სტატიები

ძირითადი მიგნებები ნეიროპლასტიურობის შესახებ

 

ნეიროპლასტიურობა არის თავის ტვინის შესაძლებლობა შეიცვალოს და ადაპტირდეს გარემოს ცვლილებების საპასუხოდ, ისწავლოს ახალი ქცევითი პატერნები ან აღდგეს დაზიანების შემდეგ.

ნეიროპლასტიურობის დახმარებით ყალიბდება ახალი ნეირონული კავშირები, ასევე განმტკიცდება, განახლდება და შეიცვლება უკვე არსებული სინაფსური კონტაქტები.

ეს პროცესი ერთჯერადი არ არის და ყოველი ახალი გამოცდილების მიღებისთანავე მეორდება.

ქვემოთ მოცემულია 5 ძირითადი მიგნება ნეიროპლასტიურობის შესახებ:

 

  1. სწავლა და მეხსიერება ფენომენი: „ჩვენი ტვინი ფიზიკურად იცვლება, სწავლის პროცესში“.

ახალი ცოდნებისა და უნარების ათვისებისას ნეიროპლასტიურობა აძლიერებს ნეირონულ გზებს, ფსიქოლოგიურად, ეს ნიშნავს, რომ სწავლა მოიცავს არა მხოლოდ გონებრივ ძალისხმევას, არამედ რეალურ ცვლილებებს ტვინის სტრუქტურაში. სწავლისა და ვარჯიშის გზით მიღებული ახალი ცოდნები და გამოცდილებები ქმნის ხანგრძლივ ცვლილებებს სინაფსურ ბმებში. ეს მიგნებებს აქტიურად იყენებენ განათლების მიმართულების სპეციალისტები, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ განმეორება და განმტკიცება აძლიერებს მეხსიერების ფორმირებას.

  1. შემეცნებითი გამძლეობა ტრავმის შემდეგ „ტვინს შეუძლია განთავისუფლდეს ემოციური და ფიზიკური ტრავმისგან ნეიროპლასტიურობის მეშვეობით“.

ფსიქოლოგიურად, ნეიროპლასტიურობა საშუალებას აძლევს ადამიანებს განიკურნონ ტრავმის შემდეგ – იქნება ეს ემოციური, (მაგ: PTSD), თუ ფიზიკური, როგორიცაა ტვინის დაზიანება. ეს ფენომენი სხვადასხვანაირად ვლინდება, მაგალითად გონების ადაპტაციის, დაკარგული ფუნქციების ხელახლა სწავლის ან დაძლევის ახალი სტრატეგიების შემუშავების პროცესებში. თერაპიის ტექნიკა, როგორიცაა კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT) აძლიერებს ტვინის უნარს შექმნას ახალი ნეირონული ბმები, ეხმარება ინდივიდებს ნეგატიური აზრების მოშორებასა და ტრავმის ემოციური ზემოქმედების შემცირებაში. ტრავმის შემდგომი გამოჯანმრთელების მაგალითები ასახავს ტვინის რეორგანიზაციის შესანიშნავ უნარს.

  1. ჩვევების ფორმირება და ცვლილებები „განმეორებითი ქცევები ტვინში ბილიკებს გამოკვეთს“.

ნებისმიერი ჩვენი ჩვევა – ნეიროპლასტიკური პროცესების შედეგია. რაც უფრო მეტჯერ ვიმეორებთ ქცევას, მით უფრო ძლიერდება ნეირონული გზები, რაც ამარტივებს ამ ქცევის შემდგომ შესრულებებს. სწორედ ასე ყალიბდება მავნე და ჯანსაღი ჩვევები.

მაგალითად, ფრჩხილის კვნეტის ჩვევა ავიღოთ. თუ ამ ქცევას ერთხელ ვიმეორებთ ტვინში გაევლება ნეირონული გზა, რომელიც უშუალოდ ამ პროცესის შესრულებაზეა პასუხისმგებელი, თუ ფრჩხილებს რამდენიმე დღის განმავლობაში ვიკვნეტთ ნეირონული გზა გაფართოვდება და მეტად გამოკვეთილი გახდება, შესაბამისად მასში იმპულსის გატარება გამარტივდება და სხეული ამ ქცევის შესასრულებლად სულ უფრო და უფრო ნაკლებ გონებრივ ძალისხმევას დახარჯავს, საბოლოოდ ვიღებთ ჩვევებს, რომელშიც მინიმალურია ადამიანის კოგნიტური ძალისხმევა და ინსტინქტის დონეზე მიმდინარეობს.

ამ პრინციპზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ ინსტიქტური ქცევები, გონებაში დაბადებიდან მკაფიოდ გავლებული ნეირონული გზებია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ძალიან მარტივად აქტიურდება. ჩვევის დასწავლის ეს მეთოდი ერგება როგორც საკმაოდ მავნე ჩვევებს, როგორებიცაა ნარკოტიკისა და თამბაქოს მოხმარება, ამ შემთხვევაში ნეორონულ გზებს ემატება ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები, ასევე ისეთი ჩვევაც კი, როგორიცაა მანქანის მართვა. ქცევითი ინტერვენციები, როგორიცაა გონებამახვილობა ან თვითკონტროლი, ხელს უწყობს ტვინში მიმდებარე პროცესების „ცვალებადობას“, არაჯანსაღი შაბლონების დარღვევას და პოზიტიური ჩვევების განმტკიცებას გამეორებისა და ახალი სწავლის გზით. ეს პროცესები ნეიროპლასტიურობას მოაქვს და ადამიანს საშუალებას აძლევს შექმნას ჩვევებისა და ქცევების ისეთი პატერნი, როგორც მას თავად სურს. ტვინში მიმდინარე პროცესების გაანალიზება ხელს უწყობს ჩვევის ცვლილების მექანიზმის ფიზიოლოგიურ დონეზე გაგებას და შემდეგ ამ ცოდნის პრაქტიკაში გადატანას.

  1. ემოციური რეგულირება და გონებამახვილობა „ჩვენ შეგვიძლია გავავარჯიშოთ ჩვენი ტვინი სიმშვიდესა და კონცენტრირებულობაში“

მედიტაციის და ემოციური რეგულირების ტექნიკას შეუძლია რეალურად შეცვალოს ტვინის სტრუქტურა, გააძლიეროს ემოციური კონტროლი, შეამციროს შფოთვა და გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრების კეთილდღეობა. ეს ფაქტორები გვიჩვენებს, რომ ემოციური ჩვევები ისეთივე ელასტიურია, როგორც კოგნიტური. ცნობიერების შესწავლისას ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ ყურადღებასა და ემოციურ რეგულაციასთან დაკავშირებულ ტვინის ნაწილებში (მაგალითად, პრეფრონტალური ქერქი), ამავე კოგნიტური პროცესების გააქტიურების დროს იზრდება რუხი ნივთიერების სიმკვრივე. ამ პროცესს ფსიქოლოგები იყენებენ სტრესის მართვის პროცესში.

  1. შემზღუდველი რწმენისგან და სტერეოტიპებისგან განთავისუფლება „ჩვენი ტვინი ადაპტირდება ცვლილებებთან, თუნდაც ზრდასრულ ასაკში.”

ნეიროპლასტიკა ხაზს უსვამს იმას, რომ ღრმად დამკვიდრებული რწმენა და ჩვევაც კი შეიძლება შეიცვალოს. ფსიქოლოგიურად, ეს ფაქტი უჩენს იმედს იმ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან მენტალურ პრობლემებს ან დაბალ თვითშეფასებას. ეს ფაქტი მეტყველებს, იმაზე, რომ თვითგანვითარება შესაძლებელია მიზანმიმართული ძალისხმევით. კოგნიტური თერაპია ფოკუსირებულია ნეგატიური აზრების გამოვლინებასა და შემდეგ მათ შეცვლაზე. ამ მიგნების მეშვეობით ადამიანს შეუძლია “გადააკეთოს” ტვინი, ხელი შეუწყონ პოზიტიურ და განმავითარებელ აზროვნებას და გახადონ ფსიქიკა მეტად მოქნილი.

 

ნეიროპლასტიურობის შესახებ მეტის გასაგებად დაესწარით მეცნიერებათა დოქტორ სიმონ სურგულაძის ლექციას