სიახლეები, სტატიები

„აგრესია და მისი გამოხატვის სწორი ფორმები“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

აგრესიის გამოვლინების ზოგადი კანონი არ არსებობს. ერთი მხრივ, არსებობენ გაუბედავი, მორიდებული ადამიანები, რომელთაც სხვები ანგარიშს არ უწევენ, ცუდად ეპყრობიან და ისინი ყოველდღიური ცხოვრების ჯუნგლებში იკარგებიან. მათ ესაჭიროებათ გამბედაობა, რათა დაიმკვიდრონ თავი, გაიმარჯვონ სამართლიან ბრძოლაში, მიიღონ სიამოვნება უშიშრად საკუთარი პოზიციის გამოხატვით. ამას, პირიქით, აგრესია სჭირდება.

გამოკვლელულია, რომ ოჯახები, სადაც ქალები ქორწინებით უბედურნი არიან, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ, ბევრი დაავადება აქვთ; ხოლო ისინი, რომლებმაც უიღბლოდ იქორწინეს, მაგრამ ამის თაობაზე ლაპარაკობენ, ნაკლებად ექვემდებარებიან დაავადებებს. აგრესიის გამოთქმას, უსიამოვნების გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ახლობელ ადამიანზე თუ ნაწყენი ხართ, სჯობს, გამოთქვათ, ვიდრე გულში დაიგუბოთ სათქმელი; ამას კონსტრუქციული ხასიათი აქვს, თუ გაგიგეს. მაგრამ დიდი შეცდომა იქნება ამ გამოცდილების განზოგადოება და იმის დაშვება, რომ აგრესიის თავისუფლად გამოხატვა სწორი და სასარგებლოა ყველა სიტუაციაში.

გაბრაზებისას წამოცდენილმა სიტყვამ, შესაძლოა, სამუდამოდ გააფუჭოს ურთიერთობები. აგრესიის ზოგმა ფორმამ, შესაძლებელია, დააზიანოს ის, რაც ფაქიზი და მშვენიერია, შეაფერხოს მისი განვითარება, გაუგებრობა და შურისძიების სურვილი აღძრას.

არსებობს აგრესიის გამოვლენის და განტვირთვის უვნებელი ფორმები, მაგალითად, შეშის დაჩეხვა, ლეიბის დაბერტყვა, გაზეთის დახევაც აგრესიისგან გათავისუფლების საშუალებებია. და თუ არ შეგიძლიათ აგრესიის გამოვლენა, სჯობს, დაწეროთ წერილი იმის მისამართით, ვინც გაწყენინათ. უბრალოდ დაწერეთ და არ გაგზავნოთ- ესეც ძალიან კარგია. ამას ის აზრი აქვს, რომ ემოციისგან იცლები- სიტყვებს გამოაქვს ემოცია. როცა გამოხატავ და რაღაცისგან თავისუფლდები- ამას ჰქვია კათარზისი. შეიძლება დაიცალო ვინმესთან ლაპარაკით ან დაწერო და ამ სახით გამოიტანო ემოცია.

აგრესიული ენერგიის ტრანსფორმირება შესაძლებელია იმით, რომ აგრესიის სამიზნე და მისი გამოხატვის ფორმა შეიცვალოს და მისი ინტენსივობა უცვლელი და ხელუხლებელი დარჩეს.

 

 

აგრესიის ენერგია, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა განვასხვავოთ აგრესიის გამოვლენის ფონისაგან. მაგალითად, როდესაც აგრესიული ენერგიის აღმოჩენისას შეგვიძლია ჩვენი ბინა დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ; როდესაც ადამიანი გამოცდაზე ჩაჭრით აგრესიული ხდება, მან ეს ენერგია შეიძლება გამოიყენოს და წარმართოს მომავალი გამოცდის უკეთესად ჩაბარებისათვის. ეს ბრაზი უკეთ მომზადების სურვილს ასაზრდოებს.

აგრესიული ენერგიის გარდაქმნის ერთ-ერთი სავარჯიშო ასეთია: უნდა აირჩიოთ ის საქმიანობა, მიზანი ან პროექტი, რომლის განხორციელებასაც ცდილობთ ან ნატრობთ და გინდათ, რომ ამ საქმიანობას, აქტივობას მეტი ენერგია შესძინოთ: უნდა დაამყაროთ კონტაქტი თქვენს აგრესიულ ენერგიასთან, იგრძნოთ ამ აგრესიის ძალა, ვიბრაცია და თქვენს სხეულზე ზეგავლენა. შემდეგ უნდა დააკვირდეთ და განიხილოთ ყოველგვარი განკითხვისა და იარლიყების მიკერების გარეშე, გაიაზროთ, რომ თქვენს სხეულში აგრესიით გამოწვეული ეს გრძნობები და შეგრძნებები ენერგიას წარმოადგენენ, რომელიც ფასეულია და შეუძლია ჩვენთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ამავე დროს შეუძლია გამწევ ძალად და საწვავად იქცეს მიზნის მისაღწევად. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი თქვენი საქმიანობის შუაგულში და წარმოიდგინეთ, რომ მიზნისკენ დაიძრა ეს ენერგია და უახლოვდებით იმ ვიტალური ძალის საშუალებით, რომელიც თქვენ ამ მიზნის მიღწევაში ჩადეთ. ეს არ არის ხელოვნური მოწყობილობა, ამ პროცესის კანონებს თუ დავეუფლებით, მაშინ ჩვენ უფრო შემოქმედნი გავხდებით.

ფსიქიატრი რეზო კორინთელი.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის