სიახლეები, სტატიები

„მშობელთა ქცევის გავლენა ბავშვებზე” – ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული

თინათინ ჭინჭარაული

დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო ბავშვის შექებისას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ფრაზები: „კარგი ბიჭი, ცუდი ბიჭი, კარგი გოგო, ცუდი გოგო“. კონკრეტულ ქცევასთან მიმართებით უმჯობესია, ავხსნათ, რა მოგვეწონა და რა არ მოგვეწონა.

ყველასთვის თავისი შვილი არის კარგი, შეიძლება გარკვეულ მომენტში ცუდად და აუტანელადაც იქცეოდეს,  მაგრამ სინამდვილეში ჩვენი შეფასება ბავშვთან მიმართებით  არის ის, რომ უპირობოდ გვიყვარს! ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე ცუდი გავლენა აქვს  მშობლების მიერ ნათქვამ ფრაზას – „ცუდი ბიჭი ხარ“ და „ასე ცუდი ბიჭები იქცევიან“. კიდევ უფრო უარესია–„ასე თუ მოიქცევი, მე შენ დაგტოვებ“, „თუ არ გააკეთებ, არ მეყვარები“ და ა.შ.

ღზრდის პროცესში ყოველთვის უკეთესია თუ ჩვენ ბავშვს ვეტყვით, რა მოგვწონს, ან რა არ მოგვწონს; „არ მომწონს, ჭიქა რომ გატეხე“ და არა „ცუდი ბიჭი ხარ“. 3-4 წლის ბავშვებს როდესაც ვეკითხებით, „რატომ მოიქეცი ასე?“, მას უბრალოდ საიმისო რესურსი არ აქვს კოგნიტურად, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები გააცნობიეროს, რატომ მოიქცა ასე და გვითხრას–„იმიტომ მოვიქეცი ახლა ასე, რომ შენზე გაბრაზებული ვიყავი“ ან „აგრესიული ქცევის შეტევა მქონდა“. ზოგიერთი მშობელი ამბობს, რომ ბავშვი პასუხობს ამ კითხვებზე, მაგრამ თუ მშობელს სთხოვ,  გაიხსენოს, რა სიტყვებით პასუხობს ბავშვი, დაფიქრდება და აღმოაჩენს, რომ ეს მისი სიტყვებია.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებითია, მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ აღზრდა არ შემოიფარგლება ხუთწუთიანი ლექციებით, არ შეიძლება დააწესო აღზრდის საათი და ამ დროის განმავლობაში ელაპარაკო პატარას რა მოეწონება მშობელს და რა არ მოეწონება.

ავსტრალიელმა მკვლევარებმა სოციალური რეკლამაც კი გადაიღეს იმის საჩვენებლად, რომ სოციალურ გარემოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვის განვითარების პროცესში, ეს კი ერთი მარტივი რამის გათვალისწინებას მოითხოვს ზრდასრულებისგან– ჩვენ უნდა ვიქცეოდეთ ისე, როგორც გვინდა რომ ჩვენი შვილები იქცეოდნენ, სწორედ ეს არის აღზრდა! „წიგნი წაიკითხე“ ან „რატომ არ კითხულობ“ ბავშვისათვის სრულებით გაუგებარი მოთხოვნაა, როდესაც ის ვერ ხედავს, რომ მისი მშობელი კითხულობს.

ასევე სრულებით გაუგებარი იქნება პატარას მოვთხოვოთ, იყოს ჩუმად გარკვეულ სიტუაციაში, იმიტომ, რომ ეს ასაკობრივად შეუსაბამოა მისთვის. 3 წლის ბავშვი 5-10 წუთზე მეტ ხანს საჯარო თავშეყრის ადგილებში ჩუმად ვერ გაჩერდება, თუ რამე თავისი გასართობი არ აქვს. ამის პასუხად,  „სოციალური დასწავლის თეორია“ სხვა თეორიებთან ერთად გვეუბნება, რომ თუ გვინდა, ბავშვის აღზრდა ჰარმონიულად მიმდინარეობდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ მოდელები იმ ქცევების, იმ გარემოსი, რა შედეგზეც გვინდა, ბავშვი გავიყვანოთ. 

აქ არის ერთი საინტერესო რამ, რაც მე ბოლო ერთი წელია აღმოვაჩინე. თურმე, ჩვენ არასოდეს  ვფიქრობთ, ჩვენს თავზე, არ ვირგებთ მათ როლს და ბავშვებს არ ვასწავლით ე.წ. თვითრეფლექსიას. თვითრეფლექსია არის საკუთარ თავზე დაკვირვება, რომელიც მე კონკრეტულ ქცევასთან მიმართებით მეტყვის, რა არის მისაღები ამ სიტუაციაში. როგორც მოვიქეცი, სწორი ქცევა იყო? იქნებ შეიძლებოდა იგივე სიტუაცია სხვანაირად გადამეწყვიტა?

ფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული

Related Posts