დავუშვათ, მე ისეთ ქვეყანაში ვიმყოფები, სადაც გამოცდაზე ინტერნეტიდან არც ერთი სტუდენტი არაფერს არ იწერს, პლაგიატი საერთოდ არ არის. ვთქვათ, სკოლა ისეთ ქვეყანაში დავამთავრე, სადაც საერთოდ არ იციან პლაგიატი რა არის. ამის მერე ჩავედი სხვა ქვეყანაში, სადაც ყველა პლაგიატს სჩადის. ამ ყველაფერზე კი ცუდად ვხდები, ვიცი, რომ აქ ყველაფერი არეულია: ყველა პლაგიატობს. მე კი იმ სამყაროდან ვარ, სადაც ეს დაუშვებელი და წარმოუდგენელი იყო. ანუ, დავინახე დიდი დისონანსი. როგორ შევძელი ამ დისონანსის დანახვა? რადგან მანამდე ვიყავი იმ სამყაროში, რომლის სტრუქტურების ფონზეც მე აქ ვხედავ დაზიანებულ ვითარებას. მე სხვა სამყაროდან ვარ. ყველა სული სხვა სამყაროდან მოდის, უბრალოდ უნდა გამოვავლინო ეს.
ის სამყარო უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე ეს ხარვეზიანი, რადგან ეპისტემოლოგიურად წინ უძღვის ამ უკანასკნელს. პლატონი ამბობს, რომ ეპისტემოლოგიურად, ანუ შემეცნებითად, იდეალური წინ უძღვის არაიდეალურს. მაგრამ, პლატონის აზრით, ონტოლოგიურადაც, ანუ არსებითადაც, ასეა. ჩემში არის სრულყოფილი იდეები, მაგრამ მე თვითონ არ ვარ სრულყოფილი. მე თვითონ ხომ ვიცი, რომ ყოველთვის ვცდები. ამიტომ ჩემს თავთან ამ სრულყოფილებას ვერ გავაიგივებ. პლატონი გარკვეულწილად უფრო თავმდაბალია, ვიდრე ინდუისტი ფილოსოფოსი (ინდუისტი ბრძენი უფრო – ფილოსოფოსი შეიძლება არც დავარქვა). ის სხვა მეთოდით არის ჭეშმარიტებასთან, ატმანთან. ინდუისტი იტყვის: „მე თვითონ ვარ ატმანი. მე ღმერთი ჩემში უნდა გამოვავლინო, მე თვითონ ვარ ღმერთი.” ვფიქრობ, პლატონი უფრო თავმდაბალი იქნება ამ შემთხვევაში. იგი იტყოდა: „მე ხარვეზებს ვამჩნევ, რადგან ღვთიურით ვარ დასხივებული, მაგრამ თავად მე ღმერთი არ ვარ.“ მე თვითონ ვხედავ ჩემს შეზღუდულობას, დაცემულობასა და შეცდომაში ჩავარდნის ვარიანტებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ღმერთი ვარ. ჩემში არის სხივები, შუქის თანყოფნა და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ თუ მე თვითონ არ ვარ იდეალური შუქი, იგი მაინც ჩემშია. რა სამყაროდან არის ჩემში ეს იდეალური შუქი? იგი ვერ იქნება ამ ხილული სამყაროდან. აქ ყველაფერი ხარვეზიანია. სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან ხარვეზებსა და პლაგიატს ვხედავ. სად არის ზეციური ქვეყანა, რომელშიც პლაგიატი არ არის (ვუტრირებ). სად არის ის სამყარო, სადაც პლაგიატი საერთოდ არ იყო და რომლის წყალობითაც დავინახე, რომ პლაგიატი ძალიან ცუდი რამეა. ე. ი., მსგავსი სამყარო არ არის ჩემში. ჩემშია, როგორც დასხივება, მაგრამ თვითონ სადღაც სხვაგანაა.
ერთ ადგილას პლატონი იყენებს ტერმინს – „ეპეკეინა“, ἐπέκεινα. მიღმიერი სამყაროდან და არა ამ სამყაროდან არის ჩემში ეს დასხივება. და ეს სამყარო იმ სამყაროს მახსენებს. ამ კონტექსტშია გამოქვაბულის მითიც. უფრო სწორი იქნება, თუკი მითის ნაცვლად ვიტყვით გამოქვაბულის ალეგორიას. მე ვაკვირდები აქაურ ფორმებსა და რეალობებს. მე ყველაფრის ფორმას ვაკვირდები: ჩვენი სახელმწიფოს მოწყობის, მეგობრობისა და სიყვარულის ფორმებს. ვაკვირდები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებულ ურთიერთობებს და ვხედავ, რომ ის, რასაც ვაცნობიერებ ზუსტად ის არ არის, რისი დანახვაც მსურს. უფრო მეტი უნდა იყოს. ეს მეგობრობა მთლად ისეთი არ არის, როგორიც მინდა. ყველაზე კარგ მეგობრობაში ასე არ მოხდება. ბოლომდე გულისხმიერი არ ყოფილა ეს მეგობარი, რაღაც მაინც დააკლო. კარგის გაკეთების დროსაც კი გრჩება განცდა, რომ ბოლომდე არ დახარჯულხარ, სინდისი გქენჯნის, რომ გულით მაინც იძუნწე. რისი გაცემაც შემეძლო არ გავეცი და მომენტი ვერ გამოვიყენე. ეს ნიშნავს, რომ ჩემში არის იმაზე უფრო დიადი ვიდრე ის, რასაც ვხედავ და ვაკეთებ. პლატონი ამბობს, ფილოსოფოსმა უნდა მისდიოს ამ უკმაყოფილების განცდას და წავიდეს იდეალურ ფორმამდე, გაჰყვეს ფიქრს: „როგორი იქნებოდა იდეალური მეგობრობა და არა ის მეგობრობა, რომელსაც მე ვხედავ.” რუსთაველი წერს: „ ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრი არვინ შობილა“ ამას იგი ამბობს ავთანდილსა და ტარიელზე. ავთანდილი ისე დაეხმარა ტარიელს, რომ ბოლომდე დაიხარჯა, ყველაფერი გააკეთა მისთვის და აქ რუსთაველმა თითქოს გააჩერა კადრი და გვითხრა: „ხედავ? ასეთები არ შობილან.” „არ შობილან“ – იმ გაგებით, რომ მიწაზე ასეთები საერთოდ არ არიან. რუსთაველი გვაჩვენებს იდეალურ ფორმას და იდეალურ ფორმაში ასე უნდა იყოს. მიწაზე ასეთი რამ ვერ მოხდება, მაგრამ მე გაჩვენებ რაზე შეიძლება გქონდეს სწორება.
იდეალის აღმოჩენა პლატონისთვის იმას არ ნიშნავს, რომ იგი უნდა ეცადოს ამ იდეალის მიწაზე გადმოტანას. პლატონი არ არის ბრიყვი უტოპისტი, რომელიც ფიქრობს სამოთხის მიწაზე დაარსებას. ბოლშევიკები ფიქრობდნენ ამგვარად: როცა გონებაში სწორი და სამართლიანი სტრუქტურა მექნება მთელ საზოგადოებას ძალით შევრეკავ ამ სამართლიან სტრუქტურაში და ყველა სამართლიანი გახდება. პლატონი ასე არ მსჯელობს: პლატონი ხედავს, რომ იდეალი არის ნიმუში, რომელზეც უნდა მქონდეს სწორება. შემიძლია ეს ნიმუში ნებისმიერ სიტუაციას მოვარგო. თუ ძალიან ბარბაროს ხალხში მივდივარ, სადაც ერთმანეთს სადისტურად კლავენ მე მათ ვერ მოვთხოვ დაუყოვნებლივ მკვლელობის შეწყვეტას. გონივრული იქნება ასეთი მოთხოვნა, „იცი რა, მარტო მაშინ მოკალი, თუ აუცილებლობაა და მოკვლის წინ ნუ აწამებ, ცოდოა.” ცივილიზაცია ჯერ არ შესულა მათში, მაგრამ იდეალის სარკე მათთანაც იმოქმედებს ამა თუ იმ სახით. პლატონს იდეალი სჭირდება ფასეულობათა იერარქიისთვის. იდეალი თუ არ გაქვს იერარქიას ვერ გააკეთებ. ვერ მიხვდები, თუ როგორ უნდა მიუსადაგო ეს იდეალი სხვადასხვა სიტუაციას. მაგრამ იდეალი არასდროს იქნება დედამიწაზე. დედამიწაზე შეუძლებელია იდეალი იყოს. დედამიწა უკვე ხარვეზულია. მაგრამ იდეალი ცაში ხომ არის? და პლატონი ამბობს – „მე განახებთ იდეალურ სახელმწიფოს და ვიღაცები მეტყვიან, კი მაგრამ სადაა ეს სახელმწიფო დედამიწაზე? დედამიწაზე არ არის, მაგრამ ხომ არის ცაში ნიმუში? მე ნიმუში მაინტერესებს.“ ფილოსოფოსი უნდა გავიდეს ნიმუშზე, ჰქონდეს სივრცე, საიდანაც შეძლებს დააკვირდეს ყველა დანარჩენ სივრცეს და მაქსიმალურად მიუსადაგოს იდეალი სიტუაციას. მაგრამ ეს არ არის იდეალის ბოლომდე განხორციელება, ასეთი რამ შეუძლებელია. ფილოსოფოსები იდეალური სამყაროდან უბრუნდებიან ქალაქს და იდეალურ, ნამდვილ ფასეულობებს ასწავლიან მოქალაქეებს. მათ რთული ცხოვრება ელით, რადგან სინათლე მტკივნეულია იმ თვალისთვის, რომელიც სიბნელეს არის შეჩვეული. თუ კლასში ვიწერთ ინტერნეტიდან ჩვენ დისკომფორტს შეგვიქმნის ის სტუდენტი, რომელიც ამას არ აკეთებს. კლასიდან მისი გაგდება მოგვინდება. თავისი წესიერებით ძალიან თუ მოგვიშალა ნერვები, შეიძლება ვცემოთ კიდეც. ამიტომ ამბობს პლატონი, რომ ფილოსოფოსს კარგი ცხოვრება არ ელის. კრიტერიუმი ხარ თუ არა ნამდვილი ფილოსოფოსი იმაშია გყავს თუ არა მტრები. თუ არ გყავს მტრები, შენ არ ხარ ფილოსოფოსი. გამოდის, კომფორმისტი ხარ, სიტუაციას ერგები. სანამ ფილოსოფოსი ფილოსოფოსად რჩება ის ā priōrī ვერ იქნება კომფორმისტი, რადგან ყოველთვის აღაშფოთებს ის, რაც გონების თვალით ნანახ იდეალში უნახავს მანამდე. ამიტომ ფილოსოფოსისთვის იდეალს ყოველთვის ქმედითი ძალა აქვს. პლატონის აზრით, იდეალი არ არის მიწაზე, მაგრამ იდეალი აქ ძალიან დიდი ძალით მოქმედებს და უნდა მოქმედებდეს კიდეც. ადამიანმა, რომელიც შეხვედრაზე არ აგვიანებს, იცის, რომ პირობა უნდა შეასრულოს. თუ ამბობს, რომ ამ დროზე მოვა იდეალური იქნება, თუკი არ დაიგვიანებს. ანუ, ეს იდეალი მის ფიზიკურ მოძრაობებსა და ნაბიჯის სიჩქარეზე მოქმედებს. სინდისის ქენჯნის პრინციპიც იდეალია.