სიახლეები, სტატიები

„ბავშვი სკოლაში“ – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

მშობლებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ მათი შვილი გაცილებით ადრეულ ასაკშიც კი მზად არის სკოლისთვის, ვინაიდან მან კარგად იცის კითხვა, წერა, თვლა და ანგარიში. ძალიან განვითარებული, გონიერი და მოტივირებულია, შესაბამისად მზადაა სკოლისთვის. რა თქმა უნდა, აღნიშნული ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა. თუმცა, ფიზიკურ და კოგნიტურ უნარებთან ერთად ყურადღება უნდა გავამახვილოთ  სოციალურ-ემოციური სფეროს მზაობაზეც, რამდენად შეუძლია ბავშვს ადვილად ადაპტირდეს ახალ გარემოში, როგორ ამყარებს ურთიერთობებს, რამდენად მართავს თავს როდესაც ღიზიანდება, როგორ გამოხატავს ემოციებს ფრუსტრირების დროს, როდესაც შენიშვნას აძლევენ. პედაგოგებიც ხშირად უჩივიან ბავშვს, რომელიც არ არის ემოციურად მზად მოერგოს ახალ გარემოს. მაშინ, როდესაც შენიშვნის, მარცხის დროს იმალება ბავშვი მერხის ქვეშ, ან როგორ უყვირის საგაკვეთილო პროცესში საკუთარი ნივთის დაბრუნების მოთხოვნით ერთი მოსწავლე მეორეს. სკოლა ბაღისგან განსხვავებით უფრო მკვეთრ ჩარჩოს სთავაზობს ბავშვს და ეს რთულად მისაღებია იმ ბავშვისთვის, რომელიც არ არის ემოციურად მომწიფებული ამისთვის. გარდა ქცევის წესებისა, მნიშვნელოვანია მისი ყურადღების, ნებისყოფის, კონცენტრაციის უნარი. იმ აქტივობებში ჩართვა, რომელიც საგაკვეთილო პროცესში ხდება.  

„ფიზიკურ და კოგნიტურ უნარებთან ერთად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სოციალურ-ემოციური სფეროს მზაობაზეც, რამდენად შეუძლია ბავშვს ადვილად ადაპტირდეს ახალ გარემოში, როგორ ამყარებს ურთიერთობებს, რამდენად მართავს თავს როდესაც ღიზიანდება, როგორ გამოხატავს ემოციებს ფრუსტრირების დროს, როდესაც შენიშვნას აძლევენ.“

  სკოლაში ბავშვი ახალ სამყაროში ხვდება, ახალი ღირებულებების და წესების სამყაროში. ერთ-ერთი დიდი სირთულე მისთვის შეფასების სისტემაა, ბავშვის შესაძლებლობებისა და ცოდნის შეფასება. მანამდე ოჯახი ღებულობდა ისეთად როგორიც ის იყო, ეხლა კი ახალმა გარემომ, სკოლამ, მისი შესაძლებლობების, უნარების შეფასება დაიწყო. სწორედ ამ გამოწვევის დაძლევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ემოციების გამოხატვისა და მართვის, მარცხის მიღებისა და გადატანის უნარი. ხაზგასმით მინდა გამოვყო მშობლის დამოკიდებულება, როგორ ამზადებს იგი სკოლისთვის ბავშვს, რამდენად ეხმარება ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესს. მომდევნო ეტაპზე, როგორ უჭერს მხარს ბავშვს და აძლიერებს შთაბეჭდილებების, ემოციების, სტრესთან გამკლავების დროს. თანამშრომლობს თუ არა მშობელი პედაგოგთან, როგორ წარადგენს ბავშვს… ყოველივე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლასთან ბავშვის დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესში. არცთუ იშვიათად მოგვისმენია ფრაზები: „დასრულდა შენი თამაში, ეხლა სწავლის დროა,“ „დაიწყო ორივეს ტანჯვა, ჩემიც და შენიც.“ ამ შემთხვევაში, სკოლა ბავშვისთვის აღიქმება როგორც სადამსჯელო გარემო, სადაც ადგილი არ აქვს მის საყვარელ საქმიანობას – თამაშს. მსგავსი მიდგომა, რა თქმა უნდა, ილექება ბავშვის გონებაში და მის სწავლისადმი, სკოლისადმი განწყობაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, კონკრეტულად წარმოქმნის შიშს, აგრესიას, შფოთვას. შედეგად, საკუთარი თავის რწმენა და ინიციატივის უნარი ქრება. საჭიროა მშობელმა დადებითი მოლოდინები ჩამოუყალიბოს და შექმნას მოტივაცია, თუ რა ელოდება სკოლაში. მაგ.: „სკოლაში გაქვს შესაძლებლობა, ისწავლო წერა და კითხვა, რაც დაგეხმარება შემდეგში დამოუკიდებლად შეძლო საინტერესო წიგნების წაკითხვა,“ ან მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მისთვის საყვარელ აქტივობებს ხშირად შეხვდება, მაგ.: ხატვა, ანგარიში. არა მკვეთრი გამიჯვნა, რომ  ბაღში დასრულდა თამაში და სკოლაში იწყება სწავლა. სასწავლო პროცესის დაწყებამდე, მიზანშეწონილია მშობელმა იზრუნოს  პოზიტიური განწყობის შესაქმნელად, გააცნოს სკოლის გარემო და პედაგოგი, საინტერესოდ მიაწოდოს საგაკვეთილო აქტივობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ბავშვმა ახალი გარემო მიიღოს სიხარულით და შეძლოს მარტივად ადაპტირება.  

აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელი და საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

 

Related Posts