სიახლეები, სტატიები

„აგრესია და მანიპულაციური ქცევა“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

აგრესია და ძალადობა დღეისათვის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამ პრობლემის ანალიზი განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს,  როდესაც საქმე ბავშვებსა და მოზარდებს ეხება. ძალადობრივ და აგრესიულ ქმედებებს საფუძვლად უდევს სოციალური და ინტერპერსონალური მიზეზები.

აგრესიული ენერგიის უმართებულო გამოვლინებას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სტიქიურ უბედურებებს. დღევანდელ სამყაროში უამრავი მკვლელობა ხდება დახვეწილი ან პრიმიტიული ფსიქოლოგიური ფორმით; კაცობრიობა ვერ ერევა აგრესიას და კონსტრუქციულად ვერ იყენებს, ვერ ახდენს მის ტრანსფორმაციას და ამით  ნოყიერ ნიადაგს უქმნის მასობრივ განადგურებას. ამას ხელს უწყობს მასმედიაც – გაზეთები, ტელეგადაცემები, კინოფილმები, რომლებიც აგრესიისა და ძალადობის დრამატულ მოვლენებსა და სცენებს აღწერენ და აჩვენებენ.

აგრესიის გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს, რომელთა მეშვეობითაც აგრესიული ენერგია წამლავს ჩვენს ფსიქიკას და ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. ჩამოვთვალოთ ზოგი მათგანი: ცივი, ჩუმი სიძულვილი, თვითდაზიანება, სარკაზმი, წყენა, ძალადობით ტკბობა, წუწუნი, ბუზღუნი, აგრესიული ფანტაზიები, დაცინვა, ჩხუბისკენ მიდრეკილება, უსაფუძვლო კამათი, გაბუტვა, ბრმა მრისხანება, არაკეთილმოსურნეობა, სისასტიკე და მტრული განწყობა; ეს ის ფორმებია, რომლებითაც ვლინდება აგრესია და რომელსაც აშკარად ვხედავთ, მაგრამ არსებობს სოციალურად მისაღები ფორმით „შეფუთული“ პასიური აგრესიაც, რომლის ამოცნობა არცთუ იოლია.

ეს ყველაფერი ვლინდება მოჩვენებითი ზრუნვითა და მსუბუქი, სახუმარო ფრაზებით : „დიდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ გაგიზიარე“, „შენ ყველაფერს აზვიადებ“, „არასწორად გაიგე, უბრალოდ, გეხუმრე“… და თუ ამგვარ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თქვენში ისეთი ემოციები აღიძვრის, როგორებიცაა– ბრაზი, უსუსურობა ან დანაშაულის განცდა,  მაშინ თქვენ პასიური აგრესიის მსხვერპლი ყოფილხართ. თუ ამგვარ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, რომლისადმიც ცუდი განზრახვა არა გქონიათ, გეუფლებათ აგრესიის ან დანაშაულის განცდა, ეს ნიშნავს, რომ იგი თქვენს მანიპულირებას ახდენდა.

პირდაპირი და აშკარა აგრესია ვლინდება შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმის, დესტრუქციული კრიტიკის, ჭურჭლისა თუ ფანჯრების მსხვრევის, კარის გაჯახუნების, მუშტით ავეჯისა თუ კედლის დაზიანების სახით, ხოლო პასიური აგრესია შენიღბულია და ამგვარ ქმედებას არ ითვალისწინებს.

აგრესიის საფუძველია მსხვერპლის თავდაჯერებულობის წინააღმდეგ მიმართული მცირედი ქმედებები, რომლებიც მასში უსუსურობის, დაბნეულობის, შფოთვის, დამცირების, დანაშაულის, უიმედობისა და იზოლაციის განცდას გამოიწვევს. ასეთ ვითარებაში ადვილია ადამიანზე ზეგავლენისა და მასზე ერთგვარი კონტროლის მოპოვება, მისი თვითშეფასების დაქვეითება და ღირსების გათელვა. ეს განსაკუთრებით ჩანს ხანგრძლივი ურთიერთობებისას.

„პასიური აგრესიის ფორმები გამოიხატება მანიპულაციური ქცევით, რომელიც ადამიანს აფიქრებინებს, რომ მისი რეაქციები ნორმიდან გადახრილია“

 

ცნობილი ფილმია, რომელშიც ქმარი თავისი საქციელით, ქონების  ხელში ჩაგდების მიზნით,  ცოლს გონებას ურევს, აგიჟებს და შემდეგ შეურაცხადად გამოაცხადებს:  „მე ხომ არაფერი მითქვამს, ასე რომ აფეთქდა!“, „შენ თუ გეწყინა-  ესე იგი კომპლექსი გაქვს“, „უბრალოდ გეხუმრე, ვერ გაიგე?“, „გეხუმრე, სულელი ხარ“, „შენ ხომ იცი, რომ ამას უჩემოდ ვერ გააკეთებდი?“, „ჩემ გარეშე ვის სჭირდები?“, „შენ ყოველთვის ყველაფერს აზვიადებ“ –  აი, ამგვარი ფრაზებით ინიღბება აგრესია და ღიად და აშკარად არ უპირისპირდება მსხვერპლს; ამ რიგის ფრაზები აქვეითებს თვითშეფასებას და თავდაჯერებული ადამიანიც კი დაეჭვდება საკუთარ ადეკვატურობასა და შესაძლებლობაში;  სუსტი ადამიანი კი შეიძლება საერთოდ გამოვიდეს წყობიდან. ასეთ შემთხვევაში პრობლემა თქვენი სისუსტე-სიძლიერე კი არ არის, არამედ ის, რომ თქვენ მანიპულატორთან გაქვთ საქმე.

ამგვარ სტრატეგიას მამაკაცები იყენებენ ხოლმე ქალების წინააღმდეგ. ამ საქციელს შეიძლება გაუცნობიერებლადაც სჩადიოდეს ადამიანი, შესაძლოა, ჩვევად ექცეს, ანდა, სულაც გააზრებულად და მეთოდურად მანიპულირებდეს – ეს არის ქცევის გარკვეული სტერეოტიპი.

მანიპულაციის ერთ-ერთი ხერხია განდგომილი პოზიცია, რომლის დროსაც „მსხვერპლს“ არ ეძლევა საკუთარი ემოციებისა და აზრების გამოხატვის საშუალება. ფარული აგრესიის ამგვარ ფორმას განეკუთვნება ურთიერთობების ბოიკოტი, რაც გულისხმობს ემოციების გაუფასურებას: მაგ., როდესაც გეცინება რამეზე და გეუბნებიან, რომ „ამაზე მხოლოდ იდიოტები იცინიან“– და თუ წყენა შეგამჩნიეს, გეტყვიან, რომ „მხოლოდ გიჟებს სწყინთ ეს“.  ასეთივე საქციელია გეგმებისა და იმედების გაუფასურება („შენ რა, სერიოზულად ფიქრობ ამაზე? არც იოცნებო!“) ან მიღწევების იგნორირება („ამის გაკეთება ნებისმიერ კრეტინს შეუძლია!“); ამავე რიგის საქციელია დამამცირებელი ხუმრობა, ურთიერთობების ბლოკირება ანუ საუბრის თემის შეცვლა, სერიოზული საუბრის გატრიზავება, ხუმრობაში გადაზრდა, საუბრის მომავლისკენ გადატანა („ხვალ, დღეს არა!“), გამტყუნება („როცა შენ პრობლემებზე საუბარს იწყებ, ნერვები მეშლება და წნევა მიწევს“), კრიტიკა („თუ ამგვარი აზრები გაქვს, ესე იგი შენ სათანადოდ რაღაცას ვერ აკეთებ“), ფაქტების უარყოფა („როდის იყო აბა, ეს?“), იარლიყების მიწებება („იდიოტივით ლაპარაკობ“).

ამგვარი ურთიერთობა ზღუდავს საკუთარი სურვილისა და ემოციის გამომჟღავნების ხალისსა და შესაძლებლობას, რადგანაც იცი, რომ ეს ყველაფერი უაზრობად და სისულელედ შეფასდება და ამრიგად, ადამიანი თვითონვე იხშობს და იქრობს გამოხატვის ნებას. ჩაქრობა ნიშნავს სხვა ადამიანის ღირსებისა და მნიშვნელობის იგნორირებას, არაღიარებას, დახმარებაზე უარის თქმას, ვალდებულების არგაზიარებას და სხვა. ეს შეიძლება გამოიხატოს კონკრეტული საქციელითაც, კერძოდ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე არმისვლით, ყოფით სივრცეში ელემენტარული მოვალეობის უკუდგებით (ქმარი არ უწევს ანგარიშს მეუღლის ელემენტარული მოთხოვნილებების (სახის კრემის შეძენა, სტილისთან ვიზიტი და სხვა;) ფინანსურ უზრუნველყოფას იმ მოტივით, რომ ქალი მთელი დღე სახლშია, ბავშვებთანაა და არ ესაჭიროება ეს ყველაფერი). შენიღბულ აგრესიად უნდა მივიჩნიოთ მშობლების საქციელი, როდესაც ისინი მოზრდილი ბიჭის ოთახში ავეჯს თვითნებურად გადააადგილებენ ან გადაუყრიან „უსარგებლო“ საგნებს („რაში სჭირდება ეს?“). ასეთსავე ქმედებასთან გვაქვს საქმე, როდესაც დედა ჩამოდის  უეცრად, გაფრთხილების გარეშე („მე ხომ დედა ვარ და უფლება მაქვს, როცა მინდა მაშინ ჩამოვიდე“). არსებობს პასიური აგრესიის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც ვითომ ზრუნვა („მე უბრალოდ მინდა ჩემი გრძნობები გაგიზიარო“ და მერე ეუბნება რაღაც ცუდს…), მისით შენიღბული აგრესია შეიძლება ვუწოდოთ და თუ თქვენ ამ დროს  სიბრაზეს გრძნობთ, უსუსურობის ან დანაშაულის განცდა გეუფლებათ, ეს უტყუარი ნიშანია, რომ თქვენით მანიპულირებენ.

სოციალურ აგრესიას მოკლებული ადამიანებიც არსებობენ და ასეთია, მაგალითად, დალაი ლამა. რა თქმა უნდა, ისიც ადამიანია, მაგრამ აგრესიას სრულიად მოკლებული.

ფსიქიატრი რეზო კორინთელი.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts