“არსებობს კანონის და ადამიანის პრობლემა, ასევე – კანონის და ზნეობის.”
კანონი უნდა ითვალისწინებდეს ზნეობას? უნდა გვაყალიბებდეს ზნეობრივ ადამიანებად? ან ჩვენ აღვიქვამთ კანონებს ზნეობრივ ადამიანად ჩამომყალიბებელ ფაქტორად? თუ კანონი და ზნეობა სხვადასხვა რამ არის და გამიჯნულია ერთმანეთისაგან, ან იქნებ თანაკვეთა გააჩნიათ?
თუკი ადამიანი ცხოვრობს რელიგიურად, შეიძლება ფიქრობდეს, რომ მას ზნეობრივად თავისი რელიგია აყალიბებს და არა – ქვეყნის კანონები. სხვა შეიძლება ფიქრობდეს, რომ განმარტოება, წიგნის კითხვა ხდის უკეთესს და ქვეყნის კანონები მხოლოდ სამოქალაქო ვალდებულებებია.
აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს განცდა, რომ კანონი მე არ მქმნის უკეთეს ადამიანად, კანონი უბრალოდ სხვა განზომილებაა; რეალურად უკეთესი რომ ვიყო, შეიძლება საერთოდ სხვანაირად უნდა მოვიქცე – შევქმნა საკუთარი სუბკულტურა და ვიზრუნო იმ სუბკულტურაზე, რომელიც მაყალიბებს უკეთესად.
კანონების მიღებისას რითი უნდა ხელმძღვანელობდეს პარლამენტარი? სახელმწიფოს ეკონომიკური წარმატება არის ყველაფერი?
“შეიძლება მივიღო ისეთი კანონები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ დააზიანებს ისეთ საკითხებს, რომლებიც ზნეობრივია?”
თუ მარიხუანას, კაზინოს საშუალებით შემოვა ძალიან ბევრი ფული, მაგრამ დაზიანდა ადამიანი – კარგია ეს თუ ცუდი?
როცა ამას ვაკეთებ, ხომ არ ვაზიანებ ჩემს თავსაც? კარგია ეს ფული?
არისტოტელე ამბობს, მე ბედნიერი ასე ვერ ვიქნები, ბედნიერი ვიქნები მხოლოდ ზნეობრივი.
ქალაქი უნდა იყოს ბედნიერებისთვის. დღევანდელი სახელმწიფო უფრო მიმართულია კეთილდღეობისკენ და არა ბედნიერებისკენ.
ამას წინათ გადაცემას ვუყურებდი, სადაც საუბარი იყო საროსკიპოს ლეგალიზაციაზე.
ჩამოთვლილი იყო უამრავი არგუმენტი: რომ შიდსის ეპიდემია თითქმის განულდება, შავი ბიზნესი, ტრეფიკინგი მოისპობა, შემოვა თანხა ბიუჯეტში; კონტრარგუმენტი კი ზნეობრივია – სხეულით ვაჭრობა არ არის მისაღები.
არისტოტელეს იდეა – ვმონაწილეობდეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, წარმომადგენლობით დემოკრატიაში ვერ ხორციელდება. კანონებს იღებენ ისე, რომ ვერც ვხვდებით, რა მიიღეს. ჩვენი მინიმალური მონაწილეობა ამ პროცესებში მხოლოდ არჩევნებზე სიარულით შემოიფარგლება.”
ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის 👉 სალონური საუბრებიდან