სტატიები

„მარშმელოუს ექსპერიმენტი” – თვითკონტროლის უნარი ადამიანში

გაიხსენეთ, თქვენი ცხოვრების განმავლობაში რამდენი ატირებული ბავშვი გინახავთ, რომელიც სრული ემოციური და ფიზიკური ძალისხმევით მშობლისგან რაიმეს ითხოვს, ანდა რამდენჯერ შეგპარვიათ ეჭვი იმაში, საერთოდ აქვთ თუ არა ბავშვებს მოთმინებისა და თვითკონტროლის უნარი. რა თქმა უნდა, ბავშვების ამგვარი ქცევა სულაც არაა გასაკვირი და ის ბევრნაირად აიხსნება. მაგალითად, შვეიცარიელი ფსიქოლოგი, ჟან პიაჟე გამოყოფს ბავშვის განვითარების ოთხ სტადიას, მათგან მეორეა პრეოპერაციული ეტაპი, რომელზე მყოფ ბავშვს პიაჟე ახასიათებს როგორც ეგოცენტრულს.  

პრეოპერაციული ეტაპი იწყება 2 წლის ასაკიდან და გრძელდება დაახლოებით 7 წლამდე. ბავშვის ეგოცენტრულობა კი გამოიხატება იმაში, რომ მათ უჭირთ საკუთარი შეხედულებების მიღმა არსებობა, ანუ სამყაროს ხედავენ მხოლოდ საკუთარი თვალებით და თვლიან, რომ ყველა ადამიანი სამყაროს ზუსტად ისე ხედავს, როგორც თავად ის. ამ ასაკში ძალიან მცირეა ლოგიკური ან კრიტიკული აზროვნების ნიშნები და ბავშვის მთლიანი აზროვნება მის ინტუიციაზეა დაყრდნობილი. თუმცა, რამდენადაც ვიცით, ამ ასაკშიც კი ბავშვების ინტელექტისა და აზროვნების უნარები, შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც განსხვავდება. ჩნდება კითხვა: შესაძლოა თუ არა, ამ ასაკში მყოფი ბავშვის სამყაროს აღქმისა და აზროვნების უნარი დაკავშირებული იყოს მის მომავალ ცხოვრებასთან? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ სტატიაში და განვიხილავთ 70-იანი წლებში ჩატარებულ ექსპერიმენტს ბავშვის თვითკონტროლის უნარის მნიშვნელობაზე მათ სამომავლო ცხოვრებაში.

როგორ ყალიბდება თვითკონტროლის უნარი ადამიანში

დავიწყოთ იქიდან, ზოგადად როგორ ყალიბდება თავშეკავებულობისა და თვითკონტროლის უნარები ადამიანში. ფროიდის ფსიქოანალიზის მიხედვით ჩვენს არაცნობიერს აქვს სამი განზომილება, იდი, ეგო და სუპერეგო. ფროიდის მიხედვით, ჩვენ ვიბადებით მხოლოდ იდით და შემდგომ ჩნდება ჩვენში ეგო და სუპერეგო. იდი არის ჩვენი ლტოლვები და სურვილები. ეგოსა და სუპერეგოს გარეშე კი ჩვენი ქცევა მთლიანად ჩვენს სურვილებზე იქნებოდა დამყარებული. ანუ, მაგალითად: ავიღებდით ყველაფერს, თუნდაც სხვისი სახლიდან და არ შეგვაწუხებდა სინდისის ქენჯნა ამის გამო. ამიტომ ჩვენს ფსიქიკაში ჩნდება სუპერეგო, რომელშიც თავმოყრილია ჩვენი მორალური ღირებულებები და სწორედ ის უშლის ხელს იდის, რომ გაგვაკეთებინოს ყველაფერი ისე, როგორც და სადაც გვინდა. ეგო კი ამ პროცესებს არეგულირებს საკუთარი დაცვის მექანიზმებით.

შესაბამისად, ფსიქოანალიზი იტყოდა:  თვითკონტროლი არის სუპერეგოს ნაწილი, რომელიც ეგოს საშუალებით კონტროლდება და ის ადამიანის გამოცდილებების შედეგად ყალიბდება წარსულში განცდილი სირცხვილის, ტრავმებისა და აკრძალვების შედეგად.

ფსიქოანალიზის თეორიის შექმნიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ ყალიბდება ბიჰევიორიზმი, რომელიც არაცნობიერ პროცესებს მეტ-ნაკლებად უგულვებელყოფს და ძირითად ყურადღებას დასწავლის უნარზე ამახვილებს. თეორია თვლის, რომ დასწავლის გზით შეგვიძლია ნებისმიერი რამ გავაკეთებინოთ ცოცხალ ორგანიზმებს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში  (გაგახსენებთ პავლოვის ძაღლს, რომელსაც დაასწავლეს ნერწყვის გამოყოფა ზარის ხმის გაგონებისას). ამ თეორიის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი „რადიკალურ ბიჰევიორისტად“ მიიჩნეოდა, ასეთი იყო ბერას ფრედერიკ სკინერიც (1904-1990). სწორედ მან შემოიტანა ცნება ოპერანტული განპირობებულობა, რამაც ქცევების შესახებ ახალი წარმოდგენები გააჩინა.

სკინერი თვლიდა, რომ ქცევის ჩამოყალიბება ხდებოდა ინდივიდის წახალისებით ან დასჯით. მან ექსპერიმენტების მთელი სერიები ატარა, ყველაზე ცნობილია „სკინერის ყუთი“. იგი მტრედებსა და ვირთხებს ასწავლიდა გარკვეული ქმედებების განხორციელებას (მაგალითად ღილაკზე დაჭერას) ქცევის წახალისების გზით. შესაბამისად ამ თეორიის თანახმად, ვიტყოდით: ადამიანის თვითკონტროლის უნარი დროთა განმავლობაში ამ ქცევის წახალისებით ყალიბდება და რაც უფრო ინტენსიურია თავშეკავებული ქცევის დაჯილდოება, მით უფრო მეტად ავლენს მსგავს ქცევას ადამიანი.

მარშმელოუს ექსპერიმენტი

ფსიქოანალიზისა და ბიჰევიორიზმის გავლენებით, ავსტრიაში დაბადებულმა უოლტერ მიშელმა 60-70-იან წლებში დაიწყო თვითკონტროლის როლის კვლევა და სწორედ ამ დროს ჩაატარა საკმაოდ ცნობილი „მარშმელოუს ექსპერიმენტი“, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. მეცნიერი დაინტერესებული იყო იმ მექანიზმების შესწავლით, რაც განაპირობებს ბავშვის მოთმინების უნარს. ის ფიქრობდა, რომ ბავშვის ძლიერი თავშეკავებულობა, მომავალში მის წარმატებას განაპირობებდა.

მიშელმა და მისმა კოლეგებმა შეარჩიეს  ოთხიდან ექვს წლამდე ასაკის 60 ბავშვი ადგილობრივი საბავშვო ბაღებიდან ან სკოლამდელი დაწესებულებიდან. ბავშვები ინდივიდუალურად შეიყვანეს ოთახში და მისცეს არჩევანის გაკეთების უფლება: ბავშვის წინ, მაგიდაზე იყო 1 ზეფირი(მარშმელოუ) და მას შეეძლო უბრალოდ შეეჭამა ის, ან დალოდებოდა, მანამ სანამ ექსპერიმენტატორი დაბრუნდებოდა ოთახში და ლოდინის  სანაცვლოდ იგი კიდევ ერთ ზეფირს მიიღებდა ჯილდოდ. მსგავსი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აჩენდა ერთგვარ დილემას სურვილის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებასა და მოგვიანებით ორმაგი ჯილდოს მიღებას შორის. 

ინსტრუქციის წარდგენის შემდეგ ექსპერიმენტატორი გადიოდა ოთახიდან და იწყებოდა ბავშვის ქცევაზე დაკვირვება ცალმხრივი სარკისა და ვიდეოკამერების მეშვეობით.

 

 შედეგები საკმაოდ საინტერესო იყო: ბავშვების ნაწილი ძალიან მალევე ჭამდა მარშმელოუს, ნაწილი ლოდინის პროცესში ნებდებოდა, რამდენიმემ კი შეძლო 20 წუთის განმავლობაში დალოდებოდა ჯილდოს მიღებას. ლოდინის პერიოდში ბავშვები ცდილობდნენ ცდუნებას შესწინააღმდეგებოდნენ და ამისთვის განსხვავებულ სტრატეგიას იყენებდნენ, ზოგი სიმღერას იწყებდა, ზოგი თვალებს ხუჭავდა, ზოგი კი უბრალოდ ცდილობდა საკუთარ სურვილზე კონტროლი მოეპოვებინა. (ნებისმიერ შემთხვევაში, ექსპერიმენტის მსვლელობას საკმაოდ ბევრი ზეფირის სიცოცხლე შეეწირა).

კვლევა აქ არ დასრულებულა, მიშელმა და მისმა გუნდმა გააგრძელა ამ ბავშვების ცხოვრებაზე დაკვირვება. აინტერესებდათ, როგორ აისახებოდა თავშეკავებულობის უნარი მათი ცხოვრებით კმაყოფილების, აკადემიური მოსწრების, სოციალური ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცვლადებზე. ექსპერიმენტატორის მოლოდინები დადასტურდა, მოსწავლეები, რომლებიც, ყველაზე მეტი თავშეკავებით გამოირჩეოდნენ, მართლაც უკეთესი მიღწევები ჰქონდათ ცხოვრების სხვა ასპექტებშიც. შესაბამისად დაასკვნეს, რომ ადრეულ ასაკში მაღალი თვითკონტროლის უნარი, ადამიანის სამომავლო წარმატებას განაპირობებს.

გაზეთ „Deseret News“-თვის მიცემულ ინტერვიუში, სახელწოდებით „წარმატებული მშობლობის 5 წესი“  ესთერ ვოიჩიცკი აღნიშნავს, რომ მისი შვილი სიუზან დაიან ვოიჩიცკი სწორედ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდა. სიუზანი წარმატებით ელოდა ჯილდოს მიღებას 20 წუთის განმავლობაში და მისი შემდგომი ცხოვრებაც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. 1999 წელს იგი გუგლის პირველი მარკეტინგის მენეჯერი გახდა, ხოლო 2014 წელს კი “YouTube”-ის გენერალური დირექტორი. შესაძლოა ეს ფაქტი უბრალო დამთხვევა იყოს, თუმცა ზოგჯერ დამთხვევებშიც ვპოულობთ კანონზომიერებებს.

ექსპერიმენტის კრიტიკა:

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტმა მოიპოვა ფართო აღიარება, კრიტიკოსები მიუთითებენ კვლევის ვიწრო დემოგრაფიული ფოკუსზე, რომელიც ძირითადად შედგებოდა შეძლებული წარმოშობის ბავშვებისგან (Shoda, 1990). ეს აჩენს კითხვებს დასკვნების განზოგადების შესახებ სხვადასხვა პოპულაციისთვის, განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოებებით. გარდა ამისა, ზოგიერთი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს მხოლოდ ერთი ამოცანის გამოყენების სანდოობას ისეთი  რთული ფსიქიკური პროცესების გასაზომად, როგორიცაა თვითკონტროლი.

შეჯამება:

დასკვნების სანდოობის კრიტიკის მიუხედავად, მარშმელოუს ექსპერიმენტი ხაზს უსვამს თვითკონტროლისა და გრძელვადიანი სარგებლის მისაღებად დაუყოვნებელი ცდუნებებისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ადამიანის განვითარების პროცესში. ის გვასწავლის რომ დისციპლინა და გადაწყვეტილების მიღების სწორი უნარები მეტად პრიორიტეტულად აქცევს მომავალ მიზნებს, ვიდრე უშუალო სურვილებს, ეს ყველაფერი კი დაგვეხმარება ჩვენთვის სასურველი ცხოვრების მიღებაში. მარშმელოუს ტესტს დღესაც ხშირად იყენებენ მშობლები შვილების ნებისყოფის გამოსაცდელად, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვის მოთმინება პიროვნულ თვისებებთან ერთად სხვა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა ბავშვის იმდროინდელი სიმაძღრე, დაღლილობა, მისი სიყვარული ზეფირის მიმართ, თუნდაც მისი ასაკი და გარემო რომელშიც იმყოფება, ამიტომ მნიშვნელოვანია მის თვისებებზე მხოლოდ ამ ტესტით არ მიიღოთ გადაწყვეტილება და მუდმივად ეცადოთ მასში მსგავსი დადებითი თვისებების განვითარებას.

სტატია ვებ-გვერდისთვის სპეციალურად მოამზადა ფსიქოლოგმა თამაზ ლაღიძემ

გამოყენებული წყაროები:

Mischel, W., & Baker, N. (1975). Cognitive appraisals and transformations in delay behavior. Journal of personality and social psychology31(2), 254.

Falk, A., Kosse, F., & Pinger, P. (2020). Re-revisiting the marshmallow test: A direct comparison of studies by Shoda, Mischel, and Peake (1990) and Watts, Duncan, and Quan (2018). Psychological Science31(1), 100-104.

ესთერ ვოიჩიცკი-ის ინტერვიუ:  https://www.deseret.com/2019/6/1/20674637/q-a-esther-wojcicki-raised-the-ceo-of-youtube-the-ceo-of-23andme-and-a-doctor-here-are-her-5-rules-f/