ასეთი უცნაურობა ტრიალებს ჩვენ თავს: შფოთვა, ბრაზი და შიში ისეთი ემოციებია, რომელთა გარეშე გადარჩენაც გაგვიჭირდებოდა. ამ ემოციების მიზანი საფრთხის შემჩნევისთანავე მოქმედებისთვის შემზადებაა. თვითშენარჩუნების ძლიერი მოთხოვნილება შეიძლება განმარტავდეს, რატომ ვრცელდება შფოთვის და განგაშის აღმძვრელი ინფორმაცია იმაზე სწრაფად, ვიდრე სიხარულის ან კმაყოფილების განცდის აღმძვრელი სიახლეები.
თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, აღმოაჩინო უცნაური ზიზღი სოციალური მედიის, თუ ნებისმიერი დამასევდიანებელი თუ დამთრგუნველი ამბების მოსმენისადმი. თითქოს, სულ ერთია, მოისმენ თუ არა მორიგ, გამახევებელ სიახლეს. გრძნობებიც უცნაურად ხევდება და გიკვირს, აქამდე რაც გაშფოთებდა, ახლა გვერდს რატომ უვლი მოჩვენებითად გულგრილად ან, სულაც, გულწრფელად გულგრილად. თუმცა, უცნაური ისიცაა, რომ ვერ წყვეტ მტანჯველი ემოციების აღმძვრელი სიახლეების კითხვას. თითქოს, არათუ მათ გარეშეა წარმოუდგენელი შენი ცხოვრება, არამედ – მხოლოდ მათგან შედგება შენი ცხოვრება.
ასე აგრძელებ მანამ, სანამ…
ზოგჯერ გვჯერა, რომ სიხარულის, სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდის გარეშეც გადავრჩებით. ეს, ნაწილობრივ, იმან გადაწყვიტა, რომელი ემოციები გვჭირდება საფრთხეზე ჯეროვანი გამოხმაურებისთვის. თუ აქამდე მკაფიოდ არ განგიცდიათ, რას შეიგრძნობს თქვენი სხეული შფოთვის განცდის დროს, დააკვირდით. ხელის გულები გიოფლიანდებათ, გულისცემა გიხშირდებათ, კიდურებში უცნაური შეგრძნება აღმოცენდება. თქვენი თვალები სხვაგვარად მოძრაობენ, ოდნავ ბრჭყვიალებენ. თქვენ ემზადებით საფრთხის აღმოჩენის და მასთან გამოხმაურებისთვის. სიხარულს და კმაყოფილებას სხვაგვარი სხეულებრივი შეგრძნებები ახასიათებს, რადგან ისინი უშუალო საფრთხეზე გამოხმაურებისთვის სხეულს არ ამზადებენ.
აქედან გამომდინარე, გაუცნობიერებლად მივყვებით შფოთვის, ბრაზის და შიშის გავლენას. მაგალითად, სოციალურ ქსელში დაუზარებლად ვაზიარებთ სისასტიკის, დაუნდობლობის ამსახველ სიახლეებს.
ერთი მხრივ, ეს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შედეგებზე ზემოქმედების განცდის დაკმაყოფილებისთვისაა გამიზნული: ჩვენ გვინდა, ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ჩვენი ქმედებების შედეგად იცვლებოდეს. იცვლებოდეს ჩვენთვის სასიკეთოდ. თუმცა, შფოთვის, შიშისა და ბრაზის აღმძვრელი სიახლეების უწყვეტი ნაკადი ავიწროვებს ჩვენს ხედვას.
საკმაოდ დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე: მიუხედავად იმისა, რომ თვითდაკვირვება მიყვარს და ეჭვიანი ბუნებისგან გამომდინარე, თითქმის არცერთ სიახლეს უპირობოდ არ ვიღებდი, საგრძნობლად დათრგუნვილი ვიყავი. ეს დათრგუნვილობა კი ნამდვილად ნაკლებად ეხებოდა პირადულ საკითხებს. პირიქით, გაცილებით მეტი განზოგადებული მსჯელობები მიტრიალებდა გონებაში სამყაროზე, ვიდრე – ჩემს თავზე ან კონკრეტულ ადამიანებზე. საბოლოოდ კი, მივხვდი, რომ შფოთვის აღმძვრელი სიახლეების უწყვეტი ნაკადის გავლენებისაგან დაცული არც მე ვარ: ადამიანი, რომელიც დღეში ერთ საათს მაინც უთმობს საკუთარ გონებაში აღმოცენებულ აზრებს და განცდებს და ზოგჯერ გაფაციცებული ადევნებს თვალყურს საკუთარ ქცევებსაც. საქმე ისაა, რომ რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გაიღო, ხელი არ დაგრიოს უიმედობის, უსამართლობის და მტრულობის განცდამ და არ გაფიქრებინოს, რომ სამყარო მხოლოდ ასეთია და მას სხვა ფერები არ აქვს, წონასწორობის შენარჩუნება მეტისმეტად დამღლელი, გამომფიტავი და შრომატევადია.
ხშირ შემთხვევაში, ფსიქიკური ჯანმრთელობა შფოთვას, ბრაზს, სიხარულს, კმაყოფილებასა და სხვა, მნიშვნელოვან ემოციებს შორის ნატიფ გაწონასწორებულობას გულისხმობს. ფსიქიკური კეთილდღეობის განცდა სამყაროს, საკუთარი თავისა და ირგვლივმყოფების გაწონასწორებულ აღქმასაც ეყრდნობა. სამყარო ზოგჯერ და ნაწილობრივ არაკეთილგანწყობილია, თუმცა, სამყაროში არსებობს გულისხმიერების, ყურადღების და მადლიერების განცდაც. იმ შემთხვევაში, თუ მე თავდაუზოგავად ვცდილობ, უგულებელვყო ის, რომ სამყაროში არსებობს დამაზიანებელი ტკივილი და ტანჯვა ან ის, რომ მათთან ერთად, ბევრი დადებითიც თანაარსებობს, მაშინ მე მოწყვლადი ვხდები. ერთი მხრივ, შეიძლება, ჩემი გულუბრყვილობის დათმობა გამიჭირდეს და მინდოდეს, მწამდეს, რომ ცხოვრება მხოლოდ დადებითი მოვლენებისგან უნდა შედგებოდეს, მეორე მხრივ, შესაძლებლობას ვკარგავ, სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრო, რომელშიც იქნება როგორც სიხარული, ასევე – შფოთვა, სევდა, დათრგუნვილობა, რადგან ეს ემოციები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ადამიანების ნაწილს უჭირს ურთიერთდაპირისპირებული განწყობების გამთლიანება. მათგან ნაწილი თვლის, რომ მუდმივად დადებითი განწყობა უნდა გქონდეთ: „რა მიზეზი გაქვს, რომ ცუდ ხასიათზე ხარ?,“ „სულ კარგად უნდა იყო.“ რა თქმა უნდა, მათი მიზანი კეთილშობილურია. თუმცა, ამ ფრაზების მოსმენის შემდეგ, ერთი მხრივ, ეჭვი გეპარება იმაში, რამდენად შეუძლია ამ ადამიანს გითანაგრძნოს მაშინ, როდესაც შენი გუნება – განწყობა მის მოლოდინებს არ შეესაბამება და არის კიდევ ერთი, გაცილებით გაუცნობიერებელი მიზეზი, რის გამოც ასეთ ადამიანს მოკრძალებული ეჭვით უყურებ (და ცოტათი თავსაც იდანაშაულებ, მაინც, რა გინდა ამ ადამიანისგან): ფიქრობ, ეს ადამიანი, რომელიც „პოზიტივიზმის“ წნეხს სრულიად უბოროტოდ გახვევს თავს, რამდენად შეძლებს საფრთხე სწორად შეაფასოს.
ადამიანების ის ნაწილი კი, რომელიც, უპირატესად, შფოთვის აღმძვრელ ინფორმაციას ავრცელებს ან უპირატესად გამკიცხავი დამოკიდებულება აქვს ირგვლივმყოფების ქცევებისადმი, გაფიქრებს, შეძლებს თუ არა შენგან უმნიშვნელო შეცდომის შეწყნარებასაც კი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიზანიც, ხშირად, კეთილშობილურია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ორი მნიშვნელოვანი რამ ხდება: ერთი მხრივ, მთელი შენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ასეთი ადამიანებისგან რაიმენაირად აღიარება დაიმსახურო, რაც, ხშირ შემთხვევაში, უშედეგოა. როდესაც კითხვას უსვამ, რატომ არიან უპირატესად წარუმატებლობის აღნიშვნაზე ორიენტირებული და რატომ უგულებელყოფენ წარმატებას, გპასუხობენ, რომ წარმატების აღნიშვნა არ ღირს, „თუ არაფერს არ ვამბობ, ე. ი., მომწონს.“
ფსიქიკური კეთილდღეობის განცდაზე ერთ – ერთი მანიშნებელი ისიცაა, რომ ადამიანს კმაყოფილების და სიხარულის გამოხატვა შეუძლია ისევე, როგორც კეთილგანწყობილ ადამიანებთან – შფოთვაზე, დათგუნვილობაზე და მტანჯველ ემოციებზე საუბარი.
მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, სიხარულისა და კმაყოფილების განცდა არ გვჭირდება ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელებისთვის, ამ ორი განცდის მნიშვნელობაზე მიანიშნებს დეპრესიის ეპიზოდის მქონე ადამიანების უმრავლესობის სურვილი. ხშირად, მათ ერთადერთი სურვილი აქვთ: „მინდა მიხაროდეს“ და „მინდა კმაყოფილებას განვიცდიდე.“
მაშინ, როდესაც გვავიწყდება კმაყოფილების ან სიამოვნების განცდის შენიშვნა ან გვიჭირს მათი განცდა, როდესაც ამ ემოციების განცდაა ერთადერთი, რასაც ვისურვებდით, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ მათი განცდის გარეშე, არც ადამიანებთან ურთიერთობა გვინდა და არც ჩვეული საქმიანობების შესრულება, ზოგჯერ მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის მოტანილი სარგებლის თანმხლები კმაყოფილება და სიამოვნება ძალიან, ძალიან სასარგებლო და საჭირო განცდებია.
ფსიქოლოგი – ანა ღვინიანიძე.
ნახატი ბლოგისთვის შექმნა დარია ცინცაძემ.