სიახლეები, სტატიები

„დეპრესია და მისი გამომწვევი მიზეზები“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

 

დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 4-5%, ე. ი. დაახლოებით 500-600 მილიონი ადამიანი შეპყრობილია ამ სენით. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ დიდი დეპრესიული ეპიზოდის განვითარების რისკი 10-15, 10-20%-ს შეადგენს, ხოლო სქესის მიხედვით თანაფარდობა ასეთია: დეპრესიათა 2/3 აღენიშნებათ ქალებს.

დეპრესია ქრონიკული, რეციდივით მიმდინარე დაავადებაა და მისი განმეორებითი რეციდივები ავადმყოფთა 60%-ში ხდება. დეპრესიულ პაციენტთაგან სუიციდის მცდელობა 15%-სა აქვს, რაც ყველა თვითმკვლელობის მცდელობის 60%-ს შეადგენს. დეპრესიით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია და ოდნავ ჩამორჩება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

ენდოგენურია ფსიქოზი, რომელიც უხილავ-უჩინოდ და უმიზეზოდ ხდება. ადამიანს თითქოს ყველაფერი კარგად აქვს და უცებ ეწყება დეპრესია. აღწერითი ფსიქიატრიის კვალიფიკაციით ეს ენდოგენური დეპრესიაა, მაგრამ სიღრმის ფსიქოლოგია ამბობს, რომ დაზიანებები ხასიათშივე ძევს. ეს ყველაფერი ფსიქოსომატურ დონეზე ხდება და მიზეზი ადრეულ ბავშვობაში ფორმირებულ/ჩამოყალიბებულ ნიადაგშია და მასთან ტრავმული „შეხებისას“ ვითარდება დეპრესია.

ენდოგენური დეპრესიისას ძირითადად გუნება-განწყობილება დილით უქვეითდებათ და ამ დროს არიან ძალიან ცუდ ხასიათზე. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ფსიქოტრავმას ადგილი არ ჰქონია, არავინ მოკვდომია, არაფერი დაუკარგავს, უცებ ეწყება დეპრესია და ხდება ერთი შეხედვით მოულოდნელი რამ – პაციენტის წონაში დაკლება.

დეპრესიის მიზეზები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მათი წილი დღევანდელ ცხოვრებაში უფრო გაიზარდა და ისიც სათქმელია, რომ ამას ხელს უწყობს მასმედია, რომლის ფაქტორიც კოლექტიურ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია და ხშირად ამა თუ იმ ფაქტის უტრირებითა და ნეგატიურ მოვლენებზე აქცენტით უსიამოვნო, უარყოფით რეაქციებს იწვევს. ნაჩვენებ მოვლენებსა თუ კადრებზე ზოგი ადამიანი რეაგირებს აგრესიულად ან ძველი სისტემის დანგრევის სურვილით, ზოგს კი დეპრესია ემართება და სასოწარკვეთილებაში ვარდება.

დეპრესიის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ მე გამოვყავი ოთხი მოდელი: ბიოლოგიური, ფსიქოდინამიკური, კოგნიტური, ეგზისტენციალური. თითოეულ ამ მოდელში კიდევ დანაყოფებია და იმიტომაა ეს მნიშვნელოვანი. პირველი არის ბიოლოგიური მოდელები.

ბიოლოგიური მოდელი ემყარება მატერიალისტურ ხედვას: ადამიანის სხეული და ტვინი ფსიქიკას თითქოს გამოაცალკევებს. თუ ფსიქიკაში რაიმე დარღვევაა, მიაჩნიათ, რომ ეს ტვინის ბრალია; სინამდვილეში კი ზუსტად არ ვიცით ამ მდგომარეობის გამოწვევი მიზეზები; ეს მხოლოდ ვარაუდი და რწმენაა, თორემ მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ ტვინი პირველადია და ფსიქიკა მეორეული, არ არსებობს. ეს საერთოდ არ ეხება მეცნიერების საგანს, რადგან მეცნიერება – დასავლეთში იქნება ეს თუ ჩვენში – მატერიალისტურია; მეცნიერების საგნის პრობლემა კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ ამგვარ მატერიალისტურ ხედვაზე რეაქციამ წარმოშვა სიღრმის ფსიქოლოგია; დასავლურ მეცნიერებაში ამგვარი დაყოფა რენე დეკარტეს შემდეგ მოხდა, რომლის მიხედვითაც სხეულია ის, რაც სივრცეშია, სამი განზომილება აქვს; სული კი სივრცეში არ არის, მაგრამ ფსიქიკა, დღევანდელი ნეირობიოლოგიური მიდგომით, ნეიროპლასტიური თეორიის თანახმად, სხეულთან და ტვინთან ერთად განიხილება და ეს ყველაფერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს – რაც ხდება ფსიქიკაში, იგივე ხდება სხეულშიც; ფსიქოტრავმა იწვევს სხეულში ცვლილებებს. დამტკიცებულია, რომ ფსიქიკა იზოლირებული არ არის. ამიტომ, თუ ადამიანის ფსიქიკურ დარღვევებზე სრული სურათის ქონა გვსურს, უნდა დავეყრდნოთ ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელს.

ადამიანი არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური ფენომენი. დღეს ნეირობიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში დადასტურებულია, რომ ორსულობისას რასაც განიცდის დედა, იმასვე განიცდის ჩანასახი. თუ შეიძლება ასე ითქვას, დედის დამოკიდებულება ჩანასახისადმი, აისახება თვით ჩანასახზე და ნეირომეცნიერთა აზრით, ეს ურთიერთობა „აშენებს“ ტვინს; მისი ფორმირება ამ ურთიერთობით ხდება და იგი თავისით არ შენდება.

ფსიქოდინამიკური მოდელის თანახმად, დეპრესია არის საპასუხო რეაქცია დანაკლისზე ან დანაკლისის საშიშროებაზე („შეიძლება დავკარგო“ ან „დავკარგე“). ამ დროს ადამიანს ეჭვი ეპარება საკუთარ ძალებში, ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის უნარში, კარგავს იმედს, დარწმუნებულია თავის უსუსურობასა და უძლურებაში.

დეპრესიის გამომწვევი დანაკლისი შეიძლება იყოს რეალური, წარმოსახვითი (ფანტაზიის ნაყოფი) და სიმბოლური. დეპრესიული აფექტი წარმოიშობა იმ ბიოლოგიური, თანდაყოლილი რეაქციისგან, რომელსაც ადგილი აქვს 6-36 თვის ბავშვების დედასთან ფიზიკური და ემოციური კონტაქტის დანაკლისის ანუ უქონლობის შედეგად. ამ დროს დედა ბავშვის უსაფრთხოების პირველ და ერთადერთ წყაროს წარმოადგენს და, თუ ამას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ მზადდება ნიადაგი დეპრესიისათვის.

რეალური დანაკლისი შესაძლებელია იყოს შემდეგი:

1.ემოციურად მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტის, ურთიერთობის დაკარგვა, განშორება – მათი გარდაცვალების, მათთან განქორწინების, გეოგრაფიული ან ემოციური დაცილების შემთხვევაში;

2. სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილის ან მისი ფუნქციის, მისი მიმზიდველობისა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება ავადმყოფობის, ფიზიკური ტრავმისა თუ დაბერების გამო.

წარმოვიდგინოთ ადამიანი, მიმზიდველი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ყურადღებას იქცევდა და ამით, როგორც იტყვიან, სულდგმულობდა და, აი, დადგა ჟამი, რომ მოხუცდა, ვეღარ არის ძველებურად მიმზიდველი და უვითარდება დეპრესია. ანდა აღარ აქვს თანამდებობრივი სტატუსი, აღარც ადრინდელი პრესტიჟი, პატივისცემა დაკარგა; იყო რაიმეს ავტორიტეტული უფროსი, ყველა მასთან მეგობრობდა და ახლა ეს ყველაფერი დაიკარგა. საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაკარგვაც დანაკლისია.

სამსახურებრივი და ფინანსური დანაკლისიც დეპრესიის წყაროა: სამუშაო ჰქონდა ადამიანს და აღარ აქვს; ფული ჰქონდა ბანკში, გაკოტრდა და ფულიც დაიკარგა.

რაც შეეხება წარმოსახვით დანაკლისს, ეს გულისხმობს სურვილის დაუკმაყოფილებლობას; ჰქონდა ამა თუ იმ ნატვრის/სურვილის ასრულების/განხორციელების იმედი, არ/ვერ შეასრულა. სადღაც აბარებდა გამოცდას და ვერ ჩააბარა ან სადმე მიდიოდა და ვერ წავიდა – არ ასრულდა მისი ოცნება.

სიმბოლური დანაკლისია, როდესაც რაიმე ნივთის დაკარგვის გამო განვითარდება დეპრესია, მაგრამ შეუსაბამოა ამ ნივთის დაკარგვა ამ დეპრესიასთან. მაგალითად, წარმოვიდგინოთ სამოცდათხუთმეტი წლის კაცი, რომელსაც უყვარს სპორტული მანქანები და ერთი მათგანი დაემტვრა და განუვითარდა დეპრესია. სპორტული მანქანა იყო მისი ახალგაზრდობის, უდარდელი ცხოვრების სიმბოლო და მისი დაკარგვით აღძრულ ემოციასაც ვეღარ მოერია.

რაც შეეხება დეპრესიის კოგნიტურ მოდელს. ამ მოვლენის ისტორიულ წინამორბედებად შეიძლება წარმოვიდგინოთ სტოიკოსები, რომლებიც ეყრდნობოდნენ პრინციპს, რომ ჩვენს ემოციებს იწვევს იდეები; გარემო კი არ მოქმედებს ჩვენზე, არამედ ის გადის ჩვენს მსოფლმხედველობრივ პრიზმაში; ეს ილუზიაა, რომ ჩვენზე გარემო ვითარებები მოქმედებს. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ ილუზია არ არის ჰალუცინაცია, ილუზია არის არასწორი, გაუკუღმართებული აღქმა.

კოგნიტური თერაპია ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

აღქმა და განცდა არის აქტიური პროცესი. რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ მარქსიზმ – ლენინიზმში, ე.წ. ასახვის თეორიაში… რასაც ხედავ, რაც ობიექტურად არსებობს, მას თვალი ასახავს პასიურად. ეს აქტიური პროცესი არ არის. კოგნიტური თერაპიის მიხედვით, აღქმა და განცდა აქტიური პროცესებია, რომლებიც მოიცავს ინსპექციასა და ინტროსპექციას.

პაციენტის კოგნიცია წარმოადგენს შინაგანი და გარეგანი სტიმულების სინთეზს; ჩვენზე მოქმედებს არა მხოლოდ გარეგანი სტიმულები, არამედ მათზე რეაქციაც. შემდეგ სინთეზი იქმნება და ცნობიერების ველში ამოდის სინთეზის შედეგი. ის, თუ როგორ აფასებს პიროვნება სიტუაციას, აისახება მის კოგნიციებში ანუ, აზრებსა და ვიზუალურ ხატებში. ეს კოგნიციები ქმნიან პიროვნების ცნობიერების ნაკადს – ფენომენალურ ველს, რომელიც ასახავს პიროვნების დამოკიდებულებას საკუთარი თავის, გარესამყაროს, წარსულისა და მომავლის მიმართ. კოგნიტური სფეროს ცვლილებები ემოციურ-აფექტური მდგომარეობების და ქცევის შეცვლას იწვევს. ფსიქოთერაპიის პროცესში ადამიანი აცნობიერებს თავის კოგნიტურ დარღვევებს, ხოლო დარღვეული კოგნიციებისა და დისფუნქციური პატერნების კორექციას კლინიკურ გაუმჯობესებამდე მივყავართ. იცვლება არა ემოციები, არამედ კოგნიციები, წვდომა. ეს არის ბეკის თეორია… ეს იდეა ჰქონდათ სტოიკოსებსაც, რომ ჩვენზე გარემო ვითარებები კი არ ზემოქმედებს, არამედ ჩვენი შეხედულებები ამ ვითარებების შესახებ. ეს არის დაოიზმშიც და ბუდიზმშიც- რომ ემოციებს იდეები იწვევენ.

ეგზისტენციალური მოდელის ძირითადი ცნებებია: ადამიანის ბუნება, ყოფიერებაში ყოფნა. ეგზისტენციის ძირითადი პრობლემები ადამიანური ყოფის, ადამიანად არსებობის შეჭირვება და მასთან განუყოფელი მოვლენები – სიკვდილი, იზოლაცია, თავისუფლება, უაზრო ცხოვრება, შფოთვა და დანაშაული. ჩვენ ვერ გავექცევით სიკვდილს ვერც დროსტარებაში და ვერც ვერსად. ადამიანს მუდამ ახსოვს და ხშირად უტრიალებს თავში, რომ იგი მოკვდავია. ზრდასრული ადამიანი ამგვარ ფიქრთა მოძალებისას, ყოველ დღესა და წუთს აფასებს და, როგორც იტყვიან, ზრდასრული ცხოვრებით ცხოვრობს. ბევრი ამას ვერ ახერხებს და თავს მისცემს დროსტარებას, გაურბის ცხოვრებას, ავადმყოფობასაც ხშირად არ აქცევს ყურადღებას – ეს არის სიკვდილისგან გაქცევის მცდელობა, მისგან ასე ვთქვათ, თავის არიდება.

ადამიანი დაბადებულია ურთიერთობებისთვის, რომელიც, შეიძლება იყოს ნამდვილი და მანიპულაციაზე აგებულიც. ეს უკანასკნელი ფიტავს ადამიანს, ხოლო ნამდვილი – ზრდის.

ეგზისტენციალური მოდელის თანახმად, ყველაფერი, რაც გემართება, შენ გამო ხდება? არავისი ბრალი არ არის. ერთია თავისუფალი არჩევანის და მოქმედების აღიარება და პასუხისმგებლობისაღება („ვინ ვართ ჩვენ და რას ვაკეთებთ ამ ცხოვრებაში“) და მეორეა – მსხვერპლის პოზიციიდან აღქმა და ყურება. ადამიანები ფიქრობენ, რომ გარემო პირობების მსხვერპლები არიან და სხვებიგან ელიან შველას. „მე არ შემიძლია“ უნდა შეიცვალოს „მე არ მინდა“-თი. სარტრი ამბობდა, რომ ქურდს ყოველდღე შეუძლია ქურდობისათვის თავის დანებება, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან ასე ფიქრობს: „ბავშვობა მძიმე მქონდა,“ „ეს ქვეყანა უსამართლოა,“ „ახლა რაღა დროს არის, უკვე გვიანია,“ „მამაჩემი სულ მირტყამდა და ტრავმის მსხვერპლი ვარ.“ ეგზისტენციალური ფსიქიატრიის მიხედვით, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ყველაფერი, რაც მოგდის და გემართება, შენი პასუხისმგებლობის საკითხია და შეგიძლია შეცვალო. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თუ როგორ ქმნის თავის ბედს, საკუთარ ცხოვრებისეულ პირობებს. ეგზისტენციალიზმი განვითარებულ ქვეყნებში შეიქმნა, სადაც ცხოვრების დონე მაღალია და ის ვერ დაიბადებოდა აფრიკის ქვეყნებში, სადაც ბავშვს საჭმელი არა აქვს და მისი უპირველესი საზრუნავი ბიოლოგიური გადარჩენაა და არა ცხოვრების უსაზრისობის პირობები.

დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლებია სიყვარულის ნაკლებობა, ცხოვრების უაზრობის განცდა, საზრისს მოკლებული ცხოვრება და ამ დროს, დაავადება ხდება რუტინული, უაზრო ცხოვრებისგან გაქცევის საშუალება. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც წინ უძღვის კიბოთი დაავადებულებს, არის ტრავმული დანაკლისის გრძნობა და ცხოვრებისეული სიცარიელის განცდა.

ფსიქოლოგიური სუნთქვა და კვება შემოიტანა ფსიქოსინთეზის შემქმნელმა ასაჯიოლიმ, რომელსაც მიაჩნდა, რომ ადამიანი მარტო არ არის, იგი გარემოშია. ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები ჩვენს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ემსგავსება. ცნობილია, რომ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა დაბალანსებული დიეტა, საჭმლის სწორი მონელება, სუფთა ჰაერი. დიდი მიღწევები გვაქვს პირად ჰიგიენაში და თავს ვიცავთ ინფექციისგან, გადამდები დაავადებებისგან და ფიზიკური ტრავმებისგან, მაგრამ ფსიქოლოგიურ სფეროში ეკოლოგია ძალიან ჩამორჩენილია.

არსებობს ფსიქოლოგიური საწამლავის ცნება, რომელიც ფიზიკურ საწამლავზე არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანს. ამიტომ საჭიროა ფსიქოეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრება. არსებობს ზიანის მომტანი ფაქტორები, რომლებიც აბინძურებენ ფსიქოლოგიურ გარემოს, ესენია: აგრესია, ძალადობა, შიში, დეპრესია, გაუმაძღრობა და ყველა ფორმის ეგოისტური სურვილი, რომელიც შხამივით მოქმედებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიური საწამლავი არამარტო გარეთ, არამედ ჩვენშიც არსებობს. ამიტომ, ისინი შიგნიდანაც უნდა ამოვძირკვოთ.

მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ფსიქოთერაპიასა და რეაბილიტაციას. კოგნიტური მკურნალობის დროს უნდა მოხდეს დეპრესიის ფსიქოგენეზის გაცნობიერება, კოგნიციის განმარტება, აფექტურ-ქცევით სფეროზე კოგნიციების ზეგავლენის ახსნა, მცდარი აზრების აღმოჩენა, რეატრიბუცია, ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძებნა და დისფუნქციური აზრების აღნუსხვა.

დეპრესიის დროს ფსიქოთერაპიას ეტაპები აქვს. ეს არის ემპათიის და აქსეპტაციის ეტაპი, ემოციური კათარზისის, აბრეაქციის, მიღწეული პოზიტიური რეზულტატების ფიქსირებისა და დამუშავების ეტაპი.

ცნობილი ფსიქოთერაპევტი ფრანკლი აფასებს სასიცოცხლო პოტენციალის რაოდენობას და ხარისხს და არა თვითმკვლელობის შესაძლებლობას. რაც უფრო მაღალია ეს პოტენციალი და საზრისი აქვს ცხოვრებას, მით ნაკლებია თვითმკვლელობის რისკი. თუ ადამიანი შინაარსიანი ცხოვრებით ცხოვრობს, ის თავს არასდროს მოიკლავს.

ფსიქიატრი რეზო კორინთელი.