მოცალეობის ჟამს სხვადასხვა წყაროდან შევაგროვე ინფორმაცია და მინდა, რომ გაგიზიაროთ:
შფოთვა გადამდებია.
აქამდე თუ არ გიფიქრიათ, ამ დღეებში მაინც შეამჩნევდით – ათვალიერებ სოციალურ ქსელში სამეგობროს სტატუსებს ან საინფორმაციო არხების ნიუსებს და უცბად ნერვები გეშლება რაღაცაზე, ღიზიანდები, შფოთავ. კარგად რომ დაფიქრდები, ხვდები, რომ მაინცდამაინც პირადად შენ არ გეხება ეს ამბავი, მაგრამ ემოციების კონტროლი მაინც გიჭირს. სანამ რამეს გააანალიზებ, უკვე გაზიარებულიც გაქვს ნერვებისმომშლელი პოსტი და ელოდები, რომ სხვაც იგივეს განიცდის, რასაც შენ.
კი, შფოთვა ადვილად გადაეცემა ვერბალური ურთიერთობით და სხეულის ენით. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შფოთვა სუნითაც გადადის – ცხოველების მსგავსად ადამიანებიც გრძნობენ მეორე არსების შფოთვას სტრესის ფერომონებით.
შფოთვის ფენომენის განხილვას აქ არ დავიწყებ და არ გადაგღლით, მხოლოდ ერთ ნაწილს მივაქცევ ყურადღებას. ჩემი ონლაინ-სამეგობროს (და ალბათ თქვენიც) დიდი ნაწილი განიცდის მომატებულ მადას, ადამიანებში არნახულმა კულინარულმა შესაძლებლობებმა გაიღვიძა. მოკლედ, იცოდეთ, ჭარბი კვება შფოთვის ერთ-ერთი ნიშანია.
რატომ გვეხსნება მადა შფოთვის დროს?
თუ შფოთვის მიზეზია საკუთარი თავით და ცხოვრებით უკმაყოფილება, აუსრულებელი მიზნები და გეგმები, გაუცხოების განცდა, სიხარულისა და სიყვარულის დეფიციტი, მაშინ „ემოციური შიმშილი“ კომპენსაციას კუჭის გავლით ეძებს. ემოციონალური პალიტრის დეფიციტი ჭარბი კვების მიზეზი ხდება.
არ ღირს ამ დროს დიეტის დაცვა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, გარე პრობლემებთან ერთად, კიდევ დამატებით სტრესს ნუ შევუქმნით ორგანიზმს. ფაქტია, ჩვენ არ შეგვიძლია იმ გამღიზიანებლის მოხსნა, რაც გარედან მოდის და პრობლემის დაძლევა. გავაცილოთ კორონა და მერე ყველაფერი დავიწყოთ თავიდან.
ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე