გარდატეხის ასაკი რთულია ბევრი თვალსაზრისით. ჩნდება გარეგნობის კომპლექსი. სილამაზის ობიექტურ მახასიათებლებს არ აქვს მნიშვნელობა – მოზარდს თავად აქვს განცდაში, რომ არაფერს წარმოადგენს, არ არის აღიარებული და ა.შ. ერთადერთი უალტერნატივო გზა არის მოზარდთან მეგობრობა. მაგალითად, თუ უსმენს მუსიკას, რომელიც არ მოგწონს, მასთან ერთად უნდა დაჯდე და მოუსმინო, გამოხატო ინტერესი; ის ასეთი ტიპის კომუნიკაციაში აუცილებლად ჩაერთვება; როდესაც მე ვჯდები მასთან და მისთვის საინტერესო რამეს ვაკეთებ, ამით მისი თანატოლი ვხდები. თანატოლის როლში კი ვიწვევ მეტ ნდობას, ვიდრე მხოლოდ იერარქიული ურთიერთობით და დირექტივების მიცემით; თუ ვიმუშავებ ზამბარას პრინციპით, ყოველ სვლაზე იმავე სიმძლავრის უკურეაქციას მივიღებ; ან უარესი – შეიძლება ისეთი ზეწოლა განვახორციელო, სრულად დავაზიანო. უკიდეგანო სიმკაცრე მომგებიანი არ არის, ზოგჯერ მშობელი კმაყოფილია თავისი კონტროლის დონით და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვს, თავისი შვილი რას ფიქრობს, რას აკეთებს, სად არის. მნიშვნელოვანია ასევე მის თვალში ავტორიტეტის შენარჩუნება; ავტორიტეტს ინარჩუნებ, როდესაც შვილი ხედავს, რომ შენ ერკვევი იმაში, რაშიც მისი თაობა ერკვევა; რომ გაქვს სტატუსი, რაღაცას წარმოადგენ, კარგად გამოიყურები. ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს: როგორ გიყურებს საზოგადოება, რამდენად პატივს გცემენ. მთავარია გესმოდეთ მისი, შეიძლება არ მოგწონდეთ მისი მუსიკალური გემოვნება და არ გინდოდეთ მოტყუება, მაგრამ უთხრათ, რომ გესმით მისი. „მე მესმის შენი“ – ეს არის უალტერნატივო გზავნილი ადამიანისთვის. არა შეფასებები: „მართალი ხარ“, „მტყუანი ხარ“, „კარგი ხარ“… არამედ „მესმის“; და რომ „მესმის“, ეს უკვე უდიდესი რამ არის და მაშინვე იწვევს ცვლილებას. 11 წლის მოზარდი თავს უკვე დიდად თვლის, ჰგონია, რომ ყველაფერი იცის და ყველაფრის უფლებაც აქვს. ამ ასაკის ბავშვებში ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლის დონეც მაღალია; სხვისი მონაყოლი „უკეთესი“ ისტორიებით ჩნდება დაუკმაყოფილებლობის განცდა, ჩნდება შედარების მომენტი და ამით ხდება დანერვოზება. ამიტომ უნდა იმეგობროთ მასთან, იყოთ საქმის კურსში და იყოთ მშვიდი. მშობლის ნერვიულობა პირდაპირ ტრანსლირდება ბავშვზე; რა თემასაც მშობელი ორკესტრირებას უკეთებს, იმ თემაზე პრობლემა აქვს ბავშვსაც. თუ ვინარჩუნებ სიმშვიდეს და სისადავეს, ეს შველის. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც არ განიხილება; სანამ მშობელი ხარ და მოზარდი შენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ვალდებული ხარ საფრთხეებს ჩამოაშორო; მაგალითად, პატარა ბავშვი თუ ფანჯრის რაფაზე დადის, ბუნებრივია, ჩამოიყვან. ყველა დანარჩენში კი უნდა იმეგობროთ. თუ მოზარდი კონკრეტულ ამბავს მოყვება, იქ კიდევ უფრო კარგად ჩანს ყველაფერი; საძირკველი ძირითადად არის მის შინაგან განცდაში, რომ მისი არ ესმით, არ სჭირდებათ, დედა კი დროს ჩამორჩა. ხშირად იხმარეთ სიტყვები: „ჰო, დე, მე მესმის შენი“. როცა ის რაღაცას გიყვება და თავიდანვე ეუბნები, რომ რაღაც სისულელეს გელაპარაკება, რა თქმა უნდა, იქ დასაწყისშივე მთავრდება კომუნიკაცია. ის რაც ჩვენთვის ამ ასაკში სისულელეა (მაგალითად თოჯინის დამტვრევა), ბავშვისთვის იმ მომენტში მთელი სამყაროა, მისი ცხოვრება და განცდებია. როდესაც მისი მხრიდან მოყოლის მცდელობას თავიდანვე ბლოკავ – ეს უკვე მისთვის აღიქმება არაღიარებად, არსაჭიროებად. აზროვნების პროცესი კი სქემატურია. ერთ დებულებას მოჰყვება მთელი სქემა და ასე იმახსოვრებს გონება; მომავალში, როდესაც ჩნდება განცდა თუ აზრი – ირთვება მთელი სქემაც და მოზარდი წყვეტს, რომ ის არავის სჭირდება. ერთი კოგნიტური შეცდომა, რომელიც დამახსოვრებულია ავტომატურად ასეთ შედეგებს გამოიწვევს. ამის გამო უმჯობესია სადა ურთიერთობა და უალტერნატივო მეგობრობა – რა თქმა უნდა, შესაძლებელია არ გაამართლოს, მაგრამ უკეთესი ვარიანტი არ არსებობს.
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა