„კომპლექსები და შიშები“
ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე
გავრცელებული მოსაზრებით, ნებისმიერი კომპლექსი უსარგებლო ფენომენია, რომლის უგულებელყოფის შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. ის შეზღუდვასთან ან სხვა სახის პრობლემასთან ასოცირდება. თუმცა, ფსიქოლოგიურ ასპექტში გასათვალისწინებელია, რა შეიძლება ჩაითვალოს კომპლექსად.
ერთ შემთხვევაში კომპლექსი შეიძლება განხილულ იქნეს პრობლემად და პათოლოგიურ მდგომარეობად, მეორე ვერსიით კი, ფსიქიკური აქტივობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. თავად ცნება „კომპლექსი“ კავშირს ან ერთობას ნიშნავს. მაგალითად, სამშენებლო, დასასვენებელი, საცხოვრებელი კომპლექსი და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიაში კი, ინდივიდის შეგნებაში ქვეცნობიერი, მენტალური ფაქტორების ერთობლიობაა, რომელიც კონკრეტულ საგნებთან ან თემებთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ მოვლენას ადამიანი ემოციით აღიქვამს. ემოცია უკავშირდება მოვლენას და მეხსიერებაში რჩება. სწორედ კომპლექსების ერთობლიობა განაპირობებს ადამიანის ქცევას.
საშიშროებაზე დაფუძნებული აღქმის განცდა შიშია, თუმცა ყველა განცდა პრობლემური არ არის. თუ ადამიანს არ აქვს ეს გრძნობა, ვერ აღვიქვამს საშიშროებას. მასში ტკივილის განცდის არანაირი კომპლექსი არ არსებობს და სერიოზული პრობლემები ძალიან მალე გაჩნდება: დენი დაარტყამს, ძაღლი უკბენს და ასე შემდეგ. რამდენადაც მძაფრია ადამიანის მეხსიერებაში თავგადასავლის განცდა, შესაბამისად კომპლექსებსაც სხვადასხვა სიმძაფრეები აქვთ. შიშის გამოვლენის უამრავი სახეობა არსებობს. საითაც გაიხედავს ადამიანი, ყველაფრის შეიძლება შეეშინდეს. სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ნაძვის ქვეშ მდგარს, შესაძლოა ვიღაცამ ხუმრობით კეფაში ჩაარტყას. ეს ტკივილი ლოგიკურად აუხსნელი მიზეზების შედეგად უკავშირდება ნაძვს ან გირჩს და მის ყოველ დანახვაზე შიშის განცდა ჩნდება.
გაცნობიერების შემთხვევაში შიშის დაძლევა შედარებით იოლია. ნაძვის ხშირი დანახვისას პირი მეტი სიცხადით აღიქვამს შიშის უსაფუძვლობას – არავინ ემუქრება, არავინ ურტყამს და შესაბამისად, დროთა განმავლობაში ეს განცდაც ქრება. თუმცა, ყოველთვის საკმარისი არ არის მიხვედრა, საიდან მოდის და რას უკავშირდება შიშის გრძნობა. ამ შემთხვევაში ბიჰევიორისტული მიდგომა ძალიან ქმედითია და შედეგიც მალე მიიღება.
შიში ნორმალური, საჭირო და სასიცოცხლოდ აუცილებელი განცდაა. ის განაპირობებს ჩვენს ქცევას, აზროვნებას და უამრავ ფსიქიკურ აქტივობას. იგივე ითქმის სტრესულ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე აუცილებელი ბუნებრივი მოცემულობაა. რომ არა სტრესული გარემო, ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა ყველა დონეზე, ყველა სფეროში დაქვეითდება. მოგვიანობით კი, სულ მცირე სტრესი საკმარისი გახდება, რომ მისი ფსიქიკა ვერ გაუმკლავდება ცვლილებებს, ორგანიზმი ვეღარ მოახდენს ადაპტირებას და დაიღუპება.
ევოლუციის პროცესში ორგანიზმები ვითარდებიან, სახეობა სახეობას ცვლის და განვითარება ძირითადად ყოველთვის გართულებას ნიშნავს. ადაპტაციური სისტემები უფრო მრავალფეროვანი ხდება და ორგანიზმებს მეტის გამკვლავება უწევთ. თუმცა, დგება მომენტები, როცა სახეობამ არა განვითარების, არამედ გამარტივების მიმართულებით უნდა განაგრძოს არსებობა – ყველა უნარი დაივიწყოს და მტერს მკვდრად მოაჩვენოს თავი. ამ მეთოდით ადამიანებიც იმკვდარუნებენ თავს და დაცვითი მექანიზმები ირთვება. ხან ფეხში ძალა გამოეცლება, ხან სიტყვის წარმოთქმა არ შეუძლია, დათრგუნული ფსიქიკის დროს ისტერიული სიყრუე ემართება. ის გულწრფელად გიპასუხებთ, რომ ნამდვილად არაფერი ესმის, ვერ აღიქვამს რას ეკითხებით, თუმცა ყური ჯანმრთელია. ამგვარი ნევროლოგიული პრობლემა იოლად დაძლევადია, ოღონდ არა მასთან ჭიდილით და წვალებით, არამედ სწორი მიდგომით. რაც უნდა მძიმე, პრობლემური და სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი იყოს კომპლექსი, ის უბრალოდ გამოწვევა კი არა, ძალიან სასარგებლო გზამკვლევია სრულყოფის გზაზე.
ემოციასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა კომპლექსია, ზოგი მამოძრავებელი, ზოგიც დამამამუხრუჭებელი. ის გარკვეული მოვლენების ურთიერთკავშირია, ხოლო მისი ანტაგონისტური მდგომარეობა უკომპლექსობა. პრაქტიკულად კომპლექსის არქონა ფსიქიკური აქტივობის არარსებობა. თუ კომპლექსს შემბოჭველ ფაქტორად განვიხილავთ, მის საპირწონედ თავისუფლება გამოდის. თუმცა, თავისუფლება არ ნიშნავს რომ ადამიანს ჯანსაღი კომპლექსი არ აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ინდივიდი განიცდის საზოგადოების მხრიდან მისი მისამართით განხორციელებულ ზეწოლას. აქ განირჩევა თავს მოხვეული და გამოცდილების შედეგად მიღებული კომპლექსები. მაგალითად ცხელი უთოთი ხელს თუ დაიწვავს პირი, ჩამოუყალიბდება განცდა, რომ უთო წვავს და სახიფათოა. ეს პირადი გამოცდილებაა და სასარგებლო კომპლექსი მუშაობს. იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოება აიძულებს ინდივიდს, უარყოფითი დამოკიდებულება იქონიოს ცხელ უთოსთან, ეს ძალადობრივი კომპლექსის ჩამოყალიბებაა.
გარკვეულ შემთხვევებში კომპლექსებთან მიმართებით ყურადღებას და ცნობიერს ნაკლები ფუნქცია აქვს. თუ ადამიანი გულმოდგინედ ეძებს პრობლემის მიზეზს, სავარაუდოდ მის საფუძველსაც იპოვის. დავუშვათ, ჭიქის მარცხნივ დადება უარყოფითად მოქმედებს სუბიექტზე, უქმნის დისკომფორტს და ცდილობს, ჭიქა მარცხნივ არასდროს დადოს. ცუდი მოლოდინით სავსე კომპლექსური ერთობა დისკომფორტს იწვევს. ამ ეტაპზე საჭიროა მომენტის უგულებელყოფა და მასზე კონტროლის დამყარება. როგორ ხდება ეს? კონტროლის მექანიზმით უნდა აიძულოს საკუთარი თავი, მოიქცეს ისე როგორც მოიქცეოდა ამ კომპლექსის საერთოდ არარსებობის შემთხვევაში. რას იფიქრებდა, გააკეთებდა, გაიხსენებდა, იოცნებებდა და ასე შემდეგ. ანუ ორიენტირებული უნდა გახდეს მისთვის საჭიროსა და სასარგებლოზე. მაგალითად, „ჭიქა იმიტომ ავიღე, რომ წყალი უნდა დავლიო.“ ამგავრი ქმედების მრავალჯერადი განმეორებით კომპლექსი მცირდება და ბოლოს საერთოდ ქრება. თუ პირი გადაწყვეტს, რომ კომპლექსის აღმოჩენისგან სხვა სარგებელი აღარაფერია და მეტს ვერაფერს აღმოაჩენს, ის უბრალოდ უნდა დაივიწყოს.
შიშისა და კომპლექსების სწორად გაცნობიერებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ინდივიდის ყურადღების მართვას ენიჭება. უნდა მოხდეს ცნობიერი რესურსების სრული მობილიზება ერთ კონკრეტულ საკითხზე. მიზნის მისაღწევად საკუთარი კომფორტის ზონაში მყოფი ადამიანი იწყებს კონცენტრირებას ამა თუ იმ პრობლემაზე. არის აბსოლუტურად თავისუფალი, არაფერი აწუხებს, მეტრონომი არა არის ჩართული და მილიწამებში არ ისაზღვრება მისი ფიქრის ხანგრძლივობა. ნებისმიერი სხვა აქტივობის მიუხედავად, მისთვის საჭირო და სასარგებლოსკენ მიმართავს ყურადღებას და უსმენს შინაგან ხმას.
ყველაფერი დადებითის გახსენებით, ოცნებით და განცდით წინა პლანზე გადმოაქვს პოზიტიური მუხტი და უამრავი ნეგატიური, აგრესიული მოცემულობა, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება, მის ცნობიერებაში ვერ აღწევს.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოთერაპევტი დავით ანდღულაძე.