სიახლეები, სტატიები

„მიდგომები, რომლებიც ბავშვის თვითშეფასებას განსაზღვრავენ“ – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

აღიარების მოთხოვნილება ყველას გვაქვს. ეს დაბადებიდანვე ასე ხდება. თოთო ბავშვიც ითხოვს ჩვენგან ყურადღებას. ხშირად გვგონია, რომ მთავარი მარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია – კვება, ძილი… ცხადია, ეს უმთავრესია, მაგრამ აქვეა სხვა მოთხოვნილებაც: ხელში აყვანის, ჩახუტების, მოფერების. ამ პირველ ეტაპს ნდობა-უნდობლობის პერიოდი ჰქვია. ეს ნიშნავს, ვენდო სამყაროს იმისთვის, რომ მყარად ვიდგე! ამაზეა აგებული მიჯაჭვულობის თეორია – თუკი ერთ ადამიანთან მაინც მაქვს უსაფრთხო მიჯაჭვულობა და თავს ვგრძნობ კომფორტულად, ეს დამოკიდებულება შემდეგ ყველა იმ ეტაპზე გადადის, რომელიც მე ცხოვრებაში მხვდება.

უსაფრთხო მიჯაჭვულობის საწყისი დედაა. ხანდახან ფიქრობენ, რომ არავითარი  მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აჭმევს ბავშვს საჭმელს, მან ხომ არაფერი  იცის, მაგრამ ეს მცდარი აზრია. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან აქვს ჩვილს პირველი კონტაქტი. ის იღებს პირველ ემოციას, სიგნალს, რომ ის ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია. იწყება მისი პირველი აღიარება, ან არაღიარება.

ხშირად ხდება, რომ როცა სისტემატიურად იცვლება აღმზრდელი, მზრუნველი, ბავშვი არ არის მყარი, არ უყალიბდება ნდობა და შემდგომ ეტაპებს მის ცხოვრებაში თან ახლავს  მიჯაჭვულობის დეფიციტი. ეს მიჯაჭვულობა  ფუნდამენტია მისი მომავალი ურთიერთობებისა, ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაამყარებს ის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, როგორ აირჩევს თავის მეორე ნახევარს. მაგალითად, თუკი ამ მიჯაჭვულობის შედეგად ჩემში გაჩნდა ნდობა გარესამყაროს მიმართ, ეს ნდობა ყველას ეხება. ყველა ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებაში შემოდის,  უკვე იმ როლის მატარებელია, რაც პირველმა ხატებმა შექმნეს ჩემში. პირველი ნდობა-უნდობლობის პერიოდი არის დაბადებიდან წლინახევრის ასაკამდე. წლინახევრიდან სამ წლამდე ბავშვი ხდება დამოუკიდებელი, თანდათან იწყებს საკუთარი თავის აღქმას; შეუძლია მოძრაობა, კონკრეტული აქტივობა – ამ ეტაპს ეძახიან „ეგოს“ ფორმირებას.  ამ ასაკში მე ძალიან აქტიურია – „მე“ მდგომარეობა გამძაფრებულია. მართალია, ეს არ არის ასაკი, როცა ბავშვს ბევრი რამის დამოუკიდებლად გაკეთება შეუძლია, მაგრამ არც მისი ეგოს დათრგუნვა და ყველაფერზე უარის თქმაა სწორი.

თუ ბავშვს სურს, რომ თვითონ ჩაიცვას, ნუ დაუშლით, თუნდაც უკუღმა ჩაიცვას. ამ დროს ბევრი აკრძალვაა ხოლმე მშობლის მხრიდან – ჭიქა არ გატეხო, არ გადმოვარდე, არ შეეხო… ამით მის განვითარებას ვაფერხებთ, ხელს ვუშლით, რომ თავისი „მე“ გამოკვეთოს. ხოლო როდესაც ვუქებთ ნამოქმედარს, ამით ვაღიარებთ მას. „ეს შენ თვითონ გააკეთე?“ „რა მაგარი ხარ!“ – ამ ფრაზების მოსმენისას უმძაფრდება თვითშეფასება და იმის რწმენა, რომ მართლა შეუძლია.

„მშობლები ხშირად ბავშვებს ყველაფერს უკრძალავენ, იმის მაგივრად, რომ თავად ჩაერთონ მათთან ერთად აქტივობებში“

 

მაგალითად, დგება პერიოდი, როდესაც ბავშვმა მაკრატლის ხმარება უნდა ისწავლოს. მშობელი ამ დროს მაკრატლის დაჭერას საერთოდ უკრძალავს. ბავშვს კი უნდა, რომ მშობელმა მასთან ერთად გამოჭრას, დააწებოს, მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში. ეს აუცილებელი პირობაა მისი ფორმირებისთვის, მისი მნიშვნელოვნების განცდისთვის.  თვითშეფასება ხომ ის ღერძია, რაზეც პიროვნება დგას. ორი ერთნაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანი შეიძლება სხვადასხვა საფეხურზე იდგეს, გამომდინარე იქედან, როგორი თვითშეფასება აქვს თითოეულს.

ეს ეტაპები განსაზღვრავს, როგორი იქნება ბავშვი, ინიციატივის მქონე თუ მუდმივად დანაშაულის განცდით დათრგუნული. აქ ბევრი  ფაქტორი შემოდის – ტემპერამენტი, გარემო. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ზემოქმედებს ეს გარემო მასზე. ამ ასაკში ბავშვები საკუთარ თავს იმის მიხედვით აფასებენ, როგორადაც მათ სამყარო აირეკლავს. 7 წლისა სხვანაირად რეაგირებს ქცევის თუ გარეგნობის სხვების მიერ შეფასებებზე და 37 წლისა – სულ სხვაგვარად. ზრდასრულ ასაკში თვითშეფასებას გამოცდილება, განვლილი გზა განაპირობებს; პატარა ასაკში კი  თავიდან ბოლომდე სჯერა სხვისი. ჩემი რჩევაა, არ დაარქვათ ბავშვს ზედმეტი სახელები, არ შეაფასოთ ხისტად, ნეგატურად.  ბავშვი პირდაპირ იღებს, რომ არის სულელი, ჯიუტი, უტვინო, ბატი, პირდაპირ შედის როლში და კარგადაც ასრულებს მას.

ნებისმიერი ქცევა განმტკიცდება მაშინ, როდესაც თანაბარი მივუდგებით ბავშვს. მაგალითად,  ოჯახის სისტემაში, სადაც დედა თუ სცემს ბავშვს, სამაგიეროდ,, მამა ეფერება. ბავშვი იბნევა, ვერ გაუგია, როდისაა მისი ქცევა კარგი და როდის – ცუდი.  ასევეა ნებისმიერ სხვა გარემოში, ბაღში, სკოლაში, ცეკვის წრეზე და ა.შ. უამრავი გარემოა და ნაკლები გარანტია იმისა, რომ ყველგან თანაბარი მიდგომა იყოს, მაგრამ მშობელს მოეთხოვება (ვიდრე ის შვილისთვის ავტორიტეტია), მეტ-ნაკლებად მოაწესრიგოს ბავშვის გარემო, შექმნას სწორი უკუკავშირი, ხელი შეუწყოს ინდივიდის ფორმირებას. ლაპარაკია მუდმივ, სწორ და ჯანსაღ უკუკავშირზე და არა უსაგნო ქება-დიდებაზე.  შემდეგი ეტაპი არის სკოლა – აბსოლუტურად განსხვავებული, რადიკალური გარემო, რომელიც ერთგვარად დაბადების პროცესსაც წააგავს, როდესაც ნდობა და უნდობლობა ყალიბდება. ეს ეტაპი მოიცავს დაახლოებით 6 წლიდან გარდატეხის ასაკამდე პერიოდს.

შემდეგი ეტაპია უკვე მომწიფების პერიოდი, დაახლოებით 25 წლიდან 65 წლამდე – პროგრესის, პროფესიული განვითარების, დაოჯახების პერიოდი. ამ პერიოდის კეთილდღეობა (განსაკუთრებით, დაოჯახების, ინტიმური უერთიერთობების საკითხი) დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვლო ადამიანმა წინა ეტაპები – რამდენად შემიძლია მიყვარდეს, ვზრუნავდე, დავიცვა სხვა, თუ ეგოცენტრული ვარ და მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობ?

იგივეა პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებით – რამდენად ვზრუნავ საკუთარ თავზე და რამდენად – სხვებზე. აქ უმნიშვნელოვანესია უკუკავშირი: გამოხატო შენი დამოკიდებულება სხვის კონკრეტულ წარმატებაზე. არსებობს დადებითი და უარყოფითი უკუკავშირი. დადებითია, რა თქმა უნდა, როდესაც მოგეწონა მისი ქმედება და ეს აღნიშნე; უარყოფითი უკუკავშირი გულისხმობს სიმართლის იმგავარდ თქმას, როცა სხვას (კოლეგას, თანამშრომელს) აზიანებ ამ ნათქვამით.  საკმაოდ რთულია, სწორედ დაალაგო ტექსტი და ისე უთხრა სათქმელი, რომ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. არსებობს რეაქციის კიდევ ერთი ტიპი: ნული. ეს ნიშნავს, როცა არც დადებით და არც უარყოფით რეაქციას არ გამოხატავ სხვისი ნამოქმედარის მიმართ. ბავშვების  და ზრდასრულების შემთხვევაშიც ყველაზე მძიმედ სწორედ ეს რეაქცია აღიქმება.

იგნორი ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. მირჩევნია, კრიტიკული იყო, რაღაც ნეგატიური მითხრა, ვიდრე საერთოდ ურეაქციოდ დამტოვო. ეს ნიშნავს, რომ არაფერს წარმოვადგენ შენთვის. სხვათა შორის, ხშირად სამსახურის დატოვების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ იგნორია ხოლმე – როცა არავინ აღიარებს შენს შრომას. საქმე სწორედ აღიარებაშია. ადამიანს ყველა ასაკში სჭირდება ეს.  ყველანი ეგოცენტრულები ვართ. ყველას გვაქვს მოთხოვნილება, რომ დაგვინახონ, შეგვამჩნიონ. ბავშვების შემთხვევაშიც ძალიან ხშირია, როდესაც არ აქცევენ ყურადღებას, რა უკუკავშირს იწვევს ეს. მხოლოდ მშობლის სახლში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყურადღებას აქცევ. თუ ერთხელაც არ გაიხედავ მისკენ, სულ კომპიუტერში ხარ თავჩარგული, ან ტელეფონში, ან საკუთარ საქმეში გართული, ის იწყებს დესტრუქციულ ქცევას, რათა შენი ყურადღება მიიპყროს – რაღაცას გატეხავს, გააფუჭებს. იგნორზე მტკივნეული არაფერია, რადგან ყველა ადამიანური შიში სიკვდილს უკავშირდება. იგნორი კი საკუთარ არსებობაში აეჭვებს ადამიანს. ყველა ძლიერი კვლევა ამას ამტკიცებს, რომ ურთიერთობები უმთავრესია.  მაგრამ თუ ეს ურთიერთობები არაჯანსაღია, ან საერთოდ არაა უკუკავშირი, მაშინ იწყება დიდი დისკომფორტი. 

ხშირად ადამიანი დამოკიდებულია იმ განცდაზე, რომ ვიღაცამ შეაქოს. არც ესაა მთლად ჯანსაღი დამოკიდებულება. არ ვამბობ, რომ ცუდია, როდესაც გაქებენ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც არ უნდა დაგავიწყდეს, ეს არის საკუთარი თავი; არაფრით არ უნდა იყო დამოკიდებული ვინმეზე, მის შექებასა თუ ძაგებაზე.  ეს იწვევს იმას, რომ საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ გრჩება.

ასაკობრივ განვითარებასთან ერთად მატულობს თვითრწმენაც. აღარ ვართ მიჯაჭვულნი გარემოზე, თუმცა, სოციუმის აზრი მაინც მნიშვნელოვანი რჩება. ცხადია, სრულ იზოლაციაში ვერ მოვექცევით.  ის ადამიანი, ვისთანაც ჩვენ ვურთიერთობთ,  ვისი აზრიც  ავტორიტეტულია,  კვლავ რჩება ჩვენთვის აქტუალურად. ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა – რა აბედნიერებს ადამიანებს? დაახლოებით 80 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს კვლევა და 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუკი აქამდე ბედნიერების კრიტერიუმები იყო ფუფუნება, განვითარება, საყვარელი საქმე, ფინანსური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, მთაში სიარული… ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უმთავრესი კრიტერიუმია ჯანსაღი ურთიერთობები. სიცოცხლის ხანგრძლივობას რაც ზრდის და ჩემი ბედნიერების კოეფიციენტს რა განსაზღვრავს, ეს არის ჯანსაღი ურთიერთობები, რადგან არაჯანსაღმა გარემომ შეიძლება სერიოზულად დამაზიანოს. ურთიერთობა კურნავს და ურთიერთობა აავადებს ადამიანს.

აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელი და საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

 

Related Posts