საზოგადოება უნდა შედგებოდეს ასეთი ადამიანებისაგან, ვისაც კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი აქვს, ვინც ინფანტილური არა არის. სხვის აზრებს ბრმად კი არ მიჰყვება, არამედ მზად არის თავისი აზრი ჩამოაყალიბოს და დაიცვას. კულტივაცია მოახდინოს თავისი აზრების.
თუ ასეთი ადამიანები დიდი რაოდენობით არ იქნებიან, ის საზოგადოება განწირულია, რომ რაღაცას წამოეგოს, რაღაც ახალ იდეოლოგიას, ინერციას. ამ ინერციას შეიძლება დაარქვა კომუნიზმის მშენებლობა, ევროინტეგრაცია, ნატოს წევრობა. როგორც მამარდაშვილი ამბობს ეს ყველაფერი შეიძლება იყოს “სიტყვა ბლოკები”. უკრიტიკოდ იღებ “ნათელ მომავალს”. თუ კრიტიკულად არ მიუდგები ყველაფერს ის შენი არ არის, შენ მიყვები როგორც ინერციას.
ევროკავშირი კი არა ქრისტეს მიღება არ შეიძლება ინერციით და მონურად. ამ ყველაფრისთვის საჭიროა, რომ იდგე თავისუფლებაში და ყველაფერი განიხილო საკუთარი გონების შუქზე. თავისუფლება გარეგნულად არ ხდება, ის არის მხოლოდ შინაგანი.
„შინაგანად თავისუფალი ადამიანები ადგენენ თავისუფალ საზოგადოებას.“
თავისუფლება ყოველთვის და ყველა სიტუაციაში. მას ძალიან ღრმა გაგება აქვს, დაკავშირებულია ზნეობრივ სრულყოფასთან. არისტოტელე თავისუფლად არ ჩათვლიდა იმ პიროვნებას, ვისაც სიკვდილის უფრო ეშინოდა ვიდრე ღირსების დაკარგვის. ასეთი ადამიანი თავისუფალი არ იყო. ქრისტიანობაშიც ასეა, ადამიანი ჯერ კიდევ არაა თავისუფალი, თუ სინდისის ქენჯნაზე უფრო სიკვდილის ეშინია.
რთულია თავისუფლება – როცა ფასეულობებში სინდისს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე კეთილდღეობას, ან ნებისმიერ სხვა რაიმეს. ამას სჭირდება ხანგრძლივი კულტივირება, ბევრი კითხვა, ბევრი ფიქრი, მარტოობა, ურთიერთობა და ეს გრძელდება სულ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის სალონური საუბრებიდან