სიახლეები, სტატიები

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნისას

„მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვიმყოფები ისაა, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო კულტურას, რომელსაც წილად ხვდა პატივი, რომ ასეთ მნიშვნელოვან პლათფორმაზე ყოფილიყო წარმოდგენილი. არსებობს დავიწყებული კულტურები. არსებობს მკვდარი კულტურები, რომლებიც უნივერსიტეტებში ცხოვრობენ. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს იმიტომ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მასთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის ხოლმე. მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლეს, სიიოლე-სირთულეში არესებობენ ასევე ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაცა მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და შეგიძლია, ამაზე თქვა ორი სიტყვა, უბრალოდ ორი სიტყვა… ეგება, რაღაცა შორეული უცნობი კულტურა არც არაფერს ნიშნავდეს სამყაროს უმრავლესობისთვის, მაგრამ ქართველებისთვის ეს არის… ჩვენ ასეთი სიტყვა გვაქვს – „რაღაცა“. რაღაცას ვეძახით ბევრ რამეს, მარტო რაღაცა არ არის ჩვენთვის – სიცოცხლესაც ნიშნავს. სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, როცა ამ ქვეყნის არსებობა არ არსებობას სწორედ კულტურა განსაზღვრავდა… ეს არის ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული კულტურა, ძლიერი კულტურა და ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას. ჩვენი ისტორია ძველია, სისხლით და სიმძიმით სავსეა – თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი. აქ არის დღეს ქართული კულტურა, რომელიც ძალიან ძველია… როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანის გარშემო ტრიალებს. ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელიც მეხუთე საუკუნის მოთხრობაა, შემოგვრჩა, რომელიც ძაან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროსთვის მაშინაც და ეხლაც (სკოლაში ისწავლება ეს მოთხრობა ჩვენთან, იმ ენით, რა ენითაც ის დაიწერა მეხუთე საუკუნეში). ეს არის ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზეა ეს პატარა ჩანაწერი. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, რომ ადამიანის გულში და სულში ამ 15 საუკუნეში დიდად არაფერი არ შეცვლილა. თქვენ იცით, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი. ამით ვწერდით ჩვენ წიგნებს. მე მაქვს ერთი სრულიად არამეცნიერული შეხედულება ანბანთან დაკავშირებით. ფუფუნებაა ასეთი რაღაცა რომ გაქვს ადამიანს, ერს. თქვენ უყურებთ და გაოცებთ ჩვენი ანბანი და ჩვენ კი ვკითხულობთ, ამ დროს ჩვენ თქვენსას ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას კი საერთოდ ვერ კითხულობთ – ეს დამალული უპირატესობა გვაქვს თქვენზე. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთიდან, ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობთ თქვენს ყველაფერს და თქვენ არ კითხულობთ არაფერს ჩვენსას, ამიტომ ვიცით ბევრი რამ თქვენზე – ეს არის ჩვენი დიდი უპირატესობა. ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ქვია იმიტომ, რომ ჩვენ პოეზიის ქვეყანა ვართ. რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალიდი, დაჯდომა, ფიქრი და ამის ფუფუნება არ არის, ომში და უბედურებაში ლექსი იწერებოდა მუხლზე დადებულ ქაღალდზე, უცბად, აი, ეს შეინახებოდა. პროზა ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა, უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა. სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება, ვიცით რაცაა – კიდევ უფრო მაღალია. სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ადამიანი იყო საქართველოში, ვინც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი — მართალი, წრფელი ფიქრი და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს, გადმოწერს, გამოიცნობს და მეტი სისრულითა და ოსტატობით აკეთებს ამას. თითქმის 20 საუკუნოვანი მონარქიის ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანას და ერთი საოცარი ამბავია. შექსპირზე თეორიები როა, რომ ლორდები წერდნენ შექსპირს და მალავდნენ იმიტომ, რომ სირცხვილი იყო. საქართველოში გვყავს უამრავი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევა არის მათი პოეზია. ჩვენ შემოგვრჩნენ ისინი თავიანთი პოეზიით და მათი პირველი სახელი არის პოეტის და არა პოლიტიკოსის. საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობია, რომ ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, ტკივილი და სიხარული, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა და ოცნებაც… დიდი ისტორიული დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც რჩება გამორჩეულ ფიგურად. ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და, ამავე დროს, იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს – ეს არის ქართველი მწერლების ამბავი…  

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის