სიახლეები, სტატიები

„მაღიარე, რომ ვიგრძნო ჩემი მნიშვნელობა“ – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

სიტყვა ,,მნიშვნელოვანი“ შეფარდებითია და გვაფიქრებინებს ვისთვის ან რისთვის… საკუთარი შესაძლებლობების აღიარება ,,მე“-ს შესწავლის, დაკვირვების, თვითრეფლექსიისა და  გარე სამყაროს მიერ ჩვენი შეფასებიდან გამომდინარეობს. შინაგანი წონასწორობის, ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის ადეკვატური თვითშეფასებაა საჭირო, რომელიც გულისხმობს საკუთარი უნარების და შესაძლებლობების შეფასებას, საკუთარი ძლიერი მხარეებისა და ცოდნის ხაზგასმას. აქცენტი პოზიტიურ მხარეებზე ზემოქმედებას ახდენს ინდივიდზე და მის დადებით დამოკიდებულებაზე საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ზოგჯერ დგება კრიზისული ეტაპი და წონასწორობის შეგრძნებას ვკარგავთ. ადამიანი საკუთარ ძალებში დარწმუნებული არაა, ნეგატიური ემოციებით დატვირთული, ხშირად, სუსტად ან საერთოდ ვეღარ აფასებს საკუთარ ძლიერ მხარეებს, თავს იდანაშაულებს და ზოგჯერ გაურბის გარე სამყაროს. ცხადია, გარემოს, მიკროსოციუმს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რათა ადამიანმა აღიდგინოს შინაგანი წონასწორობა. ერთ-ერთ შეხვედრაზე  დანიის სკოლის მოდელი იყო განხილული სადაც საუბრობდნენ, რომ სკოლაში მოსწავლეებს ცალკე გაკვეთილები უტარდებათ ემპათიის შესახებ. რას აძლევს ბავშვს აღნიშნული გაკვეთილები? ისინი სწავლობენ მოსმენას, მხარდაჭერას, მიმღებლობას, თანაგრძნობას…

„მოუსმინო და მხარი დაუჭირო, ეს იგივეა, აღიარო და იზრუნო ადამიანზე, რას გრძნობს ინდივიდი? რომ იგი მნიშვნელოვანია, რომ უყვართ და პატივს სცემენ, რომ მარტო არაა და მის გვერდით არიან.“  

ზრდასრულობა… ჩამოყალიბდი და, თითქოს, მეტად ხარ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, აცნობიერებ და აფასებ შენს ძლიერ მხარეებს, მაგ. საინტერესოდ კითხულობ ლექსს, გემრიელ კერძებს ამზადებ, კარგი გარეგნობა გაქვს და უამრავი სხვა… რატომ გვინდა რომ მაინც გვითხრან ამის შესახებ? გვაღიარონ და მუდმივად ,,აგვირეკლონ“. ფიფქიას ზღაპარშიც დედინაცვალი თავდაჯერებული ჩანს და ლამაზიცაა, მაგრამ მაინც მიმართავს სარკეს ,,მითხარი ვინ არის ყველაზე ლამაზი“ იმ ერთადერთი და უმთავრესი სურვილის დასაკმაყოფილებლად, ,,მაღიარე!“ ა. მასლოუს მოთხოვნილების  პირამიდის თანახმად, ერთ – ერთი მოთხოვნილება სწორედ ადამიანის ,,მნიშვნელოვნების განცდა“ – აღიარების სურვილია. უამრავ ენერგიას ვხარჯავთ, რათა ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს დავუკმაყოფილოთ ძირეული საჭიროებები, ჰქონდეთ სამოსი, საკვები, სითბო, რომ დავუკვირდეთ რამხელა ძალისხმევას ვდებთ…. ამ ყველაფრის ფონზე, გვავიწყდება ან ვერ ვაცნობიერებთ, ან უფერულდება ემოციური მხარდაჭერის, თანაგანცდის, შექების, აღიარების, მადლიერების მნიშვნელობა. ერთ – ერთი კვლევის თანახმად – ,,რატომ ტოვებენ ქმრებს ცოლები“ – მეუღლის უყურადღებობა მისი ცოლის მოთხოვნილებების მიმართ. იმავე მოტივს ასახელებენ მამაკაცები. ნებისმიერი მიღწევის მამოტივირებელი საკუთარი მნიშვნელობის განცდაა. ეს სურვილია, რომელიც უბიძგებს ადამიანს, ააშენოს დიდი სახლი, რომლის  მასშტაბები პრაქტიკულად არ სჭირდება, ან ატაროს სამკაული თუ სამოსი, რომელიც არ არის კომფორტული, მაგრამ მის სოციალურ მდგომარეობას ხაზს უსვამს. იგივე მოთხოვნილება უბიძგებს მოზარდს გავიდეს ქუჩაში და ჩაერთოს განსხვავებულ დაჯგუფებაში, მიიპყროს ყურადღება განსვავებული ნიშნებით… ,,მომაქციე ყურადღება!“ ამაში ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ ადამიანები და სინამდვილეში გაცილებით გამარტივდებოდა ყველაფერი გულწრფელად რომ გვაღიარებდნენ და მარტივად გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ სიყვარულს. სიტყვის ძალა ახალი არაა და ამის დასტურად ერთ  ისტორიას მოვიშველიებ: კლასში სტივს სთხოვეს დაეჭირა თაგვი, რადგან ის კარგად გებულობდა სმენით, სად შეიძლებოდა ყოფილიყო იგი. პედაგოგმა გულწრფელად შეაქო ბიჭი და აღნიშნა, რომ  მხედველობის მიღმა მოსწავლე ფლობდა ფენომენალურ ყურთასმენას, რომელიც არ ჰქონდა არც ერთ მოსწავლეს ირგვლივ. პირველად სტივმა გაიგო ის, რომ მას აქვს სწორედ ის შესაძლებლობა, რაც არ აქვს არც ერთ სხვა მოსწავლეს. ეს ღირებულების განცდა მნიშვნელოვნად დაეხმარა თვითშეფასების ფორმირებას და მისცა სტიმული მეტად გამოეხატა თავი. შემდგომ თავად  მუსიკოსი სტივ უანდერი აღნიშნავს რომ: ,,ეს დღე დარჩა მის გონებაში ახალი ცხოვრების დასაწყისად.“

აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელი და საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts