სიახლეები, სტატიები

„თავისუფლების ცნების გაგება რენესანსის ეპოქაში და ვეფხისტყაოსანი“ – ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი

ლევან გიგინეიშვილი

რენესანსის ავტორები ფიქრობენ თავისუფალ არჩევანზე, როგორც ღირსების წერტილზე. ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა თავის ტრაქტატში „ადამიანის ღირსებისთვის“ ამბობს: მე ვხედავ, რომ სამყაროს ყველა არსება – მცენარეები, ცხოველები – ასრულებენ რაღაც კოდირებულ დანიშნულებას, რაც თავად არ აურჩევიათ. ადამს ღმერთი მიმართავს – ადამ, მე სხვანაირი შეგქმენი, შენ თვითონ უნდა აღმოაჩინო საკუთარი ბუნება, თვითონ იფიქრე, გამოძერწე, იმიტომ, რომ შენ ნებისმიერი რამ შეგიძლია გახდე; შეგიძლია ამაღლდე ანგელოზებამდე, ან დახვიდე დემონებამდე, თავისუფალი ხარ, შენ ხარ უცნაური ქამელეონი, შენს ხელშია ვინ იქნები. 

პიკო დელა მირანდოლას აზრით, თვითონ ეს თავისუფალი არჩევანი ხდის ადამიანს ღირსეულს.  ეს არის ახალი, რენესანსული ხედვა. ხანდახან ხდება, რომ ავტორიტეტი, ინსტიტუცია თავს ღმერთად აცხადებს, შენ გიჩნდება საპირისპირო იდეები. შენი პირადი სინდისი გრძნობს, რომ ეს ინსტიტუცია რეალურად აბსოლუტის ნებას არ ასრულებს. როგორ შეიძლება, აბსოლუტის ნებას ასრულებდეს და მიკრძალავდეს თავისუფალ მეცნიერულ ფიქრს და მეუბნებოდეს, რომ პტოლემეოსის ხედვა პლანეტებზე სწორია, როდესაც მე ჩემს ტელესკოპში სხვა რამეს ვხედავ. როდესაც ამ ინსტიტუციისგან არ მოდის ჭეშმარიტების შუქი, მე თვითონ დავიწყებ მის ძიებას. არ ცდება შალვა ნუცუბიძე როდესაც ამბობს, რომ რუსთაველთან გვაქვს წინარე რენესანსი, მასთანაც არის, სხვათაშორის, პირადი სინდისის თავისუფლების მოტივები. 

 

როდესაც ავთანდილი არაბეთის სამეფოდან მიდის, ბევრ რამეს იხილავს და აღმოაჩენს, რომ ღირებულებათა ის სისტემა, რომელიც დამკვიდრებული იყო არაბეთში, არ კმაროდა; ავთანდილი ვერ დაეხმარებოდა ტარიელს, თუ ის მხოლოდ მეფის ნებისა და სურვილის აღმასრულებელი იქნებოდა. ის იყო მთავარსარდალი და ჯარის წინაშე დადებულ ფიცს აღასრულებდა, მაგრამ ფიცი, რომელიც მეგობრის წინაშე დადო, ყველაზე მაღლა დააყენა. ერთი შეხედვით ამდენი ხალხის წინაშე ნათქვამი სიტყვა უფრო ღირებული უნდა იყოს სად ათასები და სად ერთი კაცი? მაგრამ არა!.. ეს არის სწორედ ღირებულება, რომ სხვა ყველაფერი გვერდზე გადადო და მეგობრისთვის გადადო თავი. ავთანდილს პირადმა სინდისმა რაღაც უთხრა, რაშიც, შესაძლოა, თინათინის გარდა, არავინ დაეთანხმებოდა მთელს არაბეთში, ავთანდილმა სხვა რამ დაინახა თავისი სინდისით და ამ სინდისის ტყვედ იქცა. იგი გარედან კი აღარ ელის ნათელს, არამედ თავის არსებაში შინაგანი ნათელი გამოითავისუფლა. ის უკვე თვითონ ეძებს ღირსების სტრუქტურებს და ღირსეულად ვეღარ მიიჩნევს თავს თუ მეფისა და არაბეთის ნებას აღასრულებს და დაივიწყებს ტარიელს. თუ სადღაც ვიღაც ერთი კაცი დაიღუპება, ვეღარ შეხვდება შეყვარებულს და თვითონ კი მთელი არაბეთი ადიდებს. მას არ უნდა ვინმესგან ღირსებით გარედან შემოსვლა, არამედ თვითონ, თავის გულში უნდა აღმოაცენოს იგი; ახალი რანგის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე და ახალი რანგის თავისუფლებაც. 

 

რუსთაველმა ეს მხოლოდ ავთანდილისთვის კი არა, პოემის ყველა მკითხველისთვის გააკეთა. შენც უნდა გახდე ავთანდილი, შენც უნდა გახვიდე კონტექსტიდან და შენი კონტექსტი გარე თვალით შეაფასო. იქნებ ის აბსოლუტი, რომელსაც შენი კონტექსტი გთავაზობს, ფსედოაბსოლუტია?! იმისათვის, რომ რეალური აბსოლუტი აღმოაჩინო, შენი კონტექსტიდან უნდა გახვიდე, პირადი გამოცდილება შეიძინო და კითხვები დასვა. შეიძლება მთელი ერი გადაიმტერო, მოღალატედ შეგრაცხონ, მაგრამ იმის განცდა გექნება, რომ ბოლოს არ დაგიგმობენ ამა შენსა განზრახულსა. აი, ასეთი დამოკიდებულება ქმნის ფაქტობრივად ევროპას, ევროპა იქმნება რენესანსით. 

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი

Related Posts