„…ეროსი აერთიანებს ადამიანის დაცემულ ბუნებასა და ღმერთს, ავსებს მათ შორის სიცარიელეს… ეროსი არც მდიდარია, არც უპოვარი, არც ბრძენია და არც უმეცარი, არამედ შუალედური მათ შორის. ოღონდ ამ შუალედურ არსებას ერთი ძლიერ დასაფასებელი თვისება აქვს: ის ლტოლვაა მშვენიერებისადმი, ის თავად სურვილია, რომელსაც ყოველთვის და ყველგან სილამაზე სურს. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი დემონური ბუნება.”
ზოგჯერ ასე ხდება:
- როცა, რასაც ვხედავ, თუ უკეთ შევხედავ, საწინააღმდეგოს დავინახავ;
- როცა დუმილით უფრო მეტია ნათქვამი;
- როცა სიმორცხვეში სიამაყეა;
- როცა ალტრუიზმი უკიდურესი ეგოიზმია;
- როცა ჩემს ხანგრძლივ და მყარ სიხარულში ვხედავ სევდას;
- როცა სევდაში ბოლომდე ჩავიძირები, სიხარულს ვპოულობ; და როცა ვტირი- შვებას;
- როცა აჟიტაციის გრძნობა მაქვს, ვიცი რომ ამას მალე დეპრესია მოყვება;
- რაც უფრო მეტ ცოდნას ვიღებ, არცოდნას უფრო ვაცნობიერებ; როცა რამეს აღმოვაჩენ და ახალ ცოდნას ვიღებ, მერე უფრო ვხვდები – რამდენი რამეა ალბათ კიდევ ისეთი, რაც არ ვიცი;
- როცა ამპარტავანი ვარ, მაშინ არ მჯერა ჩემი შესაძლებლობების;
- როცა მგონია, რომ სრულყოფილი შემიძლია ვიყო, მაშინ ვუშვებ ყველაზე დიდ შეცდომას;
- როცა არასრულყოფილების გაცნობირება უფრო არის სრულყოფილებისკენ სწრაფვა;
- როცა ვერ გაგების გამოხატულება, გაგების დიდ სურვილზე მიანიშნებს;
- როცა ყველაზე მეტად ვაცნობიერებ ჩემს „ცოდვას“ და ვნანობ, მაშინ ვარ ყველაზე მეტად „ცოდვისგან“ დაცლილი და განწმენდილი;
- როცა არ ვიღლები, მაშინ ვარ დაღლილი;
- როცა მსხვერპლი ვარ, მაშინ ვძალადობ;
- როცა გიცავ, მაშინ შეიძლება გასუსტებდე;
- როცა ზედმეტ ყურადღებას გამოვხატავ, მაშინ შეიძლება გახრჩობდე;
- როცა დემონსტრაციულად ვაჩვენებ, რომ თავისუფალი ვარ, მაშინ მიჭირს გათავისუფლება მარწუხებისგან;
- როცა გააზრების და თანაგრძნობის გარეშე მოვუწოდებ „არა ძალადობას!“ აგრესიისკენ შეიძლება ვუბიძგებდე;
- როცა გაუცნობიერებლად და თანაგრძნობის გარეშე ვეუბნები „პატივი ეცი და გიყვარდეს!“, ვუბიძგებ საწინააღმდეგოსკენ;
- რაზეც ვკიცხავ სხვას და ბრაზით ვამბობ: „როგორ შეიძლება ასე მოქცევა“, შეიძლება, მე თავად მინდა, რომ ასე მოვიქცე (როცა ის, რაც მაღიზიანებს ჩემშიცაა);
- როცა ვეუბნები „დამშვიდდი“ , „ნუ ნერვიულობ“ – მაშინ უფრო ვერ ვამშვიდებ;
- როცა თავს ვიმართლებ, მაშინ უფრო ვგრძნობ თავს დამნაშავედ ან როცა გამართლებ და გეუბნები „შენი ბრალი არ არის“, მაშინ უფრო „ვამბობ“ რომ დამნაშავე ხარ;
- რაც უფრო შორს ხარ, უფრო ხშირად ხარ ჩემს ფიქრებში და, შესაბამისად, უფრო ახლოს;
- როცა ვერ ვამბობ, როგორ მიყვარხარ, უფრო მეტად მიყვარხარ;
- როცა გავრბოდი, ყველაზე უფრო მაშინ მინდოდა შენთან ყოფნა;
- ბავშვობაში (შეიძლება ახლაც), როცა დიდი ხნით არ ჩანდი, როგორც კი გამოჩნდებოდი გიბრაზდებოდი, არადა ყველაზე მეტად მინდოდა შენი დანახვა;
- როცა უცვლელობის ძლიერი მოთხოვნილება და ცვლილების გადაჭარბებული მოთხოვნილება – ორივე წარმავლობის შიშიდან მოდის;
- როცა ვამბობ რისი მეშინია და ყველაზე მეტად მაშინ ვარ ძლიერი;
- როცა მტანჯველი სურვილი მაქვს ირგვლივ ყველაფერი მოვაწესრიგო და დავალაგო, ყველაზე მეტად მაშინ მაქვს არეულობა შინაგანად;
- როცა ადგომაა, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ იყო დაცემა და მასთან გამკლავება;
ყველაფერი ყველაზე მძაფრად იწყება დაახლოებით 2 -3 წლის ასაკში, როცა პირველად მასწავლიან პირველ სოციალურ ქცევას (ტუალეტის ჩვევას) – როცა სურვილი მიჩნდება და უნდა შევიკავო, როცა, ერთის მხრივ, ეს შეკავება წახალისებულია და „ყოჩაღი“ ვარ და, მეორეს მხრივ, არ მესმის რატომ ვაკეთებ ამას; როცა ინიციატივა მიჩნდება და აკრძალვა იქვეა. მოგვიანებით მაქსიმალურად გადართული ვარ სწავლაზე, გარეგნულად კოგნიტური უნარების განვითარებას ვუთმობ დროს, თუმცა ლატენტურად ჩემში ემოციებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. მოგვიანებით კი, იმ ასაკში, რომელსაც გარდატეხის ასაკს უწოდებენ, ეს ამდენი ფარულად მიმდინარე ემოციური პროცესი დუღდება და აშკარა ხდება, ვიღლები ამდენ წინააღმდეგობას შორის ყოფნით და დანამდვილებით მინდა გავიგო სად ვარ, ვინ ვარ:
წესები უნდა დავიცვა, თუ უნდა ავჯანყდე? საკუთარ თავში უნდა ჩავიკლა თუ უნდა გამოვხატო? მხირული უნდა ვიყო თუ დეპრესიული განწყობით? ყველაფერი სულერთია თუ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი/რამე ჩემზეა დამოკიდებული თუ სამყაროს და ბედს უნდა მივენდო?
- ვამბობ „არ ამინტერესებს“ და ყველაზე მეტად მაშინ მაინტერესებს;
- ვამბობ: „როგორც გინდა ისე მოიქეცი“ და ყველაზე მეტად მაშინ მინდა ისე მოიქცე, როგორც მე მინდა;
- ვამბობ „არაფერი არ ხდება“ და ყველაზე მეტად მაშინ ხდება;
- ვამბობ: „თავი დამანებეთ“ და ყველაზე მეტად მაშინ მჭირდებით;
- ვამბობ: „წავედი სახლიდან“ და ყველაზე მეტად მაშინ მინდა სახლში;
- შენდამი ყველაზე უხეში ვარ, შეიძლება ყველაზე მეტად შენ გატკინო გული და ამ დროს, სწორედ შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად;
- ჩუმად ვარ და ყველაზე მეტი ხმაურია ჩემში;
- არაფერს ვამბობ და ყველაზე მეტი სათქმელი მაქვს..
- და საერთოდ, ზოგჯერ მგონია რომ ვარ, ზოგჯერ მგონია, რომ არ ვარ..
არ მაინტერესებს მათემატიკის სწავლა, არც ის თუ როგორი ამინდია დღეს გარეთ, ღრუბელია თუ მზე, მაინტერესებს – ვინ ვარ მე! და აქედან იწყება პიროვნული ღერძის გაცნობიერება, ცნობიერი ან/და არაცნობიერი სურვილით ჩამოყალიბება და ზრდა, საკუთარი ნებით არჩევა, მორგება, დატოვება ან გამოცვლა. მე,, ერთის მხრივ, მჭირდებიან ადამიანები, რომ სარკეში ჩახედვის შესაძლებლობა მქონდეს და, მეორეს მხრივ, მარტო ყოფნა მჭირდება, რომ მე თვითონ გადავწყვიტო.
ამ ასაკში მე მჭირდება განსაკუთრებული თანაგრძნობა- გაგება, არა ისე, რომ გასაგებია როგორც ვარ და როგორიც ვარ, გაგება ისე, რომ ძნელად გასაგებია როგორც ვარ და როგორიც ვარ, მე მჭირდება ჩემი სიჩუმის მოსმენა, რადგან ყველაზე მეტად ვსაუბრობ მაშინ, როცა არ ვმეტყველებ, მაგრამ ჩემს სიჩუმესთან მარტო დარჩენა ხანდახან მტკივნეულია- რადგან იქ არეულობაა, მე კი გამოუთქმელი სურვილი მაქვს რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი, დავალაგო ჩემ შიგნით არეულობა.
– როგორ ახერხებთ ასეთ არეულობაში რომ იაროთ, აქეთ იქით გადასროლას გაუმკლავდეთ?
– იცით, მე ვცდილობ, რაც შემიძლია ყველაფერი უცვლელი იყოს ჩემ ირგვლივ, მაგალითად საგნები იმავე ადგილას, იგივენაირად. ეს სიმშვიდეს მგვრის იმიტომ, რომ სადღაც მაინც ვხედავ უცვლელობას და წესრიგს, მეშინია ცვლილების. ის ყველანაირ ცვლილებას მახსენებს, მათ შორის ყველაზე მტკივნეულ ცვლილებას, რომ ერთხელაც შეიძლება ადამიანები და საკუთარი თავი დავკარგო.
– მეც მეშინია სხვების და საკუთარი თავის დაკარგვის თუ გაქრობის, მაგრამ მე პირიქით ვიქცევი, ვცდილობ მუდმივ ცვლილებას, ამით ჩემს თავს ვუმტკიცებ, რომ რაღაცები იცვლება და მაინც ყველაფერი კარგადაა, ასე უფრო მიადვილდება ჩემს შიშთან გამკლავება.
– იცით, მე ჩემი კანონზომიერებები მაქვს, ჩემი მიზეზ-შედეგობრიობები და ამით მაქვს სიმყარე, აი, მაგალითად, ვიცი, რომ დილით თუ მარჯვენა ფეხით ავდგები, ყველაფერი კარგად იქნება, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება.
– მე ვცდილობ მეგობრებთან ან სხვა ადამიანებთან ხშირ ურთიერთობას, ისინი ჩემი „სარკეები“ არიან. თითქოს, ვცდილობ ვნახო როგორ ჯობია მოვიქცე. ვხდები რა მინდა მათთან ყოფნის დროს, მათთან ურთიერთობისას ვგრძნობ, რომ ვარსებობ, მაგრამ მარტო რომ ვრჩები ვერ ვიტან, თითქოს, ვერ ვხდები მე ვინ ვარ, ამიტომ ვცდილობ ხშირად ვიყო ჩემს საყვარელ მეგობართან/მეგობრებთან ერთად.
– მე მინდა ზოგჯერ მეგობრებთან ერთად ყოფნა, მაგრამ სხვებს ჩემი არ ესმით, მარტო უფრო კარგად ვარ, მე არ ვგავარ სხვებს და ამიტომ უჭირთ ჩემი გაგება და მიღება, მე ჩემი თავი თვითონ უნდა ვიპოვო. ყველაზე კარგად მე მესმის ჩემი თავის, ხანდახან მეტიც, როცა სხვა ადამიანი ზედმეტი სიახლოვის სურვილს გამოხატავს – მეშინია, არ დავემსგავსო მას და არ დავკარგო საკუთარი თავი, ამიტომ არ მიყვარს კოლექტიური ქცევები, მეშინია ჩემი ნაპოვნი ინდივიდუალიზმი არ აითქვიფოს მათში.
-მეც არ მიყვარს სხვებთან სიახლოვე, იმიტომ, რომ მეშინია ერთხელაც იქნებ ვერ შევძლო ერთგულება.
– ვცდილობ ემოციურად ტკივილი მივაყენო სხვას ან საკუთარ თავს, ასე კარგად ვგრძნობ თავს. აი, მაშინ ვგრძნობ, რომ ვარსებობ და ძლიერი ვარ, რადგან სხვაზე ან ჩემზე ზემოქმედებას ვახდენ, მაშინ ყურადღებას მაქცევენ.
– მე ისე მინდა ხანდახან შური ვიძიო ყველაფერზე, რადგან მგონია, რომ ვერ მიგებენ, მინდა ხანდახან საშინლად დავიზიანო თავი, რომ მივახვედრო ადამიანებს, რას განვიცდი.
– (არაფერს ამბობს) მე არაფერს ვამბობ, რადგან რასაც ვიტყვი უნდა იყოს განსაკუთრებული ან საერთოდ არ ვიტყვი. მე სულ ასე ვარ, როცა რამეს ვაკეთებ ან ყველაფერი ან არაფერი – ასეთი პრინციპი მაქვს. ამიტომ თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ „ყველაფერი“ იქნება, მაშინ საერთოდ არ ვაკეთებ, ეს ხანდახან ხელს მიშლის, ხანდახან მეხამრება.
– და რა არის ის რაც გგონიათ, რომ გეხმარებათ?
– მეც ვწერ რაღაცებს იმაზე, თუ როგორ ვგრძნობ თავს. ერთხელაც წავუკითხავ სხვებსაც. წერის შემდეგ კარგად ვარ, თითქოს ემოციები მიმსუბუქდება, თან ვაზროვნებ და ამით ვხედავ, რომ ვარსებობ და ვარ მე.
– მე ხანდახან ვიძირები ჩემს მოწყენილობაში, ხანდახან მსიამოვნებს კიდეც ამას რომ ვახერხებ, ვცდილობ გავიგო რა მაბრაზებს და რატომ, ასევე რა მიხარია და რატომ. ასე იმდენი საინტერესო რამე აღმომიჩენია საკუთარ თავზე. ისე მომწონს, როცა საკუთარ თავთან გულრწფელი ვარ და არაფერი მაქვს დასამალი, თავისუფლად და ძლიერად ვგრძნობ თავს. მიყვარდება ჩემი თავი ასეთი – თანამგრძნობი საკუთარი თავის მიმართ და ამით ძლიერი.
– მე ზოგჯერ ჩემს მტკივნეულ ემოციებს რომ მივყვები, მგონია რომ ბევრი მტკივნეული გამოცდილება გამომივლია და თითქოს მომწონს ეს, თითქოს უფრო საინტერესო ვხდები, მომწონს ჩემი თავი, ვამაყობ ამ ტკივილებით, თითქოს ბევრი გადამიტანია და შევნარჩუნდი, და ვინც შევნარჩუნდი, ეს მე ვარ. მერე იმაზეც ვფიქრობ, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუ პირადად არ გამომიცდია რთული ემცოიების გამომწვევი სიტუაციები და მე განცდა მაქვს, რომ თითქოს გამომიცდია, ნიშნავს რომ ჩემში სხვა გამოცდილებებიც არის? გამოცდილებები, რომლებიც მე უშუალოდ არ გამომივლია.
-მე მივხვდი რომ, როცა ვაღიარებ ჩემს შეცდომას, ვიღებ კიდეც მას და ვამბობ, ეს ჩვეულებრივი და საჭირო იყო, ამისთვისაც მადლიერი ვარ, უფრო კარგად ვგრძნობ თავს და მეტის კეთების შესაძლებლობა მეძლევა.
– მე სხვა ადამიანები მეხმარებიან, მოსმენით, გაგებით და გაზირებით. მერე მეც მიჩნდება სურვილი მოვუსმინო საკუთარ თავს და გავიზიარო საკუთარი ემოციები თავად. ეს დასაწყისია გამთლიანებისთვის დახმარების.
….
– თქვენ სხვა დამიანების მხრიდან მოსმენა ახსენეთ, ვინ უნდა გააკეთოს ეს?
– მოზარდობაში მჭირდება სხვა ადმიანი ამისთვის, მაგრამ მჭირდება ადამიანი, რომელიც ინტერესით შეხედავს ჩემს თავს, რაც არ უნდა განვსხვავდებოდე მისგან, დაინახავს ჩემში რეალურ ღირებულებას, სხვისი ხედვა კი ჩემზე გადმოდის, მე ავირეკლავ სხვის ხედვას ჩემს თავზე, სანამ საკუთარი სარკე მექნება. მაგრამ სხვისი მიღება რომ შეძლო, თვითონ უნდა გყავდეს მიღებული საკუთარი თავი, სხვისი ღირებულების დანახვა რომ შეძლო, თავად უნდა ხედავდე საკუთარი თავის ღირებულებას, სხვისი განსხავავებულობის ნამდვილი, ბუნებრივი მიღება რომ შეძლო, ამისთვის საკუთარი გონიერად მიუღებელი თავი (ნაწილი) უნდა გამოაჩინო, იყო მის მიმართ თანამგრძნობი, მოგწონდეს, რომ შენ შეგიძლია განსხვავებული ხედვების თანაარსებობა შენში, საჭიროა იყო თავად გამთლიაინებული, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდე ამას და გამოცდილი გქონდეს რას ნიშნავს ეს პროცესი, როგორ ემოციებთანაა დაკავშირებული, რათა დამეხმაროს საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში და მიღებაში, რადგან ჩემი გრძნობები ოპოზიციური არიან ხშირად…
– და თუ ზრდასრული ხარ?
– მოზარდობის ასაკი მეორდება, ნებისმიერი წინააღმდეგობების გამთლიანების და სხვა მიმართულებით პიროვნული ზრდის პროცესში, ოღონდ, შესაძლოა, უფრო პერიოდულად, უფრო მეტი გამკლავების რესურსით და ხანმოკლედ, ხშირად ჩვენი გადაწყვეტილებითაც და სურვილითაც.
საკუთარ თავთან კომუნიკაცია (ხანდახან ასეთი კომუნიკაციის დაწყებისთვის შეიძლება დამეხმაროს სხვა) ჩემი გაცნობიერება უნდა დავიწყო უფრო ხილულით და წავიდე უხილავისკენ; მე ჯერ უნდა დავაკვირდე ჩემს სხეულებრივ შეგრძნებებს: ვინ იცის, რამდენი დაძაბულობაა მხრებში და ფეხებში, დავაკვირდე ჩემს ქმდებებს, ეს ქმედებები დავუკავშირო ჩემს შინაგან ემოციებს და განწყობებს, უნარებს, ხასიათის თვისებებს, ჯერ უნდა გავიცნო საკუთარი თავი, გავაცნობიერო რომ მე ვარ, ის ვინც ამას აკეთებს – აცნობიერებს, აზროვნებს, მე მაქვს შინაგანი ღერძი (თუნდაც ისეთი, რომელიც არ მომწონს) რომელიც ჩემი ძირითადი თვისებებითაა აწყობლი, ასევე ღირებულებებით (ღირებულებები შეიძლება გადაისინჯოს, ამასაც მე ვაკეთებ, მე ვიღებ გადაწყვეტილებას) მე – რომელსაც აქვს სხვადასხვა გრძნობა და ემოცია, რომელიც მრავალფეროვანია, ხანდახან წინააღმდეგობებით აღსავსე და რაც უფრო წინააღმდეგობრივია, მით უფრო აქვს შესაძლებლობა მოიცვას მთლიანობა, მთავარი აქ ისაა რომ ინერციით არ გადავიდეს ერთი წინააღმდეგობიდან მეორეში, ან თუ ინერციით გადაადგილდება დაინახოს ეს. თავად იაროს და დაათვალიეროს გზა ყურადღებით, ზოგჯერ უბრალოდ ყურადღება მიაქციოს და დატკბეს გზით, ზოგჯერ შეაფასოს, იაროს ერთი უკიდურესობიდან მეორემდე, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. იგრძნოს და იფიქროს, რომ თავად არის მოსიარულე ადამიანი, და სადაც მას უნდა იქ გაჩერდება, თავისუფალია. რაც უფრო ბევრნაირ წინააღმდეგობრიობას იტევს, მით უფრო საინტერესო და მრავლის მომცველია იგი. პიროვნული ღერძის გამოწრთობა ხანდახან მტკივნეულ განცდებთანაა კავშირში, როცა ის ცეცხლში გამოივლის, მისი ის ნაწილები, რაც ცეცხლს გაუძლებს, ესე იგი, მართლა ღერძის ნაწილია, ხოლო, ის ნაწილები, რაც ცეცხლს ვერ გაუძლებს საჭიროებს სხვა „მასალით“ ჩანაცვლებას, ამავდროულად, ის მასალა, რომელიც მანამდე არსებობდა, მის მიმართ მადლიერები ვართ: იმ მომენტში იყო საჭირო საყრდენი, იმიტომ რომ აქამდე მოვსულიყავით.
საკუთარი თავის გაცნობიერებით, საკუთარ მიუღებელ ნაწილებთან შეხვედრით, მიღებით, საკუთარი თავის მეტად პოვნით, გამოზრდით, საკუთარი ღერძის უფრო გამყარებით და თვალსაჩინოდ დანახვით ვიწყებ სიარულს მე და არა ინერციით ვეხეთქები უკიდურესობებში. ვხდები უფრო თანამგრძნობი და სიყვარულით სავსე საკუთარი თავის და სხვების მიმართ. ჩემი აფექტების მიზეზების გაცნობიერებით, მათი მიმღებლობით, გულრწფელობით საკუთარ თავთან, იწყება გამთლიანება, რომ:
- შენ შენი უნიკალურობით ხარ ყველა;
- შენ, როგორც ცალკე ადამიანი ხარ უნიკალური ღირებულება, უმაღლესი ქმნილება და ამით ხარ თანასწორი სხვებთან.
- რომ შენ ხარ მარტო და ამავე დროს ერთობაში სხვებთან;
- შენ ხარ შემოქმედი, მაგრამ ქმნილება;
- რაც უფრო მეტი ტკივილია, შემიძლია მეტი სიხარული ვიგრძნო, მეტად გავიზარდო;
- რაც უფრო მეტად შემიძლია არეულობის და ქაოსის ატანა, მით უფრო მეტად დალაგებულია შინაგანი განცდები;
- რაც უფრო მეტად ვეხმარები სხვას, მით მეტად ვეხმარები საკუთარ თავს;
- თუ ვგრძნობ, რომ დავეცი და შემრცხვა იმ მომენტში, უფრო მეტად შემიძლია ვიყო ამაყი, რომ მოვახერხე დაცემის პროცესისგან გამოწვეული ტკივილის ატანა და ადგომა;
- რაც უფრო მეტად ვეჩეხები შიშს და ვამბობ რომ მეშინია, მეტად ვძლიერდები;
- რაც უფრო მეტად ვაცნობიერებ ჩემს ბრაზს/ მეტს ვფიქრობ ჩემს ბრაზზე, მით უფრო მეტად შემიძლია ვიყო მშვიდი და კეთილგანწყობილი;
- რაც უფრო მეტად მესმის საკუთარი თავის, მესმის სხვისიც;
- რაც უფრო მეტად „ნამდვილ“ და ხანგრძლივ სიხარულს განვიცდი, მით უფრო არ მავიწყდება სევდა.
- რაც უფრო მეტად ვგრძნობ, რომ გავძლიერდი, მით უფრო ვიცი, როგორია სუსტად ყოფნა;
- რაც უფრო მეტად განსხვავებულ ნაწილებს ვხედავ ჩემში, მით უფრო შემიძლია გავმთლიანდე.
და მე ვპოულობ ჩემს თავს, ჩემს შინაგან ღერძს შეუცვლელს და უნიკალურს, თან ამ დროს სხვების მსგავსს, ვხდები სრული, ზრდასრული. სხვა ადამიანებთან ურთიერთობა მინდა და მიყვარს ისინი, არა იმიტომ რომ მჭირდებიან, არამედ მათთან ურთიერთობა მჭირდება იმიტომ, რომ ისინი მიყვარს.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის ლექტორი, ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე.