რა არის თამაში? − ეს არის სამყაროს შეცნობის საუკეთესო შესაძლებლობა; მომზადებაა რომ შეძლო გაითამაშო როლები, ქცევები, მიიღო კითხვებზე პასუხები, მოდელირება გააკეთო სხვისი ქმედების, საკუთრი დამოკიდებულება ჩამოაყალიბო სიტუაციებთან და მოვლენებთან დაკავშირებით. ხშირად ბავშის თამაში სადიაგნოსტიკო მნიშვნელობის მატარებელიც არის, ვინაიდან იგი აკოპირებს ზრდასრულის თანატოლის, თუ მოზარდის ქცევას. თამაშს უდიდესი ადგილი უკავია შემეცნების პროცესში.
სამყაროს შემეცნების თანდაყოლილი უნარია და ეს კარგად ჩანს ბავშის განვითარებაში.
როგორ ყალიბდება ბავშვი?
ადრეულ ეტაპზე ბავშვი ხელებს, სათამაშოს, უცხო საგნებს იდებს პირში, აღიქვამს ფაქტურებს, გემოს, ტემპერატურას… ამ ფორმით სწავლობს და შეიმეცნებს გარემოს. სწავლის ეს პროცესი ეტაპობრივად უფრო კონსტრუქციული ხდება და გარკვეულ წესებს და ჩარჩოებს იძენს. ხშირად შეგინიშნავთ ალბათ, როგორ ბრაზდება შედარებით უფროსი დედმამიშვილი პატარაზე, რომელიც ვერ ემორჩილება დიდის შეთავაზებულ წესებს, ვინაიდან 4-5 წლის ბავშვის თამაში უკვე კონსტრუქციულია და ცხადია მას ვერ ექვემდებარება 2-3 წლისა. თამაში გარდა სამყაროს შეცნობისა, ბავშის ფუნქციურ განვითარებას მოიცავს. ყალიბდება: მოტორული, მეტყველებისა და წარმოსახვის, აზროვნების, შემოქმედებითი, კომუნიკაციის, სოციალური, ლიდერული თუ სხვა მრავალი უნარები.
ბავშის თამაშთან დამოკიდებულება ზრდასრულის მიერ ყოველთვის ერთგვაროვანად არ აღიქმება, მაგალითად, როდესაც ბავშვი სასკოლო ასაკს მიუახლოვდება, ყველა გვსმენია ფრაზა ,,თამაში დამთავრდა, ახლა სწავლის დროა!“ თამაშის აკრძალვით ბავშვს ვეუბნებით, რომ სკოლის ასაკიდან იგი იწყებს შრომას, რაც არასასიამოვნოა, ვინაიდან სასიამოვნოს აკრძალვას უკავშირდება. სინამდვილეში სწორედ თამაშ-თამაშით სწავლობს ბავშვი. თამაში არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ სწავლის პროცესი გახდეს საინტერესო, სახალისო, შემოქმედებითი და რაც მთავარია −შემეცნებითი.
რეკომენდაცია თამაშის დროს
- ეცადეთ, რომ ბავშვისთვის შეძენილი სათამაშო ფუნქციური იყოს. ხოლო, თუკი თავად ვერ მიხვდება როგორ გამოიყენოს სათამაშო, დაეხმარეთ და ასწავლეთ. თავდაპირველად ითამაშეთ მასთან ერთად, რათა დაინტერესდეს და განეწყოს სათამაშოს მიმართ დადებითად;
- სათამაშო შეარჩიეთ ასაკის შესაბამისად. თუკი იფიქრებს, რომ იგი მისთვის მეტისმეტად რთულია, თავს ვერ გაართმევს და ინტერესს დაკარგავს.
- შეარჩიეთ ისეთი სათამაშო, რომელიც ბავშვს უბრალო მაყურებლად კი არ აქცევს, არამედ შესაძლებლობას მისცემს შემოქმედებითად მიუდგეს მას;
- ბავშვებთან თამაშის დროს ნუ გამოიჩენთ დიდ ინიციატივას, ნუ შეცვლით მის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს, მიეცით ასპარეზი, თქვენ იყავით დამხმარე პროცესის და არა − წარმართველი. ბავშის ინიციატივების მხარდაჭერა თავდაჯერებულობის და კმაყოფილების განცდის მომტანია.
ბევრი სათამაშო ერთად შთამბეჭდავია შეთავაზების პროცესში, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ინტერესი ქრება, უჭირს არჩევანის გაკეთება.
სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ ნინო ბუაძის წიგნის მიხედვით – „აღზრდის ფსიქოლოგია – ბავშვის განვითარების ძირითადი ასპექტები“