სიახლეები, სტატიები

ზურაბ კიკნაძის „ნაფიქრალი“

ჩემი თემა ეხება ერთ გაუგებრობას, რომელზეც საუბარი დაიწყო მე-19 საუკუნეში. ახლა კომპიუტერი ყველასა აქვს და იცით, რომ როდესაც ერთი ტექსტი მეორეს გადაეწერება,    წინა იკარგება. რატომღაც მოხდა ისე, რომ ამირანის ეპოსს, ამირანის ბიოგრაფიას, იმ პროცესს, რასაც იგი გადის თავისი ცხოვრების განმავლობაში, გადაეწერა პრომეთევსის მითოსი და აი, დღემდე ასე მოდის.

არავითარი კავშირი ამირანსა და პრომეთევსს შორის არ არსებობს. პრომეთევსი ტიტანია, ტიტანები უფრო ადრე იყვნენ, ვიდრე ზევსი. ამიტომ მას სულ სხვა პრობლემები აქვს ღმერთთა სამყაროსთან. ამირანი არის ადამიანი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს. ისიც ჩვენიანია და ჩვენს პრობლემებს იზიარებს. ერთადერთი, რაც მათი დამაკავშირებელია, არის ის, რომ ორივე მიჯაჭვულია. მაგრამ ეს მსგავსება არაფერს ნიშნავს. გოლგოთაზე სამი  ჯვარი  იყო აღმართული, ერთ-ერთი იყო ქრისტე და ორი კიდევ ავაზაკი. სრულიად სხვადასხვა მოტივით იყვნენ ისინი დასჯილი და ჯვარცმული.

რისთვის არის დასჯილი პრომეთე? იმისათვის, რომ მან ადამიანებს ცეცხლი მოუტანა – ღმერთს მოპარა ცეცხლი. სხვათა შორის, პრომეთეზეც ძალიან ბევრი გაუგებრობა შეიქმნა. პრომეთეს ამბავს ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ ესქილეს ტრაგედიიდან „მიჯაჭვული პრომეთე“ სადაც პრომეთე გამოყვანილია, როგორც ღმერთთან მებრძოლი, ადამიანებისათვის სიკეთის მომტანი, მათი გამაბედნიერებელი და ასე შემდეგ. მაგრამ ვერაფრით დავამტკიცებ, ცხადია, წყაროები არ არსებობს, რომ პრომეთე თავიდანვე იყო მიჩნეული ადამიანთა გამაბედნიერებლად. ცეცხლის მოტანაც ცოტა პრობლემატურია, რადგან ვიცით, რომ ცეცხლის გამოყენებას რაღაც გამოცდილება სჭირდება. ამას სჭირდება მომზადება. ადამიანი შეიძლება არ იყო მომზადებული ამ ცეცხლისთვის. მოვედით ცეცხლიდან ატომის ენერგიამდე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ადამიანის სასარგებლოდ  და მისთვის ჯერ კიდევ საშიში და დამღუპველია.

აი, ასე, პრომეთემ ადამიანებს მოუტანა ისეთი რამე, რაც მათ ვერ გამოიყენეს და ვერ გამოიყენებდნენ თავიანთ სასარგებლოდ. ამიტომ ზევსმა, განა იმიტომ, რომ რაღაცა შურდა ადამიანებისა, მათთვის სიკეთე არ უნდოდა, არამედ იმისთვის, რომ დასაჯა პრომეთე,  რომ ადამიანს დროზე ადრე მოუტანა ეს. სხვათა შორის, ნიცშე ამბობდა, რომ პრომეთეს ეს მითოსი შეიძლება შევადაროთ ბიბლიის ცოდვით დაცემის მითოსს. ის სემიტური განხრაა. მიწოდებულია სემიტებისთვის და ეს კიდევ ინდოევროპელებისთვის. რომ პრომეთეშიც მოხდა რაღაცნაირი ცოდვით დაცემა. რომ პრომეთემ ადამიანებს მოუტანა ისეთი რამ, რაც ადამიანი თავის გზაზე წაიყვანა და ღმერთს ჩამოაშორა. აი, ასე უნდა გავიგოთ ეს ჩვენ. ასევე, ადამმა, რომელიც გამოვიდა სამოთხიდან, თავისი გზა აირჩია და დღემდე ამ გზით მოვდივართ. თუ პრომეთეზე გადავალთ, დავინახავთ, რომ პრომეთეს გზით მოვდივართ, რომ ვადგავართ დამოუკიდებელ გზას ღმერთის გარეშე. ცეცხლი, რომელიც პრომეთემ მოიტანა ჩვენთან,  ამბივალენტურია –  შეიძლება სიკეთეც მოიტანოს, მაგრამ ბოროტებაც მოაქვს.

ახლა რაც შეეხება პრომეთევსის და ამირანის მითოსის აღქმას ჩვენთან, უნდა გითხრათ, რომ  ამირანის ეპოსი ჩვენამდე მოვიდა დანგრეული სახით. რადგან  საქართველო მე-19 საუკუნემდე, ფაქტობრივად, ნანგრევებად მოვიდა, ამ ნანგრევებშია მოყოლილი ამირანის ეპოსიც. მაგრამ საჭიროა ამ ეპოსის, ასე ვთქვათ, გაჩხრეკა და ამ ნანგრევებზე რაღაცის აღმოჩენა. რას გვეუბნება ამირანის ეპოსი? ვინ არის ამირანი? მას ორი ცხოვრება აქვს. ერთი არის დადებითი, როდესაც ის ებრძვის  კერპებს, ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვს,  მაგრამ არსად არის ნათქვამი, რომ მას ადამიანებისთვის ცეცხლი მოაქვს. რატომღაც დააკავშირეს ცეცხლის მოტანა მასთან, იმიტომ რომ ორივენი –  პრომეთეც და ამირანიც – მიჯაჭვული არიან კავკასიის მთებზე.

რისთვის ისჯება პრომეთე? პრომეთე ისჯება ცეცხლის მოტანისთვის და კიდევ იქ რაღაცა მოტივებია, რომლებიც ჩვენ ახლა არ გვჭირდება. ამირანი ისჯება ღმერთთან შებრძოლებისთვის. ბლეზ პასკალი ამბობს, რომ ადამიანი ორი ხიფათის წინაშე დგას: ერთი, რომ ის შეიძლება სასოწარკვეთილებამ მოიცვას და მეორე, ჰუბრისმა, მისი ძალის, ასე ვთქვათ, გადამეტებით წარმოდგენით. გვახსოვს, რომ ამირანის ეპოსში ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც მოდის ურემი და იქ ასვენია უზარმაზარი მკვდარი გოლიათი, რომელიც ფეხს მოათრევს. მოყვება დედა, რომელიც ეუბნება ამირანს: ფეხი შეუდევ ურემზე, ცოდვააო, რაც ვერ შეძლო ამირანმა.  დედამ კი მათრახის წვერით გადმოიტანა. ამირანმა ხომ დევები დაამარცხა, ვეშაპი დაამარცხა, მაგრამ ადამიანი ვერ დაამარცხა. შემდეგ ამის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, 40 დღე იგლოვა. ნათლიამ კი კიდევ უფრო მეტი ძალა მისცა, ვიდრე ჰქონდა და ამ ძალით, ყველაფერი მოსპო, გაანადგურა. ამას ამბობს ხალხის თქმულება, გაანადგურა და შემდეგ გამოიწვია ორთაბრძოლაში თავისი ნათლია, რომელმაც ეს ძალა დააფარა. ამაზე მეტი აბსურდი რა გინდათ? და იმავე ნათლიამ მიაჯაჭვა იმ კლდეზე, სადაც ისინი შეხვდნენ საბრძოლველად.

არსებობს ასეთი თქმულება: წმინდა გიორგი შეხვდა გველეშაპს. გველეშაპი მიდის სადღაცა ხევში. სად მიდიხარ, გველეშაპოო? აი, ამირანია იქ მიჯაჭვული, მის შესაჭამად წავედიო. წმინდა გიორგიმ უთხრა, შენს შესაჭმელად კი არ დავაბით, არამედ მოსანანიებლადო.

ხალხის თვალსაზრისით, ამირანი დღესაც მიჯაჭვულია, ეს დრო კი მიცემულია მოსანანიებლად. ეს არის მისი გამოცდილება, კაცობრიობის გამოცდილება. მე ვამბობ, რომ ამირანი არის კაცობრიობის წარმომადგენელი და არა საქართველოსი ან რომელიმე ადამიანისა, კერძო ადამიანისა. სანამ კაცობრიობა არის ასეთი, ამირანის ეს მდგომარეობა გაგრძელდება. არავის მოგვწონს არც დღევანდელი და არც გუშინდელი ცხოვრება, საერთოდ,  კაცობრიობის მდგომარეობა ვიცით,  როგორიც არის.

არის რამდენიმე მცდელობა ამირანის გათავისუფლებისა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს მეტანოია და მონანიება არ დგება. ერთ შემთხვევაში, იგი არყევს თავის პალოს, ცდილობს, ამოაძროს ეს პალო, რომ თავისთავი თვითონ გაითავისუფლოს, მაგრამ ჩიტი დააჯდება ამ პალოს და უროს რომ დაარტყამს ამ ჩიტს, ეს პალო ისევ ჩაესობა. ის თავისთავს თვითონ იჯაჭვავს.

მეორე, იქვე  გდია ხმალი, რომელსაც ვერ წვდება. არადა, ამ ხმლით უნდა, ეს ჯაჭვები გაჭრას.  ამ დროს შემოეხეტება მწყემსი, შეიძლება მონადირეც იყოს და მას სთხოვს, ხმალი მომიწიეო. ის ხმალს ვერ წევს. აბა, წადი სახლში, ჯალამბარი მოიტანე, ჯაჭვი მოაბიო… ოღონდ, ტაბუ დაიცავი, აღარავის უთხრა, სად მიდიხარ, გამოგეკიდებიანო. ცოლი გეტყვის, სად მიგაქვს ესო.. მონადირემ თუ მწყემსმა ეს ვერ შეასრულა – როცა მივიდა ამ ადგილას, ეს გამოქვაბული თვალსაწიერიდან დაეკარგა და საერთოდ ვეღარ მიაგნო მის გზა-კვალს.

რას გვეუბნება ეს? ეს იმას გვეუბნება, რომ სანამ ამირანი არის დანდობილი გათავისუფლების  ამ ხერხებზე – ფიზიკურ ძალაზე, აგრესიაზე, სანამ მის გულში გარდაქმნა არ ხდება, არ ხდება მეტანოია, რაც უკვე ვახსენე, ეს ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. სანამ ის სხვა საწყისზე არ დაიწყებს აზროვნებას, მანამ იქნება მიჯაჭვული.

კიდევ ერთი რამ –  პრომეთევსი ნამდვილად მითოსია, გასაგებია. მაგრამ არის თუ არა ამირანის თემა   მითოსის გამოხატულება? მე ვფიქრობ, რომ არა. ნამდვილად არა. იმიტომ რომ ამირანის ტრაგედია ეგზისტენციური ტრაგედიაა. ანუ მისი დამოკიდებულება არსებობისადმი, თავისთავისადმი, ეს არ არის მითოსის საკითხი. მითოსს ეს არ აინტერესებს. მითოლოგიური ტიპია პრომეთე. ტრიქსტერია. რას ნიშნავს ტრიქსტერი? არსებას, რომელსაც ადამიანებისთვის მოაქვს ერთგვარი სიკეთე, რაღაც აღმოჩენა. პრომეთემ  ცეცხლი მოიტანა. ეს არის სწორედ კულტურული გმირი. ამირანი არ არის კულტურული გმირი. თუ ამირანის ეპოსი არის მითოსი, ის უნდა იყოს კულტურული გმირი, ცხადია. ამიტომაც ხელოვნურად მიაწერეს ცეცხლის მოტანა მას. ცეცხლის მოტანა მისთვის არ არის არსებითი. მისთვის არსებითია გარდაქმნა, სულიერად გარდაქმნა თავისი პიროვნებისა, რომელიც აქამდე იტანჯება.

როგორც გითხარით, როცა ერთი ტექსტი დაედება მეორეს,  ის ტექსტი იღუპება. რა არის უფრო მნიშვნელოვანი ამირანის სახეში: ის, რომ ის არის საქართველოს სიმბოლო, თუ ის, რომ ის არის კაცობრიობის სიმბოლო? ქართველმა ხალხმა, არ ვიცი, ეს ხალხის იყო თუ არა, „ამირანის ეპოსში“  გამოავლინა კაცობრიობის ბედი და გვითხრა: სანამ კაცობრიობა ისეთია, როგორიც ამირანი, რომელსაც არ მოუნანიებია თავისი საქციელი, მიჯაჭვულადვე დარჩება.

 

ზურაბ კიკნაძის „ნაფიქრალის“ სრულ ტექსტს გაეცნობით კრებულში, რომელსაც აზროვნების აკადემიის გამომცემლობა უახლოეს პერიოდში გამოსცემს.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts