ერთხელ სრული ანესთეზიის პროცესის გავლა მომიწია. მაინტერესებდა, როდის დავიძინებდი და, საერთოდაც, როგორ წარიმართებოდა პროცესი. მეგონა, ჯერ შეგრძნებები გაბუნდოვანდებოდა, შემდეგ ჩამეძინებოდა და ბოლოს გამოვხიზლდებოდი. მოხდა ისე, რომ უცებ მაფხიზლებენ და მეუბნებიან, რომ მთელი პროცესი უკვე გაიარეთ და ყველაფერი დამთავრებულიაო. წარმოდგენა არ მაქვს ის ათი წუთი რა ხდებოდა. ისე გავითიშე, რომ ვერც კი მივხვდი. თუ სიკვდილიც ანალოგიური გათიშვაა, მაშინ ამის რატომ უნდა შეგეშინდეს? სიკვდილის შიში გამოწვეულია შენი წარმოდგენით, რომ ღმერთები იბორიალებენ აქეთ-იქით და დაგსჯიან ბოროტი ქმედების გამო. წარმოიდგინეთ, რომ ლიტერატურის კრიტიკოსი ხართ და გეშინოდეთ გარდაცვლილ მწერალზე რაიმეს დაწერა იმის შიშით, რომ რაღაც ცუდს დაგმართებთ იმ ქვეყნად. მაგრამ მოვა ვიღაც და გეტყვის, რომ ამ შემთხვევაში ლიტერატურული კრიტიკა საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან კრიტიკული შენიშვნების აღმოცენება ბუნებრივი პროცესია და, ამასთან ერთად, გარდაცვლილის სულს წარმოდგენაც კი არ ექნება, თუ რას დაწერ შენ მის ტექსტზე. ამ შიშის გარეშე თავისუფლად შეძლებ წერო საუკეთესო კრიტიკული ნაშრომები. მსგავსად ამისა, ეპიკურეც ამბობს, რომ ღმერთების შიში არარაციონალურია, რადგან ისინი არ აკვირდებიან და არ ინტერესდებიან იმით, თუ რა გააკეთე და როგორ დაგსაჯონ. გათავისუფლდი ღმერთების ამ შიშისგან. გეშინოდეს, რომ აგებულებით (გურამიშვილის მიხედვით) ვერ იცხოვრო.
აგებულებით თუ არ იცხოვრე ბევრი შოკოლადის ჭამისგან მუცლის გვრემა დაგემართება, ან ცოლს თუ უღალატე, მასთან ვეღარ გექნება ისეთი გულწრფელი ურთიერთობები და ოჯახურიცხოვრებაც არ იქნება ისეთი სასიამოვნო, როგორც მანამდე. „ჰედონე“ შეიძლება შენმა ღალატმა დააზიანოს. ეპიკურე ზომიერების მომხრეა, იგი გვთავაზობს სიამოვნებათა ოპტიმალურ მოდელს, თუ როგორ უნდა გვქონდეს ოპტიმიზირებული სიამოვნებები.
შესაბამისად, სიკვდილის შიში არარაციონალური და არაფილოსოფიურია, რადგან იქით არაფერი არ არის. ატომები იშლება და იქ არაფერი არ გელის. არც სიკეთე, არც ბოროტება, არაფერი. არარაციონალურია არაფრის გეშინოდეს – ასეთი მარტივი სქემა აქვს ეპიკურეს. მე შეიძლება მეშინოდეს მხოლოდ იმის, რისგანაც შეიძლება ტკივილი განვიცადო.
და სიკვდილს შორის ასეთი დამოკიდებულება არსებობს: როდესაც მე ვარ, სიკვდილი არ არის, როდესაც სიკვდილია – მე აღარ ვარ. შეუძლებელია მე და სიკვდილი ერთმანეთს შევხვდეთ, ეს ā priōrī არ შეიძლება. როგორც ორთქლი და ცეცხლი ვერ მოთავსდება ერთად, ასევე მე და სიკვდილიც. სადაც ორთქლია იქ ცეცხლი არაა და სადაც ცეცხლია იქ ორთქლი არ არის, ორთქლი აქრობს ცეცხლს. სადაც უჟანგბადობაა იქ ცეცხლი ქრება. როგორც უჟანგბადობა და ცეცხლი ვერ მოთავსდება ერთად, ისე მე და სიკვდილი ვერ მოვთავსდებით ერთად. ჩემი შეხვედრა სიკვდილთან არ ხდება. რასაც არ ვხვდები მისი შიში არის არასწორი და არარაციონალური, ამიტომ მე, როგორც სოკრატე ამბობს, მთავარია სწორი შიში მქონდეს. აზროვნებისთვის სიკვდილი რომ მომისაჯონ, ეს საშიში არ არის. ფილოსოფიისთვის რომც მოვკვდე, ამით ჩემი სული არ დაზიანდება. სული დაზიანდება მხოლოდ მაშინ, თუკი ფილოსოფოსობას შევწყვეტ.
ამონარიდი ლევან გიგინეიშვილის წიგნიდან _ „საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე“