სიახლეები, სტატიები

„როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსთან დაკავშირებით“

„როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსთან დაკავშირებით“

დებორა ფარმერ კრისი მწერალი და პედაგოგი

 

კვირის დასაწყისში ჩემი ორი შვილის დიალოგს მოვკარი ყური. „გავიგე, რომ…“ „იცოდი?“ დასაძინებლად დაწოლამდე ისინი ერთმანეთს ამ სიტყვებით ესაუბრებოდნენ.

„გავიგე, რომ მარგარეტის მამას აქვს ეს დაავადება,“ – ამბობდა ჩემი ექვსი წლის შვილი.

„იცოდი, რომ ყველაზე საშინელი დაავადებაა, რაც კი აქამდე არსებულა?“ – დაამატა ჩემი რვა წლის შვილმა.

ამ ორი განცხადებიდან არც ერთია სწორი და არც – მეორე. თუმცა, მათ გამოავლინეს, რას ფიქრობდნენ ჩემი შვილები: ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილებთან ჩემი პირველი საუბარი COVID – 19 – თან დაკავშირებით, საკმაოდ კარგი იყო. თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ზრდასრულები, ბავშვები და  მედია  მუდმივად ორიენტირებულნი არიან კორონავირუსის გავრცელების საკითხზე, ვიფიქრე, მეტად უნდა გამემხნევებინა ჩემი შვილები.

მისტერ როჯერსის ცოტატა ამომიტივტივდა გონებაში: „თუ შეგვიძლია, ვისაუბროთ ნებისმიერ რამეზე, რასაც ადამიანები განიცდიან, მაშინ განცდების მართვაც შესაძლებელია. როდესაც ჩვენს განცდებზე ვსაუბრობთ, ისინი ნაკლებად დამღლელი, გამაღიზიანებელი და გამომფიტავია.“

სანამ სინათლეს ჩავაქრობდით, ვისაუბრეთ. მე მათ ვკითხე, რა სმენიათ კორონავირუსთან დაკავშირებით და ყველაფერი გამოვავლინეთ: მათი კითხვები, რისთვის მოუკრავთ ყური და რისი ეშინიათ. ჩვენი საუბარი სამ ძირითად წანამძღვარს ეყრდნობოდა.

პირველ რიგში, მე მათ გავუზიარე მათი ასაკის შესატყვისი ფაქტები და მცდარი წარმოდგენების სწორი წარმოდგენებით შეცვლა ვცადე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილები მცირეწლოვნები არიან, მათ მარტივად ვესაუბრებოდი. „თქვენ ხომ იცით, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც გრიპი აქვს ან გაცივდა? ზოგჯერ გვახველებს და მაღალი ტემპერატურა გვაქვს. ეს დაავადებაც მათ ჰგავს. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ეს დაავადება აქვს, სახლში რჩება, ისვენებს და თავს უკეთ გრძნობს. ჩვენ შესანიშნავი ექიმები და ექთნები გვყავს და მათ შეუძლიათ ადამიანების დახმარება, თუ მათ ეს სჭირდებათ.“

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, მათი გამხნევება და იმის განმარტებაა, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებაა, რისი მოსმენაც ჩემგან ჩემს შვილებს შეუძლიათ. მე ვიცი, რომ ისინი ჩემს ხმაზე დაკვირვებით გრძნობენ, რას განვიცდი. „ღელვა არ ღირს. ამ წუთებში, უამრავი საოცარი დიდი ადამიანი ბევრს შრომობს ადამიანების ჯანმრთელობისთვის. საბედნიეროდ, ჩვენ უკვე ბევრი რამ ვიცით იმისთვის, რომ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ!“

მესამე, რასაც ხაზს ვუსვამ ისაა, რომ ჩვენს ოჯახს შეუძლია მარტივი ქმედებებით „მიკრობებთან მებრძოლი“ იყოს – ყველა ტიპის მიკრობებთან, რომლებსაც ვიცნობთ! როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა – რიჩარდ ვაისბორდმა მითხრა, ბავშვები და ზრდასრულები „იტანჯებიან მაშინ, როდესაც ჩვენ უსუსურობას ვგრძნობთ და უმოქმედოები ვართ, თუმცა გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს, როდესაც ვმოქმედებთ.“ ჰიგიენის დაცვის წესები, რომლებიც COVID – 19 – ის გავრცელებას ასუსტებს, მთელი წლის და ცხოვრების მანძილძე იცავს ჩვენს ჯანმრთელობას სხვადასხვა დაავადებისგან.

ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი შვილების სკოლა განუსაზღვრელი დროით დაიხურა – გაუქმდა სპორტული აქტივობები, გადაიდო თამაშები და დაიხურა ის სივრცეებიც, სადაც, ჩვეულებისამებრ, პიკნიკებს ვაწყობდით. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მსგავსად, ჩვენი ოჯახიც განსაზღვრული დროის მანძილზე, სახლში უნდა იმყოფებოდეს. ამ გარემოებებმა ჩემს შვილებში ახალი კითხვები აღძრა. ამჟამინდელი დიალოგებიც იმ სამ  წანამძღვარს ეყრდნობა, რომელსაც ჩვენი წარსული საუბრები ეყრდნობოდა, მაგრამ ჩვენს საუბრებში „მიკრობებთან გამკლავების“ ახალი განზომილების განხილვა დავიწყეთ: ჩვენ შეგვიძლია, სოციალურ დისტანცირებაში ვივარჯიშოთ.

მე მათ სოციალური დისტანცია ასე ავუხსენი: „მიკრობებს ადამიანიდან ადამიანისკენ მოგზაურობა უყვართ. შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ თქვენს კლასში ერთდროულად რამდენიმე ბავშვი ხდება ავად? თუ ბევრი ადამიანი დარჩება სახლში, კორონავირუსს გაუჭირდება ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადახტეს. ეს კი იმ ექიმებსა და ექთნებს გაახარებს, რომლებიც მათ დახმარებას ცდილობენ ახლა, ვინც ავადაა.“ რამდენიმე საათის შემდეგ, გავიგე, როგორ უხსნიდა ჩემი 8 წლის შვილი სკოლამდელი ასაკის ძმას: „ეს ავადმყოფობა დიდი არაფერია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მიკრობებთან მებრძოლები, რათა სხვები დავიცვათ – მაგალითად, ბებია და ბაბუა! ასე დავეხმარებით სხვებს.“

რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება მარტივი არ იქნება. ჩვენ შემოქმედებით გზებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ოჯახთან და მეგობრებთან კავშირი შევინარჩუნოთ – მაგალითად, სხვადასხვა ნათესავთან, ვიდეოჩათის დახმარებით, ყოველ დღე გვაქვს „ამბების დრო.“ იმედი მაქვს, მათ ეს დრო დაამახსოვრდებათ, როგორც სხვების დახმარებაზე ზრუნვის და ოჯახთან ერთად გატარებული დღეების პერიოდი.

ქვემოთ მოცემულია ოთხი გზა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებს მიკრობებთან ბრძოლის ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

დაიბანეთ ხელები

ოჯახის წესად აქციეთ, რომ სადილამდე და წახემსებამდე ხელები დაიბანოთ. თუ თქვენ ერთად დაიბანთ ხელებს, შეგიძლიათ, ბავშვებს აჩვენოთ, როგორ უნდა გამოიყენოს, გაანაწილოს და ჩამოიბანოს საპონი ხელიდან. დროის დათვლისთვის, შეგიძლიათ, მათთვის სახალისო სიმღერა წაიმღეროთ, სანამ ხელებზე საპონს გულდასმით ინაწილებთ.

 

შევაკავოთ ხველა

როდესაც ბავშვები ახველებენ ან აცემინებენ, ისინი ხელის გულს იფარებენ, შემდეგ კი, ხელებით ეხებიან ყველაფერს, რაც კი ახლომახლო მდებარეობს. ამის ნაცვლად, ვცადოთ, ხველა იდაყვით დავიჭიროთ.  ეცადეთ, ეს ბავშვებს თამაშით ასწავლოთ. შეუძლიათ, ხველა იდაყვში მოიმწყვდიონ? ჩვევის ჩამოყალიბების წახალისებისთვის მიღწევა წამახალისებელი კომენტარით აღნიშნეთ: „გამოგივიდა! ზუსტად ასე იქცევიან მიკრობებთან მებრძოლები!“ იმ შემთხვევაში, თუ ისინი, შემთხვევით, „ხელში მოიმწყვდევენ ხველას,“ მათ ხელები საპნითა და წყლით უნდა დაიბანონ და ხელახლა დაიწყონ თამაში.

დასვენება საუკეთესო არჩევანია

უთხარით თქვენს შვილებს, რომ როდესაც თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, შეგვიძლია, სახლში დავრჩეთ და ჩვენს სხეულებს დასვენების უფლება მივცეთ. ჩვენ შეგვიძლია, მიკრობებთან ბრძოლა სახლში დარჩენით და სკოლაში წასვლისგან თავშეკავებითაც განვაგრძოთ. ამით სხვებზეც ვიზრუნებთ. როგორც მშობლებს, შეგვიძლია, ჩვენც და ჩვენი შვილებიც სახლში დავრჩეთ, თუ მაღალი ტემპერატურა ან სხვა სიმპტომები გვავლინდება.

მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს

შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ ძილი, ვარჯიში და ჯანსაღი საკვები ჩვენი სხეულის გაძლიერების ყოველდღიური, სასარგებლო გზებია. თითოეული ჩვენგანი დროდადრო ავად ხდება! შესაძლოა, მათ ერთხელ უკვე გადაიტანეს გრიპი. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებლობით სავსე მიკრობებთან მებრძოლები, თუ ჩვენ ხშირად დავიბანთ ხელებს, ვეცდებით, ხველა იდაყვით დავიჭიროთ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ.

 

დებორა ფარმერ კრისი მწერალი, მასწავლებელი, მშობლების კონსულტანტი და სკოლის ადმინისტრატორი.

 

სტატია ვებსაიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

ნახატი სტატიისთვის შექმნა დარია ცინცაძემ.

წყარო: https://to.pbs.org/2yaOJI9

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის