სტატიები

„გზა შინისკენ“ – მერაბ მამარდაშვილი

მამარდაშვილი

ამ ცოცხალი სხეულისთვის, რომელსაც საქართველო ჰქვია და რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ ყველანი – ამ სხეულისთვის დადგა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი და ამ მომენტის გაგება და ახსნა დაკავშირებულია წარსულის წარმოდგენასთან, პასუხთან იმაზე, რა არის წარსულის პრობლემა და რა წარსული ლაპარაკობს ჩვენში – ხოლო იგი უეჭველად ლაპარაკობს.

ეს ისტორიული მომენტი ასეთია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, აი, ამ სხეულისთვის დადგა რაღაც გარკვეული ველიდან გამოსვლისა და სხვა ველში შესვლის დრო. რას ვგულისხმობ ველში? ველი არის რაღაც სოციალური, ისტორიული სივრცე, სტრუქტურირებული რაღაც ძალებით. ეს ძალები ადამიანებში ცხოვრობენ, მოქმედებენ და ეს ძალები არის პათოსები, ვნებები, წარმოდგენები, სურვილები და ფსიქიკური ენერგიები. ამ ძალებს ყოველთვის აქვს რაღაც სახელმწიფოებრივი ნიშანი, ეს არის ამავე დროს ამ ველის სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, ძალაუფლების სტრუქტურა. ამ ველში ვინ, როგორ ახორციელებს მართვას, ხელისუფლებას და ა. შ.

ჩვენთვის ის ველი, რომელშიც ვიცხოვრეთ არატრადიციული და უცხოა, ეს ველი არის რუსული ხელისუფლების ველი, რომელიც შეიქმნა, ვთქვათ ასე, დაახლოებით XVII საუკუნეში და დაგვირგვინდა საბჭოთა ხელისუფლებით. მთავარი იდეა ამ ველისა არის ის, რომ ყველაზე მაღლა დგას სახელმწიფო და ადამიანი არაფერია თუ არა მსახური სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრივი იდეის.

სანამ საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა, ანუ ანექსიამდე, ისტორიულ საქართველოში მსგავსი სტრუქტურირება არ ყოფილა, არ არსებულა. ხოლო ახლა აქ, ისევე როგორც რუსეთში, მთავარი ელემენტი – ეს არის თავად ამ ძალაუფლების მოჩვენებითი ელემენტი. მისი ფსიქიკური ძალა ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ სტრუქტურებში ჩავარდნენ, დაეკარგათ რეალობისა და გონივრული ორიენტაციის უნარი. თითქოს უბრალო გლეხიც კი რაღაც მისტიკასა და არარეალურ მდგომარეობაში მოექცა – ეს არის აჩრდილებით მოცული ცნობიერება.

ახლა კი ჩვენ უნდა გადავიდეთ სხვა ძალათა ველში. სხვა ძალები არის სამოქალაქო ცხოვრებისა და სამოქალაქო ცნობიერების ევროპული სტრუქტურირება. არსებობს სამი ველი: აზიური, რუსული და ევროპული. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი მეფეები ყოველთვის შეცდომაში შედიოდნენ, როდესაც რუსეთისკენ იხრებოდნენ. რუსები მათ ყოველთვის ატყუებდნენ. ვერც სპარსელები და ვერც თურქები ვერ მოგვატყუებდნენ, ხოლო რუსები გვატყუებდნენ, რადგანაც ეს იმპერია ქართველებისთვის სრულიად უცხო იყო. ის ისეთი დესპოტური არ ყოფილა, როგორც ირანია, მაგრამ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით მის შესახებ. ტყუილი – იმ იმპერიის ელემენტია, რომელსაც რუსული ჰქვია და რომელიც გაგრძელდა საბჭოთა ხელისუფლებაში. იგი არ ჰგავს აზიურ იმპერიებს, მაგრამ ჩვენ ის უნდა მოვიშოროთ. მოვიშოროთ რადგან იგი ჩვენთვის არაისტორიული და არატრადიციულია და დავუბრუნდეთ ტრადიციულს.

ჩვენი ისტორია და ტრადიცია ქრისტიანულია, ეს არის პირვანდელი ქრისტიანობის ტრადიცია. ამ გაგებით ევროპა არის ქრისტიანული ექსპერიმენტი, რომელიც წარმატებით შედგა. ევროპული კულტურა – ეს არის ქრისტიანობის გამარჯვება, არა იმ გაგებით, რომ ხალხი ეკლესიაში დადის, ქრისტიანული სულის კრისტალიზება სრულიად სხვაგვარად ხდება, ევროპულ ინსტიტუციებში შეიძლება საერთოდ არ ახსენონ ღმერთის სახელი, მაგრამ ეს კრისტალიზება ხდება ურთიერთმიმართებებში, ნორმებსა და ინსტიტუციებში და ეს ყველაფერი ამართლებს ექსპერიმენტს. ამ ექსპერიმენტის ფარგლებში მოქცეულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბეს ნორმალური ცხოვრება, ისტორია და მემკვიდრეობა. ჩვენ მოვწყდით ამას, რადგანაც თავიდან ჩვენ აზიურ ტირანიათა წნეხის ქვეშ ვიყავით, ხოლო შემდეგ რუსულ სივრცეში შევედით, რომელიც სხვაგვარად, მაგრამ მაინც გამორიცხავს სამოქალაქო საზოგადოებას. მე ვიტყოდი, რომ რუსეთში ქრისტიანულმა განმანათლებლობამ კრახი განიცადა. ეს ნათლად ჩანს XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც კრიტიკული აზროვნება იწყება, გააზრება დამარცხებიდან იბადება. ახლა ჩვენ ან აღვადგენთ და განვავითარებთ ევროპულ სტრუქტურას, ან დავიღუპებით. დაღუპვა მარტივია. სტრუქტურირება კი ნიშნავს ფსიქიკურ ენერგიათა სტრუქტურირებას, ხოლო ფსიქიკური ძალები ეს არის ისტორიაში მოქმედი ძალები: ნება, პათოსი, სიმართლის დანახვა, რომელიც იმ სიმართლეზე უფრო თვალნათელია, რომელიც ჩამოჰგავს სიმართლეს. ბოროტება ისტორიაში სიმართლის გრძნობით არის ჩანერგილი. არ არსებობს ისეთი ბოროტება, რომელიც ადამიანს სიმწრითა და იმ შეგნებით არ ჩაედინა, რომ იგი მართალია, ხოლო სხვა უნდა დაისაჯოს, უნდა მოკვდეს.

თუკი ამ ელემენტებს დავუმატებთ რეალობის ელემენტს, მივიღებთ საბჭოთა საშინელებას, სადაც სისხლი არაფრის გულისთვის არ იღვრება. ისტორიაში გაცილებით უფრო მეტი სისხლი იღვრება არაფრის გულისთვის, ვიდრე რაიმეს გამო.


სასაცილოა, რომ ჩვენ წინ მომავალი გადაიშალა, ხოლო ჩვენ წარსულს ვართ მიჯაჭვულები და ვაკვირდებით, საკუთარ თავს ვეკითხებით. ეს ძალიან ცუდის ნიშანია. ჩვენ, ალბათ, გვაკლია იმის ცოდნა, თუ რა სამყაროში ვცხოვრობდით რა შეიძლება მოხდეს საბჭოთა სისტემის განადგურების შემდგომ. რთულია ამაზე ლაპარაკი და მე პროფესიული სიმახინჯე მდევს თან. რადგანაც ფილოსოფოსი ვარ, ჩემი უბრალო გამოცდილებები განყენებულ გაგებებად გარდაიქმნება. ამიტომ, სხვებს ეს სისულელეებად ან აბსტრაქციებად ეჩვენებათ. ასეთი ცნობიერება მომქანცველია. მე მახსოვს, თუ ახალგაზრდობისას თბილისში როგორ ვიღვიძებდი სულიერად. ამ გაღვიძების მთავარი ჭანჭიკი იყო ტკივილი ჩემს თვალებსა და გულში, რომელიც გამოწვეული იყო ირგვლივ გამეფებული უსამართლობით, ადამიანზე ძალადობით, ტყუილითა და მლიქვნელობით, უსირცხვილო უცოდინარობითა და ველურობით, ერთი სიტყვით – დამაბრმავებელი და სულის შემხუთველი წყვდიადით, რომელიც ჩვენ ოკეანესავით გვერტყა გარს მთელ რუსულ განუზომელ სივრცეში, რომელზედაც სხვა ყველა სიკეთესთან ერთად „ყველაფერი ყველა ენაზე დუმდა.“ და მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რა ხდებოდა მოსკოვში, რა ბოროტი ინტრიგები იხლართებოდა იქ და იყვნენ თუ არა ამაში დამნაშავეები რუსები თუ ვინმე სხვები.

ეს იყო ქართველების ტყუილი, რომელიც ქართველებმა თქვეს, ეს იყო წყვდიადი, რომელიც ქართველებმა შექმნეს, თვითნებობა, უსამართლობა და შენ ვერაფერს ვერ იტყვი, რადგან ბუნებრივი ენაც გახდა ოფიციალური და რიტუალური. ენაში იყო სიხარული და შეუძლებელი იყო ტკივილის გამოხატვა. ვერ ეტყოდი ადამიანს, რომ იგი ქურდავს, ართმევს, ყიდის საქართველოს. საქართველო ქართველებმა გაყიდეს. გაყიდეს ენაც. საბჭოთა ქართული ენა – ეს რა გაყიდვა არ არის? ამას ისიც ემატებოდა, რომ ეს ჩვენი ცხოვრება იყო, ჩვენი დების, ძმების, დედების, მამების, წინაპრების ცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში მნიშვნელობა ჰქონდა წარსულს, წარსული საუბრობდა და მომავალი წარსულით იყო გადაფარული. მაგრამ პრობლემა, აი, რაშია – ვისი წარსულია ეს?

როგორ უნდა ვთქვათ ცხოვრებაზე, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა? ზოგჯერ მე უცხოს ცხოვრებით ვცხოვრობ, რადგანაც მოჩვენებითი ცხოვრება ყოველთვის უცხოა. ასეთი გაგებით იგი მკვდარია და წარსული – არ არის შენი წარსული, იგი უცხოა. შენი წარსული შენ არც კი იცი, იგი მოჩვენებებითა და აჩრდილებით არის დაფარული.

წარსული არის ის მომხდარი რამ, რომელსაც ჰქონდა ადგილი და რომელიც ჩვენზე მოქმედებს. ამას ვერ შეცვლი. ეს ვისი ფიქრებია თქვენს გონებაში ან ჩემს გონებაში? დარწმუნებული ხართ, რომ თქვენია? როგორც იმაში არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობთ, აგრეთვე იმაშიც, რომ თქვენს საკუთარ ფიქრებს ფიქრობთ.

*
ნათქვამს ასე შევაჯამებდი, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფო არ არის, ჩვენ გვაქვს საზარელი საზოგადოება, რომელიც საზოგადოება არ არის, გვაქვს ძალაუფლება, რომელიც ძალაუფლება არ არის ამ ტერმინის იმ ისტორიული აზრით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არის საზოგადოების მიერ სტრუქტურირებული მომსახურე ორგანო, ხოლო სახელმწიფო მოღვაწე – არის საზოგადოებრივი მსახური. სახელმწიფო, რომელიც ახლა მართავს, – ეს რაღაც სხვაა, ისეთი რამ, რაც ტრადიციულ რუსულ მოჩვენებით ელემენტს სდევს თან – ეს აჩრდილია, აჩრდილის აჩრდილი; საზოგადოება, რომელშიც არ არსებობს ხალხის არანაირი დამოუკიდებელი ასოციაცია და არსებობს მხოლოდ ისეთი ერთობა, რომელიც შიგნიდან არის სახელმწიფოებრიობის პრინციპებით გამსჭვალული და დაშვებულია სახელმწიფოს მიერ. ძალაუფლება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ვინ მართავს დღეს საქართველოს? ცხადია, რომ ტრადიციული სტრუქტურა ნეიტრალიზებულია. არაფორმალები მართავენ? – არა. ლიბერალური ინტელიგენცია? – არა. საქართველოში ანარქიაა? – არა. და, აი, თვალნათლივ ვხედავთ, თუ რას გულისხმობს ჩვენი ძალაუფლება: ძალაუფლება ამორფულია და მართავს იმით, რომ ჩვენ თავად ვმართავთ ერთმანეთს მის სასარგებლოდ. ჩვენ „ადამიანურად“ გვესმის ერთმანეთის და ვაკეთებთ იმას, რაც საბჭოთა ხელისუფლებას სურს. და ვაღწევთ საბჭოთა იდიოტიზმს ეკონომიკაში, ხელოვნებასა და სამოქალაქო ცხოვრებაში – სანამ ვმართავთ…

იმისათვის რომ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, ჩვენ თავიდან უნდა მოვიშოროთ ეს ამორფული მმართველობა, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვიეს და დავუბრუნდეთ ისეთ ცხოვრებას, სადაც პურს პური ჰქვია, ჯარისკაცს ჯარისკაცი და არა მეომარი-ინტერნაციონალისტი, ანუ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ რეალობას, სადაც ნაკლები სისხლი დაიღვრება, რადგან აჩრდილები გაცილებით მეტ სისხლს ითხოვენ, ვიდრე ნებისმიერი უსასტიკესი სახელმწიფო ან ძალაუფლება. ეს რთული ამოცანაა. ჩვენ ქართველები ამას ან გავაკეთებთ, ან ჩვენ არ ვართ ისტორიული ცხოვრების ღირსები.

მერაბ მამარდაშვილი
ტექსტი ამოღებულია ნიკოლაი დროზდოვის ფილმიდან „გზა შინისკენ“ 1990 წ.

(თარგმანი: დაჩი ფაჩულია)