სიახლეები, სტატიები

„კრიზისი წყვილის ურთიერთობაში“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

კრიზისი – ეს შესაძლებლობაა და ამის გარეშე განვითარება არ არსებობს. სადაც არის კრიზისი, იქ არის განვითარება. ჩვენს ცხოვრებაში ვხვდებით რაღაც ახალს და ეს სიახლე უკვე არის კრიზისი. ჩვენ მას ან მივიღებთ, ან – არა. ამავე დროს, ან გვაქვს ადაპტაციის უნარი, ან – არა! მაგრამ ეს ყველაფერი საწყისი ეტაპიდანვე იკვეთება. ადამიანი განვითარებადია, ადამიანი არ იბადება სრულყოფილების ასაკში. ადამიანი ჩაისახება და 9 თვე არის დედის მუცელში და სწორედ აქედან იწყება მისი განვითარება და მისი კრიზისები. ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, არის დალექილი. ყველანაირი ინფორმაცია მიდის ჩანასახთან, ეგრეთ წოდებულ ნაყოფთან. ეს ნაყოფი არ არის, ეს არის ბავშვი, ეს არის ადამიანი, პიროვნება.

სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი სხვადასხვა ეტაპს გადის, რომლის დროსაც მას სხვადასხვა ტიპის კრიზისის გადალახვა უხდება. განსაკუთრებული, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თითოეულ ამ კრიზისს როგორ გავივლით, რა ოჯახურ პირობებში და რა სოციუმში.

ცოლ-ქმრისა და ოჯახურ თემებში, პარტნიორებთან კრიზისებს აქვს თავისი ეტაპები. როგორც წესი, ქორწინებიდან ერთი წლის თავზე იჩენს თავს პირველი კრიზისი. ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ქორწინების დღესაც ნანობდეს მამაკაცი, რომ ეს არ უნდა მექნაო. არა იმიტომ, რომ არ უყვარს, იმიტომ, რომ მთავრდება მისი თავისუფალი ცხოვრება და შეიძლება შიში გაუჩნდეს ამის გამო. აფრთხობს ახალი ვალდებულებები, ქალსაც, მამაკაცსაც. ბავშვი რომ ჩნდება, ეს არის, კრიზისი, როგორც წესი. ამ დროს ძალიან ხშირად ხდება ჯახი, შეუთავსებლობა, ეს კრიზისი რომ გადაივლის, მერე არის სამი-ოთხი წლის კრიზისი, როდესაც უკვე სიახლე გინდება და ეს სიახლე თუ არ არის, ამის გამო იწყება კონფლიქტი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია 40-45 წლის კრიზისი ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ქალის, ისე – კაცის. ეს ეხება ზრდასრულ ადამიანს და ეს შეიძლება გამოიხატებოდეს განახლებული ენერგიით, მოუნდეს თავისზე ბევრად უმცროსთან ურთიერთობა. მისთვის აღარ არის საინტერესო ცოლი, ან პირიქით, ქმარი. როგორც წესი, ეს კრიზისული პერიოდია და მის გადალახვაში ორივე პარტნიორმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ, რომ თუ ეს ერთს ემართება, იქ მეორის მონაწილეობაც არის.

არსებობს ქალთა ტიპოლოგია, „ქალი კრუხი“, ბავშვებს რომ გააჩენს, ჩათვლის, რომ თავისი მისია ამოწურა, აღარაფერი აქვს გასაკეთებელი, მხოლოდ ბავშვები გაზარდოს, აღარც თავს უვლის, აღარც გარეგნობას, ჰიგიენას და ასე შემდეგ. ამით ის ამადლის კიდეც თავის ქმარს, აბა, რა, ქალი ასეთი უნდა იყოს. ამ როლში შესული ადამიანი შეიძლება შემდეგ გახდეს პრობლემა მეორესთვის და პირიქით, აქ ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც შეიძლება ოჯახში მოხდეს. მობილურები და პლანშეტები იძლევა ერთმანეთის სულში ფათურის საშუალებას, რაც, ჩემი აზრით დაუშვებელია, თუმცა მაინც ხდება, რომ შეიძლება შემთხვევით ნახო რაღაც და შემდეგ ამას მოჰყვება ის, რაც მოჰყვება…

ზოგჯერ, ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში უცხოვრია, იმ ადამაინს, ვინც ეგონა, რომ მასზე გიჟდებოდა, თურმე, სხვა ცხოვრება აქვს. რასაკვირველია, ესეც არ ხდება შემთხვევით. ეს აქამდე ვერ შენიშნა, იმიტომ, რომ არ ეცალა ამისთვის, ეგონა, „თავი ქუდში ჰქონდა“.

არაფერია ცის ქვეშ გასაოცარი, ადამიანებისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ამით იმას არ ვამბობ, რომ არავის ენდო, რასაკვირველია, უნდა ენდო, ნდობა არ უნდა გადავიდეს იმდენად პასიურ უმოქმედობაში, რომ სიყვარული განელდეს – სიყვარული არის ცეცხლი და მას სჭირდება ორმხრივი შებერვა, თუ ეს შებერვა არ იქნება, რასაკვირველია, ის ნელ-ნელა განელდება და ჩაქრება. როცა ჩაქრება სიყვარული, იქ არის უკვე კრიზისი. და ამ კრიზისის გადაწყვეტას, როგორც წესი… თავიდან განახლება ყველას ეზარება და გარბიან ახალი ცხოვრებისკენ… ახალი კრიზისებისკენ, შეიძლება ასეც ითქვას…

ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ადამიანმა ჯერ იქ უნდა მოაგვაროს საქმე, სადაც არის. იქ უნდა დაამთავროს, დაასრულოს, დასვას წერტილი, სახელი დაარქვას ყველაფერს. დიალოგი არის უალტერნატივო, იმიტომ, რომ შესაძლებელია, ამ დროს ის საერთოდ არ ფიქრობს იმას, რაც ჰგონია. ყოფილა ასეთი შემთხვევები, კითხვაც არ დაუსვამთ. იმის ფიქრი, რომ, რა, ვერ უნდა მიხვდეს? მცდარია. ვერ მიხვდება, რატომ უნდა მიხვდეს? არავინ არაფერს ხვდება, თუ არ თქვი! ამიტომ უნდა თქვა, დააფიქსირო სათქმელი. თუ მე მაქვს პრობლემა, უნდა ვთქვა და დროულად უნდა დავაფიქსირო, უნდა დავარქვა სახელი. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფორმა, მე თუ მუშტითა და თითის ქნევით, ლაძღვა-გინებით გამოვხატავ ჩემს აზრს, მაშინ ასე სახელის დარქმევას, აჯობებს, სულ არ ვთქვა. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ამას ფასი არ ექნება.

აქ მჭირდება გონივრულობა. თუკი ადამიანი ვერ თოკავს თავის თავს, ნერვულ სისტემას ვერ აკონტროლებს და სიტყვას ვერ საზღვრავს, ალბათ, კარგი იქნება, მიმართოს ვინმე სპეციალისტს თუ, რასაკვირველია, სურს და უნდა ურთიერთობების გადარჩენა. თუ არ უნდა, ამ შემთხვევაში, გზა ხსნილია, როგორც იტყვიან. მაგრამ კრიზისი ამით არ გადაილახება.

საერთოდ, გაქცევით კრიზისი არ გვარდება, კრიზისს სჭირდება იქვე ამოწურვა, დასრულება და დამთავრება. იმიტომ, რომ, რამდენიც გაიქცევი, შენს თავს ხომ არ გაურბიხარ? შენი თავი შენ დაგყვება, ბუნებრივია. შენი პრობლემა, ერთთან რომ გაქვს, სხვასთანაც გექნება.

მომწონს ხოლმე მუჭანახევარა ზღაპრის მაგალითი. ყველგან გალახეს ეს მუჭანახევარა, იმიტომ, რომ ყველგან არასწორად იქცეოდა. ამ დროს, ნასწავლი ჰქონდა ეს ქცევა. მაინც ვერ ისწავლა ჭკუა. ჩვენც ასე ვცხოვრობთ, შეიძლება ერთგანაც გავილახოთ, მეორეგანაც და მაინც ვერ ვისწავლოთ ჭკუა, მაინც ვერ შევცვალოთ სტრატეგია.

ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და ადამიანი იმაზე სწავლობს, თუ თვითონ სად წაიქცევა, და არა იმაზე, ვინ რას მოუყვება. ასე რომ გვესწავლა, მაშინ ყველანი გენიოსები ვიქნებოდით! მე თვითონ უნდა წავიქცე, თვითონ უნდა მივარტყა თავი, თვითონ უნდა მივხვდე და თვითონ უნდა დავრწმუნდე! ასეა, ალბათ, ნებისმიერი ადამიანი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თვითონ აღმოაჩინოს, სახელები დაარქვას მოვლენებს და მოვლენასთან გამკლავება შესაძლებელია. რატომ არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტირება? როდესაც იცი, რა გჭირს, იცი, როგორ მიხედო პრობლემას. აფრთხობს ადამიანს ყოველთვის აფრთხობს გაურკვევლობა. უნდა ვეცადოთ, რეალობას თვალებში შევხედოთ და დაცვითი მექანიზმები რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ. თუმცა, ეს არ არის ადვილი, ბუნებრივია.

ძალიან მნიშვნელოვანია სახელდება, გაცნობიერება და პრობლემის აღიარება. ამით თუ იწყებ, უკვე ერთი ნაბიჯი გადადგმულია იმისაკენ, რომ შეცვალო და დაძლიო კრიზისი, თუ გაურბიხარ სახელდებას, თუ გაურბიხარ აღიარებასა და გაცნობიერებას, ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, როგორც ციყვი გალიაში, ისე დარბიხარ, ტრიალებ და ვერ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან, გაქცევა კი არასდროს არის გამოსავალი! იმიტომ, რომ გაქცევა არის ნარკოტიკიც, სასმელიც, ბევრი სხვა რამეც, რითაც, კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებ, ამწვავებ და უარესს ხდი! ზოგი სხვას ასწავლის ჭკუას და თვითონ უარესი მდგომარეობა აქვს.

ა არის მთავარი ეტაპები, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავარ, კრიზისი მაქვს, აკვიატებული ქცევა მაქვს, ურთიერთობა გამიფუჭდა, სამსახურშიც კრიზისული პერიოდია, – ამისთვის უნდა ჩავიხედოთ სარკეში. სწორედ ეს სარკეში ჩახედვა არის ის აქტივობა, რომელიც ადამიანს საკუთარ სულში ახედებს და მას ეს სჭირდება. ესაა საკუთარი თავის გვერდიდან, ზემოდან და საიდანაც გნებავთ, დანახვა. როგორ გამოვიყურები ან როგორ ვიქცევი? არ ვგულისხმობ გარეგნობას! რა მჭირდება მე, რა არის ის, რის გამოც მე ამ მდგომარეობაში ვარ. აღიარება, რომ კრიზისი მაქვს; თუ არ ვაღიარეთ და არ დაერქვა ყველაფერს სახელი, რომ მე პრობლემა მაქვს, მაშინ ამ პრობლემას ვერ გადავჭრი.  

კრიზისი თუ არ დგას, იქ განვითარებაც არ არის. იმიტომ, რომ კრიზისის მეშვეობით ხედავ სიახლეს. ურემი გადაბრუნდება და გზა მერე ჩნდებაო, ამის მსგავსადაა. ნახეთ, მოხდა ცუდი რაღაც და ამან ცხოვრება მასწავლა. თუ ასე შეხედავ ნებისმიერ კრიზისს, მხოლოდ სასარგებლო შეიძლება იყოს, თუ არ ჩავთვლით კატასტროფებსა და კატაკლიზმებს, რაღაც უბედურებას, ამაზე ახლა არ ვსაუბრობ. თუმცა, ნებისმიერი მოვლენის „პოზიტივში ამოყვანა“ შესაძლებელია.

როდესაც ამას ახერხებს ადამიანი, ამ შემთხვევაში მას შეუძლია, გაუმკლავდეს პრობლემას და ახალი ცხოვრება დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებისა.

საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა. 

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის