სტატიები

ავტორიტეტი მორალის წინააღმდეგ – მილგრემის ექსპერიმენტი

ავტორიტეტი და მორალი

სტენლი მილგრემის ექსპერიმენტმა კატალიზატორის როლი შეასრულა კვლევითი ეთიკის, სოციალური გავლენების დინამიკისა და ადამიანის ბუნების სირთულეების შესახებ სამეცნიერო სამყაროს ინტერესის გაღრმავებაში. ექსპერიმენტის განხილვისას ვსწავლობთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც აყალიბებენ ქცევას და აჩენენ მორალურ დილემებს, ეს ყველაფერი კი ჩვენი ყოველდღიურობის მუდმივი საკითხებია. საკუთარი თავისთვის იმ კითხვის უბრალოდ დასმაც კი, თუ როგორ მოვიქცეოდით მონაწილეების ადგილას, გვეხმარება უკეთ მოვემზადოთ რეალობისთვის, სადაც ავტორიტეტისადმი მორჩილებასა და საკუთარი ღირებულებების მიყოლას შორის არჩევანის გაკეთება იმაზე ბევრად  ხშირად გვიწევს, ვიდრე წარმოგვიდგენია. 

 ავტორიტეტისადმი მორჩილების ექსპერიმენტი, რომლის პირველი ვერსია 1963 წელს იელის უნივერსიტეტში ჩატარდა, რჩება ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და დამაფიქრებელ კვლევად ფსიქოლოგიის ისტორიაში. მისი მიზანი იყო დაედგინა, რამდენად დაემორჩილებოდნენ ინდივიდები ავტორიტეტს, მაშინ, როცა მათ საკუთარი მორალის საწინააღმდეგოდ მოუწევდათ მოქმედება. სწორედ ამ ფენომენს განვიხილავთ სტატიაში და ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიცვალა შეხედულებები ადამიანის შესახებ ექსპერიმენტის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

ექსპერიმენტი დაიწყო მონაწილეთა დაქირავებით. მოხალისეებს დაჰპირდნენ კომპენსაციას დათმობილი დროისთვის. არჩეულ კანდიდატებს უთხრეს, რომ ექსპერიმენტი იკვლევდა დასჯის მეთოდის გავლენას ადამიანის სწავლის უნარზე. ლაბორატორიაში შესვლისას მონაწილეებს მიესალმა ექსპერიმენტატორი, რომლისგანაც შემდგომი ინსტრუქციები მიიღეს: მონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ მასწავლებლები, ხოლო გვერდით ოთახში იმყოფებოდა მოსწავლე, რომელსაც მასწავლებელი ვერ ხედავდა, თუმცა მისი ხმა სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მკაფიოდ ესმოდა.

ექსპერიმენტის მთავარ მოწყობილობას ელექტროშოკის გენერატორი წარმოადგენდა, რომელიც ინსტრუქციის მიხედვით მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო მიმაგრებული. მასწავლებლის წინ კი იყო ელექტროშოკის გამააქტიურებელი დაფა.

მოწყობილობის თითოეული ბერკეტი შეესაბამებოდა გარკვეულ ძაბვას. ენერგია ნელ-ნელა იზრდებოდა და მოსწავლის მიერ გაცემულ ყოველ მცდარ პასუხზე მას უფრო მაღალი ძაბვა ხვდებოდა. შოკის ინტენსივობის მატებასთან ერთად იზრდებოდა მოსწავლის ყვირილიც მეორე ოთახიდან და ხშირდებოდა თხოვნა ექსპერიმენტის შეწყვეტის შესახებ. თუ მასწავლებელი ყოყმანობდა ბერკეტის ჩამოწევაზე, ექსპერიმენტატორი, რომელიც ამ დროს ოთახში იმყოფებოდა, მოუწოდებდა მოქმედებისაკენ. საბოლოოდ, ყოყმანებისა და შეფერხებების მიუხედავად, მონაწილეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ექსპერიმენტი ბოლომდე მიიყვანა და ის ბერკეტი გამოიყენა, რომელსაც მოსწავლის სიკვდილი უნდა გამოეწვია, ბერკეტი 450 ვოლტს შეესაბამებოდა და ის 40 მონაწილიდან 26-მა გაააქტიურა.

რა საკვირველია, მოსწავლეები რეალურად არ იღებდნენ დარტყმას, ისინი ექსპერიმენტატორის მიერ დაქირავებული მსახიობები იყვნენ, რომელთაც შოკის შემდეგ ტანჯვის ხმის გამოცემა ევალებოდათ, თუმცა მასწავლებლებმა ეს ნამდვილად არ იცოდნენ. ექსპერიმენტის მსვლელობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რეალურ პირობებში შესაძლოა მსგავსი სისტემით 26 ადამიანი ნამდვილად დაღუპულიყო. 

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტს წინ უძღოდა 1961 წელს მომხდარი ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოხელის, ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესი, სადაც მან თქვა, რომ ებრაელების გენოციდის პროცესებში იგი დამნაშავედ არ უნდა ეცნოთ, რადგან თავად უბრალოდ სხვის ბრძანებას ასრულებდა.

 სწორედ ამ სიტყვების შემდეგ გადაწყვიტეს ეკვლიათ შეეძლო თუ არა ავტორიტეტს ადამიანზე ისეთი გავლენის მოხდენა, რომელიც მის მორალურ ღირებულებასაც კი დათრგუნავდა. მილგრემის ექსპერიმენტის პირველმა ვარიაციებმა ამ კითხვაზე მკაფიოდ უპასუხა „დიახ“. 1962 წელს აიხმანი ჩამოახრჩვეს, თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ მსგავსი დანაშაული მორჩილების გამო შესაძლოა ნებისმიერმა ადამიანმა ჩაიდინოს.

დასკვნა

შედეგებმა გამოავლინა მორჩილების საგანგაშო დონეები, ექსპერიმენტმა ხაზი გაუსვა სიტუაციური ფაქტორების ძალას და ავტორიტეტის ფიგურების გავლენას ინდივიდუალურ ქცევაზე. თუმცა, მან ასევე გამოიწვია მნიშვნელოვანი ეთიკური შეშფოთება მონაწილეების მოტყუების, მათზე მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანისა და ავტონომიის პრინციპებით მანიპულირების გამო.

კრიტიკოსებმა სტენლი მილგრემის მეთოდოლოგიაში სხვადასხვა ხარვეზები გამოჰყვეს Martin (2016). მათ შორის ნიმუშის მიკერძოება, ინფორმირებული თანხმობის ნაკლებობა და მონაწილეებში ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტრავმის გამოვლენის პოტენციალი. უფრო მეტიც, ექსპერიმენტის ეკოლოგიური ვალიდობა ეჭვქვეშ დადგა, რადგან მისი ხელოვნური ლაბორატორიული გარემო შესაძლოა სრულად არ ასახავდეს მორჩილების რეალურ დინამიკას.

მიუხედავად ამ კრიტიკისა, მილგრემის ექსპერიმენტი რჩება ფსიქოლოგიის დარგში ერთ-ერთ უმთავრეს კვლევად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ ძიებას მორჩილების, ავტორიტეტის ფაქტორისა და ეთიკური ქცევების პროცესების შესახებ. მისი გავლენა სცილდება აკადემიურ საზღვრებს და აჩენს კითხვებს ადამიანის ქცევის ბუნებისა და იერარქიულ სტრუქტურებში ინდივიდების პასუხისმგებლობის საკითხებზე.

სტატია ვებ-გვერდისთვის სპეციალურად მოამზადა ფსიქოლოგმა თამაზ ლაღიძემ

 

ბიბლიოგრაფია:

Milgram, S. (1963). Behavioral study of obedience. The Journal of abnormal and social psychology67(4), 371.

Martin, Jack. “Ernest Becker and Stanley Milgram: Twentieth-century students of evil.” History of Psychology 19.1 (2016): 3.