შიშისა და კომპლექსების სწორად გაცნობიერებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ინდივიდის ყურადღების მართვას ენიჭება. უნდა მოხდეს ცნობიერი რესურსების სრული მობილიზება ერთ კონკრეტულ საკითხზე. მიზნის მისაღწევად საკუთარი კომფორტის ზონაში მყოფი ადამიანი იწყებს კონცენტრირებას ამა თუ იმ პრობლემაზე. არის აბსოლუტურად თავისუფალი, არაფერი აწუხებს, მეტრონომი არა არის ჩართული და მილიწამებში არ ისაზღვრება მისი ფიქრის ხანგრძლივობა. ნებისმიერი სხვა აქტივობის მიუხედავად, მისთვის საჭირო და სასარგებლოსკენ მიმართავს ყურადღებას და უსმენს შინაგან ხმას.
ყველაფერი დადებითის გახსენებით, ოცნებით და განცდით წინა პლანზე გადმოაქვს პოზიტიური მუხტი და უამრავი ნეგატიური, აგრესიული მოცემულობა, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება, მის ცნობიერებაში ვერ აღწევს.
ადამიანები მკვდარი თევზებივით მიჰყვებიან დინებას და ჩანჩქერთან პირისპირ აღმოჩენისას პანიკა იწყება. თითოეული ინდივიდი საკუთარი ცხოვრებას თავად განსაზღვრავს. სულიერი სიფხიზლე განაპირობებს, აირჩიოს რა მიმართულებით წამოიწყოს აზროვნება. სულიერი და ცნობიერი სიფხიზლე პიროვნული ზრდის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია. ამ სიფხიზლესა და ფხიზელ თვითშეფასებაში, თვითშემეცნებაში კომპლექსისა თუ შიშის გამოვლინება სრულყოფისკენ ნაბიჯის გადადგმის მორიგი შანსია.
რა ვუყოთ შიშებს და კომპლექსებს? – პირველ რიგში, საჭიროა დაკვირვება იმ მომენტებზე, როდესაც წინააღმდეგობა და შეფერხება ჩნდება. საკუთარ თავში კომპლექსის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენის გაკეთების შანსია. ადამიანი ორიენტირებული უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი კომპლექსი გამოავლინოს. არ დარჩეს საკუთარ თავთან ამ საკითხებთან ბუნდოვან ურთიერთობაში. კომპლექსის აღმოჩენა და გაცნობიერება სიმშვიდის, თვითგანვითარების და პიროვნული სრულყოფის საფუძველია. ნაკლის მითითებისას ინდივიდის პირველი რექაცია უარყოფა, მოგერიება და შეიძლება შეტევაზე გადასვლაც იყოს. გონიერი ადამიანი ამისთვის არ მოცდება. თუმცა, ეს ეს იმას არ ნიშნავს ვინც რას დააბრალებს, ყველაფერი რეალობად აღიქვას. თითოეულ ინდივიდში უამრავი ხარვეზი არსებობს და ამ ხარვეზებისგან რაც ნაკლები დარჩება, მით უკეთესი და საინტერესო იქნება ცხოვრება. შესაბამისად, სიამოვნება და სიხარული მეტი სიცხადით აღიქმება.
ფსიქოთერაპევტი დათო ანდღულაძე