აუტიზმის სპექტრის აშლილობები – ეს არის ქოლგა-ტერმინი და გულისხმობს რამდენიმე მდგომარეობას, რომელთაც აერთიანებთ გახატული პრობლემები სამ ძირითად სფეროში (სიმპტომთა სხვადასხვა გამოხატულებით): სოციალური ინტერაქციისა და კომუნიკაციის თვისობრივი ცვლილებები, ინტერესთა შეზღუდულობა და სტერეოტიპული ქცევის პატერნი. აღნიშნულ მდგომარეობებს შესაძლოა თან ახლდეს გონებრივი ჩამორჩენილობა, მოტორული კოორდინაციისა და ყურადღების სირთულები, ქცევის მართვის სირთულეები და ფიზიკური დარღვევები, როგორიცაა ძილის და საჭმლის მონელების დარღვევები.
აუტიზმისთვის სპეციფიკური ნიშნების გარდა, შესაძლოა, გამოვლინდეს სამედიცინო, სენსორული, კოგნიტური, ენისა და მეტყველების, ემოციური და ქცევის პრობლემები. მათ შორისაა რუტინის საჭიროება, სხვა ადამიანების სურვილების, გრძნობებისა და აზრების გაგებისა და გათვალისწინების სირთულე, ძილისა და კვების დარღვევა, თვითდამაზიანებელი ან აგრესიული, რთული ქცევა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა.
აუტიზმის სპექტრის შემთვევაში ცვლილებები ვითარდება თავის ტვინის განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე, ამიტომ დარღვევისთვის დამახასიათეელი სიმპტომატიკა მაქსიმალურად ვლინდება 18 თვიდან 36 თვემდე. მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ადრეულ დიაგნოსტიკას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ინტერვენციის ეფექტურობის თვალსაზრისით.
კლინიკური სურათი განსხვავებულია და დამოკიდებულია აუტიზმის სიმძიმეზე, თანმხლებ დარღვევებსა და კოგნიტურ უნარებზე. ასევე, ასაკის მატებასთან, გარემოს ცვლილებასა და ახალ მოთხოვნებთან, ინტერვენციასა და თანმხლებ დარღვევებთან ერთად იცვლება აუტიზმის კლინიკური გამოვლენა.
აუტიზმის გავრცელების მაჩვენებლებმა უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 160-დან 1 ბავშვს აქვს აუტიზმი (WHO, 2013). მზარდმა პრევალენტობამ მოითხოვა სადიაგნოსტიკო და ფსიქოსოციალური სერვისების განვითარება აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება 4 დიაგნოსტიკური კატეგორია: ბავშვთა აუტიზმი, ატიპური აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი.
1. ბავშვთა აუტიზმი – არის განვითარების ზოგადი აშლილობის ისეთი ტიპი, რომლის დროსაც: ა) განვითარების ანომალია ან დარღვევა ვლინდება 3 წლის ასაკამდე, ბ) აღინიშნება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციის სიძნელეები, შეზღუდული, სტერეოტიპული, განმეორებადი ქცევები და ინტერესები. ამ სპეციფიკურ დიაგნოსტიკურ ნიშნებს, ცალკეულ შემთხვევაში, ერთვის მთელი რიგი არასპეციფიკური სიმპტომებიც, როგორიცაა: ფობიები, ძილისა და კვების დარღვევა, მრისხანების აფექტი, აგრესია და სხვა.
2. ატიპური აუტიზმი – განსხვავდება ბავშვთა აუტიზმისაგან დაწყების ასაკით, ან არ აკმაყოფილებს აუტიზმის სამივე დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს. ეს ქვეკატეგორია უნდა იქნეს გამოყენებული მაშინ, როდესაც აუტიზმისათვის დამახასიათებელი ნიშნები ვლინდება სამი წლის ასაკის შემდეგ, ასევე, არასაკმარისადაა გამომჟღავნებული სამივე სფეროს ფსიქოპათოლოგიური მახასიათებლები: სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციის სიძნელეები და შეზღუდული, სტერეოტიპული, განმეორებითი ქცევები და ინტერესები. ატიპური აუტიზმი უმეტესად ვლინდება ღრმა ინტელექტუალური დარღვევისა და/ან ექსპრესიული-რეცეპტიული ენის მძიმე დარღვევის მქონე ინდივიდებში.
3. ასპერგერის სინდრომს – ახასიათებს სოციალური ურთიერთობების ისეთივე თვისებრივი დარღვევები, რაც დამახასიათებელია აუტიზმისთვის. ასევე, ვლინდება შეზღუდული, სტერეოტიპული და განმეორებადი ქცევები და ინტერესები. აუტიზმისაგან განსხვავებით ასპერგერის სინდრომის შემთხვევაში არ აღინიშნება ენისა და მეტყველების და კოგნიტური სფეროს განვითარების შეფერხება. ამ აშლილობას ხშირად ახლავს მოტორული მოუქნელობა, მოტორული კოორდინაციის სიძნელეები. აღნიშნული სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომები მოზარდებსა და მოზრდილებში მყარია. ფსიქოზური ეპიზოდები კი მოზრდილთა ასაკში იშვიათია.
4. განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელის – სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია განვითარებაში ჩამორჩენა აუტიზმის ნიშნებითა და კოგნიტური პრობლემებით. ასეთ შემთხვევაში გამოვლენილი ნიშნები ვერ აკმაყოფილებს ბავშვთა აუტიზმის, ატიპური აუტიზმის ან ასპერგერის სინდრომის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასებას. პროცესში ჩართულები არიან: ბავშთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი.
დიაგნოზის დასმის შემდეგ გუნდის მიერ იგეგმება ინტერვენციის პროცესი, სადაც აუციელბლად არის ჩართული ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA თერაპია) და დამატებითი თერაპიები საჭიროებისამებრ (სენსორული, მეტყველების, ფიზიკური, ოკუპაციური, ხელოვნების თერაპიები). აუცილებელია ბავშის მდგომარეობის მონიტორინგი ექიმის მიერ 6-12 თვის ინტერვალში და საჭიროებისამებრ ADOS ტესტის ჩატარება პროგრესის და მიმდინარეპრბლემების შეფასების მიზნით.
მკურნალობა და მართვა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის, მოზარდისა და ზრდასრულის, მისი ოჯახისა და მზრუნველის საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ბავშვი/ზრდასრული, მისი ოჯახის წევრები და მზრუნველი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ.
ავტორი: ფსიქოლოგი მარიამ მაჭავარიანი
წყარო: „აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა „ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი)