სიახლეები, სტატიები

„სიყვარულის ფსიქოლოგიური თავისებურებები“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

სიყვარულის თავისებურებები რეზო კორინთელი

„სიყვარულის ფსიქოლოგიური თავისებურებები“

ფსიქიატრი რეზო კორინთელი

 

სიყვარულის საზოგადოდ მიღებული განმარტება, ისევე როგორც მრავალი ფილოსოფიური თუ  ეთიკური კატეგორიისა, არ არსებობს. ის ინტერდისციპლინარული კვლევის საგანს წარმოადგენს.

მას სწავლობენ ბიოლოგიური, სოციალური, ფილოსოფიური თუ რელიგიური კუთხით. ჩვენ შევეხებით სიყვარულის არსებით თვისებებს და ტიპებს სიღრმის ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან. არსებობს სიყვარულის უთვალავი ფორმა. რაციონალური წვდომა საკმარისი და ამომწურავი არ არის. სიყვარული საკრალური საიდუმლოა, რომელსაც მაშინ ვწვდებით, როცა მას უშუალოდ განვიცდით, მაგრამ ცნებები და სიტყვები ამ განცდის გამოსახატად საკმარისი არ არის და ამომწურავ ახსნას არ იძლევა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ გვიყვარს, მაგრამ რეალურად – არ გვიყვარს, ხშირად ფლობა გვსურს, ან აღიარება გვინდა და ამას ვარქმევთ სიყვარულს. ამიტომ განცდაზე დაფუძნებული ცოდნა, ხშირ შემთხვევაში მიახლოებითი და ფარდობითია.

უხსოვარი დროიდან ადამიანი ცდილობს ახსნას რა არის სიყვარული. ამას ცდილობენ მოაზროვნე ფილოსოფოსები, ხელოვანები, ფსიქოლოგები, რელიგია თავის მხრივ საუბრობს ამ გრძნობაზე.

არსებობს ასეთი მედიტაცია (ჭვრეტა- საგნის არსში შესვლა), რომ სხვადასხვა მწერლისა თუ ფილოსოფოსის სიყვარულის შესახებ ნააზრევზე რეფლექსირებით შესაძლოა მიუახლოვდე მის ახსნას.

სიყვარული იფურჩქნება იქ, სადაც მოთხოვნები არ არის და ჭკნება იქ, სადაც იწყება შედარება.

სიყვარულის შენახვა, როგორც ქონების და ფულის შეუძლებელია. მისი გარანტი არავინ და არაფერი არ არის.

ფროიდი ამბობს, შრომა და სიყვარული ადამიანურობის ქვაკუთხედია, „სიყვარული ამოძრავებს ვარსკვლავებს და მზეს“ (დანტე), „სიყვარულის მიზანი ეგოისტურია, ხოლო პროცესი კოსმიური“(კონსტანტინე კაპანელი), „ნამდვილ სიყვარულს ყოველთვის მშვენიერების ბეჭედი აქვს“ (სტენდალი).

არსებობს სიყვარულის უამრავი ტიპი: დედობრივი, მამობრივი, სქესობრივი – ერთი სქესის წარმომადგენლის სიყვარული მეორესადმი. ძმური სიყვარული – ალტრუისტული, ადამიანთა სიყვარული, იმპრესონალური – უპიროვნო იდეათა სიყვარული, ღვთის სიყვარული.

სტენდალს აქვს ტექსტი „ტრაქტატი სიყვარულის შესახებ“, სადაც გამოყოფს სიყვარულის სხვადასხვა კატეგორიას:

  • სიყვარული ვნება – ელუიზას და აბელარის სიყვარული, „განა არსებობს მსოფლიოში დედოფალი და მეფე რომ ჩვენი არ შურდეს“. ვნება, არა ფიზიკური, არამედ წამყვანი, რომლითაც მოცული ხარ, წარგმართავს, დიქტატორია.
  • სიყვარული ლტოლვა – მეთვრამეტე საუკუნის პარიზი, იმ პერიოდის მემუარები, დაკლო, ქალბატონი დესპინე. ამ ტიპის სიყვარულში ყველაფერი ვარდისფერია, ყველაფერი სასიამოვნო. ამგვარ სიყვარულში არის სილამაზე, მანერები, მოხდენილობა
  • ფიზიკური სიყვარული.
  • სიყვარული პატივმოყვარეობა – დაუფლების წყურვილი, თავის მოწონება პარტნიორით, სხვებში შურის გამოწვევა.

ასევე გამოყოფენ სიყვარულის სტადიებს:

  • კრისტალიზაცია, გონების განსაკუთრებული მოქმედება, რომლის დროსაც შეყვარებულში ახალ სრულყოფილ თვისებებს აღმოაჩენ. თუმცა ხშირად ჩვენ მივაწერთ სიყვარულის ობიექტს ისეთ თვისებებს, რომლებიც შეიძლება სულაც არ აქვს.
  • ეჭვების სტადია, ყოყმანი, „ალბათ, დავავიწყდი“, „ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ“.
  • მეორადი კრისტალიზაცია – თუმცა არის შანსი, რომ მეორადი კრისტალიზაციის პროცესი ჩაიშალოს. მაგალითად, კაცი თავს აწონებს ქალს, რომელმაც ამ კაცის შესახებ რაიმე მიუღებელი გაიგო, საბოლოოდ ეს კაცი აუტანელი ხდება მისთვის. შესაბამისად, ინგრევა ყველა აქამდე არსებული განცდა და ემოცია ამ კაცის მიმართ.

შეყვარებული სიყვარულის დროს სამი აზრის გარშემო ტრიალებს:

1.ის სრულიად სრულყოფილია

2.მას ვუყვარვარ

3.როგორ უნდა დავრწმუნდე მის მუდმივ სიყვარულში.

 

იხილეთ ფსიქიატრ რეზო კორინთელის ყველა ვიდეო-კურსი და ლექცია www.onlineacademia.ge – ზე