სიახლეები, სტატიები

„თვითდასჯის სურვილი ადამიანში“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

კორინთელი

სხვადასხვა დაავადებების ფობიებს შეიძლება განაპირობებდეს დანაშაულის განცდა ადამიანში.

დოსტოევსკის  „დანაშაულსა და სასჯელში“ ასახულია – თუ როგორ ეძებს ბოროტმოქმედი სასჯელს; არის აღწერილი დაავადება, რომელიც ტაბუთი ანუ აკრძალვითაა გამოწვეული. შეიძლება ჩაიდინო დასჯადი საქციელი და ეს ვერავინ შეიტყოს, მაგრამ შენ ხომ იცი რაც ჩაიდინე? ადამიანს აქვს თვითდასჯის უნარი და ტაბუს დარღვევის შემთხვევაში, ეს უნარი იღვიძებს, მწვავდება და ბოლოს შეიძლება დანაშაულიც გაღიარებინოს. რასკოლნიკოვი სწორედ თვითდანაშაულების განცდის გამო ეძებს სასჯელს, რათა თვითბრალდებისგან გათავისუფლდეს. 

კანცერი ანუ ავთვისებიანი სიმსივნე იმისთვის „მჭირდება“, რომ რაღაც შეიცვალოს. ანალოგიისთვის რომ გავიხსენოთ, თვითდასჯა, თვითმკვლელობა ხომ შურისძიების აქტია? ადამიანმა შენ გამო თავი მოიკლა და ამ განცდას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიცილებ, სინდისი არ მოგასვენებს და დაგენგრევა ცხოვრება. ამ ყველაფრის განზოგადება არ შეიძლება, რადგან ყველა კონკრეტულ შემთხვევას თავისი დინამიკა აქვს. ეს ფობია, კანცეროფობიას ვგულისხმობ, ურთიერთობის ახალი ფორმაა და ურთიერთობებსაც ცვლის. ამგვარი ქმედებიდან ადამიანს რაღაც ქვეცნობიერი სარგებელი აქვს.

ხშირად სიტყვიერად ამბობს ადამიანი, რომ ნეტავ ისეთი სენი შეეყაროს, რომ მოკვდეს, გული გაუსკდეს ან რამე დაემართოს, მაგრამ, სინამდვილეში ეს სურვილი ფსიქიკის კანონებით იბლოკება. ყოველი იდეა მიისწრაფვის განხორციელებისაკენ, მაგრამ მეორე იდეა მას ბლოკავს.

ფსიქიატრი რეზო კორინთელი 

Related Posts