სიახლეები, სტატიები

„ფობიები და შფოთვა“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

შფოთვა ბუნებრივი მოვლენა და მოსალოდნელ საშიშროებაზე გაფრთხილებაა. იგი შეიძლება შევადაროთ ტკივილს, რადგან ტკივილიც გვაფრთხილებს, რომ ორგანიზმში რაღაც ხდება. ეს არის არა გაფუჭებული მანქანის სიმპტომი, არამედ სწორედ რომ გაფრთხილება, რომ რაღაცას უნდა მიხედო და მოაგვარო. ერთ ასეთ მაგალითს მოვიხმობ, რომელსაც კოლეგა გვიყვებოდა და რომელიც გერმანიაში მომხდარა: ახალგაზრდა კაცი, ექიმი, მიდის ავტობანზე, კარგ განწყობილებაზეა, მიაქროლებს მანქანას და უცებ დაეწყო შფოთვითი შეტევა.

გადააყენა მანქანა, სასწრაფოს გამოუძახეს, გასინჯეს და აღმოჩნდა, რომ არაფერი სჭირს. მეორე დღეს გაზეთში კითხულობს, რომ იმ გზაზე საშინელი ავარია მომხდარა და გზა რომ გაეგრძელებინა და შფოთვა არ დასწყებოდა, უთუოდ კატასტროფის მსხვერპლი გახდებოდა. შფოთი აღმოჩნდა სიგნალი, რომელმაც აცნობა, რომ რაღაც ცუდი ელოდა; ამიტომ, ბუნებრივია, რომ ამ მოვლენას  ანგარიში გავუწიოთ.

ზიგმუნდ ფროიდი განმარტავს, რომ შფოთი – ეს არის სიგნალი ეგოს მხრიდან, რომელიც პიროვნების შინაგან კონფლიქტზე მიუთითებს. მაგრამ შფოთვა არის არა მარტო გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც ეგოსა და სუპერეგოს შორის კონფლიქტზე მიგვანიშნებს, არამედ მას კონფლიქტისგან დაცვის ფუნქციაც აკისრია. ამ დროს ეგო დაცვითი მექანიზმების ამოქმედებას იწყებს, მაგრამ ეს დაცვითი მექანიზმები არის ზრდასრული და არის ინფანტილური.

ფროიდი შიშსა და შფოთს აიგივებდა და ერთი ტერმინით (Angst) აღნიშნავდა, რადგან ორივე საშიშროებაზე რეაქციაა; შფოთვა არის ინტრაფსიქიკური ფაქტორებით განპირობებული ფენომენი, რომლის შიგა ფაქტორები გარე ობიექტებს იმდენად უკავშირდებიან, რამდენადაც ისინი შინაგან კონფლიქტს ასტიმულირებენ – ანუ არიან  ტრიგერები იმისა, რაც შიგნით არის.

„შფოთვამ შეიძლება ხელი შეუშალოს კომუნიკაციას, რადგან შფოთვით მოსილი ადამიანი ეწინააღმდეგება რეალობას და მხოლოდ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მის შინაგანი ცენზურა გამოატარებს“

ფსიქოთერაპევტმა პაციენტს ეს წინააღმდეგობა უნდა აჩვენოს და დაანახვოს თუ რა გზით არიდებს თავს შფოთს. ეს შეიძლება საუბრის თემის შეცვლითა და  ყურადღების სხვა რამეზე გადატანით ან უკვე განხილულ თემასთან  მიბრუნებით და სხვა.

ლოგიკის თვალსაზრისით ადამიანი შეიძლება ძალიან განვითარებულიც იყოს და ამიტომ გვიკვირს ხოლმე, როდესაც ასეთ ადამიანს აბსურდული შიშები აქვს. სხვა რა შეიძლება ეწოდოს საქციელს, როდესაც ასჯერ ამოწმებს დაკეტილია თუ არა კარი, ეშინია ღია სივრცისა და საშიშროება კი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ფსიქოანალიზმა დიდი ხანია გამოიკვლია, რომ ადამიანს ეშინია არა იმის, რასაც შიშის წყაროდ ასახელებს, არამედ რეალური ობიექტისა, რომელსაც მისი ფსიქიკა თავდაცვის მიზნით ანაცვლებს ნეიტრალური ობიექტით. ეს არის შემთხვევა, როდესაც შფოთვას ჩაენაცვლება შიში. გაურკვეველი შფოთვა ეძებს განმუხტვას, ამიტომ ხდება კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის არჩევა და გაურკვეველი შფოთვა გადადის კონკრეტულ შიშში, რასაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რადგან უკვე ცხადად იცის თუ რისი ეშინია.

გამოდის, რომ შიში კონტროლს ექვემდებარება და ეს უკეთესი ვარიანტია, ვიდრე გაურკვეველი შფოთვა. ფსიქოთერაპევტის მიზანია გაარკვიოს ამ ფობიის უკან რა ინტრაფსიქიკური კონფლიქტი იმალება და ამიტომ ფობიას განიხილავს როგორც სიმბოლოს და არა როგორც სიმპტომს. სიმბოლოს სიმპტომისგან განსხვავებით მრავალი მნიშვნელობა აქვს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმბოლური მნიშვნელობა ერთი და იგივე ფობიის დროს სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულ შინაგან კონფლიქტს ბადებს. ამდენად ყოველი შემთხვევა და სიტუაცია უნიკალურია. ფობიის მნიშვნელობა დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ ისტორიაზე.

ეგომ, „მე“-მ  რომ თავი დაიცვას ცუდისგან, უსიამოვნოსგან, ამისთვის იგი იყენებს ფსიქოლოგიურ დაცვით მექანიზმებს, მაგრამ აქვე უნდა განვასხვავოთ ნევროტული ზრდასრული დაცვითი მექანიზმები; ამ უკანასკნელს განეკუთვნება  ალტრუიზმი, მოვლენის წინასწარ განჭვრეტა, იუმორი, სუბლიმაცია და დათრგუნვა ანუ თავშეკავება; შეიძლება ისე გაბრაზდე ადამიანზე, რომ მოკვლაც მოგინდეს, მაგრამ როგორც სოციალური არსება, ამას ვერ გაამხელ და ვერ ჩაიდენ – ეს არის სწორედ დათრგუნვა. არსებობს აგრეთვე განდევნა, როდესაც არ აღიარებ შენს ბრაზს, თუმცა სიბრაზის ეს ენერგია  სახეშეცვლილი ფორმით  მაინც იჩენს თავს.

დაცვითი მექანიზმები მოქმედებენ ავტომატურად, არაცნობიერად და მათ მიზანია შფოთვის შემცირება, ხოლო, როდესაც ხდება მათი უტრირება, ისინი პათოლოგიურ ხასიათს იძენენ, რეალობის აღქმის გაუკუღმართებას იწყებენ, რაც ქცევაზე აისახება და იგი რიგიდული ხდება. დაცვითი მექანიზმი რეაქტიული ფორმირებისას ცნობიერებისთვის მიუღებელ ლტოლვას – საპირისპირო, ჰიპერტროფიული ტენდენციით ცვლის. დაცვა ორ საფეხურიანია: ჯერ განიდევნება მიუღებელი სურვილი, ხოლო შემდეგ ამ ლტოლვის ანტითეზა გაძლიერდება. მაგალითად, უკიდურესი წესრიგის თვისება ნიღბავს ქაოსისკენ სწრაფვის ტენდენციას; უკიდურესი სისუფთავის უკან სიბინძურისკენ სწრაფვა დგას; გადაჭარბებული მზრუნველობის უკან მოცილების/მოშორების სურვილი იმალება; უკიდურესი დათაფლული და თავაზიანი ქცევის მიღმა მტრული განწყობაა.

საერთოდ ნევროზს მიზანი და თუ შეიძლება ითქვას, მეორეული სარგებელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც სასურველს აღწევს. მაგალითად, გავიხსენებთ შემთხვევას ფიზიკოსზე, რომელსაც კარის ღიად დატოვების შიში ჰქონდა და ეს იყო სიმბოლო მისი პირველი ცოლის წასვლისა, რომელსაც წასვლისას კარი ღია დაუტოვებია. ამ კაცს მეორე ცოლთანაც კონფლიქტი აქვს, მაგრამ არ ამხელს; მისი წასვლისაც ეშინია და ამიტომ უჩნდება აკვიატებული მდგომარეობათა ნევროზი, რაც კარის დაკეტვით ვლინდება. მისმა შიშებმა გადაინაცვლა ნეიტრალურ ობიექტზე – კარზე, რაც სიმბოლურად წასვლას განასახიერებს. ამ მდგომარეობის მეორეული მოგება ის არის, რომ შეიტყობს თუ არა ცოლი მის ავადმყოფობას, შინ ბრუნდება, საკვები მოაქვს და ეუბნება, რომ ყველაფერი დაივიწყა, ოღონდ კი ის გახდეს კარგად. მაგრამ ეს არ არის რენტა, ამას გამიზნულად კი არ აკეთებს პაციენტი, არამედ თავისით ირთვება; ანალოგია შეიძლება დავინახოთ ბავშვის ქმედებაში, რომელსაც სიცხე უწევს ან ბრონქული ასთმის შეტევა ეწყება, რათა მშობლები შეარიგოს. ვერ ვიტყვით, რომ ბავშვი ამდენად  ბრძენია და იგი მიზანმიმართულად იქცევა ასე; ადამიანის  ფსიქობიოლოგიური მოცემულობაა, რომ ავადმყოფობის გზით რაიმე სურვილი აღისრულოს და ირთვება თავისით, მაშინ როდესაც ზრდასრული ადამიანი ამ გზით ვერაფერს აღწევს.

საშიშროების წინაშე მდგარი ადამიანი კრიტიკულ ანუ ანალიზურ აზროვნებას კარგავს. ალბათ, გინახავთ კადრები იაპონიაში მიწისძვრისა, როდესაც ადამიანები ფრთხილად, მშვიდად პანიკის გარეშე ატარებენ ერთმანეთს. საზოგადოება საშიშროების პირისპირ ნაკლებად ფიქრობს და ამ დროს ირთვება რეპტილიური ტვინი. მანქანით რომ მივდივართ და ავტობანზე ვიღაც/რაღაც გადმოგვიხტა, ჩვენი მყისიერი რეაქციაა მუხრუჭი ან მოხვევა და ამ მომენტში არაფერზე ვფიქრობთ, რადგან რეპტილიური ტვინი გკარნახობს შეტევას ან გაქცევას. როდესაც ადამიანების მასას, ხალხს კრიტიკული განსჯის უნარი ეკარგება, იქცევა ბრბოდ და ეს ადვილად ხდება ხოლმე გადამდები ემოციის გამო. ბრბო საზოგადოება არ არის, იგი ადვილად სამართავია და ამის თაობაზე წერს გუსტავ ლე ბონი ნაშრომში „ბრბოს ფსიქოლოგია“, რომელშიც ისტერიული ხასიათის მქონე ადამიანს ადარებს ადვილად შთაგონებად ბრბოს, რომელსაც კრიტიკის ანუ განსჯის უნარი ანულირებული აქვს, ყველაფრისა სჯერა და  პასუხისგებელობა არა აქვს. მარბიელი ბრბო თვითკრიტიკული არ არის, დანაშაულის გრძნობა დაკარგული აქვს  და ეს ყველაფერი ემოციურად გადამდებია; ეს ფსიქიატრიის სფეროს არ განეკუთვნება –  უფრო მასების ფსიქოლოგიას ეხება. 

ერთხელ გავრცელდა ხმა, რომ რუსთაველზე ბომბი ნახეს. მერე ვიღაცამ დარეკა, რომ ვაკეშიც უნახავთ და ასე ჩაირთო ჭორი,  მასობრივი ისტერია და პანიკა ატყდა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ისეთი ავტორიტეტული ინსტანცია, ტელევიზიის ან რადიოს სახით, რომელსაც ენდობა და რომელიც გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ გაავრცელებს. თუ საინფორმაციო საშუალებებმა ნდობა დაკარგა, მერე ტელეფონს უცხადებ ნდობას, ურეკავ ვიღაცას, რადგან მისი გჯერა. ექიმის არ იყოს,  თუ ნდობა დაკარგე, პაციენტი იწყებს რეკვას ახლობლებთან და ისიც უყვება რომ, აი, ამან უშველა და რომ ეს უნდა გაიკეთოს და ა.შ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საინფორმაციო საშუალებები სანდო და მიუკერძოებელი იყოს.

დისტრესის დროს ყოველი ჩვენგანი განიცდის შფოთვას, მაგრამ ეს დროებითია და საშიშროების გავლის შემდეგ შფოთვაც წყდება. პათოლოგიის დროს საქმე გვაქვს შფოთვის მტკივნეულ, უსიამოვნო ფიზიკური შეგრძნებების თანმხლებ ფორმასთან, რომელიც დროებითია და ხშირად ადამიანი ვერ აკონკრეტებს საწუხარს, პიროვნებას არ შესწევს შფოთვის გადალახვის უნარი და ვერც ახლობლები ეხმარებიან ამაში. ასეთი შფოთვისას, რომელიც უკვე პათოლოგიადაა ჩამოყალიბებული, ადამიანი უნდა წავიდეს ჯერ ნევროპათოლოგთან, შემდეგ ფსიქიატრთან, მერე ფსიქოთერაპევტთან და ფსიქოლოგთან.

ფსიქიატრი რეზო კორინთელი.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის