სიახლეები, სტატიები

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის „ნაფიქრალი“

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სულიერ ცხოვრებაშიც, სულიერ სფეროშიც საქართველოს სინამდვილეში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც სასულიერო პირი, ვიტყვი, რომ არის ფიქრის დეფიციტი და თუ არსებობს რელიგიურობა ჩვენში, არსებობს უფრო სტიქიური, აბსტრაქტული და არა კონკრეტული სახით. ქრისტიანობა კი ძალიან კონკრეტულად ამბობს… ქრისტე პირდაპირ ამბობს: „მე ვარ გზა და ეს გზა ვიწრო და ეკლიანია, მე ვარ კარი და ეს გზა, ეს კარიც, ძალიან ვიწროა“, იმდენად ვიწრო, რომ ბევრი ეძებს და ცოტა პოულობს, ამიტომ არ შეიძლება იყო აბსტრაქტულად რელიგიური ადამიანი და გერქვას ქრისტიანი და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ფიქრის დეფიციტი.

ახლა რაც შეეხება აზროვნების უნარს, ეს ძალიან საინტერესო ფენომენია. აზროვნება, გონიერება ქრისტიანული ანთროპოლოგიის მიხედვით ცოტა უფრო სხვანაირად არის დანახული, ვიდრე უბრალოდ შეიძლება-ხოლმე ვთქვათ, ან ფილოსოფიურად, ან ყოფითად ვიმსჯელოთ. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აზროვნება არ არის გონიერება, გონება ადამიანისა არ დაიყვანება უბრალოდ ლოგიკურ აზროვნებამდე, იმიტომ რომ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, შეიძლება აზროვნებად ჩავთვალოთ ის, რომ სამყაროში ჩვენ ვორიენტირებთ. ვთქვათ, ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ ინდივიდს, აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიც არის მაგალითად, თვითგადარჩენის ინსტინქტი და რეპროდუქციის უნარი. ნებისმიერი ცხოველი, ვთქვათ, „აზროვნებს“ ამ კუთხით და ორიენტირებს სამყაროში. ამ დონეზე ადამიანის აზოვნებას ვერ დავიყვანთ.

ადამიანს იმით გამოვარჩევთ, ვთქვათ, სხვა ბიოლოგიური არსებებისგან, რომ მას არა უბრალოდ აღქმის (სად გავუხვიო და რა უფრო მეგემრიელება), არამედ შემეცნების უნარი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შემეცნება არის ინსტრუმენტი, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება ის იყენებდეს. ეს არის, რა თქმა უნდა, შემეცნება გარე სამყაროსი და თვითშემეცნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თუ ადამიანი თვითშემეცნებას არ ეწევა, რა თქმა უნდა, მას, როგორც ადამიანს, სერიოზული პრობლემა ექმნება.

შემეცნება რისი? თუ, მაგალითად, სამყაროზე ან თუნდაც საკუთარ თავზე ვსაუბრობთ, შემეცნება ხილულისა თუ უხილავისა? ორივესი! იმიტომ, რომ ადამიანი ბუნებრივია ხვდება, რომ მხოლოდ ის კი არ არსებობს, რასაც ჩემი ფიზიოლოგიური თვალი ხედავს, შემეცნების უნარი გაცილებით შორს მიდის, ვიდრე უბრალოდ ზედაპირული აღქმა  სამყაროსი ან საკუთარი თავისა. და როგორც კი ვამბობ, რომ შემეცნება როგორც ხილულისა, ისე უხილავისა, იმ წამს ამოდის ისეთი ღირებულებითი კატეგორიები, რომლებიც ხილულ სამყაროში ნაკლებად შეიძლება იყოს. თუმცა ხილული სამყაროც, თუნდაც საკუთარი თავიც და სამყაროც, არის ისეთი ღირებულებების მატარებელი, როგორიც არის მშვენიერება,  სილამაზე, კანონზომიერება. ამის მიღმა კიდევ უფრო მაღალი ღირებულებითი კატეგორიებია. მაგალითად, სიცოცხლე. სიცოცხლე, ოღონდ არსებობის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ არსებობს ქვაც, მთვარეც და დიდი დათვის თანავარსკვლავედიც, მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ ნებისმიერმა მშობელმა და ასევე ბებიამ და ბაბუამ (ახლა ბაბუას ამპლუაში ვიტყვი) საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ჩვენი პატარა შვილიშვილის სიცოცხლე აბსოლუტურად აღემატება დიდი დათვის თანავარსკვლავედის არსებობას, იმიტომ რომ, ის, დიახ, არსებობს, მშვენიერია, მაგრამ სიცოცხლე სხვა ფენომენია.

ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანურ სიცოცხლეზე. ადამიანი ფიქრობს ასე – რა არის სიცოცხლე? ეს მე მინდა შევიმეცნო ჩემი ინსტრუმენტით, რომელსაც შემეცნების უნარი ჰქვია. რა არის სიცოცხლე? ვთქვათ, ათეისტი ვარ, ვთქვათ, არაფრის მჯერა, არაფრის მწამს, მაგრამ ლოგიკურად ვიფიქრებ, სიცოცხლე მაშინ არის სიცოცხლე, როცა მარადიულია. ეს არ არის ის, რაც დამთავრებადია (პეპელას არსებობაც მშვენიერია, მაგრამ იმის მერე არაფერი აღარ რჩება მისგან), ანუ, როცა ისეთ ღირებულებით საკითხს განვიხილავ, როგორიც არის სიცოცხლე, შემოდის სხვა ღირებულება – მარადისობის კატეგორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

და არა მარტო სიცოცხლესთან მიმართებით სხვათა შორის, იგივე ითქმის პიროვნულობასთან დაკავშირებითაც. მასთან ქრისტიანობას თავისი დამოკიდებულება აქვს. პიროვნება არ არის, ვთქვათ, არისტოტელეს ჰიპოსტასი ანუ, რომელიც ადამიანის ან ნებისმიერი საგნის ინდივიდუალურობას წარმოაჩენს. აი, მაგალითად, ზოგადი ჭიქა არ არსებობს, არსებობს კონკრეტული ჭიქა. ჭიქის ცნება არსებობს, მაგრამ ყოველი მათგანი კონკრეტულია. 

ამ სამყაროში არსებობს ინდივიდუალიზმი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, როცა დღეს თანამედროვე ცივილური სამყარო ხშირად ახსენებს ამ ტერმინს, პიროვნულობას, ეს არის ქრისტიანობის მონაპოვარი, როგორც ასეთი, ძალიან საინტერესოა. შეიძლება ვთქვათ, ეს ჩაკარგულია, მაგრამ პიროვნულობა ქრისტიანობამ შემოიტანა სამყაროში, სხვა გზა არ ჰქონდა – ეს ცალკე თემაა და ძალიან საინტერესო თეოლოგიური საკითხია. შემდეგ ეს იქნა მიღებული, ვთქვათ, დასავლური ცივილიზაციის მიერ. რატომ მარტო დასავლური და არა აღმოსავლური? ჩვენ ხომ მათ გასაყარზე ვართ… და ესეც მარადისობის გარეშე შეუძლებელია.

და კიდევ ერთი ღირებულება, რომელიც მარადისობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია არსებობდეს, ეს არის თავისუფლება. ნამდვილი ათეისტი არის ის, ვინც – ვთქვათ, დოკინსი, ძალიან საინტერესო ადამიანია, ათეიზმის მისიონერია და ძალიან თანმიმდევრული ათეისტია. რატომ? რადგან ის ამბობს, რომ თავისუფლება არ არსებობს. აბსოლუტურად სწორია. სამყარო, რომელიც არის ერთი მთლიანობა, საოცარი კანონზომიერებებით აღსავსე მშვენიერება, ამავე დროს არის აბსოლუტურად დეტერმინირებული. ყველაფერს, რაც ხდება, აზრისა და ქცევის დონეზეც კი, წინ უსწრებს რაღაცა მოვლენა, რომელიც ამ მოვლენის მიზეზია. ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვად არის ასე ჩაკირული, როგორ შეიძლება, თავისუფლება არსებობდეს?

ამიტომ დოკინსი ამბობს, რომ აზრიც, სიყვარულიც, არჩევანიც, სიმპათიაც – ყველაფერი არის დეტერმინირებული და ამიტომ თავისუფლება არ არსებობს. მაგრამ ზოგადად ადამიანს რომ აკვირდები, შეიძლება თქვა, რომ ეს ადამიანი თავისუფალი არ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ასე იმიტომ იქცევა, და ამიტომ, ამიტომ და ბევრ მიზეზს მოვუძებნით, ასე რატომ იქცევა, ასე რატომ ფიქრობს? ვთქვათ, მის ქვეცნობიერში ასე რატომ ხდება? და ასე შემდეგ. მაგრამ თითოეული ადამიანი თავის თავში რომ კარგად იხედება, მან ძალიან კარგად იცის, რომ ხშირ შემთხვევაში ის თავისუფალ არჩევანს აკეთებს და არც ერთი ადამიანი, ალბათ იგივე დოკინსიც კი, თავის პირად ცხოვრებაში, არ მოაწერს ხელს იმაზე, რომ „მე თავისუფალი არა ვარ“.

მაგრამ თავისუფლება ლოგიკურად შეუძლებლია არსებობდეს იმ ტრანსცენდენტული რეალობის, ანუ სამყაროს მიღმიერი რეალობის გარეშე, რომელსაც ჩვენ ქრისტიანები ღმერთს ვუწოდებთ. სხვანირად შეუძლებელია.

ამიტომ ამ სამი ღირებულების (როგორც ვთქვით, სამი და კიდევ ბევრია ასეთი): სიცოცხლე, პიროვნულობა და თავისუფლება – შემეცნება სცილდება ამ სამყაროს ფარგლებს და ვამბობ, ესე იგი, მე უნდა შევიმეცნო ღმერთი და ვიწყებ ღმერთის შემეცნებას. ჩემს ინსტრუმენტს, რომ შემიძლია შევიმეცნო, მივმართავ უკვე სამყაროს მიღმა. ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ტრანსცენდენტულ რეალობაზე.

რას ნიშნავს ტრანსცენდენტული? ეს არის მეტაფიზიკური. ადამიანში არაფერია ისეთი, არც ინტელექტი, არც ტვინის ფუნქცია, არც ემოციები, არც სენსორები, რომელსაც შეეძლოს მეტაფიზიკური რეალობის აღქმა, სამყაროს მიღმიერი რეალობის აღქმა, ღმერთის აღქმა. როგორც კომპიუტერს არ შეუძლია, ვთქვათ, ღმერთის დანახვა, ობიექტივს არ შეუძლია მიღმიერი სამყაროს დანახვა. ამის უნარი არა გვაქვს ჩვენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი არის! მორწმუნეები ასე ვამბობთ, ყოველ შემთხვევაში. არა უბრალოდ ვამბობთ, არამედ მთელ ცხოვრებას ვცვლით და ვკვდებით კიდევაც ჩვენი უფლისათვის. ვწირავთ ჩვენს ყველაზე ძვირფას ამქვეყნიურ სიცოცხლეს, ყველაზე ძვირფასიც მიგვაქვს შესაწირავად, იმიტომ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არის. ეს უცნაური ფენომენია. თვითონ ეს არის მთავარი სასწაული მორწმუნეში, რომ – კაცო, რა იცი, რომ ღმერთი არის? ვერ დაგიმტკიცებ, მაგრამ არის, ვიცი და მე მოვკვდები მისთვის. ასეთ დროს ადამიანი იწყებს შემეცნების ინსტრუმენტის მიმართვას უკვე სამყაროს იქით და იწყებს ღმერთის შემეცნებას.

იესო ქრისტე პიროვნულად ადამიანი არ არის, ის ძე ღმერთია, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო. ეს ძალიან საინტერესოა, გესმით? აქ რომ ქრისტე იდგეს და თვალებში ჩახედავდით და ის რომ ჩაგხედავდათ, ადამიანური ორი თვალი იყურება, ბაგეები საუბრობს. ახლა მე რომ ვსაუბრობ და გიყურებთ და პიროვნულად, ბუნებითაც ადამიანი ვარ, დამერწმუნეთ, პიროვნულადაც ადამიანი ვარ, თეოდორე მქვია.. გიყურებთ არსება, თქვენნაირი, ჩემნაირი, გესაუბრებათ, გიყურებთ და შემზარავ, შემაძრწუნებელ რეალობას ამბობს ქრისტიანობაში, შემაძრწუნებელა რეალობას. მაგრამ სუბიქტი, ვინც ამას აკეთებს და ვისაც თქვენ თვალებში უყურებთ, ისაა, ვინც უკვე ხსენებული დიდი დათვის თანავარსკვლავედის შემქმნელია. ეს არის გულისგამგმირავი რეალობა, რასაც ქრისტიანობა ამბობს. და ეს არის ძალიან საინტერესო და პლიუს, მისი ადამიანური ბაგეებით გამოთქმული, რა სურს ღმერთს, რა უნდა ღმერთს და რა დავალებას მაძლევს, რა გზას მაძლევს…

და კიდევ ერთი საინტერესო რამ: ღირებულებებში, რომლებიც ჩამოვთვალე – სიცოცხლე, პიროვნულობა და თავისუფლება – საოცარ რამეს ვხედავ. იმას, რასაც მე, როგორც ადამიანი, ვესწრაფვი, რომ მქონდეს არა არსებობა, არამედ სიცოცხლე, პიროვნულობა და არა უბრალოდ ინდივიდუალური ეგოისტური არსებობა და ნამდვილი თავისუფლება, ასეთ შემთხვევაში ჩემს ქმედებას არ მოსდევს ასეთი სიტყვა: „ამას იმიტომ ჩავდივარ, რომ“…  არავითარი „იმიტომ“, ეს არის ჩემი აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი – ამ ძირითად ღირებულებებს გარანტად უდგება ღმერთი, რომელიც ჩემთან ადამიანის სახით მოვიდა. აი, ამას მაწვდის ქრისტიანობა და ჩემი შემეცნება, თუ მე სწორად განვავითარებ ამას, თურმე აქამდე დადის. მერე უკვე ადამიანი შეიძლება სიხარულისაგან ხტოდეს და იყოს ბედნიერი, იმიტომ, რომ მან იპოვა ცხოვრების საზრისი, რომელიც მისთვის ძვირფას ღირებულებებს – სიცოცხლეს, პიროვნულობას და აბსოლუტურ, ღმერთის მსგავს თავისუფლებას – ხდის რეალურს. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის „ნაფიქრალის“ სრულ ტექსტს გაეცნობით კრებულში, რომელსაც აზროვნების აკადემიის გამომცემლობა უახლოეს პერიოდში გამოსცემს.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის