სიახლეები, სტატიები

„გარდატეხის ასაკის სირთულეები“ – რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოზარდის თვითშეფასებაზე? – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

 

აქამდე ითვლებოდა, რომ გარდატეხის ასაკი 10-დან 16 წლამდე პერიოდს მოიცავს, მაგრამ დღესდღეობით გარდატეხის ასაკის ათვლას 9 წლიდან იწყებენ. თუმცა, მაინც ინდივიდზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურია მასში შრომისმოყვარეობა და არასრულფასოვნების განცდა. სკოლა შეფასებითი გარემოა, იქ წერენ ნიშნებს, რათა წაახალისონ მოსწავლის შრომა. ხანდახან ბავშვის მიმართ დამოკიდებულება არაჯანსაღად კრიტიკულია, გნებავთ მშობლის და გნებავთ მასწავლებლის მხრიდან. ამას ხსნიან იმ არგუმენტით, რომ კრიტიკულობა შექებაზე მეტად სასარგებლოა მოზარდისათვის.

მე ვარ ის თაობა, რომლის მშობლებს მიაჩნდათ, რომ შვილი არ უნდა შეაქო. ის სხვამ უნდა შეაქოს. არის ასეთი ცნობილი ხალხური გამოთქმა,  „შვილს ვინც გიქებს მტერია და ვინც გიძაგებს შენია“. რეალურად კი ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, როდესაც შენი შვილის დადებით თვისებებზე, საქციელზე არ აკეთებ აქცენტებს. რა თქმა უნდა, კრიტიკაც მნიშვნელოვანია, ბავშვმა უნდა იცოდეს „არა“-ს მნიშვნელობა, ოღონდ ეს უნდა იყოს შეთანხმებული.

მაგალითად, მივდივართ სუპერმარკეტში და ბავშვს უნდა კანფეტი, შოკოლადი და სათამაშო, მე კი კონკრეტული თანხა მაქვს, რომელიც ამ სამიდან მხოლოდ ერთს თუ გაწვდება.  ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ მდგომარეობა და მივცეთ არჩევანის საშუალება, თავად გადაწყვიტოს, რომელი უნდა ყველაზე მეტად. ის აუცილებლად გააკეთებს არჩევანს. ბავშვისთვის არ უნდა იყოს ყველაფერი ხელმისაწვდომი, არ უნდა ვაცხოვროთ არარეალურ განცდებში. შეუძლებელია, მას ჰქონდეს ყველაფერი, რაც კი უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ  მას ვატყუებთ, ვაჩვევთ სხვა რეალობას და როდესაც ის სხვა გარემოში, სულ სხვა რეალობას შეეჩეხება, ეს მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდება.

კიდევ ერთი საკითხია, ძალიან ნეგატიურად აღიქმება ბავშვის მხრიდან, როდესაც მისი შეფასებისას მის უნარებს და შესაძლებლობებს ვადარებთ სხვას, მაგალითად, მის დედმამიშვილს, კლასელს, მეზობელს

შენი და რა გადასარევი გოგოა და შენ რა გჭირს, რატომ ვერ სწავლობ; ან, როგორი ყოჩაღი და ჭკვიანია შენი კლასელი და მიბაძე მას, მაინცდამაინც ცუდ კლასელებს რომ ბაძავ. ეს სახიფათო დამოკიდებულებებია. ეს იწვევს აგრესიას ამ ბავშვში, ზიანდება მისი ფსიქიკა.  ასეთი შედარება მას არაფერს აძლევს, გარდა იმისა, რომ მასში ვბადებთ შურს. ერთადერთი, თუკი მაინცდამაინც ვინმეს უნდა შევადაროთ, მხოლოდ საკუთარ თავს. ამით ვეუბნებით, რომ თუკი გუშინ კარგად შეასრულა დავალება, დღესაც მაქვს მისი იმედი, რადგან მას ამის რესურსი აქვს.

გარდატეხის ასაკი – ეს არის საკუთარი თავის წარმოჩენა, საკუთარი იდენტობის გამოკვეთა. ამ დროს მიაჩნიათ, რომ ბავშვები უკვე აღარ არიან…  გარდატეხის ასაკში ძალიან ბევრი ცვლილება ხდება:  ჰორმონალური, ბიოლოგიური, ვიზუალური მხარეც იცვლება. ახალ რეალობასთან, ახალ გარეგნობასთან შეგუების პროცესი კი ძალიან რთულია. გარდა ამისა, იწყება თვითგამორკვევა – ვინ ვარ მე. მშობლებთან დაკავშირებით იზრდება კონფლიქტები, მშობელი კარგავს ავტორიტეტულობას. თუ აქამდე მისი აზრი მნიშვნელოვანი იყო, თუ აქამდე ბავშვი დიდ ყურადღებას აქცევდა, როგორ აფასებდა მას მშობელი, ახლა ეს ყველაფერი ძალას კარგავს, მშობლის ადგილს კი მოზარდის თანატოლი იკავებს.

იდენტობა იკვეთება ყველაფერში – ვარცხნილობაში, მეტყველებაში, დამოკიდებულებებში… მოზარდი იწყებს მისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. სად გრძნობს ის თავს კომფორტულად? სადაც ის მოსწონთ, აღიარებენ, სადაც მისი ესმით. ამ დროს იწყება მშობლების მიერ „თავსმოხვეული“ ღრებულებების ნგრევა, ამით მოზარდი „სჯის“ მშობელს. შესაძლოა, ბავშვი აცნობიერებს კიდეც, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ის რისკზე მიდის. ყველაზე მეტად ეს პროცესი მოსწონს – როგორ გამოუვა, როგორ შეძლებს, ყველაფერი დაანგრიოს, ყველას და ყველაფერს შეეწინააღმდეგოს. ცხადია, ეს სოციალიზაციის პროცესი, მარტო აქ, გარდატეხის პერიოდში არ მთავრდება, ის ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება, ოღონდ, შედარებით უფრო სტაბილურად.  მშობლების შიში, რომ მოზარდი არ მოხვდეს ცუდ გარემოში, უსაფუძვლო სულაც არაა. საფრთხე მართლაც დიდია. ამ პერიოდში, ამბობენ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია მშობლის ნებისყოფა, ვიდრე კონკრეტული რჩევები მშობლის მხრიდან. თუ მშობლის მეთოდები ხისტი და ნეგატიურია, მაშინ მოზარდშიც მძაფრდება გაქცევის სურვილი.  აი, ამ გაქცევის შემდეგ ხვდება ის სხვადასხვა გარემოში, ზოგჯერ ცუდში, ზოგჯერ კი – ნაკლებად სახიფათოში.

ოჯახური კონფლიქტებიც უწყობს ხელს მოზარდის პროტესტს. ხშირად, ბავშვები თავიანთი საქციელით გამიზნულად სჯიან მშობლებს. „როგორც თქვენ მომექეცით, რასაც ეს წლები მაყურებინეთ, მეც იგივეს გაგიკეთებთ“…  და უერთდება იმ დაჯგუფებას, სადაც მას უგებენ, უსმენენ.  ჰგონია, რომ ზუსტად ეს არის მისი ადგილი და  არსად სხვაგან. ორგვარად გამოხატავს ბავშვი პროტესტს:  ან აგრესიით, ან ჩაკეტილობით.

ასეთ დროს მამები უფრო პასიურობდნენ ხოლმე. დღეს ეს ვითარებაც შეიცვალა, მამები უფრო აქტიურად არიან ჩართული. ზოგადად, მშობლების თანაბარი ჩართულობა, მით უფრო, თუ ორივეს ერთნაირი პოზიცია აქვს, ძალიან ეფექტურია.

რა ხდება მაშინ, როდესაც ზედმეტ პასუხისმგებლობას გაკისრებენ ბავშვობიდან და გაუთვითცნობიერებლად გაძალებენ, რომ იყო საუკეთესო? – არ არსებობს ერთნაირი შესაძლებლობების მქონე ორი  ადამიანი, ყველა განსხვავებულია რაღაცით და უნდა მივიღოთ ის ისეთი, როგორიც არის.  როცა ვინმესგან  ვითხოვ ზედმეტს, რეალურად ეს უქმნის მას პანიკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირდაპირ ვუკავშირებ მის შესაძლებლობებს – თუ შენ ამას არ გააკეთებ, მე რაღაცა დამემართება, ავად გავხდები, მოვკვდები. ამან შესაძლოა ბავშვში სერიოზული ნერვიული პრობლემები გამოიწვიოს. ძალიან ცუდ გავლენას მოვახდენთ ასეთი მიდგომით მის ფსიქიკაზე.

რატომ უნდა მოვითხოვო ბავშვისგან ყველაფერში წარმატება?  არ უნდა გავაღმერთოთ წარმატებული თანაკლასელი ბავშვის წინაშე. ამით ორმაგ საფრთხეს ვქმნით: ამ შედარებით „წარუმატებელ“ ბავშვში ვთესავთ აგრესიას და შურს, და იმ „წარმატებულ“ ბავშვსაც ვაქცევთ ბულინგის პოტენციურ მსხვერპლად. ხშირად თვითონ პედაგოგები ახდენენ ამ ძალადობის პროვოცირებას.

შევთანხმდეთ, რომ არც გადაჭარბებული კრიტიკაა ჯანსაღი მიდგომა და არც ზედმეტად ქება. ერთი სკოლის დირექტორი მახსენდება, ერთ-ერთ ტრენინგზე, რომელიც თვითშეფასებას ეხებოდა, ასეთი რამ გვიამბო: საკუთარ სკოლაში სწავლობდა მისი გოგონაც. ვინმეს რომ არ ეთქვა, დირექტორის შვილია და იმიტომ უწერენ ნიშნებსო, ან იმიტომ აქებენო, ეს ქალი განსაკუთრებულად კრიტიკული იყო თურმე საკუთარი შვილის იმართ. ყველაფერს უწუნებდა, ყველაფერზე ნეგატიური რეაქია ჰქონდა.  საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ამ ბავშვში ჩაკვდა ყველა ინიციატივა, აღარც სწავლა უნდოდა, აღარც რაიმე სხვა. დედამ გადაწყვიტა, შეეცვალა მიდგომა და ახლა შვილის ქება დაიწყო, და რა მიიღო პასუხად? გოგონას სიცილადაც არ ეყო მისი შექება. აღარ დაუჯერა. ამიტომ მშობელს მეტი დაფიქრება მართებს კრიტიკის ან შექების დროს, რომ მან თავისი გადაჭარბებული და არაჯანსაღი მიდგომით შვილის  ნდობა არ დაკარგოს.

 

სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ ნინო ბუაძის წიგნის მიხედვით – „აღზრდის ფსიქოლოგია – ბავშვის განვითარების ძირითადი ასპექტები“

🔗 წიგნის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

 

ილუსტრაცია ვებ-გვერდისთვის მოამზადა დარია ცინცაძემ.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts