სიახლეები, სტატიები

„ენიგმატური გამოთქმები სახარებაში” – ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი

გიგინეიშვილი

ქრისტიანობაში მცნებები არის ძალიან ენიგმატური. ენიგმატური ნიშნავს გამოცანასავით. აი, მცნებაა მაგალითად, ერთ ლოყაში თუ გაგარტყეს, მეორე მიუშვირე. რას ნიშნავს? შეიძლება, მაგალითად, ცხოვრებაში არავინ დამარტყას ე.ი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცნება არ მეხება იმიტომ, რომ ჩემთვის ლოყაში არავის არ გაურტყამს; მეტყვიან, რომ სისულელეს ვამბობ და ეს მცნება ეხება მთელ კაცობრიობას და არა აქვს მნიშვნელობა, გაგარტყეს ლოყაში თუ არა, ეს მეტაფორული ნათქვამია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეც მეხება;

მაშინ როგორ, რა ასპექტით, რა გაგებით მეხება? უნდა ჩავრთო ჩემი მთელი ზნეობრივი ინტელექტუალური ენერგიები, უნარები, რომ გავიგო რას უნდა ნიშნავდეს ეს უცნაური გამოთქმა თუ ერთ ლოყაში გამარტყეს, მეორე მიუშვირე. ახლა რომ მკითხო, რას ნიშნავს ეს მცნება – მიფიქრია ამაზე ხან ერთი პასუხი მქონია, ხან – მეორე და უცებ რომ მკითხო,  არა მაქვს პასუხი; ვხედავ, რომ ძაან რთული რამაა   ისეთივე ენიგმატური, როგორც ჰერაკლიტეს ნათქვამი ერთ ნაკადში ორჯერ ვერ შეხვალო; შევედი ერთ ნაკადში, მაგრამ სულ სხვადასხვა წყლები მოდიან იმ ერთ ნაკადში, ხომ? ორჯერ ვერ შეხვალ იმიტომ, რომ სულ სხვა წყლებია იმ ერთ ნაკადში. 

„მყისიერად  რომ გაეგოთ თუ რა უნდოდა იესოს მოწაფეებისგან, ჩამოსცილდებოდნენ მას, მძიმე სიმართლის თქმისთვის დატოვვებდნენ უახლოესი მოწაფეებიც სცილდებოდნენ. “

სავსეა სახარება ენიგმატური, გაუგებარი გამოთქმებით. გაყიდე ყველაფერი და შეიბით მახვილი ეუბნება მოციქულებს. აი, გვაქვს ორი დანა, ეუბნება პეტრე, საკმარისია. როგორაა საკმარისი ორი დანა თორმეტი მოციქულისთვის, რომლებიც სულ სხვადასხვა ადგილებში უნდა გაუშვას. ე.ი. დანაზე და მახვილზე არ ლაპარაკობს და რას გულისხმობს ამ მახვილებში? რას ნიშნავს ეს? ვინ აიღოს მახვილი, მახვილითვე დაეცეს. რას გულისხმობს ამაში? ფიზიკურ მახვილს გულისხმობს? არა. ამიტომ ეს სახარება არის ტექსტი, რომელიც მოგიწოდებს შენ სულ იყო შემოქმედები დამოკიდდებულებაში, გამოცანის ამოხსნის ურთიერთობაში ამ უსასრულობასთან. ამიტომაც არის ეს თავისუფლების რჯული; იმიტომ, რომ შენ მოწოდებული ხარ თვითონ ზიდო გაგების ტვირთი. გაგება არ გეძლევა მზამზარეულად და შენ თუ ძალისხმევა გაქვს გაგების, ამ გაგების ძალისხმევაში ნელნელა თავადაც იზრდები, შემეცნების კუნთებს ავითარებ. 

უბრალო ხალხს იესო ელაპარაკება იგავებით და ხანდახან თავის მოწაფეებს ამ იგავებს გადაუთარგმნის ხოლმე და ამბობს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ეუბნება. მოწაფეები ეკითხებიან, რატომ იგავებითო? იგავები იმიტომ ვეუბნები, რომ არ გაიგონო. უცნაურია, რატომ არ უნდა გაიგონ? მაშინ ნუ ეუბნება საერთოდ. არ გაიგონ იმწუთიერად, მაგრამ მოემზადონ გაგებისათვის, იგავი რომ გითხარი, ეს ნიშნავს, რომ დაპატიჟებული ხარ გამოცანის ამოსახსნელად; იწყებ ფიქრს და ფიქრის პროცესში ნელ-ნელა ივითარებ შენს ინტელექტუალურ, ზნეობრივ კუნთებს და რაღაც მომენტში რომ გაიგებ, ის გაგება აღარ იქნება შენთვის თვალისმომჭრელი; ეს იქნება შენთვის ბუნებრივად აღქმადი, გემრიელი იქნება და არა, ასე ვთქვათ, რაღაცა ძალიან მწარე; აღარ მოგინდება ამ სიმართლის მთქმელის მოკვლა იმიტომ, რომ ძალიან მძიმე სიმართლე გითხრა რომლის ტარებაც შენ არ შეგეძლებოდა. მყისიერად  რომ გაეგოთ თუ რა უნდოდა იესოს მოწაფეებისგან, ჩამოსცილდებოდნენ მას, მძიმე სიმართლის თქმისთვის დატოვვებდნენ უახლოესი მოწაფეებიც სცილდებოდნენ. 

თავისუფლებაზე რომ ვთქვათ…

რა სიახლე შემოიტანა ქრისტიანობამ ღმერთთან ურთიერთობაში, რჯულში? შემოიტანა ახალი იდეა ახალი ძალის, რომელიც ყველაფერზე ძლიერია, ყველა ბედისწერაზე აღმატებული. ტრაგედიას ქრისტიანი ვეღარ დაწერს. ტრაგედია შეიძლება დაწერო მაშინ, როცა რაღაცა ძალას აღიარებ, რომელიც შენზე, ამ ღვთიურ პრინციპზე ძლიერია. ღვთიური პრინციპი თუ გვერდზე გაქვს, შეგიძლია მაშინ ეს ძალა დაამარცხო, შენ აღარა ხარ უკვე ამის ქვეშ.

 

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი

Related Posts