სტატიები

,,კაცების ფსიქიკური ჯანმრთელობა” – ანა ღვინიანიძე

ფსიქიკური ჯანმრთელობა

კაცები, ისევე, როგორც ქალები, ებრძვიან მტანჯველ შინაგან მდგომარეობებს, თუმცა, მათთვის მეტადაა აკრძალული ზოგიერთი შინაგანი მდგომარეობის განცდა, ვიდრე- ქალებისთვის. ზოგადად, “განაწილებულია,” რომელი მდგომარეობების განცდის ნებას რთავს აღზრდა ქალს და რომელი მდგომარეობების განცდის ნებას რთავს – კაცს. მაგალითად, ბრაზი გაცილებით ნებადართული მდგომარეობაა კაცისთვის, ვიდრე – ქალისთვის. თუმცა  შიშის განცდა გაცილებით აკრძალულია კაცისათვის, ვიდრე – ქალისათვის. მაგალითად, ძლიერი ბრაზის – რისხვის – გამოხატვისთვის ხელთ არც გვაქვს ისეთი ენა, რომელიც ქალის შექმნილია. საქართველოში რისხვის გამოხატვა შეჭიდულია სექსის – როგორც ზიზღზე დაფუძნებული ძალადობის იარაღის – გამოყენებასთან, რისი განსხეულებაცაა გინება. რაც ჩემი საქმიანობის (და არა მარტო) მანძილზე, შეინიშნება კაცებში, აქ მოკლედაა მოცემული.

საკუთარ შინაგან მდგომარეობებთან დაუკავშირებლობა ან მათთან დაკავშირების სირთულე

კაცებს უჭირთ აღწერონ, დაახასიათონ და საკუთარი შინაგანი, ფსიქიკური მდგომარეობა გონებას ან მეტაფორებს თავშეფარების გარეშე გადმოსცენ. მარტივ კითხვაზე – “რას გრძნობ?,” ხშირად, პასუხები ბუნდოვანი ან წმინდად, გონებაზე დაფუძნებულია, ზოგჯერ მეტაფორა თავშესაფრად გამოიყენება. მათ უჭირთ, საკუთარი შინაგანი მდგომარეობები გადმოსცენ ინტელექტუალურ მსჯელობებს თავშეფარების გარეშე. მაგალითად, ისეთი მარტივად ჩამოყალიბებული აღწერები, როგორებიცაა: “სევდას ვგრძნობ,” “ბრაზს ვგრძნობ,” “განაწყენებული ვარ” ზოგჯერ რთული ამოცანაა. ემოციების აღმწერი სიტყვების მარაგი, ხშირად, მწირია. ასევე, ხშირად, კაცები შინაგან მდგომარეობებს მცდარად ასახელებენ ან ხელთ საერთოდ არ აქვთ მდგომარეობის აღმწერი, შესატყვისი სიტყვები.

გარემოსა და საკუთარ შინაგან მდგომარეობებთან კავშირის დამყარების სირთულე – ისეთი კავშირების დამყარებისა და წვდომის სირთულე, რომლებიც შემდეგ კითხვებზე პასუხებს მოიცავს: “ამ მოვლენის პასუხად რა იფიქრე?,” “ამ მოვლენის პასუხად, რა იგრძენი?,” “ამ გარემოებების პასუხად, რა შეიგრძენი და როგორ მოიქეცი?”

ჩემი გამოცდილებით, კაცებს მეტად უმარტივდებათ აზრების გადმოცემა, ვიდრე – ემოციებისა და შესატყვისი სხეულებრივი შეგრძნებების აღწერა.

საკუთარი შინაგანი მდგომარეობების არსებობის უღიარებლობა, მათი მნიშვნელობისა და მნიშვნელოვნების დაკნინებაგაუფასურება კაცებს უჭირთ აღიარონ, საკუთარი შინაგანი მდგომარეობების არსებობა. ზოგიერთი მდგომარეობა გაცილებით მკაცრ აკრძალვას ემორჩილება, ვიდრე – ზოგიერთი. იმისათვის, რომ კაცებმა შეინარჩუნონ საკუთარ ფსიქიკურ სამყაროსთან გაუცხოება, ისინი ხშირად იყენებენ განცდებისგან განრიდების სხვადასხვა გზას. მაგალითად, “დარდიმანდი” ადამიანის შთაბეჭდილებას, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას, როგორც მანუგეშებელ, ჩამხშობ ან სასიამოვნო მდგომარეობების აღმძვრელ საშუალებას, სირთულეების დაკნინება – გაუფასურებას, მათი არსებობის უღიარებლობას, მათი მასხრად აგდების გზით, სირთულეების ზემოქმედების, მათში უსიამოვნო განცდების აღძვრის ალბათობის შემცირებისთვის.

საკუთარი შინაგანი მდგომარეობების განცდისგან განრიდება, ამავდროულად, უკავშირდება მჭიდრო პიროვნებათშორის ურთიერთობებში – უპირველეს ყოვლისა, სასიყვარულო ურთიერთობებში – აღმოცენებულ სირთულეებს. საბოლოოდ, ადამიანები ემოციების გულდასმით განცდის საფუძველზე ვსწავლობთ და ვვითარდებით. შესაბამისად, თუ გამოცდილების ამ უმნიშვნელოვანესი განზომილებისგან – ემოციებისგან – განრიდებული ვარ, ჩემთვის გაუგებარი და განუცდელი რჩება, რატომაა ჩემი რომელიმე ქცევა მიუღებელი, სხვისთვის ტკივილის მომნიჭებელი და ა. შ.

ზრუნვის ნივთიერზე დაყვანა ბევრი კაცისთვის ზრუნვა ნივთიერით შემოიფარგლება. ხშირად, ზრუნვის ენა მკაფიოდ აირეკლავს, მათზე ზრუნვა რით გამოიხატებოდა. აქვე ვაზუსტებ: ნივთიერზე ზრუნვა ზრუნვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა, სასიყვარულო და სხვა სახის ურთიერთობები მხოლოდ ნივთიერზე ზრუნვით არ ფუძნდება და ვერც ნარჩუნდება. ამგვარი ურთიერთობების საზრდოობა ჩვენს ეპოქაში მათ შორის ემოციურ წიგნიერებასაც მოითხოვს, რადგან სხვაგვარი წესრიგის წინაშე ვდგავართ: ქორწინება მხოლოდ ეკონომიკური გარიგება აღარაა და ადამიანების ნაწილი უბრუნდება ქორწინების, როგორც სულიერი ან პიროვნული განვითარების, ქორწინების და ურთიერთობების, როგორც უსაფრთხო თვითგამოხატვის სივრცის ხედვას, რაც იმისათვის გვჭირდება, რომ ცხოვრება არათუ გაგვირთულდეს, არამედ – პირიქით. ამგვარი ურთიერთობები კი გარდაუვლად ითხოვს წყვილის საკუთარ შინაგან სამყაროსთან წვდომის უნარების არსებობას, რაც მხოლოდ ნივთიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ვეღარ შემოიფარგლება.ზრუნვისა დასაზრდოობის ერთ – ერთი ძირეული ცვლადი ფსიქიკური მდგომარეობისადმი კეთილგანწყობილი ცნობისმოყვარეობაა, რადგან სწორედ მათ – განსაკუთრებით კი იმ დროებით მდგომარეობებს, რომელთაც ემოციები ეწოდებათ – ევალებათ ჩვენი, როგორც ცოცხალი არსების სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება – დაუკმაყოფილებლობის შესახებ ჩვენთვის “ცნობების,” “შეტყობინებების” მოწოდება.

საკუთარი არსებობის დაყვანა და ვინაობის გაიგივება შემომტანის ხატთან – ეს ხატი სახეცვლილი სახით გამოიხატება, მათ შორის, მუშაობაზე დამოკიდებულების სახით. კაცებისთვის დამღლელი და მტანჯველი სამუშაო დღე სიამაყის საფუძველი და თანაგრძნობა – თანაგანცდის ნამცვრევების დამსახურების ერთ – ერთი გზაა. კაცები ცდილობენ, საკუთარი არსებობა გაამართლონ და საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული, განვითარების ადრეულ საფეხურზე განცდილი სირცხვილი“ჩამოირეცხონ,” “ბრალეულობა გამოისყიდონ.” ხშირად, “შემომტანის” და ნივთიერით უზრუნველმყოფის ხატისთვის მიყენებული დარტყმები (როგორიცაა, სამსახურის დაკარგვა) დეპრესიის ეპიზოდის და მონათესავე ფსიქიკური აშლილობების წინმსწრები ხდება. ისინი გაუცნობიერებლად ეჭვობენ, რომ მათ არსებობას ამ ხატს მიღმა, გამართლება არ აქვს და, სამწუხაროდ, მათი დარწმუნება იმაში, რომ ადამიანი არ დაიყვანება გამომმუშავებლის დანიშნულებამდე, უკიდურესად რთულია, რადგან, დროთა მანძილზე, მათი #ვინაობა ზოგჯერ სრულად შეეზარდა და შედუღაბდა ერთადერთ ხატთან, რაც დამატებით ართულებს ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას.

მშობლის ოცნებისგან განუცალკევებლობა – ბევრი კაცი განუცალკევებელია მშობლის ან მშობლების წარმოდგენებისა და ძლიერი მოთხოვნა – მოლოდინებისაგან. მათთვის აკრძალულია მშობლების წარმოდგენებისგან დამოუკიდებელი, განცალკევებული და განსხვავებული ცხოვრების წარმოდგენაც კი. ამგვარი წარმოდგენა – მაგალითად, სასიყვარულო ურთიერთობა – შეიძლება მშობლების გეგმებისკენ მიმართულ საფრთხედ გადაიქცეს, რაც მათ ცხოვრებაში სრულფასოვანი სასიყვარულო ურთიერთობების არსებობის შესაძლებლობებს ამცირებს და, გარდა ამისა, მჭიდრო პიროვნებათშორის ურთიერთობებში განცდილი #ტანჯვის ერთ – ერთი სათავეა ხოლმე. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის შესატყვისი ადამიანის ძებნაც ზოგჯერ დაუსრულებლად გრძელდება, რაც, სინამდვილეში, მშობლის მიერ მისგან განცალკევების აკრძალვაა: “შენ მე მეკუთვნი და სხვასთან ვერავისთან გაგინაწილებ.” ხშირად, ეს მდგომარეობა მშობლის უმართავი მიტოვების შფოთვის შედეგია.

უსუსურობისა და სხვაზე დამოკიდებულების აკრძალვა – ხშირად, კაცებისთვის აკრძალულია უსუსურობა. შედეგად, ისინი ვერ ითხოვენ დახმარებას, როდესაც მათ სჭირდებათ და, გარდა ამისა, უჭირთ ურთიერთდამოკიდებულების, როგორც ადამიანებს შორის ჯანმრთელი ურთიერთობების სახეობის წარმოდგენა. ხშირად, მათთვის სხვაზე #დამოკიდებულება უსაფრთხო და მყუდრო არ ყოფილა. ბევრი მათგანისთვის განსაკუთრებით რთულია ბოდიშის მოხდა, რაც ადამიანების ერთმანეთზე დამოკიდებულების აღიარების სირთულის ერთ – ერთი სახეა.

ერთ – ერთი, ყველაზე დამასევდიანებელი რამ კაცებთან დაკავშირებით ისაა, რომ ბევრი მათგანი მარტოც კი, “თვალს მოფარებული” ვერ ტირის იმდენად ძლიერია გაშინაგნებული მეთვალყურე – ზედამხედველის აკრძალვა. ბევრი მათგანი, განუცდელი ემოციებით დამუხტული, ვერ ახერხებს სირცხვილს მჭიდროდ “შემოტმასნილ” სხეულს “ამოართვას,” რას გრძნობს ან რას ფიქრობს.

შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, თუმცა, არამხოლოდ ქალები, არამედ, კაცებიც არიან უსულოდ, ნივთად განცდილი. მათი შინაგანი სამყაროს ასეთი დადუმება და ზოგჯერ გაუჩინარება ზუსტად ამას მოწმობს.

სტატიის ავტორი ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე