სიახლეები, სტატიები

„უარყოფითი ინფორმაციის გავლენა ფსიქიკაზე“

სამი გზა, რომლითაც ნეგატიური სიახლეები მიკერძოებული დასკვნების გამოტანისკენ მიდრეკილებას აღვიძებს და უარყოფითი მოვლენების ტყვეობაში გვამყოფებს.

უყურეთ, წაიკითხეთ ან მოისმინეთ სიახლეები და, სავარაუდოდ, თქვენ იფიქრებთ, რომ სამყარო სწრაფად მიექანება უბედურებისა და ქაოსისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ბევრი ასპექტი მრავალი წლის მანძილზე უმჯობესდებოდა.  თანმიმდევრული, სენსაციად ქცეული, პესიმიზმის ამსახველი სიახლეების უწყვეტი ნაკადის გავრცელება სიახლეების გამავრცელებლებისთვის ნორმად იქცა.

ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან კვლევა ცხადყოფს, რომ რასაც სიახლეების სახით ვიღებთ, ის გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მართალია, ნეგატიური ინფორმაცია მრავალგვარ მექანიზმზე დაყრდნობით ზემოქმედებს ჩვენზე, თუმცა, ერთ – ერთი მნიშვნელოვანი გზა დასკვნის გამოტანისა და მსჯელობის უნარებია, რომელთან ურთიერთქმედების შედეგადაც, უარყოფითი სიახლეების უწყვეტი ნაკადი ახერხებს ჩვენი ყურადღება მხოლოდ უარყოფითი მოვლენებისკენ მიმართოს და დაგვავიწყოს კარგი მოვლენები.

ქვემოთ ჩამოთვლილია სამი მიკერძოებული დასკვნა, რომელსაც უარყოფითი სიახლეები ააქტიურებს და მათი უარყოფითი გავლენისგან გათავისუფლებაში ხელს გვიშლის. აქვე მოცემულია, როგორ შეგვიძლია, მოჯადოოებული წრიდან თავის დაღწევა.

  1. ნეგატიურობაზე დამყარებული მიკერძოებული დასკვნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, უარყოფითი სიახლეების მიღება შევწყვიტოთ.
    ეს მიკერძოებული დასკვნა გულისხმობს, რომ ადამიანები მეტად კონცენტრირდებიან უარყოფით მოვლენებზე, ინფორმაციაზე ან ემოციებზე, ვიდრე მათ საპირისპირო ემოციების აღმძვრელ მოვლენებზე. საფრთხეებით სავსე პერიოდში ამ მიკერძოებას ევოლუციური სარგებლის მოტანა შეეძლო (მაგალითად, ჩვენ მარტივად შეგვეძლო შესაძლო საფრთხის შემჩნევა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა). თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში ეს უნარი ჩვენი ყურადღების შენარჩუნებას ემსახურება.

    ამას შეუძლია ახსნას რატომ უსვამენ ხაზს სიახლეებში, დიდწილად, უარყოფით მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება. შესაბამისად, არა მხოლოდ ვეძებთ უარყოფითს, არამედ სიახლეების გამავრცელებლებიც, ძირითადად, უარყოფით სიახლეებს გვაწვდიან. ეს კი გამორმაგებული დოზაა.
  1. მისაწვდომობაზე დამყარებული მიკერძოებული დასკვნა იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვხედავთ უარყოფითს, გაზვიადებულად ვაფასებთ მის მნიშვნელობას.
    მისაწვდომობაზე დამყარებული მიკერძოებული მსჯელობა (რომელსაც მისაწვდომობის ევრისტიკასაც უწოდებენ) არის ჩვენი ტენდენცია, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანები გადაჭარბებულად აფასებენ ისეთი საკითხების მნიშვნელობას, რომლებიც მათ სწრაფად ახსენდებათ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის გახსენდებათ, რამაც ახლო წარსულში მიიპყრო თქვენი ყურადღება ისევე, როგოორც ისეთი რამ, რასაც მეტი ყურადღება დაუთმეთ.

    შესაბამისად, თუ თქვენ ახლახან უყურეთ ახალი ამბების სიუჟეტს თქვენს ქალაქში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით და გკითხავთ, რა პრობლემებია თქვენს ქალაქში, შეიძლება, მითხრათ, რომ თქვენი ქალაქის მთავარი პრობლემა ძარცვაა მაშინაც კი, როცა შეიძლება ეს საკმაოდ იშვიათია თქვენს ქალაქში. თუ თქვენ განუწყვეტლივ უყურებთ უარყოფითი ემოციის აღმძვრელ სიახლეებს, თქვენი თავის ტვინი, დიდწილად, საშინელ მოვლენებს გაიხსენებს და დაიჯერებს, რომ შედარებით იშვიათი მოვლენები ზოგადი მდგომარეობის ამსახველია.

  2. დადასტურებისკენ მიდრეკილება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ, აღმოვაჩინოთ უარყოფითი ხედვის მხარდამჭერი მტკიცებულებები.
    დადასტურებისკენ სწრაფვა იმას მოიაზრებს, რომ ჩვენ აქტიურად ვეძებთ, ვიმახსოვრებთ და ვწყალობთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც იმის სისწორეს ადასტურებს, რისიც აქამდე გვწამდა. თუ თქვენ გჯერათ, რომ ძარცვა თქვენი ქალაქის მთავარი პრობლემაა, დიდი ალბათობით, ისეთ მონაცემებსაც მოიძიებთ, რომლებიც ამ რწმენას განამტკიცებს. თქვენი თავის ტვინი მიკერძოებით გამოყოფს იმ ფაქტებს, რომლებიც ფაქტების მოძიებამდე არსებულ რწმენას ამყარებს და უგულებელყოფს მასთან დაპირისპირებულ ფაქტებს.

    თუ თქვენ ღრმად გწამთ, რომ მსოფლიო საშინელი ადგილია, დადასტურების მოთხოვნილება გაიძულებთ, ის ფაქტები მოიძიოთ, რომელიც ამ რწმენას შეგინარჩუნებთ. სავარაუდოდ, დროთა მანძილზე  საპირისპირო ხედვის მოსმენა გაგიჭირდებათ.

რომ შევაჯამოთ…

როდესაც ეს სამი მიდრეკილება ერთად მოქმედებს, შეგვიძლია დავინახოთ როგორ ვეძებთ, გადაჭარბებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვამტკიცებთ ნეგატიურის რწმენას ჩვენში. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ უარყოფითს მარტივად ვამჩნევთ, გვირჩევნია, უარყოფითი შინაარსი უფრო ხშირად „გამოვიყენოთ,“ ვიდრე – სხვა სახის შინაარსის შემცველი სიახლეები. ჩვენ ვეძებთ ნეგატიურ ინფორმაციას და სიახლეების გამავრცელებელ ორგანიზაციებს, რომლებიც, ძირითადად, უარყოფითი სიახლეების გავრცელებაზე ზრუნავენ, რადგან გვსურს, ყურადღება და აქტუალობა შევინარჩუნოთ. შემდეგ, ხელმისაწვდომობის მიკერძოება ჩვენს თავის ტვინს აიძულებს, დაჟინებით ვიფიქროთ მხოლოდ უარყოფით სიახლეებზე. ბოლოს  კი, დადასტურების ძლიერი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ჩვენ მიდრეკილნი ვართ ისეთი სიახლეები მოვიძიოთ, რომლებიც მხარს დაუჭერს ჩვენს რწმენას, რომ მსოფლიო საშინელი ადგილია და, ამავდროულად, უარვყოფთ ინფორმაციას, რომელიც საპირისპირო რწმენას ემხრობა.

მოჯადოებული წრის გარღვევა

იმისათვის, რომ უარყოფითი ინფორმაციის დამაზიანებელი გავლენა შეამციროთ, შეზღუდეთ უარყოფითი სიახლეების უწყვეტად მიღება. ინფორმირებულობასა და სენსაციად ქცეული ნეგატიური სიახლეების უწყვეტად მიღებას შორის საგულისხმო განსხვავებაა.

მანამ, სანამ სიახლეებს უპირობოდ მიიღებთ, ჰკითხეთ თქვენს თავს რამდენი ისწავლეთ ამ სიახლის გაცნობის შემდეგ რეალურად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაგიმყარდათ აქამდე არსებული რწმენა, მაშინ ეს სიახლე იმდენად არ დაგხმარებიათ, როგორც ადრე გეგონათ. სასურველია, სიახლეების მოსმენა, ყურება ან კითხვა შეწყვიტოთ, თუ ისინი თქვენში ძლიერ ბრაზს ან გაღიზიანებას გამოიხმობს. მეტიც, შეგიძლიათ, ერთი კვირის მანძილზე, სიახლეების მიღება საგრძნობლად შეზღუდოთ და დააკვირდეთ, თავს როგორ იგრძნობთ.

იმისათვის, რომ ხელმისაწვდომობის ტენდენციის გავლენა შეამციროთ, სცადეთ, ნეგატიური ინფორმაციის კონტექსტში გააზრება. ცუდი ამბები ყოველდღე ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება აუცილებლად უარესდება. როდესაც თქვენ ნეგატიური ამბების სტატისტიკა მოგეწოდებათ, თქვენ უნდა იკითხოთ, არის თუ არა ეს განცალკევებული მოვლენა თუ მოვლენების ერთობლიობათა ნაწილი, რომელთაც საერთო რამ უდევს საფუძვლად. ამ ქმედებების მიზანი ისაა, რომ თქვენ შეიქმნათ მოვლენების გაწონასწორებული ხედვა, რომელსაც, შემდეგში, დაეყრდნობით.

ბოლოს, მივუახლოვდით დადასტურების მიკერძოებას. როდესაც ირგვლივ ბევრი სხვადასხვა აზრი და მონაცემი ტრიალებს, მარტივია  ნებისმიერი აზრის დამადასტურებელი აზრი იპოვო. ეს ფაქტი კი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია დადასტურების ტენდენციის გავლენის მართვა ჩვენი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის.

დადასტურების მოთხოვნილების გავლენის შემცირების ერთ – ერთი სასარგებლო გზა საკუთარი რწმენის სისწორეში დროდადრო დაეჭვებაა. რომელ ფაქტებს ეყრდნობა თქვენი რწმენა? მაგალითად, ბოლო დროს ჩადენილი კრიმინალური აქტის შესახებ უამრავი სტატიის ნახვის შემდეგ, შესაძლოა, დაასკვნათ, რომ თქვენს მშობლიურ ქალაქში ცხოვრება სახიფათო გახდა, თუმცა, დარწმუნებული ხართ, რომ  ისეთი ფაქტები მოიძიეთ, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერს თქვენს აზრს?

უფრო ზოგადი მიდგომა კი გულისხმობს, რომ, დროდადრო, თქვენს თავს ჰკითხოთ: „რა შეიძლება ჩემი აზრის სიმცდარეს ამტკიცებდეს?“ და ეს შესანიშნავია იმისათვის, რომ თქვენი რწმენების სისწორის შემოწმება ჩვევად გექცეთ.

ოსტინ პერლმუთერი – ექიმი, ლიცენზირებული თერაპევტი და წიგნის – “Brain Wash” თანაავტორი.

სტატია ვებსაიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

ნახატი სტატიისთვის შექმნა დარია ცინცაძემ.

წყარო: https://bit.ly/3bjMsbT

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts