სტატიები

„ღვთაებრივი წინასწარცოდნა და ადამიანის თავისუფლება“ – ლევან გიგინეიშვილი

გიგინეიშვილი

ყველაზე საინტერესო წიგნი (ბოეთიუსის „ფილოსოფიის ნუგეშიდან“) არის მე-5 წიგნი, რომელშიც ბოეთიუსი სვავს შეკითხვებს ღმერთის წინასწარცოდნის (Providentia) შესახებ. თუ ღმერთმა ყველაფერი იცის, მაშინ მან იცის მომავლის ქმედებებიც, ის თუ მომავალში რა მოხდება, სხვაგვარად ის ვერ იქნება ყოვლისმცოდნე, ხოლო ქრისტიანობა კი სწორედ ამას ამბობს, რომ „სულიწმინდა მომავალს გეტყვით“. მისი ცოდნა მარადიული და უცვლელია, მაგრამ თუკი ყველაფერი იცის, მაშინ მე როგორღა ვარ თავისუფალი? იყვნენ ხალხი ვინც ამტკიცებდა, რომ თუ ეს ასეა, მაშინ მე თავისუფალი აღარ გამოვდივარ, ჩემი ყოველი მოქმედება არის ღმერთის წინასწარცოდნაში განსაზღვრული, ხოლო თუკი მე თავისუფალი არ ვარ მაშინ რა ინგრევა? რა თქმა უნდა, ინგრევა პასუხისმგებლობა. ეს საკითხი ავგუსტინესთანაც იყო განხილული. თუ ღმერთისგან არის ყველას ცხონება, მაშინ ღვთისგანვე უნდა იყოს ყველას წარწყმედაც. მართალია ავგუსტინე არ მიდის ამგვარ რადიკალურ გაგებამდე, მაგრამ ლოგიკურად შეიძლება, რომ ამ აზრამდე მიხვიდე.

ენტონი ბერჯესი, „მექანიკური ფორთოხალი“-ს ავტორი, ყვება: „ერთხელ ნიუ იორკში ტაქსით მგზავრობის დროს მძოლთან ვსაუბრობდი იმაზე, რომ ახლა რაც არ უნდა გავაკეთოთ, ეს აღმოჩნდება ღმერთის ნება, რადგან მან წინასწარ იცოდა რას გავაკეთებდით. ეს რომ გავიაზრე, ვიფიქრე რამხელა ამბავს მივხვდით და ვუთხარი – მოდი წავიდეთ ბარში და აღვნიშნოთ ეს ამბავი“. ისინი მართლაც წავიდნენ და დალიეს ბარში. მათ აღნიშნეს ის, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ეს იქნებოდა ღმერთის ნება, რადგან ღმერთის ცოდნა მისსავე ნებას ემთხვევა, და რადგან მათ ეს რაღაც გააკეთეს, მათ ღმერთის ნება აღასრულეს. მაგალითად, ავიღე ეს წიგნი ახლა და მე შევასრულე ღმერთის ნება, რადგან ღმერთის ცოდნაში იყო, რომ მე ამ წიგნს ავიღებდი და თუ ცოდნაში იყო ეს, მაშინ მისი ნებაც იყო, რომ ეს წიგნი ამეღო.

მაგრამ არასწორი დოქტრინაა ეს, აშკარად რაღაც ისე არ არის. როგორ შეიძლება ღმერთს ბოროტება უნდოდეს, რადგან ასე ღმერთი გამოდის ბოროტების მიზეზი და ეს აბსურდია. მაშ როგორღაა ღმერთის წინასწარი ცოდნა და ჩემი თავისუფლება შეთავსებადი? ძალიან დიდი საკითხია და არ ვამბობ, რომ ბოეციუსმა ეს საკითხი ამოხსნა.

მომავალი არის დაუდგენელი ქმედებები. დავუშვათ, ხვალ უნდა მოვიდე და უნდა მქონდეს თქვენთან ზუმში საუბარი. როცა მე ვამბობ, რომ ხვალ იქნება საუბარი, მე ამას არ ვამბობ იმავენაირად, როგორც ის, რომ ახლა ვზივარ და ლექციას ვკითხულობ, ანდა ის, რომ გუშინ ჩავატარე ლექცია. ახლა რაც ხდება, ეს დადგენილია, რაც წარსულში მოხდა ისიც დადგენილია, მაგრამ ხვალ რაც მოხდება ეს დადგენილი არაა, არამედ ეს არის შესაძლებელი – კონტინგენტური და არა აუცილებელი. ახლა, რომ ვსაუბრობ – ეს აუცილებელია, რაც წარსულში მოხდა ისიც აუცილებელია, რადგან მოხდა უკვე, მაგრამ მომავალში, რომ იქნება ლექცია – ეს მომავლის კონტინგენტური, დაუდგენელი წინადადებაა. მაგრამ ღმერთმა თუკი იცის ის, თუ რა იქნება მომავალში, ეს იცის კონტინგენტურად თუ ისე, როგორც აუცილებლობა? თუ მან აუცილებლობით არ იცის, მაშინ დაკნინდება ღვთაებრივი ცოდნა და ჩემი ცოდნის მსგავსად, ანუ – ან მოხდება, ან არა. მაგრამ ღმერთმა იცის ეს აუცილებლად. თუკი ღმერთმა აუცილებლობით იცის, მაგალითად ის, რომ ხვალ ზუმით ლექციას გავმართავ, მაშინ როგორ იქნება ეს ქმედება თავისუფალი, გამოდის, რომ ჩვენ შეკრულები ვართ ღმერთის წინასწარი ცოდნით.

ბოეთიუსი ამტკიცებს, რომ ქმედება, მიუხედევად ამის, მაინც თავისუფალი რჩება. დავუშვათ პავლემ (ოპერატორი) მოატრიალა ეს კამერა, რომელიც მიღებს, მასზე ვინმემ იძალადა? ის ხომ თავისი ნებით შემოატრიალა. მისი მოქმედება არის თავისუფალი. დავუშვათ, რომ არ არსებობს ღმერთის წინასწარი ცოდნა ამის შესახებ, ჩვენ ხომ ვიტყოდით, რომ პავლეს ეს ქმედება არის თავისუფალი. ეხლა შემოვიყვანოთ ღმერთის წინასწარი ცოდნა სამყაროში, მოქმედების თავისუფლებას ღმერთის წინასწარი ცოდნა რამენაირად შეცვლიდა? არანაირად. არსებითად, თავისუფალი ქმედება არ იცვლება იმით, ვიღაცამ იცის თუ არა მის შესახებ.

მაინც არაა ეს არგუმენტი საკმარისად ძლიერი და ამიტომ „ფილოსოფია“( ბოეთიუსის „ფილოსოფიის ნუგეშის“ პერსონაჟი) იწყებს სხვა, უფრო ღრმა არგუმენტების მოყვანას. ის ლაპარაკობს სულ სხვა მისტიკური, პლატონური პერსპექტივიდან. როგორ იცის ღმერთმა? ღმერთმა იცის ისე, როგორიც თავად არის, იგი არის მარტივი და კეთილი. ღმერთში ყოველივე აუცილებელია და არაფერია შემთხვევითი. ამგვარად, ის რაც სამყაროში ჩვენთვის არის შემთხვევითი, ღმერთისთვის ის არის აუცილებელი. დროითი მოვლენა ღმერთმა იცის მარადიულად, რადგან მასში დრო არ არის საერთოდ.

მეტაფორულად რომ ავხსნა ეს ყველაფერი, მოვიყვან სუფიურ მაგალითს: იესო (ისა) მოდის თავის მოწაფეებთან ერთად და აგდია ძაღლის მძორი. მოწაფეებმა ზიზღით შეხედეს და ცხვირზე ხელები მიიფარეს, ხოლო ისამ თქვა – ნახეთ, როგორ ალმასივით ბრწყინავენ მისი კბილებიო. მოსწავლეებმა დაინახეს ყოველივე ცუდი, რაც ამ მძორში იყო, ხრწნა, ყროლი და ა.შ, მაშინ როცა ისაში მხოლოდ სიკეთე იყო და ამიტომ მან მხოლოდ ის დაინახა, რომ ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ მისი კბილები. ბოეთიუსი იტყოდა, რომ ქრისტემ სხვა ვერაფერი დაინახა, რადგან მასში არაა ეს სხვა, ხრწნა, ბოროტება. ვერ დაინახავს, რადგან მასში მარტო სიკეთეა. 

ამონარიდი ამოღებულია ლევან გიგინეიშვილის საავტორო კურსიდან „დიდი ფილოსოფიური ტექსტები“; კურსზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://cutt.ly/jOmEOZr