სიახლეები, სტატიები

რატომ და როგორ მივაჩვიოთ შვილები ხელგაშლილობას?

რატომ და როგორ მივაჩვიოთ შვილები ხელგაშლილობას?

 

პატარა ასაკში ბავშვები ხშირად უარს ამბობენ საკუთარი სათამაშოების გაზიარებაზე და მათი ნივთების სხვისთვის თხოვებასაც განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან. ამ დროს მშობლები პატარების სიძუნწეზე დარდობენ ხოლმე და ცდილობენ, როგორღაც მათ სიკეთისა და ხელგაშლილობისაკენ უბიძგონ. ნოტრ დამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა „ხელგაშლილობის შესახებ“ ხელგაშლილობას განმარტავს, როგორც „სხვებისთვის თავისუფლად და გულუხვად სიკეთის მიცემას“. მშობელთა უმრავლესობას სურს, თავისი შვილი ასეთი დადებითი თვისების მატარებელი იყოს, მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ ხელგაშლილობა შეიძლება ისეთივე აუცილებელი აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის, როგორც ჯანსაღი კვება, ფიზიკური ვარჯიში და სწორი ძილი.

როგორ მოქმედებს ხელგაშლილობა ბედნიერებაზე? – ამ კითხვას მეცნიერება ასე პასუხობს: „ხელგაშლილობა გონებრივ ჯანმრთელობასთან ასოცირდება, რაც, თავის მხრივ, ბედნიერებასთანაა დაკავშირებული. ისეთი პატარა კეთილი აქტის განხორციელებაც კი, როგორიც სხვის მიერ ქუჩაში შემთხვევით დავარდნილი ნივთის აღება და მისი მეპატრონისთვის მიწოდებაა, ადამიანს კმაყოფილების განცდას უჩენს და ბედნიერების ნაპერწკალს უღვივებს“.

როდესაც ხელგაშლილობაზე ვფიქრობთ, როგორც წესი, პირველ რიგში მატერიალური რესურსების (ფული, საჩუქრები, ტანსაცმელი…) სხვისთვის განაწილება გვახსენდება, თუმცა ეს მხოლოდ მისი ნაწილია. ხელგაშლილ ადამიანად ყოფნა დიდწილად სწორედ ისეთი არამატერიალური რესურსების სახით გამოიხატება, როგორებიცაა: სხვისი დახმარება, საკუთარი დროის დათმობა, ყურადღების მიქცევა, წახალისება, მოსმენა, ემპათია და სხვა. პატარა ასაკში ბავშვები ახალ თვისებებს და უნარებს მშობლებთან მიმსგავსების (მოდელირების) გზით იძენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე დიდ გავლენას ახდენს არა მშობლის სიტყვა, არამედ მისი ქმედება – როგორ იქცევა მშობელი, რამდენად ხელგაშლილია სხვასთან, საკუთარ შვილთან, რამდენად უთმობს საკუთარ დროს, უსმენს, ახალისებს და ა.შ. კვლევები ადასტურებენ, რომ უმეტესწილად, ხელგაშლილი მშობლების შვილები თავადაც უფრო კეთილშობილ პიროვნებებად ყალიბდებიან.

ბავშვისთვის ხელგაშლილობის „სწავლება“ ოჯახში ან მასთან გათანაბრებულ გარემოცვაში იწყება. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. „ოჯახურ შეკრებებს“ (როგორც წესი, საუზმის, სადილის ან ვახშმის დროს). ხელგაშლილობის შესახებ ჩატარებული კვლევების ავტორები გვირჩევენ, რომ ბავშვებს ვკითხოთ: „რას გრძნობ, როცა რაღაცას გასცემ?“ და არ შეგვეშინდეს იმ პასუხების, რომლებსაც მათგან მივიღებთ. სავარაუდოდ, ბავშვები გვიპასუხებენ, რომ მოსწონთ სიკეთის კეთება, მაგრამ არა ყოველთვის; რომ უხარიათ, როცა მეგობრის გახარებას შეძლებენ, მაგრამ ხანდახან თავიანთი საყვარელი ნივთების დათმობა სულაც არ მოსწონთ. ასეთი პასუხების მიღება სავსებით ნორმალურია. ხელგაშლილობაზე საუბარი საუკეთესო საშუალებაა საკუთრების, გაზიარებისა და პირადი უფლებების განხილვისთვის. ბაღში, ფრესქულში თუ დაწყებით კლასებში ბავშვებს ხშირად ესმით სიტყვა „გაზიარება“, რასაც პატარები არასწორად აღიქვამენ და თავიანთი საყვარელი ნივთების ყოველთვის სხვისთვის დათმობას უკავშირებენ. სინამდვილეში კი, გულუხვობაზე საუბრისას, პირველ რიგში, ბავშვმა საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გათვალისწინება უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ადვილი სამართავი გახდება და გარშემომყოფებიც ყოველთვის შეეცდებიან მისით სარგებლობას. გულუხვობა ნიშნავს, გავაზიარო ჩემი კუთვნილი ნივთი (ფული, დრო, ენერგია…) ჩემივე სურვილით და ნებით. ამიტომ, პირველ რიგში, ბავშვმა კარგად უნდა შეძლოს განსაზღვროს – რა არის მისი და რა – არა; შემდეგ კი, დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ხელგაშლილობამ მას და სიკეთის მიმღებს.

კანზას უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენეს, რომ ორი წლის ბავშვები თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობდნენ მაშინ, როდესაც უვლიდნენ საკუთარ თოჯინებს და არა მაშინ, როდესაც თავად იღებდნენ მზრუნველობას მშობლებისგან; და კიდევ უფრო ბედნიერდებოდნენ, როდესაც ამ თოჯინებს თავიანთი ბოთლიდან ასმევდნენ წყალს და არა თოჯინის (სათამაშო) ბოთლიდან.

ხელგაშლილობა განსაკუთრებით სენსიტიური საკითხი მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაა. და-ძმები ხშირად კამათობენ იმის გამო, რომ ერთმანეთის ნივთებით სარგებლობა სურთ. ამ საკითხის მოგვარებისთვის აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი ავტორი ასეთ ხერხს გვთავაზობს: „როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ, სათამაშოების გამო დღეში რამდენჯერმეც კი ჩხუბობდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ როცა მათ საჩუქრებს ვუყიდდი და დავურიგებდი, პირველ დღეს მათი გაზიარების უფლება არ მიმეცა. ვაცდიდი, მთელი დღის განმავლობაში თავიანთი საჩუქრებით ესარგებლათ, ეთამაშათ, ყოველმხრივ შეემეცნათ და საკუთრებაში აღექვათ.  მომდევნო დღიდან, მათ გაზიარებისკენ ვუბიძგებდი, თუმცა, გაზიარება აუცილებლად ნებაყოფლობითი და, ამავდროულად, ორივე მხარისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. თუ ისინი შეთანხმებას დამოუკიდებლად ვერ მიაღწევდნენ, შემდეგ დროს ვინიშნავდი და შეზღუდული დროით რიგრიგობით ვაძლევდი მათ ერთმანეთის ნივთებს. ბავშვები მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის ნივთების დათვალიერებაც საინტერესო პროცესი იყო და თანდათან, როცა არც ერთი მხარე ზარალდებოდა, გაზიარების პრობლემას ვეღარ ხედავდნენ. დღეს ისინი საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან და უმეტესწილად, ერთმანეთს ნებაყოფლობით უზიარებენ სასკოლო ნივთებს და ტანსაცმელებს“.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელგაშლილობა მხოლოდ მატერიალური რესურსების გაზიარებით არ შემოიფარგლება. სხვისთვის დროის, ენერგიის და ყურადღების განაწილება ხშირად უფრო ღირებულიც კი შეიძლება აღმოჩნეს, ვიდრე გვგონია. ასეთი სახის ხელგაშლილობა ჩვენც უფრო ბედნიერ ადამიანებად გვაქცევს და განსაკუთრებით გააბედნიერებს მას, ვისთვისაც ერთადერთი იმედი შეიძლება სწორედ ჩვენი ხელგაშლილობის თუნდაც სულ მცირე გამოხატულება იყოს.

 

წყარო: https://bit.ly/33oYTCs

სტატიის ავტორი: პედიატრი და ფსიქოლოგი Alison Escalante;

სტატია ვებ-გვერდისთვის თარგმნა ანა რურუამ;

ილუსტრაცია ვებ-გვერდისთვის მოამზადა დარია ცინცაძემ.

 

 

👇 აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის