რეალისტურად მოაზროვნე მშობელმა იცის, რომ ბავშვის ყველა ქცევის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. თუმცა, ქცევის ზუსტად გათვლის სურვილი მაინც მიმზიდველია. ქვემოთ აღწერილი ნეიროფსიქიკური განვითარების სტადიები შესაძლოა მომავალი ქცევის წინასწარმეტყველებაში – არა, თუმცა, წარსული ქცევების ანალიზში და ქცევის მართვაში დაგეხმაროთ. გამოყოფენ ნეიროფსიქიკური განვითარების ოთხ ძირითად საფეხურს. პირველ სტადიას ბავშვის განვითარების სენსომოტორული სტადია ეწოდება და დაბადებიდან, დაახლოებით, ორ წლამდე გრძელდება. განვითარების ამ საფეხურზე, ბავშვი შეგრძნებების დახმარებით (მხედველობა, სმენა, გემოს შეგრძნება, შეხების შეგრძნება და ყნოსვა) შეიმეცნებს სამყაროს. დაახლოებით, ერთი წლის ასაკიდან, მან იცის, რომ თუ საგანი მისი მხედველობის ველიდან გაქრა, ის მაინც განაგრძნობს არსებობას. ამ ასაკიდანვე, ბავშვებში სოციალური და ემოციური ინტელექტის განვითარება იწყება. მაგალითად, თუ უცნობ ბავშვთან თამაშს მოისურვებთ, შეამჩნევთ, რომ ის მშობლებისკენ გატრიალდება. მას აინტერესებს, როგორ უნდა შეხვდეს თქვენს შემოთავაზებას და, ამისთვის, ის მშობელს ეყრდნობა. დაახლოებით, ექვსი თვის ასაკისთვის ჩვილი პირველი სიტყვის თქმას ცდილობს. გახსოვდეთ, რომ მისაღებია იმ ტონით საუბარი, რომლითაც ადამიანები ჩვილებს ესაუბრებიან, თუმცა, სასურველია, გამოვიყენოთ სიტყვების სწორი ფორმები და გრამატიკული წესების შესაბამისად გამართული წინადადებები. დაახლოებით, ორიდან შვიდი წლის ასაკამდე იწყება ბავშვის განვითარების წინარეოპერაციული საფეხური. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები იწყებენ წარსულსა და მომავალს შორის განსხვავების აღმოჩენას, სიმბოლოებით ოპერირებას, თუმცა, უჭირთ, აბსტრაქტული კატეგორიებით მანიპულირება. ორ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებმა შესანიშნავად იციან, რომ მათ შვილებს უჭირთ სხვების მდგომარეობის განცდა და სხვებზე ზრუნვა. ეს ბუნებრივია, რადგან ისინი ორი წლის ასაკიდან იწყებენ იმ ფაქტის გათავისებას, რომ სხვა ადამიანებს მათგან განსხვავებული სურვილები აქვთ, შეუძლიათ ან არ შეუძლიათ მათი სურვილების შესრულება. თანაგანცდის უნარის განსავითარებლად, სასურველია, მშობელმა ბავშვს გაუზიაროს თავისი ემოციები, წაუკითხოს ზღაპრები, სადაც სხვადასხვა გმირი სხვადასხვა ემოციას გამოხატავს. გაითვალისწინეთ, რომ თანაგანცდის უნარის განვითარება, დაახლოებით, სამი – ოთხი წლის ასაკიდან იწყება. დაახლოებით, ექვსი – შვიდი წლის ბავშვი ინაცვლებს კონკრეტული ოპერაციების ასაკში. განვითარების ეს საფეხური თერთმეტ – თორმეტ წლამდე გრძელდება. ამ საფეხურზე მყოფი ბავშვი ცდილობს, გაიგოს აბსტრაქტული ცნებები, შეუძლია, მოვლენათა თანმიმდევრობის დადგენა და აქვს ისეთი ადამიანების თანაგანცდის უნარი, ვისაც მისგან განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებები აქვთ. ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ აბსტრაქტული, მათემატიკური ცნებების გაგება, თუმცა, ჯერ კიდევ უჭირთ რთული, სისტემური ამოცანების გადაჭრა. ასევე, საგულისხმოა მათი ემოციური სფეროს განვითარების თავისებურება: ამ ასაკის ბავშვები მძაფრად განიცდიან მშობლის ისეთ მდგომარეობას, როგორიცაა, მაგალითად, დეპრესიის ეპიზოდი. დაახლოებით, თორმეტი წლიდან, მოზარდობის ასაკის წლების მანძილზე, ადამიანი ინაცვლებს ფორმალური ოპერაციების საფეხურზე. ზოგადად, დაახლოებით, თხუთმეტი წლის ასაკისათვის, ადამიანში საგრძნობლადაა განვითარებული ჰიპოთეტური აზროვნება, აბსტრაქტული და დედუქციური აზროვნება. ამ ასაკში ადამიანებში ვითარდება ისეთი საკითხების გააზრების უნარი, როგორიცაა სოციალური სამართლიანობა. მშობლების წინაშე ჩნდება ახალი სირთულე − მოზარდების გარკვეულ თავისებურებებთან გამკლავება. მოზარდები გამოირჩევიან გუნება – განწყობის ცვალებადობითა და ზემგრძნობიარობით. ხშირად, ამას ირგვლივმყოფები ჰორმონული ცვლილებებით ხსნიან. თუმცა, ამ ცვლილებების გარდა, მოზარდის ქცევაზე გავლენას ახდენს შუა ტვინის (Midbrain) გაძლიერებული აქტივობა. შუა ტვინი თავის ტვინის ისეთი სტრუქტურაა, რომელიც უკავშირდება ემოციას, მეხსიერებას და სექსუალობას. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, თუმცა, შუბლის წილი, დაახლოებით, 25 წლის ასაკამდე ყალიბდება. შუბლის წილი პასუხისმგებელია ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, დაგეგმვა, იმპულსის მართვა და საფრთხისგან განრიდება. მოზარდებზე ამიგდალას აქტივობის გავლენა განაპირობებს იმას, რომ ისინი ხშირად განიცდიან ყოვლისმომცველ ემოციებს, თუმცა, მათი გამოხატვა უჭირთ. იმავე გავლენით შეგვიძლია, ავხსნათ მოზარდების სწრაფვა საფრთხის შემცველი ქმედებებისკენ. სწორედ აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ მხარდამჭერი მიდგომა. სასურველია, მათ მიერ დაშვებული შეცდომა, ლოგიკური განხილვის საფუძველზე, განუმარტოთ და ერთად იმსჯელოთ იმაზე, რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვაგვარად. ამგვარი მიდგომებით თქვენ მათ გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებაში დაეხმარებით. მათ დაეხმარებათ ისეთი აქტივობები, რომლებიც პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული. მსგავსი აქტივობები შუბლის წილის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ბავშვის აღზრდა მარტივი არაა, თუმცა, ნეირომეცნიერების ცოდნა შეიძლება დაგეხმაროთ სირთულეებთან გამკლავებაში. სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ. წყარო: Philip Perry, “Knowing the stages of neurological development can make you a better parent,” Big Think, September 8, 2017, https://bigthink.com/philip-perry/knowing-the-stages-of-neurological-development-can-make-you-a-better-parent.