ბლოგები, სტატიები

„მასმედიის გავლენა და თოჯინა ბობოს ექსპერიმენტი”

1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ტექნიკური მოწყობილობის დახმარებით ინფორმაციის გავრცელება უკვე შესაძლებელი იყო და ეს ტექნოლოგიები ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მკვიდრდებოდა. როცა ინფორმაციის სხვადასხვა მოწყობილობებით გადაცემამ მასობრივი ხასიათი მიიღო, დაიწყო  მსჯელობები ტექნოლოგიური განვითარების დადებით და უარყოფით მხარეებზე და გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა ეგრეთ წოდებული, „ჯადოსნური ტყვიის თეორია“, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედია გზავნილებს, განსაკუთრებით ტელევიზიის საშუალებით გავრცელებულს, შეეძლო პირდაპირი გავლენა მოეხდინა ინდივიდების დამოკიდებულებებზე, რწმენებსა და ქცევებზე. ამ თეორიის თანახმად, ტელევიზიიდან ინფორმაციის მიმღები ადამიანი ისევე სწრაფად ექცეოდა გავლენის ქვეშ, რა სისწრაფითაც მოქმედებდა ჰიპოდერმული ნემსის ინექცია ან ჯადოსნური ტყვია.

“ჯადოსნური ტყვიის თეორიამ” გავლენა მოახდინა მედიის გავლენებზე ჩატარებულ ადრეულ კვლევებზე, განსაკუთრებით 1930-იან და 1940-იან წლებში. თუმცა, კვლევების უმეტესობა ზედმეტად მარტივად უდგებოდა საქმეს. საჭირო ხდებოდა მეტად საფუძვლიანი კვლევების განხორციელება და ახალი თეორიების შექმნა. შემდგომმა კვლევებმა, მათ შორის ისეთი მკვლევრების ნაშრომების ჩათვლით, როგორიცაა პოლ ლაზარსფელდი და ელიჰუ კაცი, განაპირობეს უფრო ნიუანსური თეორიების შემუშავება, როგორიცაა „ორნაბიჯიანი ფლოუ მოდელი“ და „დღის წესრიგის გაწერის თეორია“. ისინი ხაზს უსვამენ ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და მედია დღის წესრიგის როლს აუდიტორიის აღქმისა და ქცევის ჩამოყალიბებაში.

მაგალითად, “ორნაბიჯიანი ფლოუ მოდელი” (Weimann,1994) გულისხმობს, რომ ადამიანების უმეტესობა არ ექვემდებარება მასმედიის პირდაპირ ზეგავლენას და ამის ნაცვლად აყალიბებს თავის მოსაზრებებს. თეორიის მიხედვით გავლენას ქმნის არა მედია, არამედ ავტორიტეტები, რომლებიც ინტერპრეტაციას უკეთებენ მედია გზავნილებს. ამის შემდეგ ისინი საკუთარ მოსაზრებებს ფართო საზოგადოებაზე ავრცელებენ და საზოგადოების ნაწილი ხდება ამ აზრის მიმდევარი, ანუ ექცევა აზრის გავლენის ქვეშ.  მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ მედია საშუალება გადასცემს ინფორმაციას, რომ არსებობს ომის დაწყების საფუძვლიანი ეჭვი, ეს ინფორმაცია ბევრად საფუძვლიანი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, როცა მას ინფორმაციის მიმღები ადამიანის ავტორიტეტებიც დაასაბუთებენ. შესაბამისად, “ორნაბიჯიანი ფლოუ მოდელის” მიხედვით, მედიას არა პირდაპირი, არამედ ავტორიტეტით გაშუალებული გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე.

 

დავუბრუნდეთ “ჯადოსნური ტყვიის” თეორიას. რომლის  გავლენა, ტელევიზიის  ზემოქმედების შესახებ მოსახლეობის შეშფოთებას ძალიან სწრაფი ტემპებით ამძაფრებდა. უამრავი კვლევის მიუხედავად, თეორიამ პოპულარობა თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა. თუმცა, მან განსაკუთრებული ყურადღება მოიპოვა მე-20 საუკუნის შუა წლებში, დაახლოებით 1940-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, ტექნოლოგიების სწრაფმა წინსვლამ და ტელევიზიის ფართოდ გავრცელებამ საზოგადოების ინტერესი მის მიმართ საჯარო განხილვების წინა პლანზე წამოწია. 1972 წელს აშშ-ში გამოქვეყნდა „მთავარი ქირურგის მოხსენება“  ტელევიზიისა და სოციალური ქცევის შესახებ. რომელიც მოიცავს ათწლეულების კვლევებსა და საკმაოდ დიდ სხვა სახის ინფორმაციას მასმედიის გავლენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თუ რა გავლენა შეიძლება მოეხდინა მედია ინფორმაციას ბავშვებზე. ამ საკითხზე ინტერესს აღრმავებდა ალბერტ ბანდურას მიერ 1961 წელს დაწყებული ექსპერიმენტთა სერიები, რომელიც თოჯინა ბობოს (Bobo doll) ექსპერიმენტის სახელითაა ცნობილი.

თოჯინა ბობო

სტენფორდის უნივერსიტეტის  ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ  სოციალური სწავლის მექანიზმების გამოსაკვლევად შეიმუშავა ექსპერიმენტის დიზაინი, რომელშიც მთავარი როლი თოჯინას უნდა შეესრულებინა. კვლევის ძირითადი მონაწილეები სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ. თითოეული ბავშვი შეიყვანეს ოთახში, სადაც სხვადასხვა სახის სათამაშოები იყო განთავსებული, მათ შორის იყო თოჯინა ბობოც – გასაბერი, მომღიმარი  ჯამბაზის მსგავსი ფიგურა, რომელიც შექმნილია ბავშვებში ფიზიკური ინტერაქციის ქცევების განსავითარებლად.


ბანდურამ ბავშვები დაყო სამ სხვადასხვა ჯგუფად (Bandura,1961), რომელშიც ისინი სხვადასხვა სცენებს ხედავდნენ. 

1) აგრესიული მოდელის ჯგუფი- ამ ჯგუფში, ბავშვები ხედავდნენ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც აშკარად აგრესიულ ქცევას ახორციელებდა ბობოს მიმართ. ისინი აკვირდებოდნენ ზრდასრულს, რომელიც დაუნდობლად ურტყამდა თოჯინას მუშტს, წიხლს შემდეგ ჩაქუჩს, უყვიროდა აგრესიული შინაარსის სიტყვებს, ერთი სიტყვით, თოჯინას ფიზიკურად უსწორდებოდა.


2)არააგრესიული მოდელის ჯგუფი: პირველი ჯგუფისგან განსხვავებით, ბავშვები აკვირდებოდნენ ზრდასრულს, რომელიც ჩვეულებრივად თამაშობდა თოჯინა ბობოთი და სხვა სათამაშოებით, ამ ჯგუფში არანაირი აგრესია არ უჩვენებიათ, მხოლოდ პოზიტიური ხატები მიაწოდეს.

3) საკონტროლო ჯგუფი: ამ ჯგუფის წევრი ბავშვები არ უყურებდნენ ზრდასრულის არანაირ ქცევას. ისინი უბრალოდ იყვნენ ოთახში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

ახლა კი განვიხილოთ რა მოხდა ამ ჯგუფებში:

აგრესიული მოდელის ჯგუფი

როდესაც ამ ჯგუფის ბავშვები ექსპერიმენტულ ოთახში შედიოდნენ, მათი მზერა თოჯინა ბობოსკენ იყო მიპყრობილი. მათ დაიწყეს იმ ქმედებების ზუსტი განმეორება, რომლებსაც ისინი ხედავდნენ. გაღიმებულ თოჯინა ბობოს აგრესიის ნაკადი დაატყდა თავს. დაიწყო თოჯინაზე ჩაქუჩითა და მუშტებით დარტყმები. ბავშვების ქცევები საკმაოდ კარგად ასახავდა მოზარდების ქცევებს. მათ მოახდინეს ქცევის მოდელირება, რაც მიუთითებდა ვიზუალური ინფორმაციის პირდაპირ გავლენაზე.

 

არააგრესიული მოდელის ჯგუფი

ბავშვები, რომლებიც  ზრდასრულთა არააგრესიულ ქცევას უყურებდნენ, სულ სხვაგვარად იქცეოდნენ. ისინი უბრალოდ თამაშობდნენ თოჯინათი მშვიდად და ჰარმონიულად. აქაც იმეორებდნენ ნანახ არაძალადობრივ კადრებს და ბობოს მიმართ არანაირ აგრესიას ავლენდნენ.

საკონტროლო ჯგუფი

აგრესიულმა და არააგრესიულმა ჯგუფებმა, მოზარდების ქცევები ზედმიწევნით გაიმეორეს. საინტერესო იყო, როგორ მოიქცეოდა საკონტროლო ჯგუფი, რომელსაც თოჯინას მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა, ისინი აკვირდებოდნენ თოჯინას, ინტერესს იჩენდნენ მის მიმართ და იკვლევდნენ თუ რა იმყოფებოდა მათ წინაში. გავლენებისგან დაცლილმა ქცევამ ბავშვებს ინტერესი აღუძრა თოჯინას მიმართ, რამაც დაადასტურა, რომ წინა ორ ჯგუფში მომხდარი სცენები, მართლაც გავლენებით იყო განპირობებული.

შეჯამება

ექსპერიმენტის შედეგებმა საკმაოდ დიდი აღშფოთება გამოიწვია იმდროინდელ საზოგადოებაში. ადამიანები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება შეცვალოს  ნანახმა სცენებმა ადამიანის რეალური ქცევითი ბუნება. ციფრული ტექნოლოგიების გავლენებზე საუბარი დღესაც გრძელდება და კვლავაც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და თეორიები, თუმცა რაც არ უნდა უსაფრთხოდ მიგვაჩნდეს ტექნოლოგიები, ფაქტია მასში ასახული ინფორმაციები ჩვენზე არაცნობიერ კვალს მაინც ტოვებენ. 

რა საკვირველია, ეს პროცესები ბევრად უფრო მკაფიოდ ბავშვებში ჩანს, თუმცა თუ სოციალური გავლენების თემას ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ ზრდასრული ადამიანების ქცევებზეც თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში აქვს გავლენა წარსულ გამოცდილებებს. ვინაიდან ჩვენ არ ვიბადებით შეუზღუდავი ცოდნით, გარკვეულ სიტუაციებში სწორედ ისე ვიქცევით, როგორც ეს ადრე სადღაც გვაქვს ნანახი. ცხადია, პრობლემა არა უშუალოდ ციფრული მედიის არსებობაში, არამედ იმაშია, თუ როგორ გამოიყენება იგი. ნეგატიური შინაარსის მუდმივი მიღება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ნეგატიური შინაარსებისგან დაცლილი მედია კი შესაძლოა ნამდვილად ბევრად უკეთ მოქმედებდეს ადამიანის ფსიქიკაზე, ვიდრე დღეს არსებული ციფრული მედიები და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად მოვეკიდოთ როგორც ინფორმაციის მიღების, ასევე მისი გაცემის თემას, რადგან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქმედებებს თუნდაც თვალს მოკრავს შესაძლოა ჩვენი ქცევა ოდესღაც პროტოტიპად იქცეს.

სტატია ვებ-გვერდისთვის სპეციალურად მოამზადა ფსიქოლოგმა თამაზ ლაღიძემ