სტატიები

„ფსიქიკური ჯანმრთელობა და თვითშეფასება”

ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროცესში, ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას აქვს ერთ-ერთი უმთავრესი როლი. ის გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა და ადრეულად ამოვიცნოთ პოტენციური რისკები, რომლებიც ჩვენს ფსიქიკას დააზიანებს. ფსიქოლოგიის სფეროში არსებული  თეორიების მიხედვით შეგვიძლია გავწეროთ ის ტექნიკები, რომლებიც დაგვეხმარებიან თვითშეფასების ამაღლების პროცესში. სწორედ მათ განვიხილავ  სტატიაში.

 

სოციალური დასწავლის თეორია (ალბერტ ბანდურა):

სოციალური დასწავლის თეორია ვარაუდობს, რომ ინდივიდები სწავლობენ სხვების დაკვირვების, იმიტაციისა და ქცევის მოდელირების გზით. იგი ხაზს უსვამს სოციალური კონტექსტის მნიშვნელობას ქცევისა და თვითშეფასების ჩამოყალიბებაში.

თეორიის მიხედვით, თუ ჩვენ მოვძებნით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძლიერ თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას ავლენენ, დავაკვირდებით მათ ქცევებს, დამოკიდებულებებსა და რთული სიტუაციების დაძლევის სტრატეგიებს, შევძლებთ, რომ მოვახდინოთ მათი პოზიტიური ქცევების მოდელირება და საკუთარი თვითშეფასების პროცესში გამოყენება. ასე, რომ შეგვიძლია გარემოში ვეძებოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ თვითშეფასებას ავლენენ და აქტიურად შევისწავლოთ მათი ქცევები და აზროვნების პატერნები.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თეორია (აარონ ბეკი):

კოგნიტურ-ბიჰევიორული თეორია ამტკიცებს, რომ ინდივიდების აზრები, შეხედულებები და ინტერპრეტაციები გავლენას ახდენენ მათ ემოციებსა და ქცევებზე. ის ხაზს უსვამს კოგნიტური დამახინჯებებისა და ნეგატიური თვითშეფასების როლს დაბალი თვითშეფასების გამყარებაში.

თეორია გვირჩევს, მოვახდინოთ კოგნიტური რესტრუქტურიზაცია უარყოფითი აზრების გამოწვევით და მათი უფრო რეალისტური და დაბალანსებული ინტერპრეტაციებით ჩანაცვლებით. ასევე  ვაწარმოოთ დღიურები სადაც ჩავინიშნავთ ჩვენი ფიქრებისა და აზროვნების ნაწილს, რათა თვალყური მივადევნოთ ნეგატიურ აზრებს საკუთარი თავის მიმართ და შევქმნათ შაბლონები, რომელიც დაგვეხმარება მათი პოზიტიურად გარდაქმნის პროცესში.

თვითგამორკვევის თეორია (ედვარდ დეცი და რიჩარდ რაიანი):

თვითგამორკვევის თეორია თვითშეფასების მთავარ ფაქტორებად გამოყოფს შინაგან მოტივაციას, ავტონომიას და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას (ავტონომია, კომპეტენცია, ურთიერთობები),

თეორია გვირჩევს განვსაზღვროთ აქტივობები და მიზნები, რომლებიც შეესაბამება ჩვენს პირად ღირებულებებს, ინტერესებსა და ლტოლვებს. ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი მიზნების დასახვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ავტონომიისა და კომპეტენციის განცდას. ასევე მნიშვნელოვანია მუდმივად ვიყოთ ჩართულები ისეთ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობენ კავშირებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას, ძლიერი ავტონომიის, კარგი კომპეტენციებისა და პოზიტიური ურთიერთობების პირობებში, საკმაოდ მარტივია პოზიტიურ თვითშეფასების ჩამოყალიბება.

პოზიტიური ფსიქოლოგია (მარტინ სელიგმანი):

პოზიტიური ფსიქოლოგია ფოკუსირებულია ადამიანის ძლიერი მხარეების, სათნოებისა და სხვა ისეთი ფაქტორების იდენტიფიცირებასა და განვითარებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ მის ოპტიმალურ ფუნქციონირებასა და კეთილდღეობას. თეორია განიხილავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქიკური ძალების მიმართვა თვითშეფასების ასამაღლებლად საერთო ცხოვრებით კმაყოფილების გასაძლიერებლად.

პოზიტიური ფსიქოლოგია გვირჩევს შევაფასოთ საკუთარი ძლიერი მხარეები ჩვენი უნიკალური ძლიერი  შესაძლებლობების გამოსავლენად, შემდგომ კი ჩვენი ცხოვრებისეული აქტივობები ისე დავგეგმოთ რომ საშუალება გვქონდეს ეს უნიკალურობები უკეთ განვავითაროთ. მიზნების დასახვას სწორედ ამ სიძლიერეების შესაბამისად გვირჩევს,  რადგან ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებთან შესაბამისი აქტივობების განხორციელება ხელს უწყობს პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

ჰუმანისტური თეორია (აბრაამ მასლოუ, კარლ როჯერსი):

ჰუმანისტური თეორია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თვითრეალიზაციას, პიროვნულ ზრდას და ავთენტურობისკენ სწრაფვას. ის ვარაუდობს, რომ ინდივიდები ისწრაფვიან მათ იდეალურ და რეალურ მე-ს შორის შესაბამისობა დაამყარონ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას

თეორია გვირჩევს, რომ გამოვიკვლიოთ საკუთარი მე თვითრეფლექსიების გზით, რათა უფრო უკეთ გავიგოთ ჩვენი ღირებულებები, რწმენა და მისწრაფებები. ჩვენი “ნამდვილი მე”-ს პოვნის შემდეგ კი სწორედ ჩვენი ამ ნაწილიდან წამოსული აქტივობები განვახორციელოთ. მსგავსი ქმედებები ხელს შეუწყობს ჩვენს პიროვნულ ზრას. ივარჯიშეთ საკუთარი თავის მიღებასა და თანაგრძნობაში, რადგან საკუთარი თავის ყველა ასპექტის გაანალიზება ხელს უწყობს პოზიტიურ თვითშეფასებას.

შეჯამება

ფსიქოლოგიური თეორიები გვთავაზობენ ღირებულ შეხედულებებს და ტექნიკებს თვითშეფასების გასაუმჯობესებლად და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თითოეულ თეორიაში ასახული სტრატეგიების ჩართვით, შეგვიძლია  ჩამოვიყალიბოთ პოზიტიური თვითშეფასება და ამ გზით გავაძლიეროთ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა. ერთად რომ შევკრიბოთ, დავინახავთ რამდენად დიდი როლი აქვს საკუთარ თავთან კომუნიკაციას და ჩვენს ფიქრებსა და ემოციებზე დაკვირვებას.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი თვითშეფასებისკენ მიმავალი გზა მუდმივად გრძელდება და მოითხოვს ჩვენს მუდმივ ჩართულობას. რეგულარული თვითრეფლექსია გადამწყვეტია ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგისა და გასაუმჯობესებელი სფეროების იდენტიფიცირებისთვის. პოზიტიური მისაბაძი მოდელებით, უარყოფითი აზროვნების ნიმუშების გაანალიზებით, შინაგანი მიზნების მიღწევით, ძლიერი მხარეების გამოყოფით და ავთენტურობის ხელშეწყობით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თვითშეფასება საკმაოდ ადეკვატური და ჯანსაღი გავხადოთ. ამის გარდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პროფესიონალისთვის მიმართვა შესაძლოა საკმაოდ დაგეხმაროთ ბედნიერებისა და კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენი გარშემომყოფების თვითშეფასებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზეც ვახდენთ გავლენას. ამიტომ ვეცადოთ, ვიყოთ მხარდამჭერები და ჩვენი ცოდნები ამ სფეროსთან დაკავშირებით გავუზიაროთ ერთმანეთს. ცოდნის გასამყარებლად კი მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციების სწრაფად მიღება, შესაბამისად შეგვიძლია აქტიურად ჩავერთოთ ამ თემისადმი მიძღვნილ პროექტებსა და ღონისძიებებში.

სტატია ვებ-გვერდისთვის სპეციალურად მოამზადა ფსიქოლოგმა თამაზ ლაღიძემ

ამჟამად რეგისტრაცია მიმდინარეობს ნაფიქრალზე „მენტალური ჯანმრთელობა”. დეტალური ინფორმაციისთვის 👇