ბლოგები, სიახლეები

„პატრიოტიზმის სიბერე და ახალგაზრდობა“ – გია მურღულია

„პატრიოტიზმის სიბერე და ახალგაზრდობა“

გია მურღულია

 

ერთხელ მაქსიმილიან რობესპიერმა თქვა: “სამშობლოსთვის ცოტა გაგიკეთებია, თუ ყველაფერი არ გააკეთე”. 

 

დრომ მოიტანა და ყალბად გაგებულმა ლიბერალიზმმა თუ გლობალიზმმა კაცობრიობას თითქოს მიავიწყა ორი სიტყვა: სამშობლო და პატრიოტიზმი.

 

მეტიც – ზოგან ეს სიტყვები პროვინციალიზმის განსახიერებად მიიჩნიეს. 

 

ჩვენ ამ ზოგიერთებს ხომ არ ჩამოვრჩებოდით?! ჰოდა, ამიტომაც მავანთ (სხვათა შორის, ე წ. “რადიკალური ეროვნულების” ფიქრისა თუ ქცევის ზეგავლენითაც) სამშობლოს სიყვარული “კარჩაკეტილ” ცნობიერებად და მცირე მასშტაბის აზროვნებად მიიჩნიეს.

 

უკანასკნელ ხანს, თანდათანობით, ბევრისთვის ნათელი ხდება, რომ პატრიოტობა თვითშეზღუდვა კი არა, პიროვნების რაციონალური თავისუფლებაა – ყველაზე ბუნებრივი სახით სამყაროს წინაშე წარდგომა.

 

სამშობლოს გონივრული და გულითადი შეგრძნება და გააზრება არა მხოლოდ თვითშემეცნების სიამოვნებაა, არამედ სარგებლის მომტანიცაა – ადამიანთა სინერგიული ძალისხმევის მიღწევის შესაძლებლობა.

 

პატრიოტიზმი არ არის ოდენ საკუთარით აღფრთოვანება. ის სიყვარულითა და პასუხისმგებლობით გარჯაა, როდესაც არა მხოლოდ ვხარობთ აქამდე ჩვენიანთა მიერ შექმნილით, არამედ, შეძლებისდაგვარად, ვქმნით ახალს ჩვენიანებისთვის, რაც, ზოგადად, ყველასთვის შექმნაც არის. 

 

ადამიანურ ჰარმონიას ქმნის ოთხის შემეცნება: 1) მე; 2) ჩემი ერი (ეთნოსი, საზოგადოება, სახელმწიფო); 3) კაცობრიობა; 4) ღმერთი (ვისაც როგორ სწამს ან არ სწამს – მისი არჩევანი და საქმეა).

 

ეს ოთხი ერთად, ჭეშმარიტების გარდა, მშვენიერებაც არის და სამშობლოს ამას ვერ გამოაკლებ. პატრიოტიზმი ადამიანის მოტივაციათაგან ერთ-ერთი უმთავრესია.

 

არ არის აუცილებელი, პანდემიამ აიშვას თავი, ერთობლივი გონის არსებობის მნიშვნელობა რომ დავინახოთ – სანამ ასეთ ერთობას მთლიან კაცობრიობასთან მივაღწევდეთ, გაცილებით ადვილია საკუთარ ხალხთან მივაღწიოთ. ეს არის ეკონომიკური და კულტურული განვითარების მტკიცე საფუძველიც.

 

ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პრინციპი “ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის” სამშობლოში უფრო ადვილად და შედეგიანად მოქმედებს. 

 

სწორედ ამიტომ უნდა გაისარჯო სრულად შენი ქვეყნისთვის.

 

მართალი იყო რობესპიერი.

 

ერთ-ერთი თემა, რომელსაც უახლოეს ხანს “ტელესკოლაში” შევეხები, არის ვაჟა-ფშაველას მნიშვნელოვანი წერილი “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”.

 

ერთად დავფიქრდეთ, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ.

გია მურღულია

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის