ახასიათებს ტრავმის ან სიკვდილის მუდმივი საფრთხე, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფსიქოლოგიური დისტრესი. ხშირად გადარჩენილ ჯარისკაცებს, რომლებმაც ომში თანამებრძოლები დაკარგეს ეუფლებათ დანაშაულის გრძნობა, რაც მათ ფსიქიკას უმატებს ემოციური ტვირთის კიდევ ერთ ფენას. გარდა ამისა, სამოქალაქო ცხოვრებაში რეინტეგრაციის პერსპექტივა შეიძლება მათთვის შიშთან ასოცირდეს, რადგან ბევრი ვეტერანი ცდილობს შეეგუოს ყოველდღიური ცხოვრების რიტმს თუმცაღა ისინი მოცულნი არიან ომის საშინელი სურათებით, რის გამოც მათ ხშირად უჭირთ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება. ამ გამოწვევებს ართულებს სამხედრო კულტურაში ფსიქიკური დაავადების ირგვლივ გავრცელებული სტიგმები, რომელიც ხშირად ხელს უშლის ჯარისკაცებს დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართონ, რაც ხშირად ართულებს მათ რეაბილიტაციას.
არა მხოლოდ ჯარისკაცები ატარებენ ომის ფსიქოლოგიური ტრავმების ტვირთს. მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები, უმძიმესად განიცდიან ომის საშინელებას. მათ უწევთ წარმოუდგენელი სირთულეების გადატანა, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებს მათ ფსიქიკაზე. სახლის, საარსებო წყაროს და უსაფრთხოების განცდის დაკარგვა მათში ზრდის PTSD, დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა დარღვევების განვითარების რისკებს. გაეროს მონაცემებით, ქალები და ბავშვები შეადგენენ მსოფლიოში ლტოლვილთა და დევნილთა 80%-ზე მეტს. თავიანთი სახლებიდან ისინი უცნობ და ხშირად სახიფათო გარემოში არიან გადაყვანილნი, სადაც მათ უამრავი ფიზიკური და ფსიქოლოგიური საფრთხე ემუქრებათ. კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, როგორიცაა სირია და იემენი, ბავშვები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, კვლევები აჩვენებს PTSD-ის და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მაღალ მაჩვენებლებს ომს გადარჩენილ ახალგაზრდებში. ომის ფსიქოლოგიურ დანატოვარს შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი ეფექტი, გავლენა მოახდინოს ინდივიდებზე და მათ მომავალ თაობებზეც კი.
ომის ტრავმა, ისევე როგორც ბნელი მემკვიდრეობა, მართლაც შეიძლება გადაეცემოდეს თაობებს და წარუშლელ კვალს დატოვებდეს ომს გადარჩენილთა შთამომავლებზე. ეს კონცეფცია, რომელიც ცნობილია როგორც თაობათაშორისი ტრავმა, ხაზს უსვამს ომის გრძელვადიან მემკვიდრეობას და შედარებით შორეულ ეფექტებს, რაც მას შეიძლება ჰქონდეს ოჯახებსა და თემებზე. თაობათაშორისი ტრავმა ვლინდება სხვადასხვა გზით, წინა თაობების გამოცდილება აყალიბებს შემდგომი თაობების მსოფლმხედველობასა და ქცევას, რაც გავლენას ახდენს ყველაფერზე, აღზრდის სტილიდან დაწყებული სტრესის დროს მათი დაძლევის მექანიზმების ჩამოყალიბებით დამთავრებული. მაგალითად, ჰოლოკოსტის გადარჩენილთა შვილებმა შეიძლება გამოავლინონ PTSD-ის სიმპტომები, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს განუცდიათ საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებები. ანალოგიურად, უძველესი ერების შთამომავლები, რომლებიც ექვემდებარებიან კოლონიზაციას, წარსულის დავიწყების მიუხედავად შესაძლოა მაინც წინ აღუდგნენ დამპყრობელთა მცდელობას, რომ მათში ძველი კულტურული ელემენტები გააქროს. ომის დამანგრეველი ძალა მხოლოდ მისი მიმდინარეობის პროცესში არ ვრცელდება, ის ტოვებს მუდმივ შემახსენებლებს ადამიანების ფსიქიკაში, რომელიც დამოკიდებულებებისა და სურვილების სახით მრავალ თაობას გადაეცემა. თაობათაშორისი ტრავმის აღიარება და მკურნალობა აუცილებელია განკურნებისა და გამძლეობის ხელშეწყობისთვის. განკურნების ჰოლისტური მიდგომები აცნობიერებენ წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურთიერთდაკავშირებას და აღიარებენ, რომ აწმყოს ჭრილობების შეხორცება მოითხოვს წარსულის გამოძახილებთან დაპირისპირებას.
კონფლიქტის გრძელვადიანი მემკვიდრეობის აღიარებითა და თაობათაშორისი ტრავმის მოშუშებით, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ტანჯვის ციკლის გაწყვეტა და მომავალი თაობებისთვის უფრო სამართლიანი და თანამგრძნობი სამყაროს შექმნა.
ომი ადამიანური ბუნების არცერთ კუთხეს არ ტოვებს ხელუხლებლად, ტოვებს თავის კვალს როგორც სხეულზე, ასევე ფსიქიკაზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვუბრუნდებით გონებაში დარჩენილ მდუმარე ბრძოლის ველს, არ უნდა გავექცეთ მას, არამედ იმ ადგილას გავაჩაღოთ თანაგრძნობისა და გაგების სინათლე, მივიღოთ ის, რასაც ჩვენი ფსიქიკიდან ვერასდროს ამოშლით და გავხსნათ გზა მომავლისაკენ, სადაც ომის ტრავმები კი არ შემოგვსაზღვრავს, არამედ ჩვენ ვიქნებით მისი შემომსაზღვრელები და ამ მძიმე და შემზარავ განცდებს მშვიდობის შესანარჩუნებლად გამოვიყენებთ, ომის როგორც თვალით დანახვად, ასევე მის მენტალურ ფრონტზე.
სტატია ვებ-გვერდისთვის სპეციალურად მოამზადა ფსიქოლოგმა თამაზ ლაღიძემ
ამჟამად რეგისტრაცია მიმდინარეობს ნაფიქრალზე „მენტალური ჯანმრთელობა”. დეტალური ინფორმაციისთვის 👇