სიახლეები, სტატიები

„თვითშემეცნების შესახებ“ – მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი

„თვითშემეცნების შესახებ“

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი

 

თვითშემეცნების შესახებ

 

უპირველეს ყოვლისა მე მინდა განვსაზღვრო ის „მე“, რომლის შემეცნებაც გვმართებს – ამის გარეშე ჩვენ აღარ გვექნება საერთო ენა და არც გვეცოდინება, არსებითად, რაზე ვლაპარაკობთ. ხოლო მას შემდეგ, რაც ორი განსხვავებული გზით  განვსაზღვრავ ამ „მეს“, პირველ რიგში, შევეცდები ვაჩვენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი „მეს“ ცოდნა შინაგანი სამყაროს მოწყობისა და აგებისათვის, ხოლო შემდეგ შევეცდები დავსახო გზა თვითშემეცნებისაკენ. არვიცი, შევძლებ თუ არა რაიმე დასკვნის გაკეთებას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე თქვენ მოგცემთ მასალათა იმ გარკვეულ რაოდენობას, რომლის გამოყენებასაც თქვენ შეძლებთ.

სულიერი ცხოვრების გადმოსახედიდან „მე“ წარმოგვიდგება ორ ასპექტში: მათ ორი სხვადასხვა ტერმინით აღვნიშნავ და შემდეგ  მათ განმარტებას შევეცდები. ერთის მხრივ, ეს არის „მე“, როგორც სახეობა, ინდივიდუუმი, ხოლო მეორეს მხრივ – „მე“, როგორც პიროვნება, პერსონა. ეს არის ტერმინოლოგიური განსხვავება, რომელიც პრაქტიკულად და თეოლოგიურად არის დაფუძნებული.

ინდივიდუუმი, როგორც თავად სიტყვა მიანიშნებს, არის დანაწევრების ზღვარი, ის, რაც შეუძლებელია კიდევ უფრო გაიყოს და რომლის იქითაც ადამიანური არსების თვითონ მთლიანობაც ირღვევა. თუკი ჩვენ განვიხილავთ ადამიანურ ყოფიერებას მის მთლიანობაში – მთელ ადამიანურ მოდგმას ან ცალკეულ ერს, ოჯახს ან საერთოდ ნებისმიერ ცალკე აღებულ ჯგუფს მაშინ დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ წინაშე აღმოჩნდება ინდივიდუუმი, ანუ გარკვეული ერთეული. ხოლო თუკი ვეცდებით, რომ კიდევ უფრო დავანაწევროთ, ანუ თუკი ხელს მივყოფთ თავად ინდივიდუუმის დანაწევრებას, მაშინ ჩვენ წინაშე აღმოჩნდება მკვდარი სხეული და ფსიქიკა, მაგრამ ეს უკვე აღარ იქნება ადამიანური არსება, თანყოფნა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ინდივიდუუმი არის რა დანაწევრების ზღვარი, აგრეთვე დაყოფადობის ზღვარიც არის – ისევე, როგორც საკუთარი გვარის არსებებს შორის, აგრეთვე მასა და ღმერთს შორის. ღმერთსა და ერთმანეთს შორის დაყოფადობის მიღმა კი საუბარი შეეხება არა ინდივიდუუმს, არამედ პიროვნებას, რომლის განსაზღვრებასაც მე ქვევით მივუბრუნდები.

როდესაც ჩვენ ინდივიდუუმის განსაზღვრება და აღწერა გვინდა ამას იმ კატეგორიებით ვახერხებთ, რომლებიც საერთოა ყველა ადამიანისათვის, მაგრამ ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც ვაჯგუფებთ ამა თუ იმ ნიშნების მიხედვით. გარეგნობის მიხედვით, ვლაპარაკობთ სიმაღლეზე, თმის ფერზე, თვალის ფერზე ადამიანის დამახასიათებელ თვისებებზე, მაღალია თუ დაბალი, ქერა თუ შავგრემანი, მსუქანი თუ გამხდარი. შეიძლება ამ ანალიზის განვრცობა და ლაპარაკი მისი ხმის ტემბრის, მისი გონებისა და გულის ხარისხის და მისი სხვა იმ თავისებურებათა შესახებ, რომლებიც განასხვავებენ მას გარშემომყოფი ადამიანებისგან. საბოლოო ჯამში, ჩვენი აღწერა დაიყვანება თვისებათა აღწერაზე, რომლებიც საერთოა ყველა ადამიანისათვის, თანაც ადამიანებს აჯგუფებენ ისე, როგორც კრავენ თაიგულს, რომელიც სხვა თაიგულისგან კი განსხვავდება, მაგრამ შედგება იმავე ან მსგავსი ყვავილებისგან. დაბოლოს იმისათვის, რომ მივხვდეთ და ერთი ინდივიდუუმი განვასხვავოთ მეორისაგან ჩვენ ვიყენებთ კონტრასტის მეთოდს. ზოგჯერ ეს არის ურთიერთდაპირისპირება, ზოგჯერ კი ეს არის ანალოგია, მაგრამ აქ ყოველთვის მოქმედებს დიფერენციაციის ელემენტი, ასე რომ ერთი ინდივიდუუმის მეორისაგან განსხვავება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთდაპირისპირებისა და კონტრასტის კატეგორიებით. როგორც ინდივიდუუმი, როგორც სახეობა მე ვარსებობ იმდენად, რამდენად ღრმადაც განვსხვავდები მე გარემომცველი ინდივიდუუმებისაგან. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი „ინდივიდუალური არსებობა“ და იმ წუთიდან, როცა მე ვლაპარაკობ კონტრასტის, ურთიერთდაპირისპირებისა და ყველასათვის საერთო თვისებათა განსხვავებებზე, მე ვლაპარაკობ იმ მანძილის შესახებ, რომელსაც ვადგენ ჩემსა და სხვას შორის და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: ეს არის ცოდვითი მდგომარეობის ერთ-ერთი ასპექტი, ეს არის ის ურთიერთდაპირისპირება, რომელიც დაშლას წარმოშობს და არათუ აფერხებს საერთო ჰარმონიაში მონაწილეობას, არამედ ადგენს მთელ რიგ თვითდამტკიცებასაც, რადგან ისევე როგორც ფსიქოლოგიური, აგრეთვე სულიერი გადმოსახედიდან ინდივიდუუმს სწორედაც რომ თვითდამტკიცება ახასიათებს. ეს ყველასათვის ცნობილია: როდესაც გარკვეული გარემოს ნაწილი ვხდებით, და თუკი არ გვინდა გავითელოთ და გავნადგურდეთ, მაშინ საჭიროა, რომ წნეხისა და გარემომცველი მასის ძალადობის წინააღმდეგ დავიწყოთ საკუთარი თავის მტკიცება. ხოლო ეს თვითდამტკიცება ქმნის განყენებული არსებობის ანუ დანაწევრების კიდევ უფრო დაძაბულ სიტუაციას, რომელიც მდგომარეობს სხვის იგნორირებაში, სხვის უკუგდებასა და უარყოფაში, რაც იმის ტოლფასია, რომ ინდივიდუუმი ამით უარს ამბობს სხვის მიერ მის შთანთქმაზე,  გათელვასა და განადგურებაზე – როგორიც არ უნდა იყოს ეს „სხვა“: ინდივიდუალური „სხვა“ თუ კოლექტიური „სხვა“.

პიროვნება, პერსონა – რაღაც სრულიად განსხვავებულია: ეს ტერმინი არ შეესაბამება ჩვენს ემპირიულ შემეცნებას ადამიანის შესახებ; საფუძველი მას აქვს წმინდა წერილში, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, წმინდა წერილის დამატებაში ღმერთისა და ადამიანის ჩვენეულ გაგებასთან.[1] პიროვნებისთვის დამახასიათებელია, რომ სხვა პიროვნებისგან ის არ განსხვავდება კონტრასტის, ურთიერთმიმართებისა და თვითდამტკიცების გზით – პიროვნება განუმეორებელია. ვფიქრობ, ამომწურავი სახე მოცემულია გამოცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ ღვთის მომავალ სასუფეველში თითოეულს მიეცემა „თეთრი ქვა და ქვაზე დაწერილი ახალი სახელი, რომელიც არავინ იცის გარდა მიმღებისა“ /აპოკ. 2. 17./ და ღმერთისა. ეს სახელი – მის შესახებ ლაპარაკობს მთელი ებრაული ტრადიცია – სრულიად განსხვავდება იმისაგან, რასაც ჩვენ საკუთარ სახელს, გვარს ან მეტსახელს ვუწოდებთ; ყველა ეს შემთხვევითი სახელებია, რომლებსაც ჩვენ ვარქმევთ საკუთარ თავებს ან სხვებს, იმ სხვებს, რომლებიც აგრეთვე ეკუთვნიან კონტრასტთა, ურთიერთდაპირისპირებათა და განსხვავებათა სისტემას, მაგრამ ის სახელი – არ არის შემთხვევითი სახელი: ის სრულიად შეესაბამება თავად იმ არსებას, რომელიც გააჩნია პიროვნებას, ეს არის – პიროვნება გამოხატული სახელით. ებრაული ტრადიციული შეხედულების თანახმად, რომელსაც ჩვენ ვპოულობთ თავად ბიბლიასა და ბიბლიის გარემომცველ ტრადიციაში, სახელი და პიროვნება ერთი და იგივეა, თუკი ამ სახელს ღმერთი წარმოთქვამს. და თუკი ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ სახელის მთელი მნიშვნელობა იმ პიროვნებისათვის, რომელიც მას ატარებს, მაშინ ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ის სახელი, ის ძლევამოსილი, შემოქმედებითი სიტყვა, რომელიც ღმერთმა წარმოთქვა მაშინ, როდესაც თითოეულ ჩვენგანს არყოფნიდან გამოიხმობდა, ეს არის განუმეორებელი და პირადი სიტყვა; ამასთან ერთად ეს სახელი განსაზღვრავს იმ განუმეორებელ, პირად და შეუდარებელ დამოკიდებულებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ღმერთთან აკავშირებს. ჩვენ „შეუდარებლები“ ვართ, ანუ შედარების მიღმა ვიმყოფებით, რადგან არავინ არავის მსგავსი არაა – ერთი და იმავე კატეგორიების გაგებით. არსებობს განუმეორებელი მოვლენა – თითოეული ჩვენგანი ღმერთთან მიმართებით; პიროვნება ამ გაგებით გამოუთქმელია, რადგან იგი არ განისაზღვრება ურთიერთდაპირისპირების გზით. ის იმდენად განუმეორებელია, იმდენად შეუდარებელია, რომ თავისთავად არსებობს, თუმცაღა გარეთ საკუთარი თავის გამოხატვა შეუძლია გარკვეული მოქმედებებით, გამოვლინებებით, იმით, რასაც პავლე მოციქულის ეპისტოლეში ჰქვია „ნათება“ და როდესაც ჩვენ მთელი სიღრმისეული არსებისა და ჩვენი ემპირიული „მეს“ შემეცნება  გვსურს, ჩვენ სხვადასხვანაირად გვიწევს მსჯელობა, რადგან ჩვენი ემპირიული „მე“, ის არსება, რომელსაც ჩვენ სოციალურ ცხოვრებაში წარმოვადგენთ, ან რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ სხვებს – აქ ჩვენ განსხვავებადნი ვართ, რადგან შედარებით განსხვავებულები ვართ – ამ არსებას ჩვენ სულ სხვა მეთოდებით ვიხელთებთ,  ვიდრე პიროვნებას. ის თუ რა არის „პიროვნება“ მის პირველქმნილ მდგომარეობაში ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან კატასტროფის ძალით, რომელსაც ცოდვით დაცემა ჰქვია და რომლის შედეგადაც ჰარმონიად ყოფნის ნაცვლად, რომელიც უნდა შედგენილიყო არა თვითმტკიცებადი და ურთიერთდაპირისპირებადი არსებებისგან, არამედ განუმეორებელი არსებებისგან, რომელთა თანახმოვანება, გასაღები არის ღმერთი, პიროვნებას ჩვენ შევიცნობთ მხოლოდ ინდივიდუუმთა გამაცალკევებელი და ტრაგიკული პრიზმის გავლით.

ღვთისმეტყველება სრულყოფილი პიროვნებისა და სრულყოფილი ბუნების სახეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთში გვივლენს; თუმცაღა ჩვენი ადამიანური მოწოდება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უფლის ჯვრით, ასკეზითა და ამაღლებით, რომლებიც წამდაუწუმ გვაქცევენ ჩვენ ქრისტეს სხეულის ცოცხალ და სრულყოფილ წევრებად და სულიწმიდით გაცხოველებულ ცოცხალ ტაძრებად, განყენებული მდგომარეობის ურთიერთდაპირისპირებისა და დაყოფადობის დამარცხებითა და დაძლევით ერთად შევკრიბოთ პიროვნებისა და ბუნების რეალობა.

და აი, ახლა შევადაროთ, თუ რა და როგორ შეგვიძლია შევიცნოთ ინდივიდუალური „მე“-ს შესახებ – ერთის მხრივ და პიროვნული „მე“-ს შესახებ – მეორეს მხრივ. ძირითადი მომენტი – და მე ამას უკვე ვუსვამდი ხაზს – ეს არის ურთიერთდაპირისპირება, რომელიც ძევს ინდივიდუუმთა განსხვავების ფუძეში. ამ ურთიერთდაპირისპირებას ჩვენ მხოლოდ მემკვიდრეობით კი არ ვღებულობთ, როდესაც იმ განყენებულობის ჩანასახებით ვიბადებით, რომელიც გვაცალკევებს ღმერთისა და ადამიანებისგან; ჩვენ მას მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვწვრთნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირებით, ჩვენ საკუთარ თავს ვანიჭებთ, ვუძლიერებთ ან უბრალოდ ვუმტკიცებთ საკუთარ ინდივიდუალურობას. და რაც უფრო მეტად ვაკეთებთ ამას, მით უფრო უმნიშვნელო ხდება ჩვენი ინდივიდუალურობა და მით უფრო ნაკლებად მდგრადი ხდება ჩვენი არსება და ჩვენი არსებობა. რაც უფრო დახვეწილად ვუპირისპირდებით ერთმანეთს, მით უფრო ვაგროვებთ ყველასათვის საერთო თვისებებს, რომლებიც უფრო და უფრო ნაკლებად პიროვნული და ნაკლებად ორიგინალურია, მიუხედავად იმ ილუზიისა, თითქოსდა სწორედ ამ ურთიერთდაპირისპირებით ვაღწევდეთ ჩვენ ორიგინალურობასა და განსაკუთრებულობას. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ მარტივად შეიძლება მთელი ცხოვრება ექსცენტრიკოსად განვლიო და რომ არაფერია ექსცენტრიულობაზე უფრო მონოტონური: ორიგინალურ ექსცენტრიკოსად ქცევის საშუალებები ძალიან შეზღუდულია. იგივე შეიძლება ითქვას ცოდვის ყველა შედეგზე, ანუ ეშმაკთა მოქმედებასა და ჩვენს შინაგან განადგურებაზე, რადგან ცოდვა ერთგვარია და ჩქარა გამოვლევთ რა ჩვენს ყველა შესაძლებლობას, ჩვენ დაუსრულებლივ ერთსა და იმავეს ვუბრუნდებით.

ამ ურთიერთდაპირისპირებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და თუკი საკუთარი თავის შემეცნება გვინდა მაშინ, პირველ რიგში, მისი ერთ-ერთი შედეგი უნდა დავინახოთ, სახელდობრ: საზოგადოებასთან მიმართებით – იქნება ეს მაღალი საზოგადოება თუ მისტიური საზოგადოება, როგორიც არის ეკლესია – საკუთარ თავს სხვისი უარყოფის კატეგორიებში ვსაზღვრავთ. თვითდამტკიცება ყოველთვის სხვისი უკუგდებისა და უარყოფის ტოლფასია. საკმარისია სხვა მივიღოთ, რომ ჩვენ მეტად აღარ შეგვეძლება საკუთარი თავის უწინდელივით მკვეთრი და უაპელაციო თვითმტკიცება, მეტად აღარ შეგვეძლება სხვისი უკუგდება და მის რეალურ, კონკრეტულ და სრულ თანყოფნაზე თვალის დახუჭვა. ჩვენთვის ეს თვითგამორიცხვის ტოლფასია. და სარტრის სიტყვები, „ჯოჯოხეთი – ეს სხვებია“ ჩვენ სწორედ ამ აზრით შეგვიძლია გავიგოთ: „სხვებში“ ისინი იგულისხმებიან, ვინც გარდუვალად არიან ჩვენ ირგვლივ, რომელთაც ვერსად წავუვალთ, რომლებიც უმოწყალოდ ტვირთად არიან ჩვენზე აკიდებულები, მაშინ როდესაც ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს ჩვენ ვყოფილიყავით მათთვის ტვირთი, რომ ისინი ყოფილიყვნენ პერიფერია, ხოლო მე – აბსოლუტური ცენტრი, რომელიც გამოიყენებდა იმ დარწმუნებულობასა და იმ სიმშვიდეს, რომლითაც სარგებლობს ცენტრალური წერტილი პერიფერიასთან შედარებით.

ამრიგად, თვითდამტკიცება სხვისი უარყოფის ტოლფასია. მაგრამ ინდივიდუუმის თვითდამტკიცება სიყვარულის შესაძლებლობას გამორიცხავს, რადგან გიყვარდეს – პირველ რიგში, ნიშნავს სხვაში თავად მისი არსებობის ცნობას, ასე ვთქვათ, სხვისი აქტუალურობის აღიარებას; იმის აღიარებას, რომ სხვა რადიკალურად, სრულიად, თავიდან ბოლომდე განსხვავდება ჩემგან; მისი, როგორც ფაქტის აღიარება და მისი აღქმა არა, როგორც რაღაც საშიშად, არამედ როგორც ისეთ რეალობად, რომელიც კეთილისმომცემია, ასევე აღიქვა იგი, როგორც სამყაროს ერთიანი ჰარმონიის მონაწილე და მოექცე მას შესაბამისად, ანუ პატივისცემით და მოწიწებით – მე ვიტყოდი თაყვანისცემითაც კი – იმ პატივისცემის გაგებით, რომელიც აღძრავს ჩვენში მთლიანი და სრული მსახურების სურვილსა და ნებას. ვიღაცის სიყვარული – უპირველეს ყოვლისა ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მასში არსებობის უფლებას ცნობ, აძლევ მას „მოქალაქეობის უფლებას“ და მასთან მიმართებით პერიფერიულ ადგილს იკავებ, ხოლო შემდეგ, ამ პერიფერიიდან მისკენ მიისწრაფვი, ისე რომ სულ უფრო და უფრო ივიწყებ საკუთარ თავს.

როგორი არარეალურია ეს ჩვენთვის, განსაკუთრებით იმ ფორმით, რომლითაც მე ვლაპარაკობ ამის შესახებ! მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, მაგალითად ის, რომ ჩვენ ყველანი გარშემორტყმულები ვართ ადამიანებით, რომელთა არსებობას ჩვენ თითქმის ვერ ვამჩნევთ; ისინი ჩვენთვის ავეჯია, თან საკმაოდ მასიური ავეჯი, რადგან მუდმივად გვეღობება გზად და ჩვენ ან ვეჯახებით მას ან მისთვის გზის ავლა გვიწევს. ადამიანურ ურთიერთობებს ჩვენ ძალიან ხშირად იმას ვარქმევთ, რისთვისაც ხშირ შემთხვევაში შეჯახებები უნდა გვეწოდებინა. თუ გზაზე გადასვლა ვერ მოვასწარით აუცილებლად შევეჯახებით, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთმანეთს ვერ ვამჩნევთ. ერთადერთი, რასაც ვამჩნევთ ეს არის გარკვეული მოცულობა, რაღაც დაბრკოლება, რომელიც ხელს მიშლის იმაში, რომ ჩემი ტრაექტორიით ვიარო; და ეს ტრაექტორია – თუკი იგი არ არის ერთი ადგილიდან მეორეზე უბრალო გადასვლა, არამედ ჩემი ცხოვრების გზა – არის ის, რისი გაკეთებაც მინდა, ხოლო „სხვა“ – არის საფრთხე, რომელიც ხელს მიშლის, ვიყო ის, რაც მინდა რომ ვიყო.

მაგრამ კეთილმოსურნე, მეგობრულ ურთიერთობებში – აღარაფერს ვამბობ სიყვარულზე – ჩვენ სრულიად სხვა რამეს ვხედავთ. ყველაფერი იმით იწყება, რომ ვიღაც, ვინც ჩვენთვის მხოლოდ მოცულობა და განუსაზღვრელი თანყოფნა იყო, იღებს სახეს, გარკვეულწილად ერთადერთ იერსახეს. თუკი ჩვენთვის ამ იერსახეში იხსნება გარკვეულ ურთიერთობათა შესაძლებლობა, მაშინ ჩვენ მეტად აღარ ვართ ცენტრი, რომლის ირგვლივაც ტრიალებენ სატელიტი-თანამგზავრები. ჩვენ უკვე თითქმის თანასწორთა მდგომარეობაში ვართ; მე ვამბობ „თითქმის“, ვინაიდან ბევრი დრო იქნება საჭირო, რათა დაიძლიოს ის გრძნობა, რომ ცენტრი – მაინც მე ვარ. ისეთი მარტივი კატეგორიები, რომ ავიღოთ, როგორიც არის „მე შენ მიყვარხარ“, მაშინ „ “ ჩვეულებრივ მკვეთრი შრიფტით იწერება, „მიყვარხარ“ არის უბრალო კავშირი, ხოლო „შენ“ საერთოდ რაღაც შეფარდებითია. მე ვფიქრობ, რომ მთელი ის პროცესი, რომელმაც ვიღაცასთან უნდა დაგვაკავშიროს, შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ ყოველ ჯერზე ვხვდებით, რომ „მე“ და „შენ“ თანაბრდებიან იმის შესაბამისად, რაც „მიყვარხარ“ მეტად აღარ არის კავშირი, ხიდი, რომელიც ორ ნაცვალსახელს აერთებს, არამედ იგი იძენს წონადობას, გარკვეულ თვისებას, რომელიც ცვლის თავად ურთიერთობებს. დგება მომენტი, როდესაც ურთიერთობები იმდენად თანაბრდებიან, რომ ის, ვისაც უყვარს, საკუთარ თავს შეიგრძნობს მთელი ინტენსივობით, მაგრამ ის იმავე ინტენსივობით გრძნობს სხვასაც, ანიჭებს მას მნიშვნელობასა და ღირებულებას; ხოლო შემდეგ თუკი ჩვენი გრძნობა ხდება უფრო ღრმა, თუკი ჩვენში „სხვისი“ აღქმა მატულობს, მაშინ დგება მომენტი, როდესაც ჩვენ უეცრად ვხვდებით, რომ ჩვენ პერიფერიულ წერტილებად ვიქეცით, ხოლო ის – ცენტრად ჩვენი არსების არა სტატიკურ, არამედ დინამიურ მიმართებაში, არსების, რომელიც მიმართულია და მისწრაფებულია სხვისკენ.

გახსოვთ იოანეს სახარების დასაწყისი, სადაც ის ამბობს, რომ „სიტყვა იყო ღმერთთან“. ბერძნული სიტყვა, რომელსაც ვთარგმნით, როგორც „თან“ (πρὸς) – არ არის სტატიკური, ეს არის დინამიური ტერმინი: -კენ; -თვის; მიმართული -კენ; მისწრაფებული -კენ. ეს მიმართება – არ არის მიმართება ორ ადამიანს შორის, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ; ეს არის მიმართება იმ ორს შორის, რომელთაგან ერთი, აბსოლუტურად ცენტრალურია, ხოლო მეორე მხოლოდ პირველისათვის  არსებობს, მხოლოდ მისდამი მიმართულებითა და მიმართებით. აქ უკვე შეიძლება სიყვარულზე ლაპარაკი, მაგრამ ამ „მე შენ მიყვარხარ“-ში „მე“ ისე შეიზღუდა, რომ მხოლოდ ობიექტურად არსებობს, ხოლო სუბიექტურად ადამიანს საკუთარი თავი უკვე დავიწყებული აქვს. ის, რასაც ახლა მნიშვნელობა აქვს, ეს არის სიტყვა „სიყვარული“, რომელშიც „მეც“            შედის, ვინაიდან ცენტრად იქცა „შენ“ – „სხვა“.

როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ჩვენი ინდივიდუალური „მეს“ ზღვარი, პირველი რაც შეიძლება საკუთარ თავს ვკითხოთ, ეს არის შემდეგი: რა გაგებით შემიძლია ვთქვა, რომ მე მიყვარს ისინი, ვინც მიყვარს? მე არ ვლაპარაკობ მათზე, ვინც არ მიყვარს; მათი სახელი ლეგიონია; არც იმათზე არ ვლაპარაკობ, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ შორს იმყოფებიან და ჩემთვის ტვირთმძიმეები არ არიან – ძალიან მარტივია გიყვარდეს ის, ვინც ცხრა მთას იქითაა და ძალიან რთულია გიყვარდეს მეზობელი, რომელსაც მუსიკის მოსმენა უნდა მაშინ, როდესაც შენ დაძინებას ცდილობ. და აი, პირველი შეკითხვა, რომელიც ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ: მე ვამბობ, რომ მიყვარს ჩემი ცოლი, შვილი, ძმა, ესა თუ ის ადამიანი… რას ნიშნავს ეს? მე ის ისევე მიყვარს, როგორც ნაღებიანი მარწყვი? სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ვიკვებები მისით, დღითი-დღე ვსანსლავ, ყოველდღიურად მის პარალიზებას ვცდილობ, მის ძალებს ვამპირის მსგავსად გამოვწოვ? მაშინ, მისი არსებობა ჩემთვის მართლაც ღირებულია, მის გარეშე ვერ გავძლებ, ის აუცილებელია თვით ჩემი ცხოვრებისთვის. განა ამის თქმა გვინდა? და აი, გულწრფელები თუ ვიქნებით, მაშინ ჩვენ ძალიან ხშირად უნდა დავეთანხმოთ: „ჰო სწორედ ამის თქმა მინდა“. და არაფერია იმაში საკვირველი, რომ ისინი, ვინც ჩვენი სიყვარულის მსხვერპლნი ხდებიან ევედრებიან ღმერთს, რომ ისინი ნაკლებად უყვარდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია; რადგან თუ ჩვენთვის ცხადი შეიქნება, რომ ჩვენი დამოკიდებულება მათთან, ვისთანაც ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გაგვაჩნია, თავისი არსით მტაცებლურია – მაშინ რაღა უნდა ითქვას დანარჩენებზე? ამ შემთხვევაში, ცხადია, ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ჩვენს მტრებს გაცილებით უფრო უმართლებთ, ვიდრე ჩვენს მეგობრებს; მათ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თავს ვანებებთ!

აი, პირველი მომენტი: სცადეთ განსაზღვროთ, შეაფასოთ კეთილმოსურნეობის, მეგობრობისა და სიყვარულის ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს მათთან, ვინც ჩვენს გულშია. ხოლო შემდეგ საკუთარ თავს დაუსვით კითხვა უარყოფაზე, საპირისპირო კავშირზე, რომელიც ჩვენსა და დანარჩენებს შორის არსებობს; და მაშინ თქვენ ნახავთ, თუ რა უსასრულოდ მივისწრაფით ჩვენ თვითდამტკიცებისაკენ, თუ რამდენადაა თვით ჩვენი ყველაზე ახლობლური, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე მეგობრული, ყველაზე ძმური ურთიერთობები, ურთიერთობები, რომლებიც ორ ადამიანს აკავშირებს, არსებითად გამაცალკევებელი ურთიერთობები: „ჩემგან ერთი ნაბიჯით შორს დადექი, მე მეშინია შენთან შერევა, მეშინია გაქრობა, მეშინია შენი სიყვარულის ტყვეობაში აღმოჩენა, მე მინდა დავრჩე საკუთარ თავად!“

და აქ ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე გავზომოთ ურთიერთდაპირისპირების ის ელემენტი, რომელიც არსებობს თავად ჩვენში. როდესაც ჩვენ საკუთარი თავის  ამ გაგებით ვიწყებთ  კვლევას ან ვიწყებთ ჩვენი განყენებული ცხოვრების რომელიმე სხვა დეტალის კვლევას, ჩვენ მიდრეკილება გვაქვს ხოლმე ჭეშმარიტად დემონური განსჯისაკენ. არსებითად, იგი შემდეგში მდგომარეობს: ყველაფერი, რაც მიმზიდველია ჩემში, ის, რაც მე ჩემში მომწონს, სწორედ ის არის ჩემი ნამდვილი „მე“. ხოლო ყველაფერ იმას, რაც მე ჩემში მახინჯად და მიუღებლად  მეჩვენება, ან, რაც სხვებისთვისაა მიუღებელი და მახინჯი ჩემში, ის, რაც დაძაბულობას ქმნის გარშემომყოფებთან, მე აღვიქვამ, როგორც ლაქებს, როგორც ისეთ რაღაცებს, რაც მე გარედან მივიღე და ავიკიდე“. მაგალითად, ადამიანები ხშირად ამბობენ: „მე ხომ მთელი გულით სულ სხვა რაღაცისკენ ვისწრაფი, მაგრამ ცხოვრებისეულმა გარემოებებმა მე ასეთად მაქციეს“. არა, ცხოვრებისეულმა გარემოებებმა უბრალოდ გამოავლინეს, რომ თქვენ ასეთი ხართ. მაკარის, ერთ-ერთი ოპტინელი ხუცესის მიმოწერაში, არის ორი თუ სამი წერილი პეტერბურგელი მოვაჭრისადმი, რომელიც წერს: „ჩემგან მოახლე წავიდა და მე მთავაზობენ ავიყვანო სოფლელი გოგო. რას მირჩევთ, ავიყვანო, თუ არა?“ ხუცესი პასუხობს: „უსათუოდ, აიყვანე“. რაღაც დროის შემდეგ ვაჭარი ისევ წერს: „მამაო, დამრთეთ ნება, რომ მე ის გავაგდო, ეს ნამდვილი ეშმაკია; მას შემდეგ, რაც ის აქ არის, მე ყოველთვის ვრისხდები და არც საკუთარი თავის მართვა შემიძლია“. და ხუცესი პასუხობს: „არც იფიქრო მისი გაგდება, ეს ზეციური ანგელოზი გამოგიგზავნა ზეცამ, რათა შენ დაინახო, თუ რამდენი ბოროტებაა შენში, რომელთაც წინა მოახლე ვერასდროს ვერ ამოწევდა ზედაპირზე“.

და აი, მე ვფიქრობ, რომ თუკი ჩვენ მთელი სერიოზულობით ჩავიხედავთ საკუთარ თავში, მაშინ ჩვენ მეტად ვეღარ ვიტყვით: „ყველაფერი, რაც კეთილი, მშვენიერი და ჰარმონიულია – ეს მე ვარ; ყველაფერი სხვა – ლაქები და შემთხვევითობებია, რომელთაც ჩემთან არაფერი საერთო არ გააჩნიათ, ისინი უბრალოდ მიეწებნენ ჩემს კანს. ხოლო რეალურად ისინი კანს კი არ მიეწებნენ, არამედ ჩვენი არსების სიღრმეებში ბუდობენ. უბრალოდ ის არის, რომ ჩვენ ეს არ მოგვწონს და ჩვენ ბრალს ვდებთ, ვისაც შეგვიძლია – ჩვენი ცხოვრების გარემოებებს და ა.შ. რამდენჯერ მომისმენია აღსარებაზე „აი, ყველა ჩემი ცოდვა“ – შემდეგ სულის მოსათქმელად მონანიე ერთი წუთით ჩერდება (ჩვეულებრივ ცოდვების ჩამოთვლა ძალიან სწრაფად ხდება) და წარმოთქვამს გრძელ სიტყვას, რომელშიც ამტკიცებს, რომ ღმერთის მიერ მისთვის მოცემული ცხოვრების გარემოებები სხვაგვარი რომ ყოფილიყო, მაშინ მას საერთოდ არანაირი ცოდვა არ ექნებოდა. და აი, ხშირად, თუკი მე მეუბნებიან: „მე დამნაშავე ვარ, მაგრამ რა? მე დეიდა მყავს, მე ქვისლი, მე ის, მე ეს, მე რევმატიზმი მჭირს, მე ართრიტი, ჩვენ რუსული რევოლუცია გადავიტანეთ და ა. შ.“ – ხშირად მომხდარა, რომ, როდესაც ადამიანი ასრულებდა თავის ამბავს და უკვე მზად იყო მოესმინა დამასრულებელი ლოცვა, მე მას ვეუბნებოდი: „ვწუხვარ, მაგრამ აღსარება – ღმერთთან შერიგების საშუალებაა, ხოლო შერიგება – ორმხრივია. მაშ, სანამ ღმერთის სახელით თანხმობას მოგცემდეთ, შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ პატიობთ მას მთელ ზიანსა და მთელ იმ ბოროტებას, რომელიც მან თქვენ მოგაყენათ, ყველა გარემოებას, რომელშიც მან გაიძულათ, რომ არ ყოფილიყავით წმინდანი?“ ადამიანებს ჩვეულებრივ ეს არ მოსწონთ, მაგრამ ეს სიმართლეა და ეს ისეთი მნიშვნელოვანია, ისეთი არსებითია: საკუთარი თავი მთლიანად უნდა მივიღოთ, როგორებიც ვართ. ჩვენ ასე არ ვიქცევით, თუკი ვთვლით, რომ ჩვენ – ვართ ის, რაც მშვენიერია, ხოლო ყველაფერ დანარჩენში დამნაშავე არის ღმერთი (უფრო ხშირად ღმერთი, ვიდრე ეშმაკი, ვინაიდან ეშმაკისათვის, არსებითად, ღმერთს უნდა დაეშალა იმ ბოროტების ჩადენა, რომელსაც იგი აკეთებს – ყოველ შემთხვევაში, ჩემთან მიმართებით მაინც!).

და მაშ, რა უნდა ვქნათ? შესაძლებელია თუ არა მოვიძიოთ რაიმე შთაგონება, დახმარება საქმეში, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რაც დავინახეთ? დიახ, რასაკვირველია, შესაძლებელია და ეს „დიახ, რასაკვირველია“ ჩემთვის ორ მომენტს ემყარება. უპირველ ყოვლისა, რაღაც განსაკუთრებულად შთამაგონებელი თქვა  ერთმა წმინდა ცხოვრების მქონე მოძღვარმა, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა[2], თავის დღიურში, რომელშიც მას თავისი შინაგანი გამოცდილება გადაჰქონდა (როგორც თავად უწოდებდა: გამონათებები, რომლებსაც ღმერთი მაძლევს). ის ამბობს, რომ ღმერთი არასოდეს არ გვანახებს ჩვენში ბოროტებას, თუკი დარწმუნებული არ არის, რომ ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი საკმარისად მტკიცეა, საიმისოდ, რომ გაუძლოს ასეთ სანახავს. სანამ ის ხედავს, რომ ჩვენ რწმენა გვაკლია, გვაკლია იმედი, იგი ჩვენ შედარებით უცოდინრობაში გვტოვებს; შინაგან წკვარამში ჩვენ მხოლოდ იმ საფრთხეებს ვარჩევთ, რომელთა მხოლოდ ხელის შეხების საშუალებას გვაძლევს ღმერთი. ხოლო როდესაც ხედავს, რომ ჩვენი რწმენა გახდა მტკიცე და ცოცხალი, ჩვენი იმედი საკმარისად ძლიერი, საიმისოდ რომ აიტანოს სანახავის სისაძაგლე და არ შეირყეს, მაშინ იგი ნებას გვრთავს დავინახოთ ის, რასაც თვითონ ხედავს, მაგრამ ჩვენი რწმენისა და ჩვენი იმედის თანაბარზომიერად მხოლოდ. ამრიგად, აი ორმაგი გამოცხადება, რომლიდანაც ჩვენ გარკვეული სარგებელი შეიძლება გამოვიტანოთ; პირველი – ეს არის შიშველი ფაქტი: ჩემს თავს ისეთ მომთმენად ვთვლიდი, ხოლო ეს სოფლელი გოგო ჩემში ამჟღავნებს მთელ ჩემს მოუთმენლობას, უხეშობასა და ველურობას. მაგრამ მეორეს მხრივ, თუკი ღმერთმა დანახვის ნება დამრთო, მან ისიც იცის, რომ ახლა მე ძალმიძს პრობლემასთან გამკვლავება, იცის, რომ მე შემიძლია დავამარცხო ცდუნება და შინაგანად შევიცვალო.

მეორე მომენტი ჩემთვის ეფუძნება ღირსი სერაფიმ საროველის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, ჩვენს თავს მთლიანობაში ვხედავდეთ ე. ი. არა მხოლოდ იმას, რაც მშვენიერია ჩვენში, რაც პასუხობს ჩვენს მოწოდებას საუკუნო სიცოცხლისთვის, არამედ ასევე ყველაფერ დანარჩენსაც. ვინაიდან ის, რაც უკვე ქრისტესთან, ღმერთთან თანახმოვანებაშია და რაც უკვე ეკუთვნის სასუფეველს, გარკვეული აზრით ჩვენთვის ინტერესის საგანს არ შეადგენს: მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაფერი დანარჩენი – უდაბნო და ტევრები – აქციო სამოთხის ბაღად. და აქ, ღირსი სერაფიმეს მიერ მოცემული სახისგან დაშორებით, მე ვისურვებდი აღმენიშნა, რომ ჩვენ საკუთარი თავი, როგორც მასალა ისე უნდა აღვიქვათ, რომელიც ღმერთმა ხელთ მოგვცა და რომლიდანაც ხელოვნების ქმნილების შექმნა შეგვიძლია, რაღაც ისეთის, რაც ჰარმონიის, ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის სასუფევლის შემადგენელი ნაწილი გახდება. ამ გაგებით, ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთივე კონცენტრირება, ხედვის ისეთივე სიცხადე, როგორიც აქვს ხელოვანს. ხელოვნების ქმნილება, რომლის შექმნაც სურს ხელოვანს, ორი ფაქტორით განისაზღვრება: ერთის მხრივ, მისი ჩანაფიქრით, იმით, თუ რისი შექმნა სურს მას, ხოლო მეორეს მხრივ – მასალით, რომელიც მას ხელთ აქვს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არ შეიძლება სხვადასხვა მასალისგან ერთი და იმავე ქმნილებათა შექმნა: თუკი სპილოს ძვლისგან გსურთ ჯვრის გაკეთება, თქვენ არ აიღებთ გრანიტის ნაჭერს; თუკი კელტური ჯვრის გამოყვანა გინდათ, მას ბერძნული მარმარილოსგან არ გამოიყვანთ და ა. შ. – უბრალოდ იმიტომ, რომ ის რისი გამოსახვაც გინდათ შეიძლება გამოისახოს მხოლოდ მოცემული მასალის შესაძლებლობათა ფარგლებში. ამრიგად, თუკი თქვენ არ ხართ უსაშველოდ და ჯორივით  ჯიუტები (უსაშველოდ ისევე როგორც ღმერთისთვის, აგრეთვე საკუთარი თავისა და სხვებისთვისაც) და თქვენს ხელთ არის ერთი გარკვეული მასალა, მაშინ საკითხი იმას კი არ შეეხება თუ „როგორ გავაკეთო მარმარილო სპილოს ძვლისგან ან გრანიტი მრუდე კუნძისგან – არამედ დახედავთ ამ მასალას და იტყვით: „ხელოვნების რა ქმნილება შეიძლება დაიბადოს იქიდან, რაც მე ხელთ მიჭირავს?“ რაც შემდეგ, ხელს არ შეგიშლით განახორციელოთ სხვა ჩანაფიქრი იმ მასალიდანაც, რომლის ქონაც გსურთ.

სწორედ ასევე უნდა მოვქცეულიყავით ჩვენს შინაგან ცხოვრებაშიც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, გონივრული მზერით, გამჭრიახი მზერით, უფრო დიდი რეალიზმითა და ცოცხალი ინტერესით დავაკვირდეთ იმ მასალას, რომელიც ჩვენს ხელთაა, ვინაიდან შენება მხოლოდ და მხოლოდ ამ მასალიდან შეგვიძლია. თუკი თქვენ პეტრე ხართ, მაშინ თქვენ არ ხართ ანტონი და რაც არ უნდა გააკეთოთ ანტონი ვერ გახდებით. არსებობს გამოთქმა: „საშინელ სამსჯავროზე არავინ არ შეგეკითხება იყავი თუ არა შენ წმინდა პეტრე, არამედ გკითხავენ – იყავი თუ არა შენ პეტია?“ თქვენგან არავინ არ ითხოვს, რომ იყოთ ის, რაც არ ხართ, მაგრამ თქვენ შეიძლება გთხოვოთ, თქვენგან შეიძლება მოითხოვო, რომ იყოთ ის, რაც ხართ. და ეს ძალიან არსებითია: თუკი თქვენ მთლიან მასალას არ მიიღებთ, მაშინ თქვენ ვერაფერს ვერ შექმნით. ნუ გექნებათ წარმოდგენა, რომ იქნებით რა დაკავებულნი საკუთარი გონების, საკუთარი აღქმის ე. ი. თქვენი ინდივიდუალურობის მხოლოდ ნაწილის განმტკიცებით, თქვენ შეძლებთ მთლიანი, ჰარმონიული ადამიანის შექმნას. რაღაც მომენტში თქვენ აღმოაჩენთ, რომ ვერ შეძელით ამის გაკეთება, მაგრამ თქვენ წინაშე უკვე იქნება რაღაც მახინჯი არსება, ნახევარქანდაკება და გამოუყენებელი მასალის უდიდესი რაოდენობა – და გათავდა!

და აქ საჭიროა სიმამაცე და რწმენა. რწმენა, უპირველეს ყოვლისა, იმ გაგებით, როგორც ზემოთ ვამბობდი: ღმერთი მხოლოდ იმას გვაჩვენებს, რისი ატანაც შეგვიძლია და აქვე ამის დანახვის სიმამაცესაც გვაძლევს; ჩვენ, ცხადია, არანაირ სიამოვნებას არ გვანიჭებს მთელი ჩვენი უმსგავსოების დანახვა. შესაძლოა გახსოვდეთ, წმ. ვენსან დე პოლის სიტყვები, რომლებიც მან სარკის წინ წარმოთქვა და რომელიც შემთხვევით მოისმინა  სახლში შემოსულმა მამამ: „უფალო, ადამიანებისთვის მე ძალიან უსახური ვარ, მაგრამ იქნებ შენ მიმიღო ასეთი?“ შეიძლება ადამიანებისთვის მე ძალიან უსახური ვიყო, მაგრამ ღმერთისთვის სასურველი ვარ, რადგან სხვანაირად ის მე არ გამომიხმობდა ყოფიერებაში, არ ჩაიდენდა ამ შემოქმედებით, სარისკო აქტს, როდესაც ყოფიერებაში სწორედ მე მომიხმობდა – თან არა მოკლე ვადით, არამედ მარადისობისთვის.

მეორეს მხრივ, თუკი ჩვენ გვინდა იმ ადამიანებთან ურთიერთობის ქონა, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალური პიროვნებები და არა ყალბები. შემოქმედებითი და ჩამაფიქრებელი ურთიერთობები ერთმანეთთან შეიძლება გვქონდეს იმდენად, რამდენადაც მე – რეალური ვარ და ჩემი თანამოსაუბრეც, ის, ვინც ჩემ წინაშე დგას, ასევე რეალურია. ამ რეალობამ მთლიანი ადამიანი უნდა მოიცვას, ის არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივი რეალობით, გარკვეულ ზღვრამდე მისული რეალობით.

ამით, აი, რისი თქმა მინდა: ბავშვობისას, როდესაც ჩვენ რაღაცას დავაშავებდით და ტვინისგამოსარეცხად დირექტორი თავისთან გვიბარებდა, მაშინ დირექტორში მხოლოდ დირექტორის წოდებას ვხედავდით. აქ არ არის ადამიანი, აქ არის დირექტორი, როგორც იქნებოდა პოლიციელი, ჩინოვნიკი, პროკურორი და ექიმი. ჩვენ აზრადაც კი არ გაგვივლის ხოლმე, რომ მასში არის რაღაც სხვა. ევტუშენკოს აქვს ერთი ძალიან ძლიერი ლექსი[3], სადაც ის მოსწავლის მიერ დანახულ მასწავლებელს აღწერს. მოსწავლე მას აკვირდება და ფიქრობს: რა სჭირს დღეს? რაღაც უცნაურია! მათემატიკას ასწავლის და ამ წამს მიმატებაში ორი შეცდომა დაუშვა… აი, ახლა ცარცი გატეხა; თუმცა დაფიდან ყველაფრის გადაწერა გვთხოვა, მაგრამ შემდეგ გაჩერდა და ყველაფერი წაშალა – და ა. შ. ლექსის ბოლოს ვხედავთ მასწავლებელს, რომელსაც ავიწყდება პალტოს ჩაცმა, შლაპის გაკეთება და რომელიც ეზოს გადავიდა – და ბოლო ფრაზა: „პროფესორის ცოლი სახლიდან წავიდა“. აი, სიტუაცია: იყო მხოლოდ მასწავლებელი, არ ყოფილა ადამიანი. ეს არის ჩვენი სიტუაცია სხვებთან მიმართებით და სიტუაცია, რომელშიც ვაყენებთ სხვებს ჩვენთან მიმართებით. სანამ მას არ შევცვლით ჩვენ ვერ ვიქნებით რეალობა, არც სხვები არ იქნებიან რეალობა. შეუძლებელია შეხვდე მოჩვენებით არსებას ან იმას, რაც ინდივიდუუმზე ნაკლებია, რომელსაც ასე თუ ისე მაინც რაღაც რეალობა გააჩნია, მაშინაც კი თუ ეს რეალობა ავადმყოფური, ჩაკეტილი და ყველანაირ სივრცეს მოკლებულია. ეს მართალია ისევე როგორც ღმერთთან, ასევე ადამიანებთან მიმართებითაც, რადგან თუკი ჩვენ მხოლოდ მასწავლებელს ვხედავთ და ადამიანს ვერა, მაშინ ღმერთთან მისვლისას, ჩვენ ხშირად ცოდნის ნაგლეჯებს ვაგროვებთ, მის შესახებ არსებულ რაღაც გაგებებს და ცოცხალი ღმერთის წინაშე კი არ ვლოცულობთ, არამედ იდოლის წინაშე, რომელიც ჩვენ სახეებისა და ცნებებისგან შევაკოწიწეთ, რომელიც იმდენად არის ნაღდი, რამდენადაც თითოეული სახე და გაგება რაღაცას შეესაბამება ღმერთში, მაგრამ რომელიც დაბრკოლებად იქცევა მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს ვეუბნებით: „აი, ღმერთი“.

პიროვნებასთან დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია. მე ეს-ეს არის ვთქვი, რომ აქ სრულიად სხვა პრობლემაა: საქმე იმაში კი არ არის, რომ საკუთარი თავი დავინახოთ, როგორც პიროვნება – ჩვენ ხომ ეს არ შეგვიძლია. პიროვნება, პერსონა – არის ის, რომლადაც ჩვენ მოწოდებულები ვართ ვიქცეთ ინდივიდუუმის დაძლევით, რომლის დაკვირვება ჩვენ შეგვიძლია ემპირიულად საკუთარ თავში. პიროვნება მხოლოდ მასში შეიძლება გამოვლინდეს, ვინც მას იცნობს ე. ი. მხოლოდ ღმერთში. ჩვენში არის პიროვნება, რომელიც ცოცხალი ღმერთის სახეა. გარეგნულად ეს პიროვნება ინდივიდუუმის სახით წარმოდგება. და აი, ანალოგია, რომლის მოყვანასაც ვისურვებდი: ჩვენ – ვართ ოსტატის ნახატი, რომელიც ერთი ასწლეულიდან მეორე ასწლეულში სულ განახლებას განიცდიდა, სანამ არ მიაღწია იმ ვითარებას, რომ მას ვერც კი იცნობდი. ჩვენ ღვთის ხატების კარიკატურად ვიქეცით. თუკი სურათს ვინმე მცოდნეს აჩვენებთ ის ყურადღებით დააკვირდება მას და იტყვის: „ამ პორტრეტში წარბი, სახის ნაწილი უეჭველად ოსტატის ხელს ეკუთვნის, სხვა დანარჩენი – არა. მაშინ, ამ წარბის შესწავლით, სცადეთ ფენა-ფენა მოაცილოთ ყველა მინაწერი. როდესაც ერთ ფენას მოვაცილებთ, ვიტყვით: „ეს წინანდელზე უფრო ღრმაა, მაგრამ არა, ეს ჯერ კიდევ არ ეკუთვნის ოსტატის ხელს, ეს მინაწერია, იგი ყალბია წარბის ამ შტრიხთან და ამ ფერად გამასთან შედარებით, რომელიც უკვე უეჭველად ეკუთვნის ოსტატს“. და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ ნახატის გაწმენდას, პირველსახესთან დაბრუნებას, რომელიც თავისუფალი იქნება დაგროვილი დამახინჯებებისგან.

და სწორედ ამის გაკეთება გვმართებს ჩვენ საკუთარ თავთან მიმართებით – მაგრამ როგორ? – პავლე მოციქული გვირჩევს ვიპოვოთ საკუთარი თავი ქრისტეში და ვიპოვოთ ქრისტე საკუთარ თავში. ამ ფორმით ეს გამოწვევად მოგეჩვენება: როგორ უნდა იპოვო ქრისტე იქ, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ იგი არ არის, ვინაიდან ის სრულიად დაფარულია დამმახინჯებელ მინაწერთა ფენებით? მე შემიძლია მოგცეთ მარტივი რჩევა, რომელიც შეგიძლიათ გამოსცადოთ და რომელსაც, ვფიქრობ, შეუძლია გამოიღოს შედეგები. როდესაც თქვენ კითხულობთ წმინდა წერილს, განსაკუთრებით სახარებას, თუკი გულწრფელები ხართ და თავიდანვე ღვთისმოსავ პოზაში არ დგებით, ნუ იტყვით: ყველაფერი, რასაც აქ ვიპოვი – სიმართლეა, ვინაიდან ამას ღმერთი ამბობს და მე ყველაფერს ტაში უნდა დავუკრა და დავეთანხმო, იმიტომ რომ ამ გზით ღვთის სამსჯავროს მოლოდინში მე მართალთა მხარეს აღმოვჩნდები – თუ თქვენ უბრალოდ გულწრფელები ხართ საკუთარი თავის მიმართ, ნახავთ, რომ სახარებაში არის სამი სახის ადგილები; არის ადგილები, რომლებთანაც ჩვენ არაფერი განსაკუთრებული არ გვაკავშირებს და ამ შემთხვევაში მარტივად ვამბობთ ხოლმე: „ნუ, თუკი ღმერთი ამბობს ასე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ასეა“ და ეს ოდნავადაც არ გვაღელვებს, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება ეს სიტყვები მივუსადაგოთ ჩვენს ცხოვრებას და სწორედ ამით ისინი ჩვენი ეგოისტური კომფორტისა და ჩვენი უარის მიმართ – ვიცხოვროთ სახარების მიხედვით – არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

სხვა ადგილებიც არის და თუ სრულიად გულწრფელები ვართ, ვიტყვით: ამას მე ხელს არ მოვაწერ. მყავს მრევლში ერთი გულწრფელი ქალი. ერთხელ ვკითხულობდი ლექციას ნეტარებათა მცნებებზე, ლექციის შემდეგ იგი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მეუფეო, ნეტარებას ამას თუ არქმევთ, თქვენთვის დაიტოვეთ. იყო მშიერი, იყო გაყინული, იყო მიტოვებული, იყო დევნილი – არა“. ასე, თუ თქვენ მისი გულწრფელობის მეოთხედი მაინც გაქვთ, სახარების სამ მეოთხედს მაინც უარყოფთ – და გაითვალისწინეთ, რომ მე პესიმისტი ადამიანი არ ვარ. ავიღოთ მაგალითი: ქრისტე ჩვენ გვივლენს მოწყვლად, დაუცველ, დამარცხებულ და ამიტომ შემაზიზღებელ ღმერთს. ასეთი ღმერთის ყოლა ეს უკვე საკმაოდ არასასიამოვნოა! მაგრამ, როცა ის ამასთან ერთად კიდევ გვეუბნება: „მე თქვენ მაგალითი მოგეცით, მიჰყევით მას, – მაშინ მართლაც შეიძლება თქვა: „არა“. ნუ, აღიარეთ. მაგრამ ჩვენ მთლიანად ბნელები არ ვართ და თუკი თქვენ ორმხრივად გულწრფელები ხართ ე. ი. თუ თქვენ სახარების მიმზიდველობისგან თავს არ იცავთ, იმიტომ რომ იგი თქვენთვის საშიშია, მაშინ ნახავთ, რომ არის ერთი ან ორი ადგილი სახარებაში, სამი ფრაზა, რომლებითაც გონება ნათდება, გული ინთება, ივსება სითბოთი და ნებისყოფა იკრიბება სურვილით, კვალში გაჰყვეს სიტყვას, რადგან სიტყვა ისეთი მშვენიერია, ისეთი ჭეშმარიტია, ისეთი სრულყოფილია და ისე მთლიანად ეთანხმება იმას, რაც ყველაზე ღრმაა თქვენში; თავად თქვენი სხეული ამ გზით მიისწრაფვის. მონიშნეთ ეს ადგილები; როგორი იშვიათიც არ უნდა იყვნენ ისინი, ეს ის ადგილებია, სადაც თქვენ უკვე შეესაბამებით ქრისტეს, სადაც მინაწერებით დაფარულ პორტრეტში თქვენ უკვე მიაგენით ოსტატის ხელს, ეს არის პირველსახის ტონთა მცირე კუნძული. და მაშინ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ამ ფრაზაში ან სახარების ამ სახეში ერთდროულად ხართ მოვლენილი ქრისტეც და თქვენც; და როგორც კი ამ აღმოჩენას გააკეთებთ თქვენ უკვე არ დაგჭირდებათ თქვენს ბუნებასთან ბრძოლა, რათა რაც შეიძლება უფრო მიუახლოვდეთ სახარებისეულ სულს, საკმარისია მიჰყვეთ საკუთარ ბუნებას, მაგრამ ნამდვილ ბუნებას, არა ყალბ, გარედან შემოღებულ სახეს, არამედ იმ ნაკვთებს, რომლებიც ოსტატის ხელით დაიწერა. საქმე იმაში კი არ არის, რომ ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ წახვიდეთ, რისი გაკეთებაც გინდათ (ამას ქრისტიანები ხშირად „კეთილშობილებას“ უწოდებენ: რაც უფრო მინდა ამის გაკეთება, მით უფრო კეთილშობილური იქნება, თუ ამას არ გავაკეთებ), არამედ იმაში, რომ თქვა: „აი, ერთი ან ორი პუნქტი, რომლებშიც მე ვიპოვე, თუ რა არის ჩემში ყველაზე ნამდვილი. მე მინდა საკუთარ თავად ყოფნა, ყველაზე ჭეშმარიტი, ნამდვილი სახით“. ჰქენით ასე და როდესაც ამას ყურადღებით იზამთ, იმ სიხარულის განცდით, რომ ხართ და უფრო მეტად ხდებით საკუთარი თავი, აღმოაჩენთ, თუ როგორ ვლინდება სხვა სინათლე, მსგავსი ადგილი, იმ სიტყვის, ასე ვთქვათ მონათესავე, რომელმაც ასერიგად გაგაოცათ თქვენ. პორტრეტი ნელ-ნელა იწმინდება, ჩნდება ერთი ხაზი, ფერადი ლაქა და ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენ მთელი სახარება მოგიცავთ, მაგრამ არა ისე, როგორც საოკუპაციო რაზმი, რომელიც ძალადობრივად გიპრყობთ, არამედ გამათავისუფლებელი მოქმედებით, რომლის შედეგად თქვენ უფრო მეტად ხდებით საკუთარი თავი. და თქვენ აღმოაჩენთ, რომ იყო საკუთარი თავი ნიშნავს იყო იმის ხატისდა მიხედვით, ვინც ჩვენი ხატისდა მიხედვით ყოფნა ისურვა, რათა ჩვენ გადავრჩენილიყავით და შევცვლილიყავით.

ამრიგად, აი თვითშემეცნების, ორი განსხვავებული, მაგრამ კორელაციური გზები: „მე“ ინდივიდუუმის შემეცნება, რომელიც საკუთარ თავს ამტკიცებს, ერთმანეთთან აპირისპირებს, რომელიც უარყოფს და უკუაგდებს სხვას; ის „მე“, რომელსაც არ სურს საკუთარი თავის დანახვა მთლიანად ისეთად, როგორიც ის არის, იმიტომ რომ რცხვენია და ეშინია თავისი უმსგავსოების; ის „მე“, რომელსაც არასოდეს არ სურს იყოს რეალური, ვინაიდან იყო რეალური ნიშნავს ღმერთისა და ადამიანების მსჯავრის წინაშე დგომას; ის „მე“, რომელსაც არ სურს გაიგოს, თუ რას ამბობენ მასზე ადამიანები და უფრო მეტიც – თუ რას ამბობს მასზე ღმერთი, ღვთის სიტყვა. და მეორეს მხრივ – პიროვნება, რომელიც თავის კმაყოფას, თავის სისავსესა და თავის სიხარულს პოულობს თავისი პირველსახის გახსნაში, იმის სრულყოფილ სახეში, რაც ის არის, სახის, რომელიც თავისუფლდება, იფურჩქნება და იხსნება – ე. ი. უფრო მეტად ცხადდება – და სწორედ ამით უფრო მეტად ანადგურებს ინდივიდუუმს, მანამ სანამ მისგან მეტად აღარ დარჩება: არაფერი ურთიერთდაპირისპირებადი, არაფერი თვითმტკიცებადი, არამედ პიროვნება – ჰიპოსტასი, რომელიც არის ურთიერთობა, პიროვნება, რომელიც ყოველთვის მხოლოდ იმის სიყვარულის მდგომარეობა იყო, ვისაც უყვარს და იმის, ვინც უყვართ, თავისუფლდება ინდივიდუუმის ტყვეობისგან და კვლავ აღწევს იმ ჰარმონიაში, რომელიც ყოვლისმომცველი ღვთაებრივი სიყვარულია და გამოვლენილია თითოეულ ჩვენგანში, როგორც მეორე სინათლეებში, რომლებიც ირგვლივ ღმერთის სინათლეს ასხივებენ.

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი

მოხსენება წაკითხული ჟენევაში ახალგაზრდების ჯგუფთან

03.11.1969

[1] ანუ როდესაც წმინდა წერილი ემატება ჩვენს გაგებას.

[2] საუბარია იოანე კრონშტადტელის შესახებ.

[3] https://45parallel.net/evgeniy_evtushenko/okno_vykhodit_v_belye_derevya.html

წყარო: https://antsur.ru/ru/o-samopoznanii-zheneva-3-noyabrya-1969-g/?fbclid=IwAR2VlPXgmAQH3eqVhYyQc_oVCr8tTW4sdmFb8pQJgWD6buGJ2CNmBGWNx2w

სტატია  თარგმნა ფილოსოფოსმა დაჩი ფაჩულიამ

ნახატი სტატიისთვის შექმნა დარია ცინცაძემ.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის