სიახლეები, სტატიები

რთული ფსიქიკური მდგომარეობები მოზარდებში

მოზარდობის პერიოდი შეიცავს მრავალ კომპლექსურ ცვლილებას, როდესაც პიროვნება ზრდასრულ ასაკში გადასვლის გამოწვევის წინაშე დგას. ამ პერიოდმა მოზარდის ცხოვრებაში შეიძლება გამოიწვიოს მკაცრი იზოლაციის სურვილი ოჯახისა და თანატოლებისაგან. ზოგჯერ მოზარდები ძლიერ ემოციებთან გამკლავების სირთულიდან გამომდინარე, თვითდამაზიანებელ ქცევებს და სუიციდს მიმართავენ. იკვეთება თვითრწმენის ნაკლებობა, იდეათა და ღირებულებათა აღრევა. მათზე წეზოლა, რომ ისინი უნდა დამორჩილდნენ მოცემულობებს, იყვნენ კონფორმულები, იყვნენ წარმატებულები, სხვაზე უკეთესები მოზარდებს კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ამყოფებს. მიზეზები არსებობს მრავალი რთული მომენტი მოზარდისათვის, რაც შეიძლება წინ უძღოდეს სუიციდის განხორციელებას. მდგომარეობები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უძღვის წინ, საბოლოოდ, იდენტურია როგორც მოზარდებში, ასევე – ზრდასრულებში. არსებობს სხვადასხვა გზა – ოჯახი, თანატოლები, სპორტული აქტივობებით დატვირთვა, სოციალური მიკუთვნებულობა, კლასგარეშე აქტივობები – ასეთ გარემოში მოზარდს აქვს თვითგამოხატვის პოტენციალი. მოზარდები, რომლებიც ყველა ამგვარი მიკუთვნებულობისაგან იზოლირებულები არიან ხშირ შემთხვევაში ხდებიან ბევრად უფრო დაუცველები და განიცდიან ბევრად მკვეთრ ემოციურ ცვლილებებს, რასთანაც რთულ მომენტში მარტო ყოფნის შიშს მიჰყავთ. ემოციური ძალადობის გარდა, არსებობს ასევე მრავალი გარემოება, რამაც შეიძლება მოზარდის მდგომარეობა გაამწვავოს და ეს მდგომარეობა წინ უძღოდეს სუიციდის გადაწყვეტილებას. სიტუაცია რთულდება მაშინ, როცა მოზარდები აღმოჩნდებიან სიტუაციებში, რომლებსაც თვითონ ვერ აკონტროლებენ: – მშობლების განქორწინება – საცხოვრებელი გარემოს რადიკალური ცვლილება – ფიზიკური და სექსუალური ძალადობა – ემოციური უგულებელყოფა – ოჯახური ძალადობის თვითმხილველობა – ალკოჰოლიზმი – ნარკომანია სუიციდის უამრავი შემთხვევა ფოკუსირებულია მოზარდებზე, რომლებსაც აქვთ დეპრესიის სიმპტომები. ემოციურმა ცვლილებებმა, რომლებიც მოზარდობის ასაკს ახლავს თან, შეიძლება ადამიანი მიიყვანოს სასოწარკვეთისა და აპათიის მდგომარეობამდე. მაგალითად, 14-15 წლამდე ასაკის გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარი ადასტურებს, რომ მათ განუცდიათ დეპრესიის ერთი ან რამდენიმე სიმპტომი მაინც, ეს სიმპტომები შესაძლოა დაითრგუნოს ან პირიქით, კიდევ უფრო გაუარესდეს მოზარდობის ინტენსიურ სტრესთან თანხვედრისას. გამაფრთხილებელი ნიშნები და რისკის ფაქტორები თვითმკვლელობის განზრახვა, ცხადია, მოწმენდილ ცაზე არ ჩნდება. ადამიანი ამ მდგომარეობამდე ჩვეულებრივ ავლენს რამდენიმე გამაფრთხილებელ ნიშანს მაინც, რომ რაღაც რიგზე არ არის, ითხოვს ყურადღებას, შემჩნევას, შესაძლოა, ფარულად დახმარებას. თუმცა იმის გამო, რომ მოზარდობის ასაკი გამოირჩევა ემოციური არასტაბილურობით, ხშირ შემთხვევაში რთულია განასხვავო თვითმკვლელობის საფრთხეზე მანიშნებელი ნიშნები და მოზარდებისათვის დამახასიათებელი ცვალებადი ქცევა. გასათვალისწინებელია შემდეგი ქცევითი ცვლილებები: – ურთიერთობების შემცირება ოჯახთან და მეგობრებთან – ადრე საინტერესო საქმიანობებისადმი ინტერესის შემცირება, დაკარგვა – ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა – საკუთარი გარეგნული მხარის აბსოლუტური უგულებელყოფა – მწუხარება, სასოწარკვეთა – კვებითი ჩვევების ცვლილებები: წონაში მკაფიო კლება ან მატება – ბიოლოგიური საათის რღვევა, ძილის მოუწესრიგებლობა – ენერგიის ნაკლებობა, ლეთარგიულობა – კლინიკური დეპრესიის სიმპტომები – ძალადობრივი ქმედებები – ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენება – სომატური სიმპტომები, რომლებიც ხშირად ემოციურ დისბალანსთანაა დაკავშირებული: თავის ძლიერი ტკივილები, მუცლის ტკივილი, გამონაყარი. – კომპლიმენტის, ჯილდოს, დადებითი შეფასებებისადმი გულგრილობა და განურჩევლობა. ზოგიერთი მოზარდი გულწრფელად საუბრობს თვითმკვლელობაზე შედეგის დადგომამდე, შეიძლება ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში, წერილობით, საუბარში მიანიშნებდეს ამაზე, ხშირად ახსენებდეს. მათი უგულებელყოფა დაუშვებელია იმ იმედით, რომ ეს მხოლოდ გარდამავალი ეტაპი იქნება და ფატალური შედეგი არ დადგება. თვითმკვლელობის ყველა წინარე ნიშანი საჭიროებს რეაგირებას. გარდა იმისა, რომ სუიციდურ ქცევას სჭირდება მყისიერი და ადეკვატური დახმარება სპეციალისტისაგან და მის მიერ შემოთავაზებული მკურნალობა, უმნიშვნელოვანესია რამდენად ემპათიურია გარემო მოზარდის გარშემო. გარშემომყოფებმა უნდა შეძლონ სათანადო დახმარების გაწევა გამკიცხავი დამოკიდებულების, მძაფრი ემოციების, დიდაქტიკის გარეშე. აუცილებელია მუდმივად შეახსენონ, რომ პრობლემას აქვს მოგვარების არაერთი, ჯანმრთელი გზა. მათ მაქსიმალურად უნდა შეძლონ გამოხატონ ინტენსიური, მოზღვავებული ემოცია, ამ გამოხატვისას ჰყავდეთ ადრესატიც, რათა თავი ნაკლებად იგრძნონ მარტო. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმ ფაქტსაც კი, რომ თქვენ მისი მოტივებით შეშფოთებული ხართ, შეიძლება, დამამშვიდებელი გავლენა ჰქონდეს მოზარდზე. მძიმე პრობლემაა, რომ მშობლები თამაშგარე რჩებიან ხოლმე ამ სიტუაციიდან.  მოზარდები არ ელაპარაკებიან მათ, უარს ამბობენ მათდამი ნდობის გამოცხადებაზე. მოზარდისათვის მიზეზი მარტივია: “მათ ჩემი არ ესმით, ვერ გამიგებენ.”  აუცილებელია მშობლის მხრიდან უკუკავშირის სწორად შერჩევა და, რაც მთავარია, ასეთ დროს დახმარებისათვის ობიექტური, ნეიტრალური პერსონაა საჭირო – ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტი.  

წყარო: shorturl.at/cjvT8

ფრანგულიდან თარგმნა აზროვნების აკადემიის პედაგოგმა, ფილოლოგმა ლიკა ჩხაიძემ.  

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts