სტატიები

ზემზრუნველობა

ზემზრუნველობა

არსებობს განსხვავებული აღზრდის სტილები. მათგან ერთ-ერთი არის ზემზრუნველობა, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული ყურადღებით; თუმცა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამის საჭიროება სრულიად არ არის. ყველამ ვიცით, რომ ადამიანი როგორც კი ხდება მშობელი, ის საკუთარ თავზე იღებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აბსოლუტურად ყველა ნაბიჯზე, რასაც გადადგამს პატარა ჩვილი არსება.

რა თქმა უნდა, ჩვილობისას ჩვენ ნამდვილად პასუხისმგებელნი ვართ მის თითოეულ ქმედებაზე, თუმცა, დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბავშვი იზრდება და გარკვეულ უნარებს ივითარებს, ჩვენი ჩართულობის აუცილებლობა თანდათანობით კლებულობს. თუმცა, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ამის აღქმა მშობლებს ძალიან უჭირთ და ბოლომდე განაგრძობენ ისეთივე ჩართულობას, ისეთივე ინტენსიური ყურადღებით ბავშვთან მიდგომას, როგორც ეს ხდებოდა ჩვილობის პერიოდში.

ზემზრუნველობა არის ჩვენს რეალობაში საკმაოდ განვითარებული მიდგომა.   პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ასეთ მშობლებს, რომლებიც გაფაციცებულნი არიან თითოეულ შესაძლო პრობლემაზე, რაც შეიძლება ბავშვს თავს გადახდეს; არა მხოლოდ ფიზიკურ ზიანზე, არამედ ფსიქოლოგიურ და მორალურ ზიანზე. ცდილობენ, იქ იყვნენ ნებისმიერ მომენტში და დაიცვან საკუთარი შვილი ნებისმიერი გართულებისგან. თუმცა, მეტიც – არა მხოლოდ დაიცვან ისინი, არამედ წინასწარ პრევენცია მოახდინონ ყოველგვარი შესაძლო გართულებისა. ეს, საბოლოო ჯამში, აისახება ბავშვის დამოუკიდებელი ქცევის რთულად განვითარებაზე. როდესაც ირგვლივ, გარშემო ყოველთვის არის მშობელი, რომელიც გააკეთებს ყველაფერს ჩემს ნაცვლად, მე აღარ მიჩნდება ინსტინქტი გარკვეული სირთულის დაძლევის. მეტიც – საწყის ასაკში, შეიძლება ეს ზემზრუნველობის მეთოდი ბავშვის განვითარების ჩამოჩენის წინაპირობაც გახდეს. მაგალითად, გვიან ამეტყველება, ან ნაბიჯის გვიან ადგმა და ასე შემდეგ. როდესაც ყველაფერი იქვე მაქვს და მე არ მჭირდება დაძახება, არ მჭირდება მოთხოვნა, არ მჭირდება არანაირი დამატებითი აქტივობის გამოჩენა იმისთვის, რომ ჩემი სასურველი მივიღო, ამ მომენტში არ მიჩნდება მოტივაცია, რომ რაღაც ახალი გავაკეთო. ამიტომ, ხშირად ზემზრუნველი მშობლების შვილები ძალიან გვიან იწყებენ განვითარებას. არა მხოლოდ მეტყველების და ფეხის ადგმის კუთხით, – ეს ტენდენცია გრძელდება სამუდამოდ, განვითარების თითოეულ ეტაპზე. ჩამორჩება ბავშვი განვითარების როგორც სირთულეების დაძლევის კუთხით, ასევე ახალი უნარების გამომუშავების კუთხით, აზროვნების განვითარების კუთხით და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების კუთხით.

ზემზრუნველი მშობლების შვილები ხშირად ხდებიან უსუსურები, არიან შიშით მოცულნი ნებისმიერ ახალ სიტუაციაში და ყოველთვის დამოკიდებულები არიან მშობელზე, ან ვინმე სხვაზე, ვინც მიუთითებს როგორ შეიძლება ამ სიტუაციას გავართვათ თავი. ხშირად, ასეთი დამოკიდებულება ჩნდება ხოლმე იმ შიშის და შფოთვის გამო, რომ შესაძლოა, ბავშვმა რაიმე სერიოზული ზიანი მიიღოს. შესაძლოა, მან დიდი ტრავმა მიიღოს, შესაძლოა კონკრეტული გართულება მან ვერ გადაიტანოს და საბოლოო ჯამში, სხვა პრობლემები შექმნას. თუმცა, აუცილებელი არის ზღვარის გამონახვა და ამ ზღვარის დაცვა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ზუსტად იმ დონეზე ვერევით ბავშვის განვითარებაში, რა დონეზეც ეს მისი ინტერესებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბავშვზე, რა თქმა უნდა, როდესაც ის გვთხოვს შევიძინოთ, თუნდაც, სკეიდი, „როლიკი“ და მსგავსი ოდნავ ექსტრემალური საშუალება გასართობად; ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ მასზე, ვთხოვოთ სამუხლეების და საიდაყვეების გაკეთება იმისათვის, რომ დავიცვათ ის ნებისმიერი ტრავმისგან. თუმცა არაფრით არ უნდა დავუშალოთ ამ ყველაფრის გამოყენება იმის შიშით, რომ რაიმე არ იტკინოს. ან მეორე ვარიანტი: შევთავაზოთ ეს ყველაფერი, თუმცა გავუკეთოთ გარკვეული ღვედი და თან გავყვეთ და თითოეული მისი ნაბიჯი გადავამოწმოთ.

ზემზრუნველი მშობლისთვის მისი ქცევის ამხსნელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ასევე, კონტროლის სადავეების ხელში ჭერის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პერიოდი კარგად ახერხებენ ამ კონტროლის მოპოვებას, ასაკის ზრდასთან ერთად, მათი ეს კონტროლი ბევრად უფრო არაჯანსაღი და დამაზიანებელი ხდება ბავშვისთვის. ზოგჯერ, რაც უფრო მეტად მოვეჭიდებით ბავშვს, მით უფრო მეტად ჩნდება სურვილი, ამ სადავეებისგან განთავისუფლების. ბავშვობიდან ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვი, ვერასოდეს ვერ პოულობს გამბედაობას, რომ შეეწინააღმდეგოს მშობელს და მოიპოვოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, ის განიცდის საკმაოდ დიდ სტრესს და წინააღმდეგობის განცდას, შინაგან დისჰარმონიას, რაც ასევე, დიდ პრობლემებს წარმოქმნის მომავალში მის სრულფასოვან ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ასე რომ, მშობლებო, სასურველია, რომ გადავხედოთ ჩვენს შიშებს და სურვილებს, მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად განვითარებისთვის აუცილებელი პირადი სივრცე და ვიზრუნოთ მათზე არა საკუთარი, არამედ მათი საჭიროებების მიხედვით.

ამონარიდი პროექტ „მშობლის გზამკვლევის” ფარგლებში ჩაწერილი ვიდეოლექციიდან.

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ფსიქოლოგი – ანა ჯვარშეიშვილი.