მავნე შედეგები, რომლებიც ჩვენთვის მოაქვს ბავშვის საჯდომზე დარტყმით დასჯას
საუბედუროდ, საჯდომზე დარტყმით დასჯის გამოყენებამ შეიძლება ისევე დაგვაზიანოს ჩვენ, როგორც ჩვენი შვილები.
ნებისმიერი რამ, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს შვილებზე, უარყოფითად აისახება ჩვენზეც. ჩვენ გვინდა, ისინი ბედნიერები იყვნენ. ჩვენ გვინდა, ისინი ჯანმრთელები იყვნენ. ჩვენ ისინი უპირობოდ გვიყვარს.
ჩვენ გვაქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომელიც შვილებზე ზრუნვას და, შესაძლებლობის ფარგლებში, მათთვის საუკეთესო მშობლობის გაწევას გულისხმობს. შესაბამისად, როდესაც საჯდომზე დარტყმით დასჯა მათ აზიანებს (ან, უკეთეს შემთხვევაში, უშედეგოა), ვითარება ისევ და ისევ ჩვენი გამოსასწორებელია.
დამატებითი სასოწარკვეთა
არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საყვარელი შვილისთვის უსარგებლო ტკივილის მიყენება. როდესაც ჩვენ საჯდომზე დარტყმით ვსჯით ჩვენს შვილებს და შედეგს ვერ ვიღებთ, ჩვენ სამართლიანად გვღლის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით.
შესაძლოა, ჩვენ საჯდომზე დარტყმით დასჯის შემდეგ, დაუყოვნებლივ ვიღებთ შედეგებს. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, მიუღებელი ქცევა მეორდება. უშედეგობით ფრუსტრირება ჩვენს სატკივარს ემატება.
განგრძობილ სასოწარკვეთას ჩვენი დაუძლურება შეუძლია. ჩვენ დისციპლინირების შესატყვის სტრატეგიებს უნდა ვირჩევდეთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ფუჭ სტრესს არ განვიცდიდეთ.
სინანული
შესაძლოა, მხოლოდ დროდადრო ვიყენებდით საჯდომზე დარტყმით დასჯას და იოტისოდენადაც არ გვიგრძვნია თავი დამნაშავედ. თუმცა, როდესაც საჯდომზე დარტყმით დასჯა ქცევის სიხშირეს არათუ ამცირებს, არამედ – ზრდის, სამართლიანია კითხვა დავსვათ იმაზე, არის თუ არა საჯდომზე დარტყმით დასჯა სწორი გამოსავალი.
ბრალეულობის განცდა აზიანებს ჩვენს თავდარეჯერებულობას და მეტ უსიამოვნო ემოციას განგვაცდევინებს.
ჩემი რჩევა იმაში მდგომარეობს, რომ აღზრდის ისეთი სტრატეგია აირჩიოთ, რომელიც არა მხოლოდ დადებითია და არ ავნებს ბავშვს, არამედ შედეგიანიც იქნება. ჩვენი შვილები აითვისებენ გაკვეთილებს პოზიტიური მშობლობის ტექნიკის დახმარებით ისე, რომ არ დაზიანდებიან არც სხეულებრივად და არც – ფსიქიკურად. გარდა ამისა, არც თქვენ დაგებადებათ ეჭვი იმაზე, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.
დასკვნა
მსურს, ასტრიდ ლინდგრენის ერთი ციტატა გაგიზიაროთ, რომელიც ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, როდესაც ერთი წლის წინ პირველად წავიკითხე:
“ყველაზე მეტად, მჯერა, რომ არასდროს უნდა მივმართოთ ძალადობას. 1978 წელს, დასავლეთ გერმანიაში მშვიდობის პრიზი მივიღე ჩემი წიგნებისთვის და ჯილდოს მიღების აღსანიშნავი სიტყვა წარმოვთქვი, მას „არასდროს მიმართო ძალადობას“ ვუწოდე. და ამ სიტყვაში მოვყევი ისტორია ჩემი გამოცდილებიდან.
როდესაც 20 წლის ვიყავი, ხანდაზმული პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მიამბო, რომ, ახალგაზრდობაშივე, მას ბავშვების ცემით დასჯის შედეგიანობის არ სჯეროდა, თუმცა, ხისგან გამოთლილი წკეპლით ბავშვის საჯდომზე ცემა მაშინ დასჯის დამკვიდრებული სტანდარტი იყო. მაგრამ, ერთ დღეს, მისმა ოთხი – ხუთი წლის ბიჭმა ისეთი რამ გააკეთა, რაც მისი აზრით საჯდომზე დარტყმით დასჯის გამამართლებელი იყო – პირველი ასეთი შემთხვევა მის ცხოვრებაში. მან ბიჭს უთხრა, რომ გარეთ უნდა გასულიყო და თავად ეძებნა ჯოხი წკეპლისთვის.
ბიჭი დიდი ხნის მანძილზე არ გამოჩენილა. როდესაც ის სახლში დაბრუნდა, ის ტიროდა. მან დედას უთხრა, „დედა, წკეპლისთვის ჯოხის პოვნა ვერ შევძელი, მაგრამ აქ არის ქვა, რომელიც შეგიძლია, მესროლო.“
უეცრად, დედამ გაიაზრა, როგორ აღიქვამდა სიტუაციას ბავშვი: „თუ დედას უნდა, ტკივილი მომაყენოს, მნიშვნელობა არ აქვს, რით მომაყენებს ტკივილს, მას ტკივილის მოყენება ქვითაც შეუძლია.“ დედამ შვილის თავი კალთაში ჩაიდო და ერთად ატირდნენ. შემდეგ, მან სამზარეულოს თაროზე შემოდო ქვა იმისათვის, რომ სამუდამოდ დაემახსოვრებინა: არასდროს მიმართო ძალადობას. ვფიქრობ, ეს ისეთი რამაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.” – ასტრიდ ლინდგრენი, წიგნის „პეპი გრძელიწინდა“ ავტორი.
მესმის, რომ ბევრი მშობელი ხედავს ბავშვის საჯდომზე დარტყმით დასჯის საჭიროებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი, როგორც პოზიტიური მშობლობის შესახებ ადამიანების განმანათლებლის, გამოცდილება მაფიქრებინებს, რომ საჯდომზე დარტყმით დასჯა არც უვნებელია და არც შედეგიანი.
მნიშვნელობა არ აქვს, მსუბუქად დაარტყამთ ბავშვს საჯდომზე, თუ ქამრით ან წკეპლით სცემთ. საჯდომზე დარტყმა ყოფა – ქცევის სწავლების რისკიანი გზა იქნება და, თუ ეს ასეა, რა საჭიროა იმაზე მეტად გავრისკოთ, ვიდრე აუცილებელია?
ასე რომ, გთხოვთ და მოგიწოდებთ, დღესვე გადადგათ პირველი ნაბიჯები პოზიტიური მშობლობისკენ.
და გახსოვდეთ – არასდროს მიმართოთ ძალადობას.
სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.
წყარო: https://bit.ly/2UqIGrH